ბონის კუპიურები - როგორ გამოიყურებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფულის ნიშნები? (ფოტოგალერეა)
19-12-2015
ბონის კუპიურები - როგორ გამოიყურებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფულის ნიშნები? (ფოტოგალერეა)
საქართველოს ტერიტორიაზე გამოშვებული პირველი ქაღალდის ფული იყო ამიერკავკასიის კომისარიატის ბონები (დროებითი ფულადი ნიშნები), რომლებიც თბილისში იბეჭდებოდა და 1918 წლის თებერვლიდან - 1919 წლის ივლისამდე მიმოიქცეოდა.

სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების ფინანსური ერთიანობის დროებით შენარჩუნება აუცილებლობამ განაპირობა. კომისარიატის ბონს ერთგვარი გარდამავალი ფულის ფუნქცია უნდა შეესრულებინა ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ვალუტის შემოღებამდე.

ამიერკავკასიის ფინანსური ერთიანობის შენარჩუნებას ერთგვარი სარგებლობა მოჰქონდა, მაგრამ ის აშკარად ზღუდავდა სუვერენული საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას ფინანსურ სფეროში და ამდენად, ხანგრძლივად
ვერ გაგრძელდებოდა. ამის გამო, ქართული ფულის თუნდაც ბონის სახით გამოშვების მომხრეთა რიცხვი თანდათან იზრდებოდა საქართველოს ხელისუფლებაში. ეს განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა დამფუძნებელი კრების არჩევისა და მთავრობის შემადგენლობის შეცვლის შემდეგ.

გამოცდილი ეკონომისტის, კონსტანტინე კანდელაკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის პოსტზე დანიშვნამ დიდი როლი შეასრულა საქართველოს დამოუკიდებელი ფინანსური
სისტემის შექმნის დაჩქარებაში.

1919 წლის 11 ივლისს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტი საქართველოს რესპუბლიკის ბონების გამოცემის შესახებ. იმავე წელს გამოვიდა შემდეგი ნომინალის მქონე ბონის კუპიურები: 50-კაპეიკიანი, აგრეთვე, 1, 3, 5, 10, 50, 100 და 500-მანეთიანები, რასაც 1920 წელს დაემატა 1000-მანეთიანები, ხოლო 1921 წელს - 5000-მანეთიანები. (იხილეთ ფოტოგალერეა)

ამ ნომინალების ზომები (მილიმეტრებში) ასეთი იყო: 50 კაპეიკი - 57X39; 1 მანეთი - 77X53; 3 მანეთი - 89X60; 5 მანეთი - 115X74; 10 მანეთი - 120X77; 50 მანეთი - 134X88; 100 მანეთი - 156X101; 500 მანეთი - 163X102; 1000 მანეთი - 163X102; 5000 მანეთი - 175X105.

ბონებზე აღბეჭდილი გამოსახულებები და სამენოვანი (ქართული, რუსული და ფრანგული) წარწერები მკაფიოა და გარკვევით იკითხება. ბონებზე გვხვდება მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიასა და ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის კონსტანტინე კანდელაკის ფაქსიმილეები ქართულ ენაზე.


საქართველოს ბონების ესკიზების ავტორები იყვნენ მხატვრები: იოსებ შარლემანი, ჰენრიკ ჰრინევსკი და დიმიტრი შევარდნაძე.
ბონები გაფორმებულია საკმაოდ მაღალმხატვრულ დონეზე და გამოირჩევა ეროვნული ხასიათით. ზოგიერთ მათგანზე, კერძოდ, 5, 10, 50 და 100-მანეთიან კუპიურებზე, მხატვრული გაფორმების კუთხით საგრძნობია კომისარიატის იმავე ნომინალის ბონების ზეგავლენა.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს 500-მანეთიანი ბონის კუპიურა. მის ავერსზე აღბეჭდილია შუა საუკუნეების არქიტექტურული სტილით ნაგები პომპეზური თაღი, რომლის ქვეშ მდგარ და ჩუქურთმებით დამშვენებულ საკარცხულში დაბრძანებულა მშვენიერი ახალგაზრდა ქალი. მისგან მარჯვნივ ოვალური ფარის, ხოლო მარცხნივ - საბრძოლო შუბის გამოსახულებებია.

