"გული ამომესკვნა, ცრემლები მომერია. მას გაუკვირდა, უფრო მაგარი ნერვების პატრონი ვეგულებოდი" - ექვთიმე თაყაიშვილის სულისშემძვრელი წერილი - კვირის პალიტრა

"გული ამომესკვნა, ცრემლები მომერია. მას გაუკვირდა, უფრო მაგარი ნერვების პატრონი ვეგულებოდი" - ექვთიმე თაყაიშვილის სულისშემძვრელი წერილი

ნინოს თბილისის დატოვებისას, ჯვრისწერის კელაპტრების გარდა, თან არაფერი წაუღია

ღვთისკაცად წოდებული ექვთიმე თაყაიშვილის და ნინო პოლტორაცკაიას 36 წლიანი თანაცხოვრების სევდიანი ეპიზოდის თქვენთვის მოყოლა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულმა წერილებმა მიბიძგა, რომელშიც ექვთიმე თაყაიშვილი თავის უმცროს მეგობარს, მოწაფეს და თანამებრძოლს იროდიონ სონღულაშვილს უამბობდა ნინოს გარდაცვალების ამბავს, რომელიც უბედურ შემთხვევას მოჰყვა.

ისტორიიდან ვიცით, რომ ექვთიმესა და ნინოს დაოჯახებაში დიდი წვლილი ილია ჭავჭავაძეს მიუძღვის. იმ ხანად, ექვთიმე უსახლკარო იყო და ქირით იდგა იაკობ გოგებაშვილთან. ერთხელაც ილიას იაკობისთვის უთხოვია, ხუთშაბათს ექვთიმეც მომიყვანე სადილადო. ილია ჭავჭავაძე დიდ პატივს სცემდა განათლებულ და შრომისმოყავრე ახალგაზრდას, რომელიც მაშინ თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელს ედგა სათავეში, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი იყო და უკვე დაეარსებინა საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი - ერთ-ერთი პირველი სიძველეთსაცავი ჩვენს ქვეყანაში. ხუთშაბათობით ილიასთან ჟურფიქსი იმართებოდა - იკრიბებოდნენ ნაცნობ-მეგობრების და მწერლობასა თუ ქვეყნის ბედ-იღბალზე მსჯელობდენ, ბოლოს კი ყველაფერს კარგი ქართული პურობა აგვირგვინებდა.

იმ ხუთშაბათს, როცა იაკობ გოგებაშვილმა ჟურფიქსზე ექვთიმეც მიიყვანა, ილია ტრადიციულად თამადა ყოფილა და ექვთიმეს სადღეგრძელოში ასეთი რამ უთქვამს: როდემდე უნდა იდგეს ბატონი ექვთიმე ბატონ იაკობთან ბინად? ახლა ის დროა ნინო პოლტორაცკაია შევრთათ ცოლადო. ჯვარი სამების ეკლესიაში დაიწერეს. მათი მეჯვარეები ილია წინამძღვრიშვილი და ილია ჭავჭავაძის მეუღლე ოლღა გურამიშვილი იყვნენ. თავად ილია იმხანად პარიზში იყო და საფრანგეთიდან ძვირფასი საქორწინო საჩუქარი გამოგზავნა.

ქორწილში დანთებული კელაპტრები ნინოს შეუნახავს და თბილისის დატოვებისას, ამ კელაპტრების გარდა, თან არც არაფერი წაუღია. ერთი ამ კელაპტართაგანი ექვთიმემ ნინოს საფლავში ჩაატანა, მეორეს ბედი კი უცნობია.

ექვთიმე თაყაიშვილის წერილი იროდიონ სონღულაშვილს:

"ჩემო ძვირფასო, რაღა მოგწერო! ნინო აღარა მყავს! ეს საკმარისია ჩემი სულისკვეთება, ჩემი სიობლე, ჩემი მარტოობა და უმწეო მდგომარეობა უსიტყვოა კარგად გაიგო.

რამდენჯერმე დავაპირე დაწერა, მაგრამ ვერ შვეძელი, ნინოს ვიხსენებ გული მესკვნება, ცრემლი მაწვება, სულ მოვიშალე, განსაცდელს ვერ ვურიგდები. გონებით მინდა დავმშვიდდე, მაგრამ გული არ ემორჩილება. ეს სიბერის და სისუსტის შედეგია. უბედური შემთხვევა საბედისწერო შეიქმნა.

რვა თვე პარიზში საუკეთესო საავადმყოფოში იყო და შემდეგ მთელი წელიწადი აქ სოფელში. წინანდელი ოპერაციებით დასუსტებულმა ის გავლენა იქონია, რომ ძვალი შეეზარდა მერე დიდი ხნის წოლის გამო ქარები აეშალა, იშიაზი, რევმატიზმის გამოუთქმელად იტანჯებოდა მთელი ზამთარი. საოცარი იყო მისი გამძლეობა და მოთმინება. ექიმობა, მოვლა და ხელის შეწყობა არ დაკლებია და ამით იყო, რომ ოცი თვე იცოცხლა უბედური შემთხვევის შემდეგ, მე ერთი წამითაც არ მოვცილებივარ მის საწოლს. ვუვლიდი ყოველის ღონის ძიებით, ვამხნევებდი და ერთხელაც არ მიჩვენებია ჩემი საქციელით უიმედობა, თუმცა ამ უიმედობას თვითონაც კარგად ხედავდა. რამდენად წინათ დასტიროდა თავის თავის მდგომარეობას, იმდენად ბოლოს შეურიგდა სიკვდილის მოახლოვებას და საოცრის სიმშიდით შეხვდა აღსასრულს.

ორი დღის წინათ მითხრა, მე იქნება დედაჩემსავით მალე გონება დავკარგო და ახლა მინდა გითხრა ყველაფერიო და ისე მომიალერსა და ისე დამატკბო, რომ ვეღარ მოვითმინე, გული ამომესკვნა, ცრემლები მომერია. მას გაუკვირდა, უფრო მაგარი ნერვების პატრონი ვეგულებოდი. მეც ღონე მოვიკიფე და ჩემი ვუთხარი, გაუხსენე მისი ამაგი, მისი სათნოება. მისი ჩემდამი სამსახური და სიყვარული და სხვა და ამით თითქმის გამოვეთხოვეთ ერთმანეთს, ხოლო რასაკვირველია, მე არ მითქვამს რომ უიმედო მდგომარეობაშია.

რაკი მე ისე აღელვებული ვიყავი უკანასკნელი განკარგულება სხვებს დაავალა, ორ მანდილოსანს, რომელსაც მის მოვლაში მე მშველოდნენ და დიდი დახმარება გამიწიეს. მათ გაუნაწილა თავისი ნივთები და მცირე გარდეროფი და უთხრა: დღეს ექვთიმემ ბევრი კარგი სიტყვები მითხრა, სრულიად დამშვიდებული ვკვდებიო. ცხედარზე ეს და ეს გადასაფარებელი დამადევით კუბოზეო, ეს და ეს მოსასხამი ჩამატანეთო. კუბოში ჩემი და ექვთიმეს ჯვრისწერის სანთელი ჩამაყოლეთო. მალე ნუ დამმარხავთო (ეშინოდა ლეტარგიული ძილი არ მომივიდესო, ჩემთვისაც უთქვამს წინათ).

შემდეგ ჩემს თავს მათ აბარებდა და მოვლას სთხოვდა. ყველა ამას ისე დამშვიდებით ამბობდა, რომ ერთი ცრემლი არ გადმოუგდია." (1931წ. N152).

1931 12 ივლისს ნინო პოლტორაცკაიას დაკრძალვას პარიზსა და ახლო-მახლო ადგილებში დამკვიდრებული მთელი ქართული ემიგრაცია დაესწრო. ექვთიმემ მეუღლეს საფლავში მათი ჯვრისწერის დროინდელი კელაპტარი ჩაატანა.

თეა ცაგურიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)