ბურებთან - კვირის პალიტრა

ბურებთან

ნიკო ბური (ბაგრატიონი)

მოგონება

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #50-51, 2009; #1-10 2010)

ინგლისელებს არ ჰქონდათ სახარბიელოდ საქმე ფრონტებზე. ედუარდ VII-ს სურვილმა, მისი გვირგვინის კურთხევის დღისათვის ბურებთან ომი დამთავრებულიყო, აიძულა ინგლისის მთავრობა საზავო წინადადებით მიემართა ბურებისთვის. მაგრამ მოლაპარაკება გაჭიანურდა, ომი კი გრძელდებოდა და... ბურები იძულებული გახდნენ პოზიცია დაეთმოთ ... იარაღი დაყარეს. სამხედრო ტყვეებს დახვრეტა მიუსაჯა.

მათ შორის  ნიკო ბურსაც, - "ყველაზე უფრო ის მაწუხებდა, რომ ორი წლის განმავლობაში სამართლიანობისათვის ბრძოლისა და გმირი ხალხის რესპუბლიკის დაცვისათვის ათასგვარი ტანჯვაგამოვლილი მტერს უნდა დავეხვრიტე, როგორც ავაზაკიო, - წუხდა იგი. ნიკო ბაგრატიონმა, ეგზომ გამორჩეულმა თავისი გარეგნობით, უმალ მიიპყრო დამპყრობთა ყურადღება და როცა მისი წარმომავლობაც გაცხადდა, წმ. ელენეს კუნძულზე გასამგზავრებელ ტყვეთა რიგებში გადაინაცვლა....

KvirisPalitra.Geმალე იქაურობას მომაშორეს.

წამიყვანეს და ჩამაგდეს ქალაქის ხაროში, რომელსაც ისინი სატუსაღოს ეძახდნენ, მაგრამ ეს იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი. საკანში მხოლოდ ერთი პატარა ჭუჭრუტანიდან შემოდიოდა დღის სინათლე. პირველ ხანებში ვერაფერი გავარჩიე, მერმე, როცა თვალი თანდათან შევაჩვიე სიბნელეს, საშინელი სურათი წარმომიდგა: ქვისიატაკიან, საკმაოდ დიდი ოთახის ნესტიან კედლებზე მიჯაჭვული იყვნენ ტუსაღები, რომელთაც ადამიანის აღარაფერი ეტყობოდა. ჩონჩხად ქცეულებს გაბურძგვნილ თმასა და წვერში მარტო თვალებიღა მოუჩანდათ. დაკონკილი ძველმანები სანახევროდ ვერ უფარავდათ ჭუჭყიან, გაძვალტყავებულ სხეულს.

კარგა ხანს ვიდექი სიზმარში მყოფივით და ხან ერთს მივჩერებოდი, ხან მეორეს, ბოლოს ერთბაშად ძილი მომეკიდა, დავწექი ჩემს ნარზე, მაგრამ ბაღლინჯოები მაშინვე დამესიენ და წათვლემის საშუალებაც არ მომცეს.

მთელი ღამე წამებით გავატარე. დილას ავტეხე არაადამიანური ხმით ყვირილი. ვყვიროდი, რომ მე სამხედრო ტყვე ვარ და არა ყაჩაღი.

ყვირილი მანამ არ შევწყვიტე, ვიდრე ციხის მესვეურებს ხმა არ მივაწვდინე. როგორც იყო, გაიღო საკნის კარი, შემოვიდა ორი შეიარაღებული ჯარისკაცი და გამიყვანეს. უცებ აღმოვჩდი ნათელ, რაც მთავარია, შედარებით სუფთა ოთახში.

მაშინვე დავეცი იქვე მდგარ ტახტზე, მკლავზე კარგად თავის დადებაც ვერ მოვასწარი, რომ ღრმად ჩამეძინა. მეორე დილამდე გვერდი არ მიცვლია, მორალურად და ფიზიკურად მოქანცვის გამო, მკვდარივით ვეგდე. ზედამხედველმა მითხრა, რომ ვერაფრით ვერ გამაღვიძეს თურმე.

