ელისაბედ ჭავჭავაძის ბურუსით მოცული ცხოვრება - კვირის პალიტრა

ელისაბედ ჭავჭავაძის ბურუსით მოცული ცხოვრება

ელისაბედ (ლიზა) ჭავჭავაძე! ვინ იცის, მერამდენე ქართველი ქალია, რომელიც უცხოობაში აღესრულა. ერთადერთი, რაც განგებას მისთვის არ დაენანა, მოკრძალებული საფლავი იყო კიშინიოვში.

იქ, სადაც ბედმა საკუთარი ფეხით წაიყვანა - ქართველი გენერლის, ზაქარია ჭავჭავაძის ასული ცოლად საქართველოშივე გაჰყვა ივან ლასკარს (ის უმდიდრესი ადამიანი და უწარჩინებულესი გვარის შვილი იყო), რომლის გემმა მოლდავეთისაკენ გაცურა და მშვენიერი ელისაბედიც თან წაიყვანა.

ასე დაფუძნდა ლიზა უცხო მიწაზე სიმდიდრესა და ფუფუნებაში. მამამისი, გენერალი ზაქარია ჭავჭავაძე კი თავზარს სცემდა საქართველოს ისტორიულ მტრებს, ოსმალებს. მათთან ბრძოლაში მუდამ სიკვდილის პირისპირ იდგა; ხან ტყვია ესროლეს, ხან ხმლით აჩეხეს, მაგრამ სიკვდილმა მაინც ვერ მოიხელთა. ერთხელაც, დაჩეხილ-დაკუწული, ახალგაზრდა თავადმა, ივანე ამილახვარმა გადაარჩინა, რომელიც გაოგნებული ჰყვებოდა, - მტრის ალყაში მარტო შევარდა და თვალებს არ ვუჯერებდი, რა ლომივით იბრძოდა ალყაშემორტყმული, მის თავზემოთ კი ათასობით ხმალი ელავდაო.

ლიზა ჭავჭავაძის ქალიშვილი მარინა

1905 წელს გარდაცვლილი მამა ელისაბედმა მწარედ დაიტირა და სამშობლოსაც გამოემშვიდობა. ქარტეხილებით სავსე საუკუნე იწყებოდა და ელისაბედიც მისი მსხვერპლი ხდებოდა, - აღარც სამშობლოში დაბრუნება ეწერა და აღარც ხანგრძლივი სიცოცხლე - 37 წლისა გარდაიცვალა. არც მის ერთადერთ ქალიშვილს, მარინას, უცოცხლია დიდხანს... თუმცა ელისაბედ ჭავჭავაძისთვის მაინც გაიმეტა განგებამ წყალობა - მოლდავეთში მოღვაწე გიორგი კუტუბიძე ქართველი ქალის გავერანებულ საფლავს მოლდავეთის უძველეს სასაფლაოზე შემთხვევით წააწყდა. მისი კვალის ძებნა დაიწყო და აღმოაჩინა კიდეც, - აქამდე უსახელოდ წასულ ელისაბედ-ლიზას თურმე ამ მხარისთვის დიდი საქმე გაუკეთებია, - მოლდავეთში მცხოვრები ნატალი დადიანი მოუძებნია და მასთან ერთად იქ პირველი ქალთა გიმნაზია დაუარსებია... ჩვენ ეს ამბავი ლიზა ჭავჭავაძის შორეულმა ნათესავმა ირაკლი კალანდიამ შეგვატყობინა. მანვე დაგვაკავშირა გიორგი კუტუბიძესთან.

გიორგი კუტუბიძე: - ლიზა ჭავჭავაძის საფლავზე რკინის ჯვარიც იყო შემორჩენილი და წარწერებიც, მაგრამ როგორც უპატრონოს, მალე გაიმეტებდნენ ახალი საფლავისთვის. ეს რომ არ მომხდარიყო, უნდა მომეპოვებინა საფლავის აღდგენის ნებართვა, შემეგროვებინა დოკუმენტაცია და მეშოვა ფული.

ქალთა მცირე გიმნაზიის შენობა, რომლის დაარსებაში ელისაბედ ჭავჭავაძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის

- ალბათ ეს რთული იყო...

- ყოველთვის მეშინოდა, ერთ დღეს მკითხავდნენ, რა გაგიკეთებია საქართველოსთვისო და ვერაფერს ვიტყოდი. ახლა კი ვიტყვი, ეს საქმე ჩემი შვილების სახელითაც გავაკეთე. ორგანიზაცია "საქართველო-მოლდავეთის" ხელმძღვანელი ვარ და ეს დამეხმარა. მოლდავეთში საქართველოს ელჩი მერაბ ანთაძეც გვერდში ამომიდგა. საფლავი აღვადგენინეთ, თანხის ნახევარი მოლდავეთის იყო. მათ თითქმის ყველა ოფიციალური პირი მოიწვიეს საფლავის გახსნაზე, მოლდავეთის ჯარების სარდლის, იგორ მორგანის ჩათვლით, რომელიც საქართველოშია გაზრდილი. იგორის მამა, ალექსანდრე მორგანი, სამხედრო პირია, 24 წელი ცხოვრობდა საქართველოში. სწორედ მან ჩადო საფლავის აღდგენაში თანხის ნახევარი. იგორი მან სულ ერთი თვისა ჩამოიყვანა თბილისში, სადაც იგორმა დაამთავრა სკოლა და ლესელიძის სამხედრო სასწავლებელი. ბრწყინვალედ წერს და ლაპარაკობს ქართულად. ამბობს, რომ მოლდავეთი მისი დედაა, მამა კი - საქართველო, რომელმაც კაცობა ასწავლა.

- ლიზა რატომ გარდაიცვალა ასე ახალგაზრდა, ან მის შვილს რა მოუვიდა?

- მის შესახებ ცნობები დნესტრისპირეთის არქივში უნდა იყოს დაცული, რომელიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლება და არქივებთან მოლდაველებს ხელი აღარ მიუწვდებათ. რატომღაც მისი ცხოვრება ბურუსით არის მოცული - თითქოს ელისაბედის ხსენებისა ეშინოდათ, არსად მისი სახელი არ არის აღნიშნული. არადა, ლიზამ მონაწილეობა მიიღო როგორც ქალთა მცირე გიმნაზიის შენობის აგებაში, ასევე იმ გრანდიოზული შენობის აშენებაში, რომელშიც ამჟამად მოლდავეთის სახელმწიფო მუზეუმია განთავსებული. იქ არსებული კოლეჯის ხელმძღვანელობას მოველაპარაკე და ამ შეცდომას გამოასწორებენ. რაც შეეხება მუზეუმს, იქ ახლა რემონტია. მთავრობა მის აღსადგენად 2 მილიონ ევროს ხარჯავს. ლიზას თავგადასავალი საქართველოს ისტორიის ნაწილია. არსებობს ვერსია, რომ ლიზას სასახლეს ცეცხლი წაუკიდეს, გადაწვეს და ლიზაც იქ გამოიწვა თავის ქალიშვილიანად (ამ დროს მოლდავეთში გახშირდა ღარიბი მოსახლეობის შეტაკებები ებრაელებსა და მდიდრებთან). მე არ ვამტკიცებ, რომ ეს ისტორია რეალურია, მაგრამ ცხადია, რაღაცაშია საქმე, - რატომ უნდა დაკარგულიყო ამ უმდიდრესი ადამიანების კვალი, ლიზას მეუღლეს ხომ უზარმაზარი ქონება ჰქონდა და ქვეყნისთვისაც ბევრს აკეთებდა...