ისტორიას ზუსტად არ აღუნუსხავს, როდის მოხდა პირველი ტერორისტული აქტი - ტერორიზმის ევოლუცია - კვირის პალიტრა

ისტორიას ზუსტად არ აღუნუსხავს, როდის მოხდა პირველი ტერორისტული აქტი - ტერორიზმის ევოლუცია

ტერორის არსი ძალადობის საშუალებით მოწინააღმდეგეთა დაშინება-ლიკვიდირებაა. მას საფუძვლად უდევს ილუზია, რომ ტერორიზმის საშუალებით შესაძლებელია დიდი სოციალურ-პოლიტიკური იდეალების განხორციელება ან პოლიტიკური მიზანდასახულობის მიღწევა.

ისტორიას ზუსტად არ აღუნუსხავს, როდის მოხდა პირველი ტერორისტული აქტი, მაგრამ ტრაგიკული დიდებულებით აღბეჭდა მსოფლიოში ტერორიზმის პირველი კლასიკური ნიმუში - გაიუს იულიუს კეისრის მკვლელობა. ეს მოხდა ძვ.წ. 44 წლის 15 მარტს. ტერორიზმის სათავეებთან მარკუს იუნიუს ბრუტუსი იდგა.

იულიუს კეისრის მკვლელობა

სწორედ ის გახლდათ კეისრის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ორგანიზატორი და ერთ-ერთი მკვლელთაგანი. მას შემდეგ ტერორისტთა ხელმა მრავალი მეფის, იმპერატორის, დამპყრობელი მხედართმთავრისა თუ სასტიკი მაღალჩინოსნის სიცოცხლე შეიწირა. ტერორის მსხვერპლთა შორის იყვნენ ეროვნული თუ სოციალური თავისუფლებისთვის მებრძოლნიც, დიდი საზოგადო თუ კულტურის მოღვაწენიც.

ტერორიზმის მიზეზი სხვადასხვა სახის სოციალური, ეროვნული თუ პოლიტიკური უსამართლობა გახლდათ. მას განაპირობებდა საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი სისტემა, ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა ქვეყნის დაპყრობა. ტერორი ხშირად დამპყრობელთა მიერ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა წინააღმდეგ იყო მიმართული. 554 წელს ბიზანტიელმა სტრატეგებმა მოკლეს ლაზთა თავისუფლებისთვის მებრძოლი მეფე გუბაზი. ეს ნამდვილი ტერორისტული აქტი იყო.

ტერორის არსი ძალადობის საშუალებით მოწინააღმდეგეთა დაშინება-ლიკვიდირებაა. მას საფუძვლად უდევს ილუზია, რომ ტერორიზმის საშუალებით შესაძლებელია დიდი სოციალურ-პოლიტიკური იდეალების განხორციელება ან პოლიტიკური მიზანდასახულობის მიღწევა.

შუა საუკუნეებში ტერორს ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა. XI-XIII საუკუნეებში განსაკუთრებით შიშის ზარს სცემდნენ აზიისა თუ ევროპის მბრძანებლებს ასასინთა ორდენის წევრები, რომლებიც საგანგებოდ იწვრთნებოდნენ. ასასინთა ბრძოლის ძირითადი მეთოდი იყო ტერორისტული აქტები, რომელთა შესრულება ევალებოდათ ფიდაიებს. არაბულ ენაზე "ფიდაი" ნიშნავს მებრძოლს, ვინც თავს სწირავს.

ასასინების ცენტრს ალამუთის ციხე წარმოადგენდა. 1256 წელს მონღოლებმა ალამუთი აიღეს და ორდენმა მალე არსებობა შეწყვიტა. შუა საუკუნეებში ტერორისტებს ემსხვერპლა ევროპის რამდენიმე მონარქი. საქართველოს ისტორიაში მოგვეპოვება ფაქტი, როდესაც ტერორისტის მახვილს შეეწირა სამეფო ოჯახის წარმომადგენელი.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯეიმს აბრამ გარფილდის მკვლელობა

XIX საუკუნის პირველ ნახევარში სამხრეთ იტალიაში იქმნება კარბონარების საიდუმლო ორგანიზაციები, რომელნიც ტერორის გზით იბრძოდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ევროპის ქვეყნების მონარქებისა და დიდმოხელეთა წინააღმდეგ რამდენიმე ათეული ტერორისტული აქტი განხორციელდა, რომელთაც ემსხვერპლნენ: საფრანგეთის ბურბონთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი - ბერიის პრინცი; რეაქციონერი მწერალი კოცებუ (1819); ფერდინანდ III ნეაპოლიტანელი (1854); ესპანეთის დედოფალი იზაბელა(1856); მიხეილ III სერბიელი და სხვ.

"ტირანთმკვლელობის" იდეა განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბურჟუაზიული რევოლუციების ეპოქაში. მწერლები, ხელოვნები და ინტელექტუალური წრეები თითქოს მოქმედებისთვის მოუწოდებდნენ რევოლუციონერებს მრავალრიცხოვან მიტინგებზე. საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ III-ს წინააღმდეგ დაუფარავად მოუწოდებდა ჟურნალ "ლანტერნეს" რადიკალი რედაქტორი, ნიკო ნიკოლაძის ფრანგი მეგობარი - ანრი როშფორი. ინტელექტუალთა ერთ-ერთ კრებაზე პუბლიცისტმა ფელიქს პიამ შესვა "იმ ტყვიის" სადღეგრძელო, რომლითაც მოკლავდნენ ნაპოლეონ III-ს. მასვე ეკუთვნოდა ცნობილი რიტორიკული კითხვა: "შეიძლება თუ არა მკვლელის მოკვლა, თუ მკვლელი იმპერატორია?"

XIX საუკუნის 70-80-იან წლებში ევროპის ქვეყნებში დაიწყო ყველაზე ორგანიზებული და სისტემური ტერორიზმის ხანა, რომელიც 1917 წლამდე გაგრძელდა. ტერორიზმის ისტორიისათვის ეს პერიოდი "კლასიკური ხანა" იყო. ყველაზე ხშირად ტერორს ანარქისტები მიმართავდნენ. იტალიაში ანარქისტებმა წამოაყენეს ლოზუნგი "პროპაგანდა მოქმედებაში". ისინი ხელთ იგდებდნენ პატარა ქალაქებს, ცეცხლს უკიდებდნენ მემამულეთა სახლ-კარს და ცდილობდნენ ხალხიც რევოლუციისთვის განეწყოთ. 1898 წელს ანარქისტებმა მოკლეს ავსტრიის დედოფალი ელიზავეტა, ხოლო 1900 წელს ბრეშის მსხვერპლი გახდა იტალიის მეფე უმბერტო.

ევროპაში ტერორიზმის ბუმს დიდად შეუწყო ხელი 1881 წელს ლონდონში გამართულმა ანარქისტთა კონგრესმა, რომელმაც ტერორი რევოლუციური ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებად გამოაცხადა.

1882 წელს ტერორისტებმა ლიონის თეატრ "ბელკურში" კაფე ააფეთქეს. საფრანგეთის ხელისუფლებამ ეჭვი ანარქისტებზე მიიტანა და მათი რამდენიმე ათეული თავკაცი დააპატიმრა. დაპატიმრებულთა შორის ტერორის მოწინააღმდეგენი სჭარბობდნენ: მაგალითად, რუსი პეტრე კროპოტკინი, ფრანგი კომუნარი და "მონმარტრის წითელი ქალიშვილი" - ლუიზა მიშელი და სხვ. მათმა ქართველმა თანამებრძოლმა ვარლამ ჩერქეზიშვილმა გაუჩინარება მოასწრო და ექვსი წელი ემალებოდა ევროპის მთავრობებს.

მკაცრმა რეპრესიებმა ანარქისტული ტერორის აღმავლობა გამოიწვია. 1892 წელს რევაშოლმა პარიზში სამი აფეთქება განახორციელა. 1893 წელს ვაიანმა ბურბონთა სასახლეში ისროლა ბომბი, სადაც დეპუტატთა პალატის სხდომა მიმდინარეობდა, თუმცა არავინ დაშავებულა. 1896 წელს ანარქისტმა კაზერიომ საფრანგეთის პრეზიდენტი კარნო მოკლა. ალბერ კამიუს ცნობით, მარტო 1892 წელს ევროპაში 1000-ზე მეტი ტერორისტული აქტი განხორციელდა, აშშ-ში - 500.

პარადოქსი იყო, რომ ევროპული საზოგადოების დიდი ნაწილი ანარქისტებს თანაუგრძნობდა. მათ დითირამბებს უძღვნიდა არტურ რემბო. რევაშოლის შესახებ პარიზის ქუჩებში მღეროდნენ, ხოლო პოეტი ლორან ტაიადი ვაიანის მიერ განხორციელებული ტერაქტის შემდეგ წერდა: "ღირს კი ფიქრი მსხვერპლის შესახებ, როცა ჟესტი ლამაზია?" მოგვიანებით კი, როცა ტერორისტებმა რესტორან "ფუაიოში" აფეთქება მოაწყვეს, იქ მყოფმა ლორან ტაიადმა ცალი თვალი დაკარგა, მაგრამ ღირდა კი დანაკარგზე ფიქრი, როცა "ჟესტი ლამაზი იყო".

ესპანეთში ანარქისტები განუსაზღვრელი გავლენით სარგებლობდნენ, მეტიც, სახალხო შურისმგებლებად ითვლებოდნენ. ალბათ იმიტომ, რომ ტერორისტთა მსხვერპლნი იქ სისასტიკით გამორჩეული სახელმწიფო მეთაურები იყვნენ. მაგალითად, 1893 წელს მოკლეს რეაქციონერი გენერალი კამპოსა, ხოლო 1897 წელს - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კანოვა. აშშ-ში ტერორისტულ აქტებს ქვეყნის ორი პრეზიდენტი შეეწირა - ჯეიმს აბრამ გარფილდი (1881 წ.) და უილიამ მაკ-კინლი (1901 წ.).

ამერიკელი პოლიტოლოგი რიჩარდ პაიპსი და არა მარტო ის, თანამედროვე ტერორიზმის უშუალო საწყისად მიიჩნევს 1879 წელს, როცა რუსეთში შეიქმნა ხალხოსნური ტერორისტული ორგანიზაცია "ნაროდნაია ვოლია". ნაროდოვოლებმა თავიანთ უმთავრეს მიზნად იმპერატორის მკვლელობა დაისახეს და ნამდვილი ნადირობა გააჩაღეს მის წინააღმდეგ. ათი უშედეგო მცდელობის შემდეგ 1881 წლის პირველ მარტს ნაროდოვოლებმა მოკლეს რუსეთის "მეფე-განმათავისუფლებელი" - ალექსანდრე II.

ხალხოსანთა ტერორისტული მემკვიდრეობა XX საუკუნის დასაწყისში გააგრძელეს რუსმა ესერებმა (სოციალისტ-რევოლუციონერებმა). 1901 წელს წარმოქმნილმა რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიამ თავისი საქმიანობის პრიორიტეტად ტერორი გამოაცხადა. ესერებმა ასობით ტერორისტული აქტი განახორციელეს. მათ მსხვერპლთა შორის იყვნენ: დიდი მთავარი სერგეი ალექსანდრეს ძე; შინაგან საქმეთა მინისტრები სიპიაგინი და პლევე; მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე სტოლიპინი, გერმანიის ელჩი საბჭოთა რუსეთში - მირბახი... ესერი ქალის - ფანი კაპლანის მსხვერპლი კი ლამის ლენინიც აღმოჩნდა.

