ძარცვა შობის ღამეს - როგორ გაიტანეს ქართველებმა "ფინეთის სამთავრო ბანკიდან" 5 მილიონი მანეთი ოქროთი - კვირის პალიტრა

ძარცვა შობის ღამეს - როგორ გაიტანეს ქართველებმა "ფინეთის სამთავრო ბანკიდან" 5 მილიონი მანეთი ოქროთი

"აქცია უსისხლოდ უნდა ჩატარდეს... ხუთი მილიონი - ოქროთი ძალიან დიდი თანხაა; მის ხელში ჩასაგდებად ჩვენ რომ თოფი გავისროლოთ, საპასუხოდ ზარბაზანს გვესვრიან და ყველაფერი ჩაფლავდება"

1904 წლის იანვრიდან, როდესაც რუსეთ-იაპონიის ომი დაიწყო, სანკტ-პეტერბურგის წელში გასატეხად ტოკიოს დაზვერვა მთელი დატვირთვით ამოქმედდა. იაპონელებმა გადაწყვიტეს, რომ რადაც უნდა დასჯდომოდათ, რუსეთში ეკონომიკურ-სოციალური კრიზისის გამოწვევის გზით, ვითარება უკიდურესად დაეძაბათ და სხვათა შორის, მალე მიზანსაც მიაღწიეს.

უკვე 1904 წლის ნოემბრის დამლევს, რუსეთის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე "რევოლუციური აქტიურობის" პირველი ნიშნები გამოჩნდა, რამაც რუსული არმიის ზურგი მნიშვნელოვანწილად შეასუსტა. ცხადია, ეს საბრძოლო მოქმედებებზეც აისახა და იაპონურმა არმიამ რუსებს თითქმის ყველა ფრონტზე უკან დაახევინა.

იმავე წლის დეკემბერში, სანკტ-პეტერბურგში ბაზირებულმა იაპონელმა აგენტებმა შეიტყვეს, რომ ომის გაგრძელებისათვის საჭირო თანხა - 5 მილიონი მანეთი ოქროთი, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი ფინეთის სამთავროს დედაქალაქში, ჰელსინკიში მდებარე "სამთავრო ბანკში" ინახებოდა. ჰელსინკი მაშინ ერთი პატარა, პროვინციული ქალაქი იყო და აგენტურის მიერ მოპოვებული, უტყუარი მტკიცებულებანი რომ არა, იაპონური საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, იაპონიის სტოკჰოლმელი სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მოტოჯირო აკაში ვერც კი იფიქრებდა, თუ იქ თვითმპყრობელი იმპერატორი საკუთარი ხაზინის მნიშვნელოვან რეზერვს მალავდა. იაპონელებმა ისიც დაადგინეს, რომ ფინეთის სამთავრო ბანკი უმაღლეს დონეზე იყო დაცული - მას 24 საათის განმავლობაში კაზაკების სამი ბრიგადა სდარაჯობდა.

ფინეთის სამთავრო ბანკიდან რუსეთის იმპერიის ხაზინის რეზერვის გატაცების იდეა პოლკოვნიკ მოტოჯირო აკაშის ცნობილმა ფინელმა რევოლუციონერმა და ანარქო-სოციალისტმა, კონრად ცილიაკუსმა მიაწოდა. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1904 წლის აგვისტო-სექტემბერში, ცილიაკუსი იაპონიის დაზვერვის ორგანიზებული, გახმაურებული "ჯონ გრაფტონის საქმის" ერთ-ერთი მოთავე იყო (ცნობილ ქართველ ანარქისტ ვარლამ ჩერქეზიშვილთან ერთად) და ლონდონიდან რუსეთის იმპერიაში იარაღის სოლიდური პარტიის გადაზიდვას კურირებდა.

რუსულმა კონტრდაზვერვამ და ჟანდარმერიამ მაშინ სრული კრახი განიცადა და საპასუხო ზომების მიღება ვერ მოასწრო, რის შედეგადაც რუსეთის იმპერიის რევოლუციური პარტიები გვარიანად შეიარაღდნენ და სამთავრობო ძალებს საკმაოდ სერიოზული თავსატეხიც გაუჩინეს.

