ერთი ფოტოს ისტორია - კვირის პალიტრა

ერთი ფოტოს ისტორია

ამ ქალბატონებს მზე ჩაჰყვათ ვორკუტაში

ვაზისა და მზის ქვეყანაში - საქართველოში გეოგრაფიული დასახელება "ვორკუტა" ტრაგიზმისა და შიშის სიმბოლო იყო. ამ ცივ, თითქოს მზისა და ღვთისაგან დავიწყებულ ადგილას პოლიტიკურად არასაიმედო ხალხისათვის ბანაკები სოკოებივით მრავლდებოდა. ქარბუქსა და მუდმივ თოვლში ვინ იცის, რამდენი ქართველის მზერა ჩამქრალა, რამდენი მარჯვენა გაცივებულა... ვორკუტა - ჯოჯოხეთი, აქ გაჭიმულ თოკებს უნდა მოსჭიდებოდი, ქარს რომ არ წაეღე... სადაც არ იყო არც რადიო, არც გაზეთი... წერილებიც კანტიკუნტად თუ მიაღწევდა, ცხადია, გახსნილი და "დამუშავებული". ვორკუტაში სიკვდილთან შესახვედრად ყოველ წამს მზად უნდა ყოფილიყავი. მზიური და ვაზის მტევნებით დახუნძლული საქართველოს მონატრება ისედაც ყოველ ცისმარე განატრებინებდა სიკვდილს თეთრი ტრამალების შემხედვარეს.

და აი, 1954 წლის ივლისის დასაწყისში საქართველოდან ვორკუტაში ექვსი ქართველი ქალბატონი გაემგზავრა. უკან დარჩა საქართველო, წინ კი საშინელებით, სიცივით და სიბნელით დამზაფრავი ვორკუტა ელოდათ. ისინი ნებით წავიდნენ, რადგან წლების წინ ამ გზაზე იძულებით გაატარეს მათი ახლობლები, შემდეგ კი აქაურობა  სამუდამო საცხოვრებლადაც განუსაზღვრეს (გადაასახლეს სასჯელის მოხდის შემდეგ სამშობლოში დაბრუნების უფლების გარეშე). ქალბატონთა შორის იყო ლოლა ზარდიაშვილი - პოლიტპატიმარ გოგი ჭიაბრიშვილის მეუღლეც. მკითხველისთვის საინტერესო იქნება, რომ გოგი ჭიაბრიშვილი იმ სიმონ ჭიაბრიშვილის ვაჟი გახლდათ, რომელიც 1923 წელს დახვრიტეს კოტე აფხაზთან და სხვა მამულიშვილებთან ერთად.

გოგი ჭიაბრიშვილის უფროსი ძმა - კოლია (ნიკოლოზი) ქაქუცასთან ერთად იყო გასული. 20-იან წლებში დაიწყეს ამ დიდი ოჯახის დევნა, ოჯახისა, რომელიც თავისი სულით, ტრადიციებით იმდენად ძლიერი იყო, რომ იქ სიამოვნებით სტუმრობდნენ ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა... წითლებსაც სწორედ ასეთი ოჯახები უშლიდნენ ხელს მშვიდ ცხოვრებაში...

გაივსო ვორკუტა მამულიშვილებით, ინტელიგენციით, თავისი საქმის დიდი პროფესიონალებით...

გოგი ჭიაბრიშვილს გადასახლებაში კუჭის ოპერაცია დასჭირდა და მასავით პოლიტპატიმარმა - უკრაინელმა ქირურგმა ოვჩარენკომ გაუკეთა. ოპერაციას ესწრებოდა ცნობილი ქართველი ექიმი დავით კვიტაიშვილი - მწერალ ემზარ კვიტაიშვილის მამა, რომელიც ასევე გადასახლებული გახლდათ. სწორედ მას დაუმშვიდებია ქალბატონი ლოლა: - ყველაფერი ისე კარგად გაკეთდა, სანერვიულო არაფერიაო...

გოგი ჭიაბრიშვილის ვაჟი, ნოდარი იხსენებს: - ვორკუტიდან დაბრუნების შემდეგ, დედა გვიამბობდა, რა გახარებული იყვნენ არა მხოლოდ ქართველი ქალების უშუალო მასპინძლები, არამედ ყველა ვორკუტელი ქართველი მათი ჩასვლით. ზოგი მათ დეკაბრისტების ცოლებს ადარებდა, რომლებმაც აღმოსავლეთ ციმბირში გადასახლებულ ქმრებს ჩააკითხეს... ქართველ ქალბატონებსა და რუს დეკაბრისტთა ცოლებს შორის ერთი არსებითი განსხვავება იყო, დეკაბრისტების მეუღლეები შეძლებული ოჯახების პატრონები იყვნენ, ქართველი ქალბატონები კი ძლივს არჩენდნენ შვილებს და, ცხადია, მათ გასამგზავრებლად  მთელმა ნათესაობამ გამოიღო ხელი. ვორკუტიდან დაბრუნებული დედა კმაყოფილი იყო. ამბობდა, ყველა ქართველი სამშობლოში დაბრუნების იმედით ცოცხლობსო. ჩვენი ჩასვლა ვორკუტაში რესტორანში აღნიშნეს. რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა ქართული სიმღერები კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა ხელით აშენებულ ქალაქ-დილეგში, რომელიც 1970 წელს წითელი ვარსკვლავის ორდენით დააჯილდოეს... ასეთი იყო კომუნისტური ცინიზმი.

ფოტოზე არიან პოლიტპატიმრები და მათთან ჩასული ქალბატონები. დგანან (მარცხნიდან): რეზო ტყავაძე, ვალიკო ხუჭუა, დავით გაჩავა, ზურაბ მიქელაძე, ილიკო ბოჭორიშვილი, რომან ბლიაძე, დავით კვიტაიშვილი და გოგი ჭიაბრიშვილი. სხედან: ლილი ბლიაძე (რომან ბლიაძის ქალიშვილი), ლოლა ზარდიაშვილი (გოგი ჭიაბრიშვილის მეუღლე), ოლია მიქელაძე ( ზურაბ მიქელაძის დედა), ნინო ტყავაძე (რეზო ტყავაძის დედა), ნუნუ თევზაძე (სოლომონ თევზაძის და - თვით სოლომონი ფოტოზე არ არის) და იამზე ტყავაძე (რეზო ტყავაძის და).

ამ ქალბატონებს მზე ჩაჰყვათ ვორკუტაში, მათ ჩაჰყვათ ამბავი, რომ საქართველოში ქალები ისევ დგანან, "ვით ფოლადის ფარები", ძველებურად თავგანწირულები და გულადები არიან. მათგან ძალამიცემული პოლიტპატიმრები კი აუცილებლად გაუძლებდნენ გასაჭირს, დაბრუნებამდე სულს გაიტანდნენ... საქართველოს მზე, ზვრები და ქართველი ქალები დააბრუნებდნენ...

ფოტო ინახება ნოდარ ჭიაბრიშვილის ოჯახში.