ბურებთან - კვირის პალიტრა

ბურებთან

ნიკო ბური (ბაგრატიონი)

მოგონება

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #50-51, 2009; #1-9 2010)

...თავისი მიწის დასაცავად თავგანწირულად მებრძოლი ბურები გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდნენ. ინგლისელები ცდილობდნენ ხელთ ეგდოთ ეს უმდიდრესი ქვეყანა, რისთვისაც მზად იყვნენ სასაფლაოდ გადაექციათ მთელი ტრანსვაალი. ომი კი გულის გამაწვრილებლად ჭიანურდებოდა. ვეღარ აუდიოდნენ ბურთა მობილური რაზმების მოულოდნელ თავდასხმებს და პარტიზანთა თარეშს.

ამიტომაც განუწყვეტლივ მოთხოვდნენ თავისი ხელმძღვანელებისგან ახალ-ახალი არმიების გამოგზავნას სამხრეთ აფრიკაში. ინგლისელებს უცხო გარემოსა და უჩვეულო ბუნებრივ პირობებში უხდებოდათ ბრძოლა. გარდა ამისა, მათი ჯარები დაქირავებულნი იყვნენ, ბურებს კი ამ მხრივ დიდი უპირატესობა გააჩნდათ - ისინი თავისი ქვეყნის დასაცავად იბრძოდნენ

KvirisPalitra.Geინგლისელებს არც სხვა ფრონტზე ჰქონდათ სახარბიელოდ საქმე. ამ გარემოებამ, აგრეთვე ედუარდ VII-ს სურვილმა, რომ მისი გვირგვინის კურთხევის დღისათვის ბურებთან ომი დამთავრებულიყო, ინგლისის მთავრობა აიძულა საზავო წინადადებით მიემართა ტრანსვაალის და ორანჟის რესპუბლიკებისათვის. ორივე რესპუბლიკა მყისვე დათანხმდა. დაიწყო მოლაპარაკება.

ბურებმა წარადგინეს სამი პირობა:

1) ორივე რესპუბლიკისათვის დამოუკიდებლობის შენარჩუნება;

2) ომისაგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება ბურებისათვის, და

3) ამნისტიის გამოცხადება, რომლის ძალითაც არ უნდა დასჯილიყვნენ კაპსკის კოლონიის მცხოვრებნი აფრიკელები ინგლისის წინააღმდეგ აჯანყების გამო.

ინგლისის მთავრობა არც ერთ ამ პირობას არ დაეთანხმა.

ვინაიდან ევროპიდან დახმარებაზე ფიქრიც ზედმეტი იყო, თანაც ინგლისელებმა აფრიკაში ნახევარ მილიონამდე ჯარს მოუყარეს უკვე თავი, ბურებმა არჩიეს, დათმობაზე წასულიყვნენ, ისინი დათანხმდნენ, უარი ეთქვათ დამოუკიდებლობაზე, თუ მათ ექნებოდათ ფართოუფლებებიანი ავტონომია. ამრიგად ჩაისახა ტრანსვაალის, ორანჟის, ნატალის და კაპსკის კოლონიის სამხრეთ აფრიკის შეერთებული შტატების იდეა. ამ შტატებს უნდა ჰქონოდა თავისი კონსტიტუცია და პარლამენტი, ინგლისის უმაღლესი მფარველობის ქვეშ.

სამაგიეროდ, ბურებისათვის ზარალის ასანაზღაურებლად ინგლისმა იკისრა 10 მილიონი სტერლინგის გაღება, აგრეთვე კაპსკის კოლონიისათვის ამნისტიით დანაშაულის პატიება.

მაგრამ ვინაიდან მოლაპარაკება გაჭიანურდა და მოლაპარაკების დროს დროებითი ზავი არ ყოფილა დადებული, ომი კვლავ გრძელდებოდა. ინგლისელები განსაკუთრებით დევნიდნენ დელარეის, მაგრამ მარწუხებში დელარეის მოქცევა არც ისე ადვილი იყო.

მან ერთ დღეს ბრწყინვალედ დააღწია თავი გარემოცვის საშიშროებას. იმავე დღეს, საღამოს, დელარეიმ დაამარცხა მტრის საკმაოდ ძლიერი მეორე რაზმი.

აღმოსავლეთ ტრანსვაალიდან ნატალისაკენ სწრაფად მოეშურებოდა ლუი ბოტა.

ამავე დროს კიტჩენერი ცდილობდა ედუარდის გვირგვინის კურთხევის დღისათვის ბურებთან ომი გამარჯვებით უთუოდ დაემთავრებია. ამისათვის მან აამოქმედა მთელი ჯარი და ყოველგვარი სახის იარაღი. იმავე დროს მან ბურების წინააღმდეგ მიმართა ისეთ ველურობას, რაც ატილასაც არ ჩაუდენია. კიტჩენერმა ბოლო ხანებში, ბურებზე შეტევისას წესად შემოიღო ქალებისა და ბავშვების წინ გამძღვარება. როცა ასეთი საფარით ბურებს მტერი მიუახლოვდებოდა, ისინი იძულებული იყვნენ, პოზიცია დაეთმოთ, მაგრამ ახლა სხვა პოზიციაზე მაგრდებოდნენ, ან მტერს თავს დაუვლიდნენ და სამაგიეროს ერთი-ორად აზღვევინებდნენ. ამას ბურები უფრო თარეშით ახერხებდნენ და ამიტომაც ამ ხერხს ხშირად მიმართავდნენ.

ინგლისელებმა მთელი ფრონტი ბლოკჰაუსებით დასერეს, მაგრამ მათ შორის დე ვეტა და დელარეი მაინც უვნებლად დაქროდნენ. ისინი ხან აქ, ხან იქ ზედიზედ ანგრევდნენ რკინიგზებს, რაც ინგლისელებს მეტად უძნელებდა ომის წარმატებით წარმოებას.

კიტჩენერი დარწმუნდა, რომ ბურების ცალ-ცალკე რაზმების დევნა და მათი გარემოცვაში მოქცევის სურვილი ამაო იყო, ამიტომ გადაწყვიტა, დაეწყო გაშლილი ფრონტით ღია თანმიმდვრული შეტევა. კიტჩენერმა დაიწყო მზადება. ვემზადებოდით ჩვენც, რადგან უკვე ვიცოდით მისი განზრახვა.

...

ჟუბერის სიკვდილის შემდეგ მთავარსარდლად დაინიშნა გენერალი ლუი ბოტა.

თავისი გმირული ბრძოლებით ბურებმა დიდად დააზარალეს ინგლისელები, რომლებმაც უკანასკნელად ამ პატარა ხალხის წინააღმდეგ გამოიყვანეს დიდძალი საუკეთესოდ შეიარაღებული ჯარი.

მარტო 20000 კაცი გამოყოფილი იყო დე ვეტას შესაპყრობად, დე ვეტამ კი, თავის მხრით, ერთხელ ლამის ტყვედ ჩაიგდო თვითონ კიტჩენერი.

კიტჩენერმა დაიწყო შეტევა ყველა ფრონტზე. პირველ რიგში მან 40000-იანი არმია დაძრა კრონიეს წინააღმდეგ და აიძულა იგი, უკან დაეხია. კრონიე უკან იხევდა ბრძოლით. ბოლოს იგი გამაგრდა ქალაქ ბოსგოფის კედლებთან. აქ ცხრა დღეს გაგრძელდა სასტიკი ბრძოლა. ამ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა ჩვენი პოლკის ნახევარზე მეტი.

ამავე ბრძოლაში დაეცა ჩვენი პოლკის შესანიშნავი სარდალი ვილბუა დე მორელი.

ვილბუა ყუმბარის ნატეხით მძიმედ დაიჭრა თავში. იგი იწვა ჩემს მკლავზე და ვაჟკაცურ სულს თანდათან ლევდა. ირგვლივ კი კვლავ გააფთრებული ბრძოლა წარმოებდა, ზარბაზნების ქუხილი აზანზარებდა ცასა და მიწას. ვილბუა კვდებოდა და წუხდა, რომ აღარ შეეძლო თავისი პოლკის უკანასკნელ ჯარისკაცამდე ებრძოლა.

მას ერთი წუთითაც არ დაუკარგავს გონება. როცა მთლად შეუწყდა მაჯისცემა, უკანასკნელად ამოილუღლუღა - "საფრანგეთი" და სამუდამოდ დახუჭა ერთ დროს მგზნებარე და სიცოცხლით სავსე თვალები.