ვარლამ ჩერქეზიშვილი

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კონრად ცილიაკუსს "ბანკის გატანის" საქმეში თავისი უპირველესი თანამოაზრისა და მასწავლებლის - იმხანად ლონდონში მცხოვრები ცნობილი ქართველი ანარქისტის, ვარლამ ჩერქეზიშვილის დახმარების დიდი იმედი ჰქონდა. ჩერქეზიშვილს, რასაკვირველია, პოლკოვნიკი აკაშიც კარგად იცნობდა და კონრად ცილიაკუსს დაფინანსებაზე უარი არ უთხრა: "გააცანით თქვენი აზრები ბატონ ვარლამს და თუ დაგთანხმდათ, ოპერაციისთვის საჭირო თანხას უყოყმანოდ გავიღებთ", - ასეთი იყო მისი პოზიცია. კონრად ცილიაკუსსაც დრო აღარ დაუკარგავს, მაშინვე გაემგზავრა თბილისში, სადაც იმ დროისთვის ვარლამ ჩერქეზიშვილი იმყოფებოდა. ფინელ ანარქო-სოციალისტს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ "ბანკის გატანის" მისეული გეგმა ქართველ რევოლუციონერებს ნამდვილად დააინტერესებდა: "ექსპროპრიაციის მოწყობასა და სხვა მსგავს საქმეებში ქართველებს ბადალი არ ჰყავდათ... 1905-1907 წლებში რუსულ მმართველობას არსად ისეთი ზიანი არ მისდგომია, როგორიც თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში - კაზაკები, ჩვეულებისამებრ, სამხედრო სამსახურის იქ მოხდას თავს ყველა საშუალების გამოყენებით არიდებდნენ, მაშინ, როცა ომში, იაპონიის ფრონტზე, დიდი სიხარულით გარბოდნენ", - იხსენებდა მოგვიანებით კონრად ცილიაკუსი.

ვარლამ ჩერქეზიშვილმა ფინელი სტუმარი, ქართული წესით, ხელგაშლილად მიიღო, ყურადღებით მოუსმინა და, სრულიად მოულოდნელად, წარმოუდგენელი რამ შესთავაზა: "აქცია უსისხლოდ უნდა ჩატარდეს... ხუთი მილიონი - ოქროთი ძალიან დიდი თანხაა; მის

ხელში ჩასაგდებად ჩვენ რომ თოფი გავისროლოთ, საპასუხოდ ზარბაზანს გვესვრიან და ყველაფერი ჩაფლავდება", - უთხრა მან ცილიაკუსს. ეს უკანასკნელი კი გაოცდა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს, რადგან ჩერქეზიშვილმა დაწვრილებით აუხსნა, თუ როგორ უნდა "გაეტანათ ბანკი" გასროლის გარეშე: "შობადღემდე მოცდა კი მოგვიწევს, თუმცა ეს ეღირება, რადგანაც საქმე მეტად მნიშვნელოვანია", - დასძინა ვარლამ ჩერქეზიშვილმა და მერე დაინტერესდა, წარმატების შემთხვევაში, ხუთი მილიონი როგორ უნდა გაეყოთ. "50 პროცენტს იაპონელები წაიღებენ, ჩვენ კი 25-25 პროცენტი დაგვრჩება", - უპასუხა ცილიაკუსმა. ჩერქეზიშვილი კმაყოფილი დარჩა და სტუმარს აღუთქვა, რომ შობის წინა დღეებში მასთან, ჰელსინკიში, ქართველი "სპეციალისტები" ჩავიდოდნენ.

სოლომონ აშორდია

დაიმედებული კონრად ცილიაკუსი უკანვე გაბრუნდა, ვარლამ ჩერქეზიშვილს კი დრო აღარ დაუკარგავს - სანდო ხალხის დახმარებით, იმხანად ბაქოში მყოფ, ცნობილ ქართველ ავანტიურისტს, სოლომონ აშორდიას (იხილეთ: დიდი მისტიფიკატორი სოლომონ აშორდია - ქართველი ფრენკ აბიგნეილი) დაუკავშირდა, რომელიც ამჟამინდელი აზერბაიჯანის დედაქალაქში ჯამბატოვის გვარით ცხოვრობდა. რევოლუციონერები მას დახმარებისთვის ხშირად მიმართავდნენ და აშორდიაც სიამოვნებით უმართავდა ხელს - ის პატრიოტი კაცი იყო და მიაჩნდა, რომ სამშობლოს გათავისუფლებისთვის ისე იბრძოდა, როგორც შეეძლო. წარგზავნილთა პირით, ვარლამ ჩერქეზიშვილმა სოლომონ აშორდიას რამდენიმე ყალბი საბუთის შედგენა სთხოვა და კარგი გასამრჯელოც აღუთქვა; ამ უკანასკნელმა კი ფულის აღებაზე დიდსულოვნად თქვა უარი: "ასეთ მცირე საქმეზე აბა, ფული როგორ მოვითხოვო? კაცურად დაგეხმარებით!" - შეუთვალა ჩერქეზიშვილს და მცირე ხანში, საჭირო საბუთებიც აახლა. ყოველი მათგანი ისე იყო დამზადებული, რომ ნამდვილისგან ვერავინ გაარჩევდა.

ამასობაში კი ჰელსინკიში კონრად ცილიაკუსმა და მისმა თანამოაზრეებმა კარგად შეისწავლეს ფინეთის სამთავრო ბანკის მუშაობის განრიგი და 1904 წლის 20 დეკემბერს კავკასიის სამეფისნაცვლოდან ჩამოსულ "სპეციალისტებს" - ბესო სვანიძეს, აფრასიონ ჩიხრაძეს და პავლე გოცირიძეს მომზადებულნი დახვდნენ. სამივე ქართველი სტუმარი ჩერქეზიშვილის მიერ დაარსებული სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის წევრი იყო; ბესო სვანიძე თბილისში ცხოვრობდა, ხოლო აფრასიონ ჩიხრაძე და პავლე გოცირიძე კი ჩრდილო კავკასიაში, ალაგირში დასახლებული რაჭველები იყვნენ. შემდგომში კონრად ცილიაკუსი იგონებდა, რომ ჩამოსულები უზადო გარეგნობითა და არისტოკრატული მანერებით გამოირჩეოდნენ, ხოლო ბესო სვანიძე უაქცენტოდ საუბრობდა არა მარტო რუსულად, არამედ ფრანგულადაც კი. "ბანკის გატანის" ოპერაციასაც სწორედ იგი ხელმძღვანელობდა.

ბესო სვანიძე 1904 წლის 21 დეკემბერს, მაღალჩინოსან სახელმწიფო მოხელედ გადაცმული ბესო სვანიძე ფინეთის სამთავრო ბანკის იმჟამინდელ ხელმძღვანელს, სენატორ კარლ თეოდორ ალექსანდრ ვეგელიუსს წარუდგა და აცნობა, რომ სანკტ-პეტერბურგიდან ზესაიდუმლო დავალებით იყო წარმოგზავნილი; სვანიძემ ბანკის ხელმძღვანელს იმპერატორის ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული დოკუმენტიც წარუდგინა, რომლის თანახმადაც რუსეთის სახელმწიფო ხაზინის რეზერვების შემოწმების უფლება ენიჭებოდა. ვეგელიუსმა ხმაც ვეღარ ამოიღო, რადგან აშორდიას ნახელავი "დოკუმენტის" სიყალბის შეტყობა ძალზე ძნელი იყო და სტუმარს საიდუმლო საცავისკენ, როგორც წესი, თავადვე წარუძღვა. იმ დღეს ბესო სვანიძემ არა მარტო ხაზინის რეზერვები დაათვალიერა, არამედ კანალიზაცია და წყალგაყვანილობაც საფუძვლიანად შეამოწმა, ბანკის თანამშრომლებს ყველაფერი შესაბამისი ოქმით გააფორმებინა, მერე ვეგელიუსს "სამივლინებო ფურცელზე" ხელი მოაწერინა, გულითადად გამოემშვიდობა და წამოვიდა.

მეორე დღეს, ბესო სვანიძემ ბანკის საცავების დეტალური სქემა დახაზა, თან კონრად ცილიაკუსსა და მის თანამოაზრეებს საკუთარი ჩანაფიქრი გააცნო - ბანკიდან ხაზინის რეზერვის გამოსატანად გვირაბი უნდა გაეთხარათ, თუმცა ეს საკმარისი არ იქნებოდა: "ხაზინის რეზერვები ნამდვილ ცხრაკლიტულში ინახება და ცხადია, იქ შეღწევაც ძალზე ძნელია; მაგრამ თუკი ბანკის თანამშრომელთაგან ვინმეს მოვისყიდით, საქმე უფრო გაგვიადვილდება", - უთხრა სვანიძემ ცილიაკუსს. იმავდროულად, აფრასიონ ჩიხრაძესა და პავლე გოცირიძეს ბანკის უკან მდებარე შენობის სარდაფის სასწრაფოდ დაქირავება უბრძანა. ეს შენობა, რომელშიც პროტესტანტული საკვირაო სკოლა იყო განთავსებული, ერთ-ერთ ადგილობრივ, შვედ საქმოსანს ეკუთვნოდა. ქართველებმა მისი სარდაფი 1904 წლის 22 დეკემბერს, ვითომდა პურის საცხობის მოსაწყობად იქირავეს.

ამავდროულად, ცილიაკუსის ხალხმა ბანკის ერთ-ერთი მოლარის, ვინმე იან ფილიპ კუუსინენის მოსყიდვა მოახერხა; როგორც შემდგომში კონრად ცილიაკუსი იხსენებდა, კუუსინენი აზარტული მოთამაშე იყო და იატაკქვეშა სამორინეებს ხშირად სტუმრობდა. ფინელი "ანარქისტები" (იმხანად რუსეთის იმპერიაში ცარისტული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლებს ასე უწოდებდნენ) მას დაემუქრნენ, რომ თუ დახმარებაზე უარს იტყოდა, ყველაფერს ბანკის ხელმძღვანელს, კარლ თეოდორ ვეგელიუსს მოახსენებდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, კუუსინენი გატყდა და ცილიაკუსის ხალხს ყველაფერში ხელის შეწყობა აღუთქვა: "ის დაგვპირდა, რომ რასაც კი ვეტყოდით, შეასრულებდა; თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ შემდეგ ბანკში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა, გვთხოვა, რომ შვეციაში გადასვლაში დავხმარებოდით. რასაკვირველია, ჩვენ დავთანხმდით" - წერდა შემდგომში კონრად ცილიაკუსი.

ვიდრე აფრასიონ ჩიხრაძე და პავლე გოცირიძე ნაქირავები სარდაფიდან ბანკამდე გვირაბის გათხრით იყვნენ დაკავებულნი (კონსპირაციისათვის, ისინი ამბობდნენ, რომ სარდაფს მხოლოდ არემონტებდნენ), ბესო სვანიძემ და კონრად ცილიაკუსმა კიდევ ერთი მანიპულაცია განახორციელეს - სვანიძეს ხელთ სოლომონ აშორდიას მიერ დამზადებული, რუსეთის სამხედრო სამინისტროს გერბიანი ქაღალდი ჰქონდა, კონრად ცილიაკუსმა კი "უნდერვუდის" ფირმის საბეჭდი მანქანა იშოვა, რომლითაც იმხანად რუსეთის იმპერიის ოფიციალური დაწესებულებები სარგებლობდნენ და გერბიან ქაღალდზე რუსულად ვითომდა მინისტრ ვიქტორ სახაროვის საიდუმლო ბრძანება ამობეჭდა: "რადგანაც სამხედრო ნაწილებს დღეს დიდი ჯაფა აწევთ ერთი მხრივ იაპონურ არმიასთან, მეორე მხრივ კი რევოლუციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო არასამხედრო ობიექტთა დაცვაში მათი გამოყენება მეტად აბრკოლებს ჯარისკაცთა სულისკვეთების ამაღლებას, ვბრძანებ, რომ ფინეთის სამთავრო ბანკიდან სამხედრო დაცვა დაუყოვნებლივ მოიხსნას, ხოლო გენერალ-გუბერნატორს კი დაევალოს, საკუთარი საშუალებით დაიცვას ობიექტი, ვიდრე ახალ განკარგულებამდე". დოკუმენტს მინისტრის ხელმოწერაც ამშვენებდა - კონრად ცილიაკუსმა მისი კოპირება ჩვეულებრივი, ასლის გადასაღები ქაღალდით მოახდინა.

საქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული ბრძანება საიდუმლო იყო და ცხადია, მისი ფოსტით გაგზავნა არ შეიძლებოდა. ამიტომ, კაზაკურ ჩოხაში გამოწყობილმა ბესო სვანიძემ გენერალ-გუბერნატორის რეზიდენციაში, 1904 წლის 23 დეკემბერს, ის თავად მიიტანა, გენერალ-გუბერნატორს პირადად გადასცა და უკან გამობრუნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ უკანასკნელს ეჭვიც არ შეჰპარვია იმაში, რომ "სამხედრო სამინისტროს შიკრიკი" თვითმარქვია არ იყო - სოლომონ აშორდიას მიერ დამზადებული, შესაბამისი მოწმობის სიყალბე ვერავინ შენიშნა.

