ქრისტესთან ასოცირებული 10 სადავო რელიკვია
17-12-2015
ქრისტესთან ასოცირებული 10 სადავო რელიკვია
მორწმუნეები საუკუნეების განმავლობაში ეთაყვანებოდნენ იესო ქრისტესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საგანს. მათი ავთენტურობა არ დადასტურებულა, თუმცა მიუხედავად იმისა, მორწმუნე ხართ თუ არა, თითოეული რელიგიური რელიკვიის ისტორია მაინც განგაცვიფრებთ.

10. წმინდა ლურსმნები / The Holy Nails


დავა იმის შესახებ, თუ რამდენი ლურსმანი იქნა გამოყენებული ქრისტეს ჯვარცმისას, თითქმის, ჯვარცმის დროიდან მოყოლებული მიმდინარეობს. ზოგიერთი ირწმუნება, რომ სამი ლურსმანი გამოიყენეს, სხვები თვლიან, რომ – ოთხი. არავინ იცის, სინამდვილეში რამდენი ლურსმანი გამოიყენეს, თუმცა, მთელს მსოფლიოში უამრავი ე.წ.
"წმინდა ლურსმანი" არსებობს, რომლებსაც მორწმუნეები ეთაყვანებიან. ლეგენდის თანახმად, კონსტანტინე დიდმა სთხოვა დედამისს, ელენეს, იერუსალიმში წასულიყო და ქრისტეს ჯვარი ეპოვნა. ელენემ ქრისტეს ჯვრის ნაწილები ჩამოიტანა წმინდა ლურსმნებთან ერთად. კონსტანტინოპოლში დაბრუნების შემდეგ, ელენემ გადაწყვიტა, ერთ-ერთი ლურსმანი მეფის მუზარადში მოეთავსებინა, ეს მის ვაჟს მტრებისგან დაიცავდა. მეორე ლურსმანი ცხენის
აღკაზმულობაში გამოიყენეს, მესამეთი კი ლომბარდიის რკინის გვირგვინი გამოჭედეს. გარდა ამ სამი რელიკვიისა, ევროპაში მიმოფანტულია კიდევ დაახლოებით ოცდაათი "წმინდა ლურსმანი", რაც, თავისთავად ნიშნავს, რომ ზოგიერთი მათგანი ყალბია.

9. ეკლის გვირგვინი / The Crown of Thorns


მიუხედავად ურიცხვი კვლევისა, ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული ეკლის გვირგვინის არსებობა, რომელიც, გადმოცემის თანახმად, იესოს ეკეთა ჯვარცმისას. თუმცა, ეს არ უშლის ხელს მილიონობით ქრისტიანს მის თაყვანისცემაში. გვირგვინმა გრძელი და წინააღმდეგობებით სავსე გზა გაიარა, ვიდრე, საბოლოოდ, პარიზში დააბინავებდნენ, სადაც დღემდე ინახება. 1238 წელს, კონსტანტინოპოლის იმპერატორმა ბოლდუინმა, ფინანსური პრობლემების გამო, გვირგვინი ვენეციის ბანკში დააგირავა, თუმცა, საფრანგეთის მეფის, ლუი IX–ის წყალობით, 1239 წელს, გვირგვინი გამოისყიდეს და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში დააბრძანეს. გვირგვინს 70 ეკალი აქვს, თუმცა, საუკუნეების განმავლობაში, ამ ეკლებს ფრანგი მეფეები და ბიზანტიელი იმპერატორები იყოფდნენ.

8. ტურინის კვართი / The Shroud of Turin


ტურინის კვართი, ალბათ, ყველაზე მეტად შესწავლილი, პოპულარული და ამასთანავე, წინააღმდეგობრივი რელიკვიაა ქრისტიანობის ისტორიაში. კათოლიკურ ეკლესიას არ დაუფიქსირებია ოფიციალური აზრი მისი ავთენტურობის შესახებ, თუმცა, აღიარებს მის მნიშვნელობას კათოლიკური სამყაროსთვის. ფაქტია, რომ ვატიკანმა მიიღო ზომები, რათა, საზოგადოებას შეძლებოდა რელიკვიის ხილვა. პირველი დოკუმენტები, რომლებშიც კვართია ნახსენები, მე-14 საუკუნეში გამოჩნდა. ისტორიული წყაროების თანახმად, კვართი ერთი პიროვნებიდან მეორეს გადაეცემოდა, სანამ, საბოლოოდ, 1578 წელს, ტურინის იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში არ დაიდო ბინა. 1988 წელს, კვართს ჩაუტარდა რადიონახშირბადული ანალიზი მისი წარმოშობის თარიღის დასადგენად. მორწმუნეთა სამწუხაროდ, შედეგებმა აჩვენა, რომ კვართი 1260-1390 წლების პერიოდს განეკუთვნება. რადიონახშირბადული ანალიზი სამმა სხვადასხვა ლაბორატორიამ ჩაატარა და სამივე ერთ დასკვნამდე მივიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კვართი ყალბი იყო (მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცება, რომ მათი დასკვნები არ იყო ზუსტი). მიუხედავად ამისა, მორწმუნეები მაინც ეთაყვანებიან ამ რელიკვიას.

7. ოვიედოს სუდარა / The Sudarium of Oviedo

ოვიედოს სუდარა ტურინის კვართს წააგავს. ორივე მათგანი გამოყენებულ იქნა ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ. კვართით ქრისტეს სხეული დაფარეს, სუდარით კი სახე გაუწმინდეს და დაუფარეს. ამ რელიკვიას არავითარი გამოსახულება არ აქვს, თუმცა, მასზე შერჩენილია სისხლის წვეთები. იოანეს სახარებაში ნახსენებია ქსოვილის ნაჭერი, რომლითაც ქრისტეს სახე მოსწმინდეს და დაუფარეს. სუდარაზე ინფორმაციის დიდი ნაწილი ოვიედოელ მღვედლს, პელაგიუსს ეკუთვნის, რომელიც მე-12 საუკუნეში ცხოვრობდა. 1075 წელს, სკივრი, რომელშიც სუდარა იდო, როდრიგო დიას დე ვივარმა გახსნა, რომელიც თანამედროვე სამყაროში ელ სიდის სახელით არის ცნობილი. ეს რელიკვია ამჟამად ესპანეთში, ქალაქ ოვიედოს საკათედრო ტაძარშია მოთავსებული, სადაც, მისი ხილვა საზოგადოებისთვის სკივრის გახსნიდან 3 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. რადიონახშირბადული ანალიზის მიხედვით, სუდარა ჩვენი წელთაღრიცხვით 700 წელს განეკუთვნება, რაც, იმაზე მეტყველებს, რომ ის კვართზე ძველია, თუმცა, ბადებს კითხვებს მის ავთენტურობასთან დაკავშირებით.

6. ვერონიკას მანდილი / The Veil of Veronica

გადმოცემის თანახმად, ვერონიკას მანდილით გოლგოთის გზაზე მიმავალ ქრისტეს სახე მოსწმინდეს, რის შემდეგაც, ქსოვილზე მისი სახის გამოსახულება აღიბეჭდა. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი ამ შემთხვევაზე, ასე რომ, მანდილის ისტორია მთლიანად ლეგენდას ეფუძნება. იმავე გადმოცემის თანახმად, მანდილი მე-17 საუკუნეში ვატიკანიდან მოიპარეს. ახლახანს, გერმანელმა იეზუიტმა, მამა ჰაინრიხ პფაიფერმა განაცხადა, რომ იპოვნა დიდი ხნის წინათ დაკარგული რელიგიური რელიკვია. პფაიფერი, რომელიც პაპის გრიგორიანულ უნივერსიტეტში ქრისტიანული ხელოვნების ისტორიას ასწავლის, ამტკიცებს, რომ ვერონიკას მანდილი აღმოაჩინა იტალიაში მდებარე პატარა სოფელ მონოპელოში. გარდა მანდილის საეჭვო ისტორიისა, პფაიფერის განცხადების გადამოწმებას ისიც ართულებს, რომ მანდილი ძალიან ნაზია და, შეიძლება, ადვილად დაზიანდეს. მოუხედავად იმისა, რომ მადილს არაავთენტურად მიიჩნევენ, ის მაინც გავლენიან და ისტორიულად სასარგებლო რელიკვიად ითვლება, რომლის საშუალებითაც, ქრისტეს ხატება ვრცელდება მორწმუნეებს შორის.

