ბურებთან - კვირის პალიტრა

ბურებთან

ნიკო ბური (ბაგრატიონი)

მოგონება

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #50-51, 2009; #1-8 2010)

სამხრეთ აფრიკის ასათვისებლად ევროპიდან გადახვეწილი კოლონისტები, რომლებიც ახალ მიწებზე ფერმერულ ცხოვრებას მისდევდნენ, საოცრად უშიშარნი და სამხედრო საქმის უბადლო მცოდნენი აღმოჩნდნენ. ბურების მოუხელთებელი პარტიზანული რაზმები ელვისებრ თავდასხმებს აწარმოებდნენ და დიდი დაბნეულობა შეჰქონდათ ომებში გამობრძმედილ ინგლისელ ჯარისკაცთა რიგებში, მაგრამ ახლოვდებოდა დრო, როცა ბურებს პირისპირ ბრძოლებზე მოუხდებოდათ გადასვლა.

ამიტომაც ემზადებოდნენ დღედაღამ გამოცდილ ინგლისელ გენერალ კიტჩენერთან შესახვედრად. ინგლისელთა დაუნდობლობამ და მუხანათობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, დაპყრობილი ადგილებიდან მოსახლეობას პირდაპირ სასაფლაოზე მიერეკებოდნენ - ალმასების საბადოებში უჭმელ-უსმელ ქალებსა და ბავშვებს პაპანაქება სიცხეში ამუშავებდნენ. გაუსაძლის პირობებში ხალხი ბუზებივით იხოცებოდა. გაშმაგებული ბურები გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდნენ...

KvirisPalitra.Geჩვენც კარგი საფრები გვაქვს, მაგრამ როდემდე უნდა ვისხდეთ აქ გულხელდაკრეფილნი? ირკვევა, ჩვენს პოლკს სათადარიგოდ ინახავენ. საგანგებო ბრძანებამდე შორიდან მაცქერლის როლში უნდა ვიყოთ.

საერთოდ, დღეს ბურები რატომღაც აგვიანებენ იერიშზე გადასვლას, რის გამოც ვილბუა ღელავს.

უკვე შუადღე წამოვიდა, მზე ცხარედ იკბინება, ოფლი ღვარად გვდის, წყურვილი გვკლავს, მაგრამ ერთი პატარა ნაკადულიც კი არსადაა ახლომახლო, მდინარიდან მეტად შორსა ვართ.

კიტჩენერიც თავს იკავებს ბრძოლაში ჩაბმისაგან. როგორც ბოლოს გავიგეთ, მაშველ ჯარს ელოდა თურმე. გარდა ამისა, გაეგო, რომ მოპირდაპირე მხრიდან გენერალი ლუი ბოტა მოეშურებოდა დელარეის დივიზიასთან შესაერთებლად. გზას ქარიშხლის ფრთებიანი დე ვეტა უკვლევდა და ამიტომ კიტჩენერი განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდა.

რა კარგი იქნებოდა, ბურებს იძულებული გაეხადათ იგი თავისი ბუნაგიდან გამოსულიყო, ან იმავე ბუნაგში დასხმოდნენ თავს!

კრონიე კი დარწმუნებული იყო, მტერი შეტევაზე თვითონ გადმოვიდოდა და დასახვედრად ყოველმხრივ მზად იყო, მაგრამ გაოცებული დარჩა, როცა მზვერავებმა აცნობეს, რომ კიტჩენერი დამხმარე ძალებს ელის რკინიგზით და მათ მოსვლამდე იერიშის დაწყებას არ აპირებსო.

კრონიემ მყისვე გაგზავნა 1000 კაცი, რათა რკინიგზა დაენგრიათ და მტერი თავისი ბაზებისგან მოეწყვიტათ, მაგრამ, როგორც ჩანს, კრონიეს ეს ღონისძიება დაგვიანებული გამოდგა და ინგლისელებმა ამ ბრძოლაში ბურები უკუაგდეს.

ასე უქმად ვიდექით რამდენიმე დღეს.

ვილბუას მკაცრი ბრძანება იყო - ჩვენი პოლკის მებრძოლები სანგრების სანახებს არ გასცილებოდნენ, მაგრამ მე, ჩემი მოუსვენარი ხასიათის გამო, ბურებთან ერთად ღამღამობით მივდიოდი სათარეშოდ.

ერთ ღამეს, ჩემი თაოსნობით, თარეშზე წასულებმა ხელთ ვიგდეთ ინგლისელთა დიდი აღალი, დატვირთული სურსათ-სანოვაგით. აღალაში აღმოჩნდა ხორცი, დიდძალი სხვადასხვა კონსერვი, ყავა, შოკოლადი და სხვ.

მეაღალენი და მათი მცველები ტყვედ წამოვიყვანეთ, რომლებიც ირლანდიელები აღმოჩნდნენ, მაგრამ ბანაკში მოყვანისთანავე ბურებმა ისინი ყველანი გაუშვეს.

ჩვენმა მოპოვებულმა დავლამ პირდაპირ სულზე მოუსწრო ბურებს, რადგან სურსათ-სანოვაგე უკვე საგრძნობლად აკლდა ყველას.

გახარებულ მებრძოლებს უნდოდათ ჩემი ხელში აყვანა და ჰაერში აბურთავება, მაგრამ ეს არც ისე ადვილი იყო - რვა ფუთზე მეტს ვიწონიდი, თანაც არ მინდოდა, ამ ამბავს ვილბუას ყურამდე მიეღწია, ამიტომ ჩემს სანგარში სასწრაფოდ დავბრუნდი.

ბედი მწყალობდა. არა მარტო ამ ფრონტზე, სხვა ადგილებშიაც არაერთხელ ვყოფილვარ ხან სათარეშოდ, ხან დაზვერვაზე. ხელჩართულ ბრძოლაშიაც მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ამოდენა ტანის კაცს უბრალოდ კანიც არ გამკაწვრია. განსაკუთრებით მეშინოდა, ციებ-ცხელება არ შემყროდა, ამ საშინელი სენისაგანაც რაღაც მანქანებით უვნებლად გადავრჩი.

მაგრამ, პირველ ხანებში მაინც, ერთი რამ კი მტანჯავდა, ეს იყო - დღე აუტანელი სიცხე და ღამით მკაცრი სიცივე.

კარგა ხნის სიჩუმის შემდეგ, ერთ დილას ინგლისელებმა მომაღლო ადგილზე აათრიეს უზარმაზარი საზღვაო ზარბაზანი და აგვიტეხეს სროლა.

ამ გამოწვევას ბურები არ გამოეხმურნენ. ისინი დიდი შეტევისათვის ემზადებოდნენ და განგებ თავს იმკვდარუნებდნენ.

ინგლისელები მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, ხაფანგში მომწყვდეულებივით გრძნობდნენ თავს. წინ ჩვენ ვიყავით, სხვა მხრით პარტიზანთა გაძლიერებული რაზმები იდგნენ, მაშველი ჯარი იგვიანებდა, მათ დარჩენოდათ, ან ელოდნათ, ან პირდაპირ შეტევაზე გადმოსულიყვნენ, მაგრამ ამას ვერ ბედავდნენ. ვერ ბედავდნენ იმიტომ, რომ სანგრიდან კრონიეს ამოგდება ადვილი არ იყო. გარდა ამისა, ეშინოდათ გაჩაღებული ბრძოლის დროს უკნიდან ან გვერდიდან გენერალი ბოტა არ წასდგომოდათ თავს, თანაც უცნობ ადგილებში შესაძლო იყო მოწინააღმდეგის მარწუხებში მოხვედრილიყვნენ, მაშინ მდინარესა და თავიანთ ბაზებს მთლად მოწყვეტილნი, მართლაც დაიღუპებოდნენ.

მაგრამ ეტყობოდა, ლოდინს ისევ იერიშზე გადმოსვლა არჩიეს. კიტჩენერის ბრძანებით, ლორდ მეტუენმა შეაგროვა რაც მის ხელში საშუალებანი იყო, ყოველი სახის იარაღი მოქმედებაში მოიყვანა და დაიძრა ჩვენს წინააღმდეგ.

ინგლისელები, როგორც მზვერავებმა მოიტანეს ცნობები, ღამით კოკისპირულ თავსხმაში წამოსულან იმ ვარაუდით, რომ განთიადისას ჩვენს პოზიციებს მოსდგომოდნენ.

მართლაც, ინათა თუ არა, ისინი მოგვიახლოვდნენ, მაგრამ ინგლისელთა მოწინავე ჯარის სარდალმა უოშოპმა ბრძოლის დასაწყებად ბრძანების გაცემაც ვერ მოასწრო, ბურებმა ერთბაშად დააყარეს ტყვიები.

ტყვიები კალიასავით მიფრინავდნენ და მოწინავე ჯარის რიგებს უმოწყალოდ ცელავდნენ. ბრძოლის დაწყებისთანავე ბურების ტყვიამ იმსხვერპლა თვითონ უოშოპი. ინგლისელებმა ახლა თავის შემოვლა სცადეს, იმავე დროს ლორდმა მეტუენმა ჯარის ახალ ნაწილს უბრძანა, ბურებისათვის აუცილებლად წაერთმია დაკავებული პოზიცია.

ბურები მომაღლო ადგილზე იყვნენ გამაგრებულნი, მტერი კი დაბლობებში მოქმედებდა. როგორც კი ინგლისელები ახალ იერიშზე გადმოვიდნენ, ბურებმა მოულოდნელად საპასუხო შეტევა დაიწყეს. ბრძოლაში ჩვენი პოლკიც ჩაება და შეერთებული ძალით მტერს პირდაპირ მუსრი გავავლეთ. ვინც გადარჩა, ზოგი ნებით დაგვნებდა ტყვედ, ზოგი დავიმორჩილეთ, ზოგიც გაიქცა. ტყვეებმა ვრცლად გადაგვიშალეს ინგლისელების გეგმები. ბურებმა ტყვეები დააპურეს და საღამოს გაუშვეს, რაც ყოვლად მიზანშეუწონელი იყო. ასეთი ზედმეტი ქრისტიანული დამოკიდებულება მტრისადმი ბოლოს სანანებლად გაუხდათ ბურებს, მაგრამ გვიანღა იყო.

საღამოს გამოჩნდა მტრის არტილერია, რომლის დაგვიანება ჩვენთვის გაუგებარი იყო. კრონიემ მტრის არტილერიას განლაგებაც არ აცალა, მათ ადგილსამყოფელზე ქვა ქვაზე დაადუღა.

ინგლისელებმა უკან დაიხიეს. ჩვენ ფეხდაფეხ მივდევდით. უკვე მეზობელ ორანჟის რესპუბლიკის იმ ადგილს მივაღწიეთ, რომელსაც კიმბერლეი ეწოდება და სადაც ალმასის საბადოები იყო. ამ საბადოებს ინგლისელები განსაკუთრებით იცავდნენ.

ბურები დიდი გულისხმიერებით ეკიდებოდნენ ჩვენი პოლკის მეთაურის ვილბუა დე მორელის აზრს. მან ურჩია ბურებს, იერიში მიეტანათ ქალაქ ლედისმიტზე, სადაც თავმოყრილნი იყვნენ ინგლისელების მთავარი ძალები. იქვე იყო მათი ბაზაც.

ერთ-ერთი შეტევისას კრონიეს ცალი თვალი დაუშავდა. იგი ახლა კიმბერლეის მიდამოებში იბრძოდა და ქმნიდა ორანჟის მებრძოლთა მტკიცე ბირთვს, ჩვენ კი ვილბუა დე მორელის სარდლობით ვიბრძოდით ლედისმიტის სანახებში. ქალაქ ლედისმიტს იცავდა ინგლისელი გენერალი უაიტი.

ქალაქის მისადგომებთან პირველი ფლანგის გასამაგრებლად ინგლისელებმა გაგზავნეს პოდპოლკოვნიკი კარლსტონი. მისი რაზმი დაიძრა ღამით. დილას დაინახეს, რომ მათ რაზმს გარს ერტყმიან ბურები გენერალ ჟუბერის სარდლობით.

გაჩაღდა ცხარე ბრძოლა, რაც ინგლისელთა დამარცხებით დამთავრდა.

ეს იყო გენერალ ჟუბერის უკანასკნელი ბრძოლა. იგი ამის შემდეგ მალე მოკვდა. ბურებისათვის ეს დიდ დანაკლისს წარმოადგენდა. ჟუბერი შესანიშნავი ადამიანი და მეტად ნიჭიერი მხედართმთავარი იყო.

იგი ვილბუას მეგობრობდა.

მეგობრის წინაშე უკანასკნელი ვალის მოსახდელად ვილბუა პრეტორიაში წავიდა და მეც თან წავყევი.

გენერალი დაკრძალული დაგვხვდა.

მივედით მის ქვრივთან სამძიმრის სათქმელად. დიდი გემოვნებით მოწყობილ სახლში იჯდა შავებით მორთული აზიზი აღნაგობის ქალი, რომელსაც სასიამოვნო სახის იერი ჰქონდა. იგი არც მოთქვამდა, არც ჩუმად ტიროდა, დამწუხრებული კი ძლიერ იყო.

ქვრივს გარს ეხვივნენ სამხედრო უფროსთა ცოლები, რომელთა შორისაც თავისი სილამაზით გამოირჩეოდა დე ვეტას მეუღლე.

ზანგის ახალგაზრდა ქალმა ვერცხლის სინით მარდად ჩამოგვირიგა ყავა. მამაკაცებს მოგვიტანეს მაგარი სასმელიც. აფრიკაში ჩასვლამდე მე მას ახლოსაც არ ვეკარებოდი, აქ კი, ფრონტზე ისე შევეჩვიე, რომ ცივ ღამეებში უიმისოდ დავალების შესრულება მიჭირდა.

ცერემონიალის შემდეგ, დაუყოვნებლივ დავტოვეთ პრეტორია და მივაშურეთ ჩვენს პოლკს.

* * *

ომი გრძელდებოდა. კიტჩენერი უმწეო იყო, შეესრულებია თავისი დაპირება ბურების სწრაფად დამარცხების შესახებ. ბურები თავგანწირულად იცავდნენ თავიანთი რესპუბლიკის ყოველ მტკაველ მიწას. ინგლისელებს კი გადაწყვეტილი ჰქონდათ, უთუოდ ხელში ჩაეგდოთ ეს მდიდარი ქვეყანა, რისთვისაც მზად იყვნენ, სასაფლაოდ გადაექციათ მთელი ტრანსვაალი.

კიტჩენერი თხოულობდა ჯარის ახალ-ახალ ნაწილებს. ამჟამად მის განკარგულებაში მყოფი ჯარი საგრძნობლად შეთხელებული და მოქანცული იყო ბურების მოთარეშე რაზმებთან განუწყვეტელ ბრძოლებში.

დიახ, კიტჩენერს ეგონა, ბურებს, როგორც "მეამბოხეებს", მალე მოუღებდა ბოლოს საექსპედიციო კორპუსით, მაგრამ ვარაუდში მოტყუვდა. ამიტომ ინგლისი იძულებული გახდა, გამოეგზავნა ახალი არმიები.

