"ვიგრძენი, როგორ ამიკანკალდა მუხლები. შემეშინდა - ჩემს პოზიციაზე გადმოსული მეგობრისთვის ვინმეს არ ესროლა" - კვირის პალიტრა

"ვიგრძენი, როგორ ამიკანკალდა მუხლები. შემეშინდა - ჩემს პოზიციაზე გადმოსული მეგობრისთვის ვინმეს არ ესროლა"

"მოსისხლე მტრების" ქეიფი სანგარში - ანუ აბსურდული ომის ერთი სახასიათო ეპიზოდი

"...იმწუთას საერთოდ არ მაინტერესებდა არავითარი პოლიტიკა - იმ მეგობართან მივდიოდი, ვისთან ერთადაც ორი წელი ჭირსა და ლხინს ვიზიარებდი"...

- ასე იხსენებს ქართველი გიორგი ცერცვაძე 90-იანი წლების ომის დროს აფხაზ მეგობართან ფრონტის ხაზზე შემთხვევით შეხვედრას, რომელიც არც პირველი იყო და არც უკანასკნელი: სამხედრო კონფლიქტში ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ შებმული მეომრები არაერთხელ გადაჰყრიან ბავშვობის მეგობრებს, მეზობლებს ან უბრალოდ კარგ ნაცნობებს.  გავიდა წლები, მაგრამ ამბები, რომელიც ქართულ-აფხაზური საომარი მოქმედებების დროს იქ ხდებოდა, დღემდე ლეგენდებივით ვრცელდება.

გიორგი ცერცვაძე საბჭოთა ჯარში გაცნობილ-დამეგობრებულ აფხაზ ილო ლოგუას გუმისთასთან ბრძოლების დროს შემთხვევით გადაეყარა. ძველი მეგობრის ნახვით გახარებულ მეომრებს უცებ გადაავიწყდათ, რომ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს იდგნენ და ერთ სანგარში აღმოჩნდნენ...

გიორგი ცერცვაძე:

- იმ თაობას მივეკუთვნები, რომელსაც საბჭოთა ჯარში სამსახურმა მოუწია. გერმანიაში (მაშინდელ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. - ავტ.) გაგვგზავნეს. ბევრი ქალაქი შემოვიარეთ და ბოლოს ქალაქ შვერინში ჩაგვიყვანეს. ჩვენი ძირითადი ბაზა იქ იყო განთავსებული. ნაწილში 3500 ჯარისკაცი იყო, მათ შორის - 350 ქართველი და რამდენიმე აფხაზი ვიყავით. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ მთელ ნაწილში სიტუაციას ქართველები აკონტროლებდნენ. ცნობილია, რომ რუსულ ჯარში ე.წ. "დედოვშჩინა", ჩხუბი და გარჩევები ჩვეულებრივი რამ იყო. კვირაში ერთხელ მაინც დიდი "ჯახი" ატყდებოდა ხოლმე და აფხაზები ყოველთვის ქართველების მხარეს იყვნენ.

- ე.ი. ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გქონდათ, ხომ?

- ძალზე მეგობრული. განსაკუთრებით, სოხუმელ აფხაზს, ილო ლოგუას დავუახლოვდი. ორი წლის განმავლობაში ერთმანეთს ჭირსა და ლხინს ვუზიარებდით. ძალიან მეგობრული და ალალი ბიჭი იყო. მეტსახელად, "კორკორა" ერქვა (ქართულად ამაყს ნიშნავს) და ჩვენც ასე ვეძახდით. შვებულებაში რომ გამიშვეს, ილომ მთხოვა, - სოხუმში ჩემი ოჯახი მოინახულეო, - და ფოტოალბომი გამატანა. რამდენჯერმე ვესტუმრე მის ოჯახს, დედ-მამა, და გავიცანი. ძალიან თბილად მიმიღეს...

სავალდებულო სამსახურის დამთავრების შემდეგ, სამხედრო სამსახურში სამოქალაქო პირის სტატუსით გავაგრძელე მუშაობა. ერთხანს გერმანიაში დარჩენასაც ვფიქრობდი, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრებმა საქართველოში "ჩამომიტყუეს". მერე აქ უმაღლესში სწავლა გავაგრძელე და ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იმერეთის რეგიონული სატრანსპორტო პოლიციის განყოფილებაში დავიწყე მუშაობა.

- აფხაზეთის ომში როგორ აღმოჩნდით?

- 1992-93 წლების ამბები მოგეხსენებათ... ყველგან დიდი არეულობა იყო. მანამდე ცხინვალის კონფლიქტის დროს, იქ რამდენჯერმე წასვლამ მომიწია; ლოკალურ ბრძოლებში, პოლიციის ხაზით ვმონაწილეობდით. სამაჩაბლოს ომი დასრულებული იყო, მაგრამ აფხაზეთში უმძიმესი დღეები იდგა. გავრცელებული ინფორმაციით, მეომრები ყველაფრის დეფიციტს განიცდიდნენ - იარაღიც აკლდათ, ტყვია-წამალიც, საბრძოლო ტექნიკაც. სატრანსპორტო პოლიციის სამმართველოს უფროსის, მერაბ შენგელიას თხოვნით, აფხაზეთში ჩვენი განყოფილებიდან 8 კაცი წავედით. გარკვეული ობიექტების დაცვა და სატრანსპორტო გადაზიდვების უზრუნველყოფა გვევალებოდა, თუმცა სინამდვილეში რეალურ ომში ჩაბმამ მოგვიწია.

...აფხაზეთის ბრძოლის ბოლო დღეები იდგა. გუმისთასთან პოზიციაზე ვიმყოფებოდით. იქ რომ ჩავედით, უმძიმესი სიტუაცია დაგვხვდა. მეომრები გაძლებაზე იყვნენ. აღარც ტყვია-წამალი ჰქონდათ და არც საკვები. ბიჭები პანიკაში

იყვნენ. იმდენად ვიყავით შეშინებული, რომ ერთ ღამეს სანგართან ძაღლს გადაურბენია (მაშინ უცებ ვერ მივხვდით, თუ რა იყო), დიდი საბრძოლო გამოცდილების მქონე ერთ-ერთ მეომარს კი, ავტომატის ჯერი მიუშვია. ამას აფხაზური მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოჰყვა... ისე, ღამღამობით ბრძოლები არ იყო, მხარეები იერიშზე გამთენიისას გადადიოდნენ. ღამით კი სამ-სამი კაცი ვმორიგეობდით, ერთმანეთს ვცვლიდით. ერთხელაც, ღამით, ძალიან მოგვინდა სიგარეტი. სანგრიდან თავი ამოვყავი, იქაურობა შევათვალიერე, რათა დავრწმუნებულიყავი - სიგარეტის საშოვნელად გადაადგილებას შევძლებდი თუ არა. ჩვენს სიახლოვეს, ქუთაისის სამმართველოს ბიჭები იყვნენ განლაგებული და მათთან წასვლა დავაპირე. უეცრად სიბნელეში ადამიანის სილუეტს მოვკარი თვალი. მივხვდი, იმანაც დამინახა და ინსტინქტურად დაიყვირა, - "პაჟალუისტა, ნე სტრელიატე! ია კორკორა!.. იმწამსვე თვალწინ დამიდგა ის "კადრი", როცა გერმანიიდან ილო ლოგუამ მის ოჯახში მისატანად ფოტოალბომი გამომატანა, რომელსაც ასეთი წარწერა ჰქონდა: "ოტეც! ტვოი სინ კორკორა ვერნიოტსია!.."

- მაშინვე მიხვდით, რომ ის იყო?

- დიახ, მოულოდნელობისგან წამოვიყვირე: "ლოგუა, ეტო ტი?!" ეტყობა, ისიც ჩემსავით, რაღაცის საშოვნელად გამოსულიყო სანგრიდან.

- ლოგუამაც გიცნოთ?

- სიტყვა დამთავრებულიც არ მქონდა, ხმით მიცნო, - "ცერცვაძე, ეტო ტი?!." - და არც კი შეყოვნებულა, ისე გამოემართა ჩემკენ. ვიგრძენი, როგორ ამიკანკალდა მუხლები. შემეშინდა - ჩემს პოზიციაზე გადმოსული მეგობრისთვის ვინმეს არ ესროლა - და ჩემებს ხელით ვანიშნე, არავინ გაისროლოთ-მეთქი. ამასობაში ილო მომვარდა და გადამეხვია. მოულოდნელობისგან ენა ჩამივარდა. - "მოი დრუგ!" - სიხარულს ვერ მალავდა ჩემი აფხაზი მეგობარი და ღონივრად მანჯღრევდა. მოკითხვის შემდეგ მითხრა, - შენი ბიჭები წამოიყვანე და წამოდი ჩემთან; გეპატიჟებით, პური ვჭამოთო...

