"იმ დღეს მტკვარი წითლად შეიღება"
14-03-2016
"იმ დღეს მტკვარი წითლად შეიღება"
9 მარტის მოვლენების უცნობი გმირი კაცი, რომელმაც ცნობილი მოვლენების დროს კავშირგაბმულობის სახლში დახვრეტილი 14 მიცვალებული გააპატიოსნა

19 წლის გულიკო სვანმა ფოსტასთან დაჭრილ ბიჭს დროშა ჩამოართვა და ტანზე შემოიხვია. სწორედ ეს გოგო ააგეს რუსებმა ხიშტებზე, იმ დღეს სანაპიროზე დახოცილები იმ რუსმა სამხედროებმა ადიდებულ მტკვარში გადაყარეს...


ერის ისტორიას გმირები წერენ, მათ შორის უსახელოდ დაკარგულებიც. მიხარია, რომ ერთი გმირი გამოვგლიჯე დრო-ჟამს უსახელოდ წასვლისგან. ამ კაცმა ზუსტად 60 წლის წინ, მარტში, ენით აღუწერელი სიმამაცე
ჩაიდინა, თუმცა ამაზე სიტყვა არასოდეს დასცდენია. მე ეს ამბავი მისმა მეგობარმა მომითხრო. ბატონმა დავით ჩუბინიძემ ხელნაწერი მომიტანა, - სოსო 9 მარტის ამბებს თავისი შვილთაშვილებისთვის წერსო. ასე მოვხვდი 83 წლის სოსო ნაცვლიშვილთან, რომელსაც ