"დიღმის კარი", ეფემია ორბელიანის მზითვი და ციციშვილების სამფლობელო - თბილისის შემოგარენის ისტორია
20-12-2015
"დიღმის კარი", ეფემია ორბელიანის მზითვი და ციციშვილების სამფლობელო - თბილისის შემოგარენის ისტორია
გთავაზობთ თბილისის შემოგარენში მდებარე ისტორიული სოფლების საინტერესო ისტორიებს:

დიღომი
ქართულ წერილობით წყაროებში დიღმის პირველ მოხსენიებას მეფე ფრნავაზის ცხოვრების ამსახველ წყაროებში ვხვდებით, რომელიც XI საუკუნის ისტორიკოსს ლეონტი მროველს მიეწერება და "ქართლის ცხოვრების" კრებულშია შეტანილი. ერთ დღეს ფარნავაზი მცხეთიდან გავიდა სანადიროდ. ლეონტი მროველის გადმოცემით, ფარნავაზი დიღმის ველზე ირმებს დაედევნა, ირმებმა კი თბილისის "ხევ-ხუვებს" მიაშურეს, - ვკითხულობთ ავთანდილ სონღულაშვილის წიგნში "სოფელი დიღომი, საუკუნეთა კვლადაკვალ".
წავკისში რამდენიმე ეკლესიაა, რომლებიც, ძირითადად, გვიან შუასაუკუნეებშია აშენებული

დიღომზე
საგულისხმო ცნობა შემოგვინახა "მატიანე ქართლისამ". ამირა ჯაფარის გარდაცვალების შემდეგ, 1046 წელს, ტფილელმა ბერებმა ბაგრატ IV თბილისში მოიწვიეს. დასავლეთ საქართველოდან მომავალ მეფეს დიღმის ველზე მიეგებნენ ქალაქის ბერები, დარბაისელნი და ცხენზე ამხედრებული შეიარაღებული ქართველობა. თბილისში მისასვლელი ერთ-ერთი უმთავრესი გზა დიღმის მხრიდან იყო; უეჭველია, მაშინაც არსებობდა გვიან საუკუნეებში
კარგად ცნობილი "დიღმის კარი" კალას უბნისა, რომლისკენაც იქნებოდა მიმართული თვით ქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი არტერია. მოგვიანებით თბილისის ერთ-ერთი კარი იყო ე.წ. "დიღმის კარი", რომელიც ცნობილია აგრეთვე "შუა კარის" სახელით. იგი მართლაც შუა კარი იყო, რადგან მდებარეობდა "დაბლა კარსა" და "მაღლა კარს" შორის. იგი ქალაქის გალავანს დღევანდელი პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩების შესაყარზე ჰქონდა დატანებული. სულ რამდენიმე წლის წინ, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, მიწის საფარისგან გათავისუფლდა 110 მეტრის სიგრძის გალავანი, რომელსაც ისტორიკოსები XI-XIII საუკუნეებს მიაკუთვნებენ. არქეოლოგთა განმარტებით, სწორედ გალავნის ამ ნაწილში მდებარეობდა "დიღმის კარი", რომელიც კალას გარეთუბანთან აკავშირებდა და საიდანაც გზა მცხეთისკენ მიდიოდა.


წავკისი
წავკისთან დაკავშირებით მოსახლეობაში რამდენიმე ლეგენდაა შემორჩენილი, საიდანაც ვგებულობთ, რომ სოფელი წავკისი ადრე უფრო ქვევით, ოქროყანასთან მდებარეობდა. იქ დღემდე არის ნანგრევებად შემორჩენილი ნასახლარები. ჩანს, მტრის შემოსევების გამო სოფელის მოსახლეობა უფრო ზემოთ გადასახლდა. თბილისი მტრისგან რომ ირბეოდა, მასთან ერთად მისი შემოგარენიც ნადგურდებოდა.
წავკისში რამდენიმე ეკლესიაა, რომლებიც, ძირითადად, გვიან შუასაუკუნეებშია აშენებული

სოფელი წავკისი ისტორიულ წყაროებში პირველად 1398 წელს მოიხსენიება, კერძოდ, სვეტიცხო­ვლისადმი შეწირულობის სიგელში, რომლითაც სვეტიცხოველს შეწირულობა "მახრაღაჯითა და ხეკორძითურთ" განუახლეს. სავარაუდოა, რომ წავკისზე მფლობელობა სვეტიცხო­ველ­მა 1578 წელს ქართლში ოსმალების გაბატონების გამო დაკარგა.

მოგვიანებით, 1595 წელს, სვიმონ მეფემ (1556-1600 წ.წ.) წავკისი მეტეხის ტაძარს შესწირა, მაგრამ 1677 წლის 7 მაისს ლევან და გიორგი ბატონიშვილებმა (ვახტანგ V-ს შვილები) იგი სვეტიცხოველს ხელახლა შესწირეს. ბერი ეგნატაშვილის ცნობით, წავკისელი იყო როსტომ ხანის დედა.

საისტორიო საბუთების თანახმად, წავკისი საციციანოში შედიოდა: 1721 წლის აღწერით ირკვევა, რომ ამ დროს წავკისის მებატონეები არიან ვახტანგ V-ის (შაჰნავაზი) "დარბაისელი" უთრუთ ციციშვილი, პაპუნა ციციშვილი (სარდლიშვილი) და ზაზა ციციშვილი (სარდლიშვილი), ხოლო 1781 წლის ტფილისის მიდამოების სოფლების მოსახლეობის აღწერის დავთრიდან ჩანს, რომ წავკისის მებატო­ნეები გივი და თეიმურაზ ციციშვილები არიან. წავკისი ქვემო ციციშვილების მამული იყო, რის გამოც, ხშირად, მოსახლეობის მიგ­რა­ცია წავკისში ქვემო ციციშვილების სხვა სოფლებიდან - ნიჩბისი, ყინ­წვისი, ქვენაფლავი და ა.შ. ხდებოდა.

XVIII საუკუნიდან ციციშვილების საგვარეულოს დასუსტების შედეგად, მათი მამულების ნაწილი თბილისის მელიქ-მამასახლისების, ბებუთაშვილების ხელში გადავიდა

წავკისში რამდენიმე ეკლესიაა, რომლებიც, ძირითადად, გვიან შუასაუკუნეებშია აშენებული.

შინდისი

შინდისი დედაქალაქს კოჯორის გზატკეცილით უკავშირდება. ისტორიულ წყაროებში ეს სოფელი XIV საუკუნიდან მოიხსენიება. გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც დღესდღეობით სოფელია გაშენებული, გაუვალი ტყე ყოფილა. ტყეში შინდის ხე ჭარბობდა. ომიანობის დროს ტყე გაუკაფავთ და მოგვიანებით აქ დაარსებულ სოფელს შინდისი დარქმევია.

შინდისის სანახებში სხვადასხვა დროს შემთხვევით მოკვლეული იქნა (მე-10 საუკუნის) არაბული, რუსულიდან დედოფლისეული (მე-13 საუკუნის) პოლონეთის მეფის სიგიზმუნდ I-ის დროინდელი (XVII საუკუნის 30-იანი წლები), ერეკლე II დროინდელი (XVIII საუკუნის დასაწყისი)ოქროსი და ვერცხლის მონეტები.

შინდისი საორბელიანოს განეკუთვნებოდა. გრიგოლ ორბელიანის დის, ეფემიას გათხოვების შემდეგ, რომელმაც ბედი მელიტონ ბარათაშვილს დაუკავშირა ეს ტერიტორია ბარათაშვილებს გადაეცათ, როგორც ეფემიას მზითვი.

ვინაიდან სახლი ბარათაანთ საგვარეულოს საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა, აქ ხშირი სტუმრები ყოფილან ისეთი გამოჩენილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ: ეგნატე იოსელიანი, სოლომონ დოდაშვილი, გრიგოლ და მანანა ორბელიანების და ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახები.

თეა ცაგურიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

რედაქტორის რჩევით