მომიტანეს საკმაოდ ნოყიერი საუზმე და ერთი ჭიქა არყისებური რაღაც მაგარი სასმელი, თავი კვლავ მხნედ ვიგრძენი. საუზმის შემდეგ, იმავე ზედამხედველმა გამომიცხადა, რომ კიტჩენერს უნდა წარვდგომოდი. და აი, სამი დღის ტყვეობის შემდეგ შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა წამიყვანეს ინგლისის არმიის მთავარსარდალთან.

გაიღო კარი და ადიუტანტმა კაბინეტში შემიხმო. მაღალჭერიან, ლამაზად მორთულ ფართო ოთახში განიერ მაგიდასთან იჯდა კიტჩენერი. ჩემი შესვლისთანავე ადგა, მაგიდას გამოსცილდა და ნელი ნაბიჯით წამოვიდა ჩემკენ. ზურგზე ხელებდაწყობილი მომიახლოვდა. მეგონა, მრისხანე იუპიტერის მზერას მესროდა, მაგრამ ნაცვლად ამისა, თავაზიანად მომაპყრო თავისი უცნაური თვალები, რომლებიც ქამელეონივით იცვლიდნენ ფერს. პირველად მე ისინი ჭროღა მეჩვენა, ერთი წუთის შემდეგ კი დაფანჩულსა და მოშავო წარბებს ქვეშ დავინახე მუქი წაბლისფერი გუგები.

კიტჩენერი შესანიშნავად ფლობდა ფრანგულ ენას, ყოველგვარი კილოს გარეშე ლაპარაკობდა, რაც ინგლისელთა შორის იშვიათი შემთხვევაა. ის იყო დაბალი, ჯმუხი. მე წელამდეც ვერ მწვდებოდა და ძალაუნებურად მაღლიდან დავყურებდი.

რამდენიმე წუთს უხმოდ ვუცქეროდით ერთმანეთს.

ჩემ წინ იდგა კაცი, რომელიც ასე მხეცურად მუსრს ავლებდა ბურებს და წარმოუდგენელ სისასტიკეს იჩენდა მათი ბავშვებისა და ცოლებისადმი.

მან მკითხა:

- თქვენ ბაგრატიონი ხართ?

ჩემი დადებითი პასუხის შემდეგ განაგრძო:

- რატომ იბრძვით ჩვენს წინააღმდეგ?

- აფრიკაში მე მოვედი როგორც მოგზაური. ჩემი ჩამოსვლა დაემთხვა ძლიერი ინგლისის მიერ პატარა ხალხის წინააღმდეგ ომის გამოცხადების ამბავს. მაშინვე გადავწყვიტე, ჩავმდგარიყავი ბურების რიგში, რადგან ბურების ბრძოლა მე მიმაჩნია საერთოდ თავისუფლებისათვის ადამიანების ბრძოლად. ყველა ხალხს უნდა შეეძლოს თავისუფლად იცხოვროს ამ ქვეყანაზე. ამისათვის ხალხი არ უნდა ისჯებოდეს.

კიტჩენერის თვალებში ახლა სხვა ფერის შუქმა გაიელვა, მაგრამ თავი შეიკავა და თავიდანვე აღებული კილოთი მოკლედ მითხრა:

- ჩვენ ვხვრეტთ მეამბოხეებს. თქვენ კი, როგორც სამხედრო ტყვე, ინგლისის მთავრობის განკარგულებით იგზავნებით წმ. ელენეს კუნძულზე, - ეს თქვა და შებრუნდა.

ადიუტანტმა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში კარებთან უძრავად იდგა, ტალანში გამიყვანა და ჩემი თავი კვლავ შეიარაღებულ ჯარისკაცებს გადასცა.

ბურები კიტჩენერს ეძახდნენ მახრჩობელა გველს. მათმა სისხლმა, ბური ქალების და ბავშვების ცრემლმა ბოლოს უწია მას: იგი დაიღუპა 1916 წელს, როცა სამხედრო გემით ინგლისიდან რუსეთში მიემგზავრებოდა.

...

რამდენიმე დღის შემდეგ უკვე გემზე ვიყავი, მაგრამ არა როგორც თავისუფალი მოგზაური, არამდე როგორც სამხედრო ტყვე. თავისუფლებასთან ერთად დავკარგე ჩემი წითელი სათვალეც, თუმცა მე იგი აღარ მჭირდებოდა, რადგან ზღვას სულაც ვერ ვხედავდი: ზღვის ავადმყოფობით გასავათებული სადღაც გემის ჯურღმულში ვიყავი მიგდებული.

