"ცოდოა, ცოდო საქართველო. მოუარეთ!"
ოთარ ჭილაძე ოთარ ჭილაძეზე

წელს პირველი 20 მარტი მოვა ოთარ ჭილაძის გარეშე - პირველი დაბადების დღე, რომელსაც ზეციურ საქართველოში შეხვდება მისი სული და ქართველებისათვის ცასა და მიწას შორის ხიდად გადებულ მთაწმინდის პანთეონში - მისი სხეული.

- შენ უნდა გენახა ახალგაზრდა ოთარი... აი, მაშინ დაწერდი ყველაზე ზუსტად მასზე, - მითხრა ძველმა პალიტრელმა და შუბლი შეიჭმუხნა.

იქნებ ის დღეები ამოუტივტივდა მეხსიერებაში, როცა მისი ლექსის თაყვანისმცემელ სხვა გოგონებთან ერთად კვალდაკვალ მიჰყვებოდა ოთარ ჭილაძის
გზას, იჭერდნენ მის გამჭოლ მზერას... ძალუმად იგრძნობოდა პოეტის გარეგნობაში ყოველი ძარღვი - დაჭიმული და მომართული. საფეთქელთან კი ისე უფეთქავდა შორეული ფიქრი, როგორც მაჯაზე - გულისცემა.

სხვანაირი ოთარ ჭილაძე არც მე მინახავს, თუმცა მისი ახალგაზრდობის წლებში სულ არ ვიყავი მოვლენილი ამ ქვეყანას. როცა
ვნახე და როგორიც ვნახე - ეს იყო ძლიერი,  გაუტეხელი, სულით ლაღი; დროის ვარამით, სამშობლოს შავი დღის განცდით საწვიმრად მოქუფრულ ღრუბელს დამსგავსებული. და მართალია, უკვე ჭაღარას, ხორცისაგან თითქოს გათავისუფლებულს და სულში ჩაბრუნებულს ერთი შეხედვით არ დაუკავშირებდი რუსთაველზე მიმავალ ჭაბუკს, თაყვანისმცემელი გოგონების თვალებში სხივად არეკლილს, მაგრამ ის გამჭოლი მზერაც ამოვიკითხე, ის საფეთქელთან მფეთქავი ფიქრიცა და ის ლაღად გაშლილი მხრებიც...

"მთას შევრჩი, როგორც ღრუბელი,
ღამემ მიშვილა ბებერმა.
ქარი ქრის, ქარი უბერავს,
ცახცახებს ცეცხლის პეპელა",
- სულ ახალგაზრდა წერდა. ბოლომდე აფარფატებდა ფრთებს ის ცეცხლის პეპელა... ერთი წუთით არ განელებულა. არც უღირსი მიუშვია ახლოს, არც ღირსეული დაუწვავს ოდესმე.

ის დღე ახსოვდა თუ არა, ეს ფოტო რომ გადაიღეს, არ ვიცი. შეიძლება ჩვეულებრივი დღე იყო, ჯერ გაისეირნეს, მერე ჩამოსხდნენ და ნელ-ნელა, აუჩქარებლად გააგრძელეს საუბარი იმაზე, რაზეც ჩვეულებრივ საუბრობდნენ ხოლმე. მეგობრებთან სულ სხვა იყო სიტყვის თქმაცა და მოსმენაც.

მუხრანი დაჟინებით უყურებს რაღაცას, არც ერევა და თან ვერც განზე დგება.

თამაზი ობიექტივს არ აშორებს მზერას, თან ყოველ წუთს მზად არის ნებისმიერი მოქნეული სატევარი შეიგებოს და ოთარს აარიდოს... არა მარტო ოთარს, სხვასაც, ვინც მოსაფრთხილებლად მიაჩნია, მაგრამ ოთარს განსაკუთრებით, იმიტომ რომ, უფრო მეტად იცნობს და მეტადაც გრძნობს პასუხისმგებლობას.

ვოვა სიხარულიძე თითქოს აკვირდება, კიდევ რამდენს გასწვდება უკეთურება ძლიერი მტრისა და კიდევ რამდენს მოითმენს მოყვასი.

ოთარი ზის და არც ზის ძმასთან და მეგობრებთან - უსასრულობას გაჰყურებს აზიურად აჭრილი თვალებით. მარჯვენაზე მოზრდილი თეთრი საათი უკეთია, რომელიც წიკწიკს განაგრძობს... საათმა რა იცის, რომ ეს წუთი, მასთან მონოტონურად რომ ჩაიწიკწიკა, ეს-ესაა, შეჩერდა. ფოტოაპარატმა გაიჩხაკუნა.

რომ არა ძელსკამი პარკში, რომელზეც სხედან, ვიფიქრებდი, რომ სანგარში გადაიღეს ეს ფოტო, ვიფიქრებდი, რომ წინ, ჰორიზონტზე უკვე მოჩანს ტანკების რიგი, რომელიც ამ დღიდან კიდევ ათეული წლების მერე (მერამდენედ!) მართლა შემოვა საქართველოში, ვიფიქრებდი, რომ მათი იარაღი - სროლით დაღლილი და გავარვარებული, ტყვიადალეული ყრია მიწაზე და მეომრებს მარტო თვალები დარჩენიათ მტრის განსაგმირად - თვალები და ის ფიქრები, რომლებიც საფეთქლებთან დაბერილ ძარღვებს სისხლით უვსებენ, ისე როგორც ჩვენს ძარღვებს ავსებს სისხლით:

"ჩვენ კი ჩვენივე ქვეყნის და ერის
სიპატარავით ვართ აღგზნებულნი,
კბილით გვიჭირავს ფუძე და ჭერი
და დაფეთებულ ვარსკვლავთ
კრებული".


საქართველოს ყოველთვის ჰყავდა შვილები, კბილით რომ ეჭირათ ფუძე და ჭერი! ოთარ ჭილაძე ერთ-ერთი მათგანი იყო უცვლელად.

2004 წლის მარტში დაწერა ავტობიოგრაფია, მაგრამ მესამე პირში... ხუმრობა-ხუმრობაში ძალიან სერიოზულად თქვა, რისი თქმაც ოთარ ჭილაძეს ოთარ ჭილაძეზე უნდოდა: "რაც შეეხება მეგობრებს, ბავშვობიდან ეთაყვანებოდა ამ ინსტიტუტს, შეიძლება ითქვას, დღე არ უცხოვრია უმეგობროდ; ერთგული, გულითადი, უშეღავათო მეგობრობა იცოდა და მეგობრებიც ყოველთვის მრავლად ჰყავდა. მაგრამ დრო თავისას მოითხოვს და მიაქვს კიდეც - ბევრი, ღმერთმა გაანათლოს, ცოცხალი აღარ არის, ბევრი, ღმერთმა ხელი მოუმართოს, ცხოვრებამ აცდუნა, "სხვა გზას" დაადგა. მაგრამ საბედნიეროდ, არიან უცვლელნიც და მარადიულნიც, როგორიც ვთქვათ, მისი უფროსი ძმა თამაზია".

"უცვლელნი და მარადიულნი" მხოლოდ იქ თუ იდგებოდნენ, სადაც უნდა მდგარიყვნენ, თორემ ჩრდილში წამოწოლილი, მწვადით გულმოყირჭებული ქართველები როგორ შეუდგებოდნენ მხრებით საქართველოს ჭერს...

ამისი ძალა უხორცო სხეულებს შესწევთ მხოლოდ.

ისევ ოთარ ჭილაძე ოთარ ჭილაძეზე: "ჰობი არასოდეს არ ჰქონია, ვერ შეიქმნა საამისო პირობები, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, ახლო მომავალში დიახაც რომ ჰობად ექცეს მაჯის თვლა და წნევის ზომვა"...

ეს ღიმილით... სინამდვილეში კი, როგორც უნდა დაედო მაჯაზე ხელი, გულისყურს ვერ მიაყოლებდა საკუთარი პულსაციის დათვლას, გული ხომ ამ დროს სხვისკენ იყო მიმართული. საქართველოს არითმული გულისცემით ნერვებდაგლეჯილს საკუთარისა რაღა უნდა გაეგო, ან გაჰკვირვებოდა...
ამიტომაც იყო, საავადმყოფოში, უკანასკნელ ჟამს მოკრებილი უკანასკნელი ძალით სამი სიტყვა უთხრა თავზე მდგომ დას: "ცოდოა, ცოდოა საქართველო, მოუარეთ..."
ეს იყო 2009 წელს და ეს იყო უკანასკნელი სიტყვები...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

div>
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა