ფოტოზეც ერთად, ხელიხელგაყრილი დგანან, ისევე, როგორც ერთად გალიეს მთელი ცხოვრება... - კვირის პალიტრა

ფოტოზეც ერთად, ხელიხელგაყრილი დგანან, ისევე, როგორც ერთად გალიეს მთელი ცხოვრება...

"ამხანაგური" მისალმება მსახიობებსაც ევალებოდათ

გადაღებებს თუ არ ჩავთვლით, ეს ერთ-ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ქართული კინოს თანავარსკვლავედი ერთად იკრიბებოდა. ყოველი წლის 1-ელ მაისს, საბჭოთა საქართველო მშრომელთა სოლიდარობის დღეს აღნიშნავდა და ვინაიდან მსახიობიც მშრომელთა კლასის წევრი იყო, პარადზე გამოსვლა და ტრიბუნასთან მდგარი საბჭოთა მთავრობისთვის "ამხანაგური" მისალმება მსახიობებსაც ევალებოდათ.

თენგიზი, ოთარი, რეზო, ლია, ჩიტოლია და ლეილა კოლეგებიც იყვნენ და დიდი ხნის მეგობრობაც აკავშირებდათ, ამიტომ პარადის მწყობრშიც ერთად, ხელკავით მიაბიჯებდნენ. გზადაგზა ხუმრობდნენ, ძველ ამბებს და გადაღებებზე გადამხდარ კურიოზებს იხსენებდნენ. თბილისის მთავარი პროსპექტის ტროტუარებზე ჩამწკრივებულ მოქალაქეებშიც ყველაზე დიდ ემოციას პარადზე მსახიობების გამოჩენა იწვევდა. ისმოდა შეძახილები: - ბაში-აჩუკი მოდის, აბეზარას შეხედეთ, მზისას და მთვარისასო...

"ელბაქიძის დაღმართამდე ავტობუსებით მოვყავდით, იქიდან კი თავქუდმოგლეჯილი მივრბოდით რუსთაველის პროსპექტისკენ, რათა დემონსტრანტთა კოლონის მწყობრში დროულად ჩავმდგარიყავით. როდესაც მივუახლოვდებოდით მთავრობის ტრიბუნას, მოვწესრიგდებოდით, რადგან სირბილისგან ზოგს თმა გვქონდა გაბურძგნილი, ზოგსაც სამოსი მოსაწესრიგებელი. დავმშვიდდებოდით, გავსწორდებოდით და ისე ჩავუვლიდით მთავრობის ტრიბუნას, თითქოს იქამდე სულ დინჯი ნაბიჯით გვევლოს. დიქტორიც გამოაცხადებდა: მოემართებიან ქართველი მსახიობებიო და ჩვენც ხელს ვუქნევდით ტრიბუნასთან მდგარ მთავრობას.

მახსოვს, იმ დროს, როდესაც ეს ფოტოა გადაღებული, ფილმი "ჯარისკაცის მამა" ახალგამოსული იყო ეკრანებზე და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. კახეთში ყველა ჯარისკაცის მამობას იჩემებდა. გადაწყდა, საპირველმაისო პარადისთვის მაკეტი მოემზადებინათ, სადაც ფილმის გადაღების ინსცენირება მოხდებოდა და კინოსტუდიის თანამშრომლები ასე გამოვიდოდნენ მშრომელთაA დემონსტრაციაზე. სატვირთო მანქანის საბარგულზე გადასაღები მოედანი მოაწყვეს, კამერასთან ფილმის რეჟისორი რეზო ჩხეიძე იდგა, იქვე "ჯარისკაცის მამა" - სერგო ზაქარიაძე ფილმიდან ერთ-ერთ სცენას თამაშობდა...

როგორც კი გავეცლებოდით სამთავრობო ტრიბუნას, ისევ ჩქარი ნაბიჯით მივემართებოდით რიყისკენ. ყველაზე საინტერესო პარადის "მეორე განყოფილება" იყო - ქართული სუფრა ჩვენს რომელიმე მეგობართან და ქეიფი დილამდე. 1-ელი მაისი მხოლოდ იმიტომ გვიხაროდა, რომ ყველა ერთად ვიკრიბებოდით. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ქართველი ერის სულიერი აღმავლობის ხანა, მაგრამ, სამწუხაროდ, მას შემდეგაც ბევრი ქარტეხილი გამოვიარეთ...

1941 წლიდან ვმუშაობდი კინოსტუდიაში, ჯერ კიდევ 15 წლის ბიჭი ვიყავი, რომ მივედი. მაშინაც გვიჭირდა მსახიობებს, ზოგჯერ ორი-სამი თვის განმავლობაში არ გვაძლევდნენ ხელფასს, მაგრამ დიდი მეგობრობა და სიყვარული გვატანინებდა გაჭირვებას. ფოტოზე აღბეჭდილთაგანა ბევრი დღეს ცოცხალი აღარ არის. მათ შორის ჩემი ლია, ჩემი ანგელოზი!" - იხსენებს მსახიობი ოთარ კობერიძე.

პარადის შემდეგ ფოტოს გადაღებაც რიტუალი იყო. ფოტოზეც ერთად, ხელიხელგაყრილი დგანან, ისევე, როგორც ერთად გალიეს მთელი ცხოვრება.

ანა გელოვანი