5. ქრისტეს სისხლი / The Blood of Christ

ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ მისმა, მოწაფემ, იოსებ არიმათიელმა იესოს სახიდან ქსოვილის ნაჭრით მოსწმინდა სისხლი. გადმოცემის თანახმად, ეს ქსოვილი იერუსალიმში ინახებოდა მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობამდე, რომლის დროსაც იერუსალიმის მეფემ, ბოლდუინ III-მ რელიკვია თავის სიძეს, ფლანდრიის გრაფ დიედრიკ ვან დე ელზასს გადასცა. გრაფმა ბელგიაში, მშობლიურ ქალაქ ბრიუგეში დაბრუნების შემდეგ განკარგულება გასცა, ქსოვილი წმინდა სისხლის ბაზილიკის (Bასილიეკ ვან ჰეტ Hეილიგ Bლოედ) ზედა სამლოცველოში მოეთავსებინათ. რელიკვია ინახება მინის ულამაზეს ჭურჭელში, რომელსაც ანგელოზების გამოსახულება ამშვენებს და ოქროთია მოვარაყებული. საოცარია, რომ ის დღემდე არ გაუხსნიათ, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ ხანებში ჩატარებული შემსწავლელი სამუშაოების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ ჭურჭელი მთის ბროლისგანაა დამზადებული ნელსაცხებლის შესანახად. ყოველწლიურად, ამაღლების დღესასწაულზე, ბრიუგეში ქრისტეს სისხლისადმი მიძღვნილი ფესტივალი იმართება. ტურისტები აწყდებიან ქალაქს, რათა თვალი შეავლონ პროცესიას - ბრიუგეს ეპისკოპოსი დაატარებს რელიკვიას ქალაქის ქუჩებში, მას უკან მიჰყვება ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც გაითამაშებენ ქსოვილის ჩამოტანისა და სხვადასხვა ბიბლიურ სცენებს.

4. წმინდა შუბი / The Holy Lance

წმინდა შუბი, რომელსაც სხვაგვარად ლონგინის შუბსაც უწოდებენ, წარმოადგენს იარაღს, რომლის საშუალებითაც ჯვარზე გაკრულ ქრისტეს სხეულზე მიაყენეს ჭრილობა, რათა დაედასტურებინათ მისი გარდაცვალება. მისი აღმოჩენის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო ისტორიები არსებობს, მათ შორის, ერთ-ერთი ეკუთვნის უცნობ, ღარიბ ბერს, პეტრე ბართოლომეოს, რომელიც ამტკიცებდა, რომ 1098 წელს ანტიოქიის ალყის დროს წმინდა ანდრია გამოეცხადა, რომელმაც აუწყა, რომ წმინდა შუბი ქალაქის წმ.პეტრეს სახელობის საკათედრო ტაძრის ქვეშ იყო დამალული. ბართოლომეო გრაფ რეიმონდისა და ლეპუის ეპისკოპოსის წინაშე წარსდგა და მოუთხრო მათ ღვთიური ხილვის შესახებ. ეპისკოპოსი ბერის მონაყოლს სკეპტიკურად შეხვდა, თუმცა გრაფზე ამ ამბავმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მისმა ხელქვეითებმა გათხარეს მიწა საკათედრო ტაძრის ქვეშ, თუმცა, გრაფისდა სამწუხაროდ, ვერაფერი აღმოაჩინეს. მაგრამ ბართოლომეო თხრილში ჩახტა, იპოვნა რკინის ნაჭერი და განაცხადა, რომ სწორედ ეს იყო წმინდა შუბი. მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება ბევრ ეჭვს ბადებდა, ამ ფაქტმა უდიდესი სტიმული მისცა მოშიმშილე ჯვაროსნებს, მათ სწორედ ამის შემდეგ გაარღვიეს ქალაქის ალყა. ეს გახლდათ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ყველაზე ცნობილი ბრძოლა.

3. წმინდა ჩუჩა /The Holy Prepuce

წმინდა ჩუჩა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რელიკვიაა ამ სიაში, რადგან ის ოდესღაც იესოს სხეულის ნაწილი იყო. ყველა ებრაელი ვაჟის მსგავსად, იესოსაც დაბადებიდან მერვე დღეს გაუკეთეს წინდაცვეთა. უწინ ამტკიცებდნენ, რომ ჩუჩა ჩვენი წელთაღრიცხვით 800 წელს აღმოაჩინა მეფე კარლოს I დიდმა. იგი ირწმუნებოდა, რომ რელიკვია მას ანგელოზმა გადასცა. მოგვიანებით კარლოს დიდმა რელიკვია პაპ ლეო III-ს გადასცა, ამ უკანასკნელმა იგი რომის იმპერატორად აკურთხა. მას შემდეგ, რაც ჩუჩის შესახებ კათოლიკურმა ეკლესიამ შეიტყო, იგი კამათისა და მღელვარების საგნად იქცა ევროპულ ეკლესიებში. დაახლოებით ოცდაერთი ეკლესია ამტკიცებდა, რომ ისინი ფლობდნენ იესოს ჩუჩას და თითოეულს სურდა, ჭეშმარიტ მფლობელად ეღიარებინათ. მოულოდნელად, კათოლიკურმა ეკლესიამ ოფიციალურად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და პაპმა კლემენტ VII-მ განაცხადა, რომ ნამდვილ ჩუჩას საფრანგეთში, შარუს კომუნაში მცხოვრები ბერები ფლობდნენ. საკითხს კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ისტორიაში დაიკარგა ბევრი სხვა პრეტენდენტი, ხოლო თეოლოგები ამტკიცებდნენ, რომ ყველა ე.წ. წმინდა ჩუჩა თაღლითების ფანტაზიის ნაყოფი იყო, რადგან ქრისტეს აღდგომის შემდეგ მისი სხეულის ყველა ნაწილი, მათ შორის ისიც, რაც მოკვეთილი ჰქონდა, იესოსთან ერთად ამაღლდა სამოთხეში. ქრისტეს სხეულის ამ ყველაზე მგრძნობიარე ნაწილთან დაკავშირებულმა დავამ უამრავ ნეგატიურ შემთხვევას დაუდო საფუძველი, მათ შორის იყო ქურდობა, ეკლესიიდან განკვეთა. ის დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო რელიკვიად ქრისტიანობის ისტორიაში.

2. ედესის ხატი / The Image of Edessa

ასევე სხვადასხვა ვერსია არსებობს კიდევ ერთი რელიკვიის, ედესის ხატის წარმოშობის შესახებ, რომელსაც ასევე უწოდებენ მანდილიონს, წმინდა პირსახოცს ან ხელთუქმნელ ხატს. ყველაზე ცნობილი და საზოგადოდ მიღებული ვერსია იესო ქრისტესა და ედესის მეფე ავგაროზს უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, მეფე ავგაროზმა თავის მსახურს, ანანიასს დაავალა ქრისტესთვის წერილის გადაცემა, რომელშიც იესოს მასთან მისვლას და კეთრისგან განკურნებას სთხოვდა. საპასუხო წერილში იესომ უარი უთხრა მეფეს თხოვნაზე, თუმცა დალოცა ავგაროზი და შეჰპირდა, რომ გაუგზავნიდა მოწაფეს, რომელიც განკურნავდა მას. ლეგენდის ზოგიერთი ვერსიის მიხედვით, ანანიასი მხატვარი იყო და მან შექმნა ქრისტეს ხატი, რომელიც წერილთან ერთად გადასცა მეფეს. მეორე ვერსიის მიხედვით, იესომ ანანიასს გადასცა პირსახოცი, რომლითაც სახე შეიმშრალა დაბანის შემდეგ და ქსოვილზე სასწაულებრივად გამოისახა მისი სახე. უცნობია, სინამდვილეში რა მიიღო ქრისტესგან ავგაროზმა, თუმცა ფაქტია, რომ მეფე ეთაყვანებოდა საჩუქარს.

1. წმინდა გრაალი /The Holy Grail

წმინდა გრაალი თასია, რომელიც იესომ საიდუმლო სერობის დროს გამოიყენა. სწორედ ამ თასში შეაგროვა ქრისტეს სისხლი იოსებ არიმათიელმა. ვინაიდან ჯვარცმა და ქრისტეს სისხლი ქრისტიანული რწმენის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, გასაკვირი ნამდვილად არ არის, თუ რატომ აჯადოებს ეს რელიკვია უამრავ ადამიანს. ამ შემთხვევაშიც რამდენიმე ვერსია არსებობს იმისა, თუ რომელია ჭეშმარიტი გრაალის თასი და ამ პატივს სხვადასხვა ჭურჭელს მიაწერენ. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ვალენსიის წმინდა თასი. გადმოცემის თანახმად, ამ ფიალას იყენებდა რომის პირველი 22 პაპი, წმინდა პეტრედან ვიდრე სიქსტუს II-მდე. ამ უკანასკნელმა, თასი წმინდა ლოურენსს გადასცა შესანახად. ლოურენსის სიკვდილის შემდეგ, რელიკვია ესპანეთში ჩაიტანეს. ვალენსიის წმინდა თასი ყველაზე მეტად შეიძლება მივიჩნიოთ გრაალის თასად. დამოწმებულია, რომ იგი ჩვენი წელთაღრიცხვის 262 წელს განეკუთვნება. თანამედროვე რომის პაპები მას კვლავ იყენებენ მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვან დღესასწაულებზე.

წყარო

მოამზადა დუდანა ზაქარაიამ
სამწუხაროდ
17 დეკემბერი 2015 10:36
ეს რელიქვიები ვიღაცეებისთვის დიდი ფულია.რა მნიშვნელობა აქვს რას იპოვიან ღმერთს ეკუთვნის თაყვანისცემა იმისთვის რომ საკუთარი შვილი გაიმეტა ჩვენთვის.ეს ფულის მახე ხალხი რომ მივიდა ეკლესიაში

რედაქტორის რჩევით