სტალინის ხელმოწერა - 1000 ქართველის დახვრეტაზე გაცემული ნებართვა - კვირის პალიტრა

სტალინის ხელმოწერა - 1000 ქართველის დახვრეტაზე გაცემული ნებართვა

ბოლო დღეების განმავლობაში, ქართულ ინტერნეტსივრცეში აქტიურად ვრცელდება 1938 წლის 2 აპრილით დათარიღებული ე.წ. დაშიფრული წერილი, რომელიც სტალინის სახელზეა დაწერილი, ხოლო მისი ავტორი ლავრენტი ბერიაა.

როგორც ირკვევა პირველად ეს საარქივო დოკუმენტი "ფეისბუკში" ჯერ კიდევ 2012 წელს ლევან ავალიშვილმა გამოაქვეყნა (იხილეთ).

მისი თქმით, დოკუმენტი რუსეთის სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის სახელმწიფო არქივში ინახება (ფონდი 17, აღწერა 166, საქმე 588, გვერდი 36). ინფორმაცია კი საერთაშორისო ორგანიზაცია "მემორიალმა" მიაწოდა.

წერილზე მითითებულია, რომ ეს მკაცრად გასაიდუმლოებული დოკუმენტია, რომლის შინაარსი შემდეგია:

"საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა (НКВД )დააპატიმრა "მენშევიკების" არალეგალური სოცფედერალური, ნაცდემოკრატიული ორგანიზაციების წევრები, გადასახლებიდან დაბრუნებული პირები, სულ 2000-მდე ადამიანი.

გთხოვთ ნება მისცეთ სპეციალურ "ტროიკას" განიხილოს პირველი კატეგორიის 1000 და მეორე კატეგორიის 500 კაცის საგამოძიებო საქმეები".

ცნობილია, რომ პირველ კატეგორიაში დასახვრეტი ადამიანები იგულისხმებიან, მეორეში კი - გადასასახლებელი.

დოკუმენტს ახლავს სტალინის თანხმობა და მისი ფაქსიმილე, რაც, ფაქტობრივად, 1000 ქართველის დახვრეტაზე გაცემული ნებართვა.

სტალინის ხელმოწერა

შეგახსენებთ, მკვლევართა სპეციალური ჯგუფი ორ წელზე მეტ ხანს იკვლევდა და აანალიზებდა ინფორმაციას 1937-38 წლების "დიდი ტერორის" მსხვერპლთა შესახებ.

პროექტი 2011-2013 წლებში განახორციელა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო საზოგადოება "მემორიალთან" თანამშრომლობითა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროსა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

ეს წარმოადგენს საქართველოში პირველ ელექტრონულ მონაცემთა ბაზას საძიებო სისტემით, რომელიც 3 600-ზე მეტი ადამიანის მოკლე ბიოგრაფიულ მონაცემს შეიცავს. დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია თავიანთი წინაპრების შესახებ, რომლებიც 1937-38 წლების რეპრესიებს ემსხვერპლნენ.

ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე.

იხილეთ ასევე: "არ ვიცოდთ, რითი უნდა გვეშველა მომაკვდავი მამისთვის" - სტალინის სიკვდილის საიდუმლოება