ყველა მეტად დაამწუხრა მისმა სიკვდილმა. მე კი ვილბუას სიკვდილს განვიცდიდი როგორც ღვიძლი მამის დაკარგვას. დიახ, ის იყო ჩემთვის არა მარტო მამა, არამედ ძმა, მეგობარი, რაღაც კიდევ უფრო მეტი. ამ შესანიშნავ მებრძოლთან და ადამიანთან მე გვერდიგვერდ გავატარე თითქმის ორი წელიწადი, მერედა როგორი ორი წელიწადი! ერთი დღეც არ გვქონია ისეთი, რომ ქარცეცხლში არ ვყოფილიყავით.

არანაკლებ შეაძრწუნა მისმა სიკვდილმა კრონიეც. ვილბუა იყო კრონიეს ნამდვილი მარჯვენა ხელი ბრძოლაში და საუკეთესო მრჩეველი ბრძოლის დაწყების წინ. და ახლა, როცა არათუ კრონიეს, არამედ მთელი რესპუბლიკის ბედი ბეწვზე ეკიდა, ვილბუა მას გვერდით აღარ ჰყავდა.

სასტიკი ბრძოლა გრძელდებოდა.

დე ვეტა და ბოტა ამაოდ ცდილობდნენ კრონიეს გამოხსნას. ინგლისელების ურიცხვ ჯარს იგი მომწყვდეული ჰყავდა ორმაგ რკალში. ბურები იხოცებოდნენ ვაჟკაცურად. მთელი არემარე აივსო გვამებით. მათ დასამარხად არავის ეცალა. მცხუნვარე მზისაგან გახრწნილი ნეშტები წამლავდა ჰაერს და სუნთქვა ჭირდა.

იფეთქა ეპიდემიამ.

ამავე დროს გამოგველია არა მარტო ტყვია-წამალი, არამედ სურსათ-სანოვაგეც. ჩვენივე ხელით ვკლავდით ჩვენს ერთგულ ცხენებს და მათ ხორცს ვწვავდით მოვარვარე მზეზე. მე ძალისძალად ვყლაპავდი ნახევრად უმსა და სავსებით უმარილო ხორცის ნაჭრებს. ზოგჯერ ამიტყდებოდა საშინელი პირისღებინება და დედის რძეც აღარ შემრჩებოდა.

შიმშილზე უფრო გვტანჯავდა წყურვილი.

მდინარეს მოწყვეტილი ვიყავით. წყალსადენის მილები კი სადაც იყო, ინგლისელებმა გადაგვიჭრეს, თანაც სწორედ ამ დროს ტროპიკული სიცხე მძვინვარებდა და რაც გარემოცვაში მოვყევით, ერთხელაც არ მოსულა წვიმა.

ჩვენს მდგომარეობაზე უფრო საშინელი იყო ჩვენთან ერთად გარემოცვაში მოყოლილ ლტოლვილი ბავშვებისა და ქალების მდგომარეობა. ჩონჩხად ქცეული ბავშვები ჭერეხივით ეყარნენ ყველგან, ხოლო მომაკვდავი ჩვილი ბავშვები შეშლილებივით ეჭირათ გამხდარ ხელებში ძუძუგამშრალ დედებს. დასუსტებული ბავშვები კატის კნუტებივით კნაოდნენ.

მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ნამდვილ ჯოჯოხეთში ვიყავი.

კრონიემ ვეღარ გაუძლო ამდენი ხალხის წამებას. იგი იძულებული გახდა, მტერს დანებებოდა.

დავყარეთ იარაღი.

კიტჩენერის ჯარმა დაიკავა ჩვენი პოზიციები. ტყვედ ჩავარდნილები ჯგუფ-ჯგუფად გაგვიყვანეს ბრძოლის ველიდან.

ინგლისელებმა განაგრძეს შეტევა.

ბურებმა კი ყველა ფრონტზე დაიწყეს უკან დახევა.

მაშ ასე, მე უკვე ტყვე ვარ. ტყვეების ერთი ნაწილი გაგზავნეს წმ. ელენეს კუნძულზე. ნაწილს, ყოველგვარი სამსჯავროს გარეშე, რაღაც მოსაზრების გამო, დახვრეტა მიუსაჯეს. მათ შორის ვიყავი მეც.