ხშირად თვით რევოლუციური პარტიები ქმნიდნენ საიდუმლო პოლიციის საწინააღმდეგო სტრუქტურებს, რათა გაენეიტრალებინათ ამ უკანასკნელის მიერ რევოლუციონერთა მიმართ განსახორციელებელი რეპრესიები. 1890-იან წლებში დასავლეთ ევროპაში მოქმედი რუსეთის იმპერიის სპეცსამსახურები ნიკოლოზ II-ს მოახსენებდნენ, რომ ემიგრაციაში მყოფი "ცნობილი თავადების კროპოტკინისა და ჩერქეზოვის (ვარლამ ჩერქეზიშვილის) ინიციატივით ლონდონში შეიქმნა პოლიციის საწინააღმდეგო ინტერნაციონალური ლიგა... ამჟამად ლიგის ხელმძღვანელთა შორის არიან თომას მანი, ჩაიკოვსკი, ვოლხოვსკი (რუსი ემიგრანტი-რევოლუციონერები) და მრავალი ინგლისელი სოციალისტი, ხოლო საზოგადოების თავმჯდომარედ ფიქრობენ რომელიმე გამოჩენილი ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწის არჩევას. ლიგას აქვს საიდუმლო განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობენ კროპოტკინი, ჩერქეზოვი, რეკლიუ და სხვა უცხოელი ანარქისტები. მათი მიზანია საიდუმლო სამსახურებთან და საიდუმლო პოლიციასთან აქტიური ბრძოლის წარმოება".

ერთხანს რევოლუციური ტერორი რუსეთიდან საქართველოშიც აიტაცეს. აქ მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს: სოციალ-დემოკრატებს, სოციალისტ-ფედერალისტებს, ესერებსა თუ ანარქისტებს საკუთარი "მებრძოლი დრუჟინები" ჰყავდათ. რევოლუციონერები ტერორით უმასპინძლდებოდნენ მეფის ადმინისტრაციის განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეულ მოხელეებს. 1906 წლის იანვარში სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს კავკასიის რუსული ჯარების შტაბის უფროსი გენერალი გრიაზნოვი. 1908 წელს მოკლეს საქართველოს ეგზარქოსი ნიკონი, რაშიც მეფის ჟანდარმერია სოციალისტ-ფედერალისტებს სდებდა ბრალს. სოციალისტ-ფედერალისტებმა 1905 წლის ნოემბერში ევროპიდან 7 000 თოფი და დიდძალი ტყვია-წამალი შემოიტანეს საქართველოში. ქუთაისში ადგილობრივმა ტერორისტებმა უშედეგოდ სცადეს დასავლეთ საქართველოს ამკლები გენერლის ალიხანოვ-ავარსკის მოკვლა, თუმცა მეფის გენერალი მაინც ვერ ასცდა რევოლუციონერთა განაჩენს - იგი ერევანში მოკლეს სომეხმა დაშნაკებმა.

1906 წლის 4 ივლისს საქართველოში მოქმედმა ესერებმა თავდასხმა მოაწყვეს თბილისის პოლიცმაისტერ მარტინოვზე. ხელისუფლებას ეგონა, რომ ტერორისტები ქართველი სოციალისტ-ფედერალისტები იყვნენ. ტერორისტული აქტის შემდეგ კაზაკები სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში შეცვივდნენ და მოკლეს ცნობილი პედაგოგი და სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი შიო ჩიტაძე. ამის შემდეგ ესერებმა ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს და ქალაქში პროკლამაცია გაავრცელეს, რომელიც სხვათა შორის იუწყებოდა: "დაე იცოდნენ ყველა უფროსებმა, რომ მათი თვითნებობა დაუსჯელი არ დარჩება, რომ რევოლუციონერთა ბომბი დაეწევა მათ იმ დროს, როცა ამას პარტია საჭიროდ მიიჩნევს".

1917 წელს პირველი მსოფლიო ომით გატანჯულ ევროპას რევოლუციათა ტალღამ გადაუარა. რამდენიმე მონარქია დაემხო. როგორც გალაკტიონი იტყოდა "ტახტებს მოსცილდნენ ვილჰელმი, კარლოს, / ნიკოლოოზი და ფერდინანდი". ასეა თუ ისე, XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის პერიოდის ტერორიზმი რევოლუციური მოძრაობის ნაწილს წარმოადგენდა და სოციალურ-პოლიტიკური უსამართლობით იყო განპირობებული. ამიტომ დაჰკრავდა ამ ეპოქის ტერორიზმს რომანტიკული ელფერი.

(დასასრული იხილეთ)

ჟურნალი "ისტორიანი", 2011 წლის იანვარი, #1

(ავტორი: დიმიტრი შველიძე)