არც კი გამიგია, რამდენი დღე ვიმგზავრეთ და როდის მივედით წმ. ელენეს კუნძულთან. როცა კუნძულის მთავარი ქალაქის ჯემსტოუნის ნავსადგურში გემმა ღუზა ჩაუშვა, ჩემმა თანამებრძოლებმა ცოცხალ-მკვდარი ძლივს გადამიყვანეს ხმელეთზე. საშუალება მოგვცეს, დაგვესვენა. ცოტა დაგვანაყრეს კიდეც, მერმე ჩაგვაყენეს მწკრივში და წაგვასხეს ტყვეებისათვის განკუთვნილი ბანაკისაკენ, რომელიც ქალაქიდან კარგა შორს აღმოჩნდა.

ქალაქში გზად გავლისას, ჯემსტოუნი საკმაოდ კეთილმოწყობილად მომეჩვენა: მთავარ ქუჩაზე ერთი სტილისა და მოყვანილობის სახლები, მაღაზიები.

მივდიოდით აჩქარებით, რომ დაღამებამდე მივსულიყავით ბანაკში.

მართლაც, დაბინდებამდე მივედით ბანაკში, რომელიც მოწყობილი იყო მთიან ადგილას. მე მომცეს გვარიანი კარავი, რომელშიაც ცარიელი ტახტის მეტი არაფერი იყო.

ტყვეებს სასტიკად აკრძალული გვქონდა ბანაკის ფარგლებს გავშორებოდით. ყველგან გუშაგები იდგნენ, მაგრამ სად უნდა გავქცეულიყავით? ირგვლივ უსაზღვრო ოკეანე გვერტყა.

შიშველ კლდეებზე ატლანტიკის ოკეანის ტალღების ტლაშუნი სევდას მგვრიდა. იმავე დროს მოტორტმანე ზღვის ზედაპირზე, დილით ამომავალი მზის შუქის და საღამოობით დაისის მეწამული ფერის ციაგი თვალს მიხარებდა.

ხშირად ვიჯექი მარტოდმარტო კლდის ქიმზე და გავცქეროდი უსაზღვრო მოციმციმე სივრცეს.

ალბათ, არაერთხელ უცქერია ამ დიდებული სურათისათვის ნაპოლეონს თავისი მარტოობის ჟამს.

ნაპოლეონის სასახლე, რომელიც უფრო ჩვეულებრივ სახლს წარმოადგენდა, აგებული იყო კუნძულის მეორე მხარეს, მდიდარ ტროპიკულ მცენარეთა შორის.

ნაპოლეონმა, როგორც ტყვემ, თავისი მცირე ამალით აქ დაჰყო 1815 წლიდან 1821 წლამდე, აქვე გარდაიცვალა, აქვე იქნა დამარხული, შემდეგ, ინგლისელების ნებართვით, გადაასვენეს პარიზში.

კუნძულზე ორი თვის ყოფნის შემდეგ მე და გრაფ ბრედას ნება დაგვრთეს, გვენახა ის სახლი, სადაც ნაპოლეონმა გაატარა თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები. ნება დაგვრთეს, აგრეთვე, ჩვენი გვარები ჩაგვეწერა მნახველთათვის განკუთვნილ წიგნში.

ნაპოლეონისეულ სახლის ერთ ნაწილში ცხოვრობდა საფრანგეთის ელჩი, მეორე ნაწილი წარმოადგენდა მუზეუმს, სადაც იდგა ნაპოლეონის საუცხოო ბიუსტი.

ერთ დროს რუსეთის ველებზე მას ებრძოდა პეტრე ბაგრატიონი, ახლა ცხრა მთასა და ცხრა ზღვის გადაღმა მისი პატარა ბიუსტის წინაშე ვიდექი მე, მეორე ქართველი, და ცივ ქვად ქცეულ სარდალს შევყურებდი!

გამახსენდა ნაპოლეონის მამელუკიც.

მართლაც, საოცარია ცხოვრება!

...ბურებთან ყოფნის დროს, მე ვწერდი დღიურებს, მაგრამ ინგლისელებმა ტყვედ წაყვანის დროს ჩამომართვეს. ალბათ, მისი ერთი ფურცელიც აღარაა ახლა სადმე, შეიძლება შემორჩენილიც იყოს, ვინ იცის. კუნძულზე კი რაიმეს წერის ნებას არ გვაძლევდნენ. შეგვეძლო ოჯახში გაგვეგზავნა მხოლოდ ერთი ღია ბარათი, თვეში ერთხელ, ისიც სამხედრო ცენზურის დასტურის შემდეგ.

ერთხელ გადავწყვიტე დედისათვის ქართულად მიმეწერა წერილი, მაგრამ ეს ბარათი უკანვე დამიბრუნა კუნძულის ხელისუფლებამ.

ბანაკში ოფიცრები ცალკე გამოყვეს, მე მათ ჯგუფს მიმაკუთვნეს, ჯარისკაცები კიდევ ბანაკის მეორე მხარეს დააბინავეს. როგორც ვთქვი, კარავი კარგი მქონდა, მაგრამ სავსებით მოუწყობელი იყო.  ტრანსვაალიდან ჩამომყვა ბაჯაღლო ოქროს მონეტები, რომლებზედაც ამოტვიფრული იყო კრიუგერის სახე, მაგრამ ამ ფულს ვიზოგავდი საჭმელისათვის. ბოლოს, იძულებული გავხდი, ამ ფულიდან შემეძინა ცოტა რამ. პირველ რიგში ვიყიდე პურის ფქვილის ცარიელი ტომრები, გავტენე თივით და ნალად დავიგე. ეს ჩემი მოუსვენარი თავიც თივის მუთაქაზე მედო.

კომენდანტმა დამითმო ცარიელი ხის ყუთები, რომლებისაგანაც საკუთარი დურგლობით გავიკეთე მაგიდა, სკივრი და სკამი. მაგიდაზე იდგა ბოთლი შიგ ჩარჭობილი სანთლით. ეს იყო ჩემი ლამპარი. სკივრში ვინახავდი მცირე სურსათ-სანოვაგეს.

თუ დარი იყო, ჩემს კარავს არა უშავდა, მაგრამ ტროპიკული წვიმის დროს შიგ ტლაპო დგებოდა, ხის იატაკის დაგების საშუალება კი არ მქონდა და შევნატროდი სხვებს, რომლებიც ამ მხრივ ჩემზე უფრო ბედნიერები იყვნენ.

მალე მთლად შემომაცვდა მოგვები, იძულებული ვიყავი წვიმაში ფეხშიშველს მევლო. აღარც თეთრეული გამაჩნდა. ტანისამოსიც ძონძებად მექცა, ერთი სიტყვით, პირდაპირ მათხოვარს დავემსგავსე. ძალიანაც გავხდი, 8 ფუთის ნაცვლად უკვე 5 ფუთს ვიწონიდი.

ჩემმა მეგობარმა ჰოლანდიელმა კაპიტნებმა ფოგელიუსმა და ვიტხამორმა, განსაკუთრებით კი გრაფმა ბრედამ, სესხად შემომთავაზეს ფული, მაგრამ მე უარი ვთქვი, რადგან არ ვიცოდი, როდის შევძლებდი ვალის გადახდას.

ბოლოს, ბრედამ მაიძულა მისგან სესხად მიმეღო ბანაკის პირობებში საკმაოდ დიდი თანხა. ამ ფულით, უწინარეს ყოვლისა, შევიძინე უბრალო, მაგრამ სუფთა ტანისამოსი, ფეხსაცმელები და ლოგინი. დანარჩენი გადავინახე საზრდოსათვის.

KvirisPalitra.Geნაპოლეონის მამელუქი ქართველი იყო

რაჟდენ გვეტაძე: ნაპოლეონის მამელუკი იყო ქართველი. მის შესახებ კონსტანი (კონსტანი იყო ნაპოლეონის კარის უფროსი გამრიგე) თავის მემუარებში წერს შემდეგს: "იმპერატორის მამელუკის სახელით ცნობილი რუსტანი (ზოგიერთ წყაროში ის მოიხსენიება როგორც როსტომ რაზმაძე. - რედ.) იყო კარგი ოჯახის შვილი საქართველოდან.

ექვსი თუ შვიდი წლის იქნებოდა, როცა ის მოიტაცეს და წაიყვანეს კაიროში, სადაც იგი იზრდებოდა, როგორც მონა სრულ ასაკამდე, რის შემდეგაც გახდა მამელუკი. ეგვიპტეში ლაშქრობისას გენერალ ბონაპარტს (ეგვიპტიდან ინგლისის განსადევნად დირექტორიამ 1796-99 წელს ნაპოლეონის სარდლობით გაგზავნა ექსპედიცია. მაშინ ნაპოლეონი ბრიგადის გენერალი იყო.) ჯაიროს შაჰმა საჩუქრად მიართვა რამდენიმე არაბული ცხენი და ამავე დროს ორი მამელუკი - რუსტანი და იბრაჰიმიც თან გაატანა. ნაპოლეონმა ქართველი მამელუქი რუსტანი დაიტოვა თავის ამალაში. რუსტანი ისე დაიახლოვა იმპერატორმა, რომ იგი ყველგან აუცილებლად ახლდა მას, სადაც კი საჯაროდ გამოჩნდებოდა.

რუსტანი აგრეთვე იმპერატორს ახლდა მოგზაურობების დროს და, რაც განსაკუთრებით შეადგენს რუსტანის დამსახურებას, იგი მონაწილეობას იღებდა ყველა მის ომში. ნაპოლეონის შტაბის წევრთა შორის თავისი იერით და აღმოსავლური ჩაცმულობით ყველაზე უფრო ბრწყინვალე შთაბეჭდილებას ახდენდა რუსტანი. იგი სარგებლობდა ნაპოლეონის დიდი ნდობით, რასაც ზოგიერთები ხსნიან იმით, რომ ერთხელ რუსტანმა მტრის მოქნეული ხმალი ააცდინა ნაპოლეონს და უეჭველ სიკვდილს გადაარჩინა.

რუსტანმა ცოლად შეირთო ახალგაზრდა ლამაზი ფრანგის ქალი,  გვარად დუვილლ,  რომლის მამაც იყო დედოფალ ჟოზეფინას კამერდინერი. ცოლის შერთვის შემდეგ რუსტანს ვეღარ ვხედავთ ნაპოლეონის ამალაში; გაზეთები უსაყვედურებდნენ რუსტანს იმას, რომ იგი 1614-1615 წლებში ბოლომდე არ მიჰყვა იმპერატორის ბედს" (Constant. Memoires sur la vie privee de Napoleon sa famille et sa cour Paris M. DCCC XXX, gv. 83).

ნაპოლეონის შინაგან საქმეთა მინისტრის ფუშეს ცხოვრების და მოღვაწეობის მკვლევარის ლუი მადლენის მოწმობით, ყოფილა მომენტი, როცა ნაპოლეონს ფუშეს ადგილას უნდოდა დაენიშნა რუსტანი.

1627 წელს ერთ-ერთ სასამართლოში მოწმედ ყოფნისას, რუსტანი დაკითხვის დროს აცხადებს, რომ იგი წარმოშობით ქართველია, დაიბადა თბილისში, საქართველოში, არის ორმოცდაოთხი წლის, მაშასადამე, იგი დაბადებულა 1763 წელს, ხოლო ტყვედ გაუყიდიათ 1769-90 წელს. ქართველ მამელუკს სახელი შეუცვალეს რუსტანად, რომელიც მას გვარის მაგივრობასაც უწევდა. ყველა დოკუმენტებში იგი იხსენიება მარტო ამ სახელწოდებით.

პარიზიდან 50 კილომეტრის დაშორებით, ერთ პატარა ქალაქ დურდანში, 1645 წლის დეკემბრის 7-ს გარდაიცვალა ყველასაგან მივიწყებული, ერთ დროს ნაპოლეონის ბრწყინვალე მამელუკი რუსტანი.

ქართველი მამელუკი რუსტანი მოხსენიებული ჰყავს ლევ ტოლსტოისაც ნაპოლეონის მხლებელთა შორის (იხ. ლევ. ტოლსტოის თხზულებათა მე-6 ტომი, "ომი და მშვიდობა",  გვ. 24, 1951 წ., მოსკოვი).

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)