ყველაზე უფრო ის მაწუხებდა, რომ ორი წლის განმავლობაში სამართლიანობისათვის ბრძოლისა და გმირი ხალხის რესპუბლიკის დაცვისათვის, ათასგვარი ტანჯვაგამოვლილი მტერს უნდა დავეხვრიტე, როგორც ავაზაკი.

მხოლოდ ეს მიშფოთებდა სულს.

მერმე თანდათან აპათიამ შემიპყრო. ახლა ჩემთვის სულერთი იყო ერთი საათის თუ ერთი დღის შემდეგ დამხვრეტდნენ.

უკვე აღარაფერს ვაქცევდი ყურადღებას.

დაღამდა. ურიცხვი ვარსკვლავი კვლავ აკიაფდა სუფთა ცაზე. თოფ-ზარბაზნების საშინელი ჭექა-გვრგვინვის ნაცვლად, ახლა ირგვლივ გულისგამაწყალებელი სიჩუმე იდგა.

ვეგდე მიწაზე და უხალისოდ შევცქეროდი მოციმციმე ვარსკვლავებს.

გამახსენდა საქართველო, ჩემი სახლ-კარი მუხრანში, მოხუცი დედა... ნათესავები... მეგობრები...

ერთხელ ვალბუამ მითხრა, რომ ფრანგულ, ხშირად ამერიკულ გაზეთებშიაც შენზე ბევრს წერენო, ალბათ, ახლა ჩემი დახვრეტის ამბავსაც გამოაქვეყნებენ. თუ ეს ამბავი რუსულმა გაზეთებმაც გადაბეჭდეს და მათი მეოხებით დედაჩემმა გაიგო ჩემი ცხოვრების ასეთი სავალალო ბოლო, ეს იქნება პირდაპირ საშინელება მოხუცისათვის!

დედის მოგონებამ რაღაცნაირად გული შემიქანა. გულის ჯიბიდან ამოვიღე მშობლის სურათი, რომელსაც მუდამ თან ვატარებდი და მთვარის შუქზე დავცქეროდი, მისი სახით კვლავ თვალწინ წარმომიდგა შორს დარჩენილი ჩემი საყვარელი სამშობლო.

მთელი ღამე რული არ მომკარებია. როგორც კი ირიჟრაჟა, ყველანი ფეხზე წამოგვყარეს. 100 კაცი ვიქნებოდით. გაგვიყვანეს და ქალაქის კედლებთან გაგვამწკრივეს. თითოეულ ჩვენგანს პირდაპირ თოფმომარჯვებული თითო ინგლისელი დაგვიყენეს.

მე მაბრაზებდა ინგლისელთა ოფიცრების ნელი, გულგრილი მოქმედება, ისინი განსაკუთრებულ პუნქტუალობას იჩენდნენ ჩვენი დახვრეტის წინ. ეს პროცედურა აღმაშფოთებელი იყო იმიტომ უფრო, რომ ისინი დასჯას უპირებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც იცავდნენ თავიანთ რესპუბლიკას და სამართლიანობას.

დასახვრეტად გამზადებულთა შორის იყვნენ ახალგაზრდა და ხანდაზმული ბურებიც, რომლებიც ამაყად თავაწეულნი იდგნენ მოღერებული ლულების წინ.

მე მათ შორის ვიყავი.

ყველასაგან გამოვირჩეოდი ჩემი არაჩვეულებრვი სიმაღლისა და იერის გამო.

ვიდექი უძრავად. ხელში კვლავ დედის სურათი მეჭირა - სიკვდილის წინ მინდოდა კიდევ ერთხელ დამეხედა მისთვის.

ერთმა ოფიცერმა შორიდან თვალი გამიშტერა, მერმე ახლო მოვიდა, ამათვალიერ-ჩამათვალიერა, ბოლოს ხელში სურათი შემნიშნა და გამომართვა.

რაღაც გაკვირვება დაეტყო.

დედაჩემს ქართული ძველებური ყურთმაჯებიანი კაბა ეცვა და ჩიხტი-კოპი ეხურპა.

- ვინ არის ეს ქალი ასე უცნაურად მორთული? - მკითხა მან.

- ჩემი დედაა! - ფრანგულად ვუპასუხე მე.

- დედა? შენ თვითონ ვინ ხარ?

- ქართველი! გვარად ბაგრატიონი!

ამის გაგონებისთანავე ოფიცერმა მყისვე უკან დაიხია, მერმე ბრძანა ჩემი მწკრივიდან გამოყვანა და სადღაც გაიქცა. კი არ წავიდა, გაიქცა.

მეოცე საუკუნის პირველი ომი

ინგლისისა და ბურების ომს მეოცე საუკუნის პირველ ომს უწოდებდნენ. მე-19 ს-ის მიწურულს განვითარებულ ქვეყნებში უამრავი ახალი სახის საბრძოლო იარაღი დაგროვდა, რომელთა გამოცდა ბრძოლის ველზე დიდ ინტერესს იწვევდა მთელ მსოფლიოში და ბევრმა ქვეყანამ, ნორვეგიამაც კი თავისი დამკვირვებლები გაგზავნა სამხრეთ აფრიკაში.

ბურების პატარა რესპუბლიკა მშვენიერ სასწავლო პოლიგონად იქცა და ომის დამთავრების შემდეგ წლების მანძილზე შეისწავლიდნენ სხვადასხვა ქვეყნების შტაბები. პირველად მსოფლიო ომების ისტორიაში ამ ომში გამოიყენეს: 1. უკვამლო დენთი; 2. შრაპნელის ცეცხლი; 3. ტყვიამფრქვევები; 4. ფეთქებადი ტყვიები - "დუმ-დუმი"; 5. ქვეითი ჯარის გაფანტული მწყობრით შეტევა; 6. საველე ტელეგრაფი; 7. ბური ჯარისკაცის ხაკისფერი ტანსაცმელი (ინგლისური არმია წითელ მუნდირებში იყო გამოწყობილი); 8. სანგრებისა და თხრილების ახლებური სისტემა, რომელსაც დღემდე იყენებენ; 9. ეკლიანი მავთული-ხლართები (საკონცენტრაციო ბანაკები) მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ძირითადად, ბავშვებისა და ქალებისათვის; 10. პარტიზანული ომის მომგებიანი ტაქტიკა; 11. სნაიპერები; 12. კარგად გაწვრთნილი ცხენოსანი მობილური რაზმები; 13. ე.წ. "სამხედრო დამნაშავეები".

ბურები თავიანთ მიწა-წყალზე ბევრად უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, ვიდრე მომხდური. მიზანდასახულად იყენებდნენ ტყეებსა და ბუჩქებს, ხევებსა და მაღლობებს. ველზე გაშლილი ინგლისური არმია კი მისთვის საუცხოო სამიზნე იყო. ჩვენში რუსეთიდან შემოსული ცნობილი გამოთქმა - Третий не прекуривает სწორედ ამ ომის შემდეგ გაჩნდა. ამბობდნენ, პაპიროსის მოკიდებისთანავე: 1. ბური მტრის ადგილსამყოფელს აფიქსირებს; 2. მეორე პაპიროსის მოკიდებისას - უმიზნებს; 3. მესამე პაპიროსის მოკიდებისას მოწინააღმდეგეს ძირს სცემსო.

1699 წლის 11 ოქტომბერს დაწყებული ომი 1902 წლის 31 მაისამდე გაგრძელდა. ძვირი დაუჯდა ეს გამარჯვება ბრიტანეთს - 22 000 დაღუპული ჯარისკაცი, აქედან 7000 ბრძოლის ველზე, დანარჩენი სხვადასხვა მიზეზით - პაპანაქება სიცხითა და უწყლობით, სიცივითა და ტროპიკული წვიმებით, მალარიით, მოწამვლით, უცნობი დაავადებებით, ანტისანიტარიით და სხვ. გარდა ამისა, ინგლისმა ამ ომში დაკარგა მრავალი გამოცდილი მაღალი რანგის სამხედრო პირი, დიდძალი პროვიანტი და ამუნიცია, მტრულად განაწყო მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები იმპერიის მიმართ და "საღამოს ჩაით" წოდებული" სამხედრო ავარტიურა თითქმის 2,5 წელიწადი გაუგრძელდა. სანაცვლოდ კი ხელთ იგდო ოქროსა და ალმასების უმდიდრესი საბადოები და  სამხრეთ აფრიკის ვრცელი ტერიტორია...