ინგლისიდან ჯარის გადმოყვანას 6 კვირას უნდებოდნენ. ამ ხნის განმავლობაში მგზავრობით დაღლილნი და ზღვის ავადმყოფობით ღონეგამოლეულნი, შეუძლებელი იყო ხმელეთზე გადმოსხმისთანავე ჩაებათ ომში. ბურები კი სულის მოთქმის საშუალებას არ აძლევდნენ მოულოდნელი თავდასხმებითა და პარტიზანული თარეშებით.

ინგლისელებს უხდებოდათ უცნობ გარემოცვაში და შეუჩვეველი ბუნების პირობებში ბრძოლა. გარდა ამისა, ისინი დაქირავებულნი იყვნენ და იბრძოდნენ სხვის ქვეყანაში, ბურები კი თავისი ნებით იბრძოდნენ თავისივე ქვეყნის დასაცავად. ეს გარემოება ბურებს ენერგიას უორკეცებდა და შეუძლებელს ხდიდა მათი მხნეობის გატეხას.

ბურებს ერთი უპირატესობაც ჰქონდათ, - ისინი შესანიშნავი ცხენოსნები იყვნენ. ცხენებიც ადგილობრივ პირობებთან შეგუებული და კარგად დაურვებული ჰყავდათ.

ინგლისელების ცხენები კი ყოველივე ამას მოკლებულნი იყვნენ. ამავე დროს ცხელი ჰავის გარდა, მათ ცხენებს უკანასკნელ ძალას აცლიდნენ შხამიანი ბუზები, ე.წ. ცეცე, რომელთა მოგერიებას თავიანთი შეჭრილი კუდებით ისინი ვერ ახერხებდნენ.

ასეთ პირობებში მტრის კიდევ უფრო შესავიწროებლად, ბურები საჭიროებისდა მიხედვით, ადგენდნენ რაზმებს, რომელთაც ეწოდებოდათ "კომანდო". ეს რაზმები, პარტიზანების მსგავსად და პარტიზანებთან შეთანხმებით, მოსვენებას არ აძლევდნენ ინგლისელების ჯარის ნაწილებს, იმავე დროს იგივე რაზმები ებრძოდნენ შინაურ მტრებსაც.

ზოგჯერ ინგლისელები აქა-იქ ახერხებდნენ მომხრეების შოვნას. ინგლისელების მიერ გაბრიყვებული სულმოკლე ადამიანები ბოლო დროს არცთუ ისე ცოტანი იყვნენ. ისინი გადადიოდნენ მტრის ბანაკში და, სამწუხაროდ, პატარა დახმარებას როდი უწევდნენ მას. ბურები თუ ტყვეებს სათნოდ ეპყრობოდნენ, მოღალატეებს, როგორც კი ხელში ჩაიგდებდნენ, მაშინვე ხვრეტდნენ.

ერთხელ გენერალ ლუი ბოტასთან გამოცხადდა ინგლისელების მიერ გადაბირებული ბური, როგორც პარლამენტიორი და კიტჩენერის სახელით შესთავაზა ზავი. გაცეცხლებულმა ბოტამ იგი იქვე თავისი ხელით დახვრიტა.

კრონიეს ჯარი 7-8 ათასი კაცის რაოდენობით, როგორც ვთქვით, უმთავრესად განლაგდა კიმბერლეის გარშემო. დელარეი კი დარჩა ლორდ მეტუენის ჯარის წინააღმდეგ ბრძოლის გასაგრძელებლად. კრონიემ ვილბუას პოლკი თავისი მოქმედების არეში გადაიყვანა, საჭიროების დროს ღია ბრძოლაში გამოსაყენებლად.

დელარეიმ სასტიკად დაამარცხა ლორდ მეტუენის ჯარი და თვითონ მეტუენი ტყვედ ჩაიგდო, მაგრამ მანვე იგი მალე გაათავისუფლა.