- რა უპასუხეთ?

- რა უნდა მეთქვა?!. დავთანხმდი... კარგად ვიცოდი, რისი გამკეთებელი იყო: ადამიანს ძმად და მეგობრად თუ მიიღებდა, მის გამო თავს გაწირავდა. იმწუთას საერთოდ არ მაინტერესებდა არავითარი პოლიტიკა - იმ მეგობართან მივდიოდი, ვისთან ერთადაც ორი წელი ჭირსა და

ლხინს ვიზიარებდი. როცა ჩემი აფხაზი მეგობრის მიპატიჟება ქართველ ბიჭებს გადავეცი, შეყოყმანდნენ; ზოგმა პირდაპირ მითხრა, - ყველანი რომ ჩაგვხოცონო?!. - მე მივდივარ და ვინც მენდობა, გამომყვეს-მეთქი. კორკორასგან ღალატი გამორიცხული იყო. აფხაზი თუ თავისიანად მიგიღებს, თავსაც გაწირავს და არ დაუშვებს, მის სტუმარს რამე დაემართოს. ბიჭების პასუხზე უხერხულობა იგრძნო და ჩამეძია: "ცერცვაძე, ნე დავერიაეშ, და?.." - "და ტი შტო, კანეშნა დავერიაიუ", - ვუპასუხე და გავყევი. გზაში ისინიც დაგვეწივნენ, ვინც თავიდან უარს ამბობდა. აფხაზების სანგარში ერთად ჩავედით.

- რა ხდებოდა აფხაზურ სანგარში?

- იგივე, რაც ჩვენთან... სხვადასხვა ასაკის მებრძოლები იყვნენ, ჩემი თანატოლებიც და შუახნის კაცებიც. ტყვია-წამალი მათაც ძალიან უჭირდათ, მაგრამ საჭმელი ჩვენზე უკეთესი ჰქონდათ; ადგილობრივები იყვნენ და ეტყობა, მოსახლეობაც ეხმარებოდა. შეშინებული ჩანდნენ. თავიდან ყველანი ვდუმდით, მერე კი ნელ-ნელა ერთმანეთს გავუშინაურდით და მოვიკითხეთ კიდეც, - რას შვრებით, ბიჭებო, როგორ ხართ-თქო?.. რამდენიმე წუთის შემდეგ დაძაბულობა მოიხსნა და ქეიფი დავიწყეთ.

- და სადღეგრძელოებსაც ამბობდით...

- რა თქმა უნდა. ისიც ითქვა, - პოლიტიკოსების გამო, რისთვის ვხოცავთ ერთმანეთს, გაუგებარიაო... რუსულ-ქართულად ვლაპარაკობდით. მშვიდობის სადღეგრძელოებიც ვთქვით: გაგვიმარჯოს, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა ყოფილიყოს-თქო! საერთო სამშობლოს სადღეგრძელოც დავლიეთ, იმ მიწის, სადაც ერთად უნდა გვეცხოვრა. აგრესიულად ნათქვამი ერთი სიტყვაც არ თქმულა.

- ვინ იყვნენ - სამხედრო ნაწილის ჯარისკაცები თუ მოხალისეები?

- დაახლოებით 30-კაციანი მოხალისეთა ჯგუფი იყო. დილის 4 საათისთვის ავიშალეთ, რადგან შეგვეშინდა, სხვა აფხაზური დაჯგუფება არ წამოგვდგომოდა თავს: ყველას ერთად ჩაგვცხრილავდნენ... მასპინძლებმა თავი დაიზღვიეს და რამდენიმე კაცმა ჩვენს პოზიციამდე მიგვაცილა. შემდეგ კი, სანამ თვალს მიეფარნენ, მე ვიდექი გუშაგად, - ვინმემ არ გაისროლოს-მეთქი...

როგორც კი გათენდა, ბრძოლა განახლდა. ისინი გვესროდნენ და ჩვენც გავუხსენით საპასუხო ცეცხლი. იქ უკვე ვერავინ გაარჩევდა, ლოგუა მესროდა თუ სხვა...

გაგრძელება