ქალის მსგავსი გამოსახულება იმავე პერიოდში გამოშვებული ქართული საფოსტო მარკების ზოგიერთ სერიაზეც გვხვდება. მკვლევარ პაატა ნაცვლიშვილის დაკვირვებით, "საფიქრებელია, რომ ეს ქალი საქართველოს სიმბოლოდ ჰქონდა წარმოდგენილი მარკების მხატვარს, დაახლოებით ისეთ სიმბოლოდ, როგორიც ცნობილი მარიანაა საფრანგეთის მარკებზე".

უაღრესად საინტერესოა აგრეთვე 5000-მანეთიანი ბონის კუპიურაც. მის ავერსზე აღბეჭდილია ოთხთაღოვან ჩარჩოში ჩახატული საქართველოს მთავრობის სასახლე, რომლის ფლაგშტოკზეც იმდროინდელი სახელმწიფო სამფეროვანი დროშა ფრიალებს.

საქართველოს ბონები დაბეჭდილია ამიერკავკასიის კომისარიატის ბონების მსგავს, არაჭვირნიშნიან ქაღალდზე. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს 500-მანეთიანი კუპიურების ერთი ნაწილი, რომელზედაც ოდნავ ბუნდოვანი და გაურკვეველი ფორმის ჭვირნიშნებია, ასევე 5000-მანეთიანი ბონის ნაწილიც, რომლებზედაც ფრიად საინტერესო ფორმის ჭვირნიშნები გვხვდება. ეს ჭვირნიშანი წარმოადგენს ოთხთაღოვან ჩარჩოში ჩასმულ სამ ქართულ ასოს - ს. დ. რ.-ს (იშიფრება როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა) ერთმანეთში მხატვრულად ჩაგვირისტებულ კომბინაციას. ამ ტიპის ჭვირნიშნებით მოფენილია ბონის მთელი ფართობი. ისინი საქართველოს მთავრობამ საგანგებოდ დაამზადებინა რომში, იტალიის სამეფო ზარაფხანაში.

საგულისხმოა, რომ 1921 წლის თებერვალში, თბილისის დატოვებისას, საქართველოს მთავრობამ თან წაიღო ხსენებული ჭვირნიშნიანი ქაღალდის მთელი მარაგი. სწორედ ამან განაპირობა, რომ იმავე წლის 25 თებერვალს თბილისში შემოჭრილმა და დამკვიდრებულმა საოკუპაციო რეჟიმმა, რომელსაც ოფიციალურად ეწოდებოდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელისუფლება და რომელიც განსაზღვრული დროის განმავლობაში განაგრძობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბონების გამოშვებას, იძულებული იყო, ფულის ნიშნები არაჭვირნიშნიან ქაღალდზე ებეჭდა.

1919 წლის 11 ივლისიდან 1921 წლის 25 თებერვლამდე თბილისში განხორციელდა საქართველოს ბონების ხუთი ემისია. მართალია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბონების კურსი საკმაოდ არასტაბილური იყო, მაგრამ მის დაცემას მაინც არ მიუღია კატასტროფული ხასიათი. საქართველოს მეზობელ თუ მოშორებით მდებარე არაერთ სახელმწიფოში გაცილებით უარესი ვითარება სუფევდა.
ვფიქრობთ, გასაზიარებელია იმდროინდელი ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის, კონსტანტინე კანდელაკის შემდეგი მოსაზრება, რომ "საქართველოს ქაღალდის ფულს, როცა დამოუკიდებელი საქართველო საბჭოთა ჯარების მსხვერპლი გახდა, გამოკეთების მეტი ნიშნები ეტყობოდა, ვიდრე იმ ფულის ნიშნებს, რომლითაც წლების განმავლობაში სარგებლობდა ბევრი სხვა სახელმწიფო".

იხილეთ ფოტოგალერეა


ჟურნალი "ისტორიანი"

(ავტორი: ნიკო ჯავახიშვილი)

თუ გსურთ რეგულარულად გაეცნოთ ისტორიულ მასალებს მოიწონეთ ჟურნალ "ისტორიანის" "ფეისბუკგვერდი"

რედაქტორის რჩევით