რა საიდუმლოს ინახავს ეტრუსკული სამარხი - კვირის პალიტრა

რა საიდუმლოს ინახავს ეტრუსკული სამარხი

ჩიტა დელა პიევეში აღმოჩენილია სამარხი ორი სარკოფაგით. მეცნიერთა ვარაუდით, აქ დამარხული უნდა ყოფილიყო ეტრუსკი პრინცი თავის ნათესავთან ერთად. ნიშანდობლივია, რომ ერთ-ერთ სამარხზე იყო წარწერა "ლარის". ეს ეტრუსკებში მამაკაცის სახელია. სარკოფაგებზე ორი მამაკაცის ქანდაკებაა ე. წ. ნადიმის პოზაში - ეტრუსკები ზოგადად ასე ილხენდნენ...

ნოემბრის მიწურულს იტალიის ქალაქ ჩიტა დელა პიევას (უმბრია) ახლოს აღმოაჩინეს 2400 წლის წინანდელი ხელუხლებელი ეტრუსკული სამარხი, რომელმაც შეიძლება დაახლოებით 2000 წლის წინ გამქრალ "შეუცნობელ ეტრუსკებს" მცირეოდენი ნათელი მოჰფინოს.

ეტრუსკული სამარხის აღმოჩენის სათავე მეწყერი გახდა, წყალმა სამარხის ქვის კარი გადარეცხა. ერთ დღეს კი ფერმერი მიწის დამუშავებისას წააწყდა ქვას, რომელიც ეუცნაურა და ეს ამბავი არქეოლოგებს შეატყობინა... არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ხელუხლებელი სამარხი, რომელმაც, შესაძლოა, კაცობრიობას ეტრუსკების შესახებ ბევრი რამ უამბოს. ამის თაობაზე საუბარი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, მარიკა მშვილდაძეს ვთხოვეთ.

- ეტრუსკების ისტორია იმგვარი საიდუმლოებით არის მოცული, რომ ფარდის ახდა ეტრუსკული ანბანის გაუშიფრავად ძნელია. ამ უდიდესი კულტურის ხალხმა ღრმა კვალი დაატყო არა მხოლოდ რომაელებს, არამედ მთელ ევროპას. რომის იმპერიად გადაქცევის შემდეგ ხდება ეტრუსკების რომაელებთან ასიმილაცია, რაც მათ მიერ რომის მოქალაქეობის მიღებით დამთავრდა ახ. წ. 89 წელს, რასაც მოჰყვა ეტრუსკულის მკვდარ ენად გადაქცევა.

რომმა ბევრი რამ აიღო ეტრუსკებისგან - დამწერლობა (ლათინური ანბანი სათავეს ძველ ბერძნულიდან და ეტრუსკულიდან იღებს) გლადიატორების ბრძოლა, სპორტული თამაშობანი, თეატრალური სანახაობები, მკითხაობის ხელოვნება, სენატორების ტოგა, ომის შემდეგ მდიდრული ტრიუმფის გადახდა, კანონები...

დღეს დაახლოებით 50 ეტრუსკული სიტყვაა გაშიფრული. მათ შორის არის ის სიტყვები, რომელიც ევროპულ ენებში გაიფანტა - გლადიატორი, ტრიუმფი, არენა... მდიდრულად ჩაცმაც კი რომაელებმა ეტრუსკებისგან ისწავლეს. ეტრუსკულ ფერწერაში არის ფრაგმენტები, სადაც ჩანს, რომ მონასაც კი, რომელიც პატრონს აცმევს, კარგად აცვია.

ჩიტა დელა პიევეს სამარხი შორს მდებარეობს ცნობილი ეტრუსკული ნეკროპოლებიდან. ალბათ, ამან გადაარჩინა გაძარცვას. აღმოჩენილია სამარხი ორი სარკოფაგით. მეცნიერთა ვარაუდით, აქ დამარხული უნდა ყოფილიყო ეტრუსკი პრინცი თავის ნათესავთან ერთად. ერთ-ერთ სამარხზე იყო წარწერა "ლარის". ეს ეტრუსკებში მამაკაცის სახელია. სარკოფაგებზე ორი მამაკაცის ქანდაკებაა ე. წ. ნადიმის პოზაში - ეტრუსკები ზოგადად ასე ილხენდნენ... ვნახოთ, რას მოუტანს სამარხის შესწავლა ამ საიდუმლოებით მოცული ხალხის ისტორიას.

ეტრუსკები

ეტრუსკები ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში ცხოვრობდნენ. ამ ნიჭიერმა ხალხმა შეითვისა ელინთა დიდი ცივილიზაცია, მათი დამწერლობაც ძველი ბერძნულიდან იღებს სათავეს. შექმნეს თვითმყოფადი კულტურა, რომელიც კაცობრიობას დღესაც აკვირვებს. დიდი გავლენა მოახდინეს მეზობელ ხალხებზე, მათ შორის რომაელებსა და ფრანგებზე. ფრანგებს ეტრუსკებმა ასწავლეს ღვინის დაყენება, რომაელებს - გზების დაგება-მშენებლობა, დანარჩენ ევროპას - წერის ხელოვნება. ეტრუსკული კულტურა აყვავდა ძვ.წ. 900-500 წლებში. შემდეგ ისინი ნელ-ნელა შთანთქეს რომაელებმა...