რასაკვირველია, ბრძანება იმ დღესვე აღესრულა - გენერალ-გუბერნატორმა ბანკს სამხედრო დაცვა მოხსნა და მის მაგივრად პოლიციელთა ოცეული მიუჩინა. გარდა ამისა, ბანკის მოლარეებს ტაბელური იარაღი დაურიგდათ და ცვლიანი მორიგეობაც დაუწესდათ. ხაზინის რეზერვის საცავის გასაღები, რომელსაც მანამდე ვეგელიუსი ყოველი სამუშაო დღის ბოლოს სამხედრო დაცვის უფროსს აბარებდა, ახლა მორიგეთა ცვლის უფროსს ჩაჰბარდა, რამაც წყალი სვანიძისა და ცილიაკუსის წისქვილზე დაასხა - მათ იან ფილიპ კუუსინენს სასწრაფოდ მოსთხოვეს, რომ შობის ღამეს, მორიგეთა ცვლის უფროსობა ეტვირთა. ამავდროულად, კუუსინენს სხვა მორიგე მოლარეები უნდა დაეთრო და გვირაბიდან ბანკში შეღწეული მძარცველებისათვისაც საცავის კარი დროზე გაეღო. ერთი სიტყვით, ყველაფერი დეტალურად დაიგეგმა.

ბესო სვანიძის მიერ შედგენილი სქემის თანახმად, გვირაბი ბანკის საქვაბეში უნდა გამოსულიყო - ნიჭიერმა ქართველმა იაზრა, რომ გვირაბის გათხრისას, ის მიწისქვეშა კომუნიკაციები უნდა გამოეყენებინა, რომელთა მეშვეობით ბანკს წყალი მიეწოდებოდა. ცილიაკუსის ხალხმა ამ მხრივ ყველაფერი ადრევე დაწვრილებით დაადგინა და სწორედ ამიტომაც, აფრასიონ ჩიხრაძეს და პავლე გოცირიძეს გვირაბის გაყვანა არცთუ ისე გასჭირვებიათ - რამდენადაც საკვირაო სკოლა ბანკის შენობას უკანა მხრიდან მჭიდროდ ეკვროდა, ძირითადი სამუშაო სამ დღეში დაასრულეს. 1904 წლის 24 დეკემბრის საღამოს, მათ ფინეთის სამთავრო ბანკის მთავარ საქვაბეში შეღწევა შეძლეს.

იქიდან გამომდინარე, რომ შობა თენდებოდა, მორიგეთა ცვლის უფროსმა, იან ფილიპ კუუსინენმა თანამშრომლებს წაქეიფება შესთავაზა: "ხვალ დიდი დღესასწაულია და რა დაშავდება, თუ მოკრძალებულად აღვნიშნავთ? უფროსობა ზეგამდე არ მოგვაკითხავს", - უთხრა პოლიციის ოცეულის უფროსსაც. ამ უკანასკნელს გამეორება არც დასჭირვებია, ისე დათანხმდა და თანაც - სიხარულით. კუუსინენმა ერთ-ერთ პოლიციელს დუქნიდან არაყი და მისაყოლებელი მოატანინა და თორმეტი საათის დადგომისთანავე, პირველი სადღეგრძელოც თვითონ წარმოთქვა. ქეიფი ეშხში რომ შევიდა, კუუსინენმა მეინახეები შეუმჩნევლად მიატოვა, საქვაბისა და ხაზინის რეზერვის საცავის კარი გააღო და ისევ სუფრას მიუბრუნდა. პოლიციელთა ოცეულის უფროსი უკვე გვარიანად შემთვრალიყო და ახლა დაჟინებით ითხოვდა "ბანკეტის გაგრძელებას" - მან ბანკის ეზოდან რამდენიმე ხელქვეითი მოიხმო და მედიდურად უბრძანა: "წადით, სადაც გინდათ, როგორც გინდათ, მიშოვეთ ბლომად არაყი და მომიტანეთ!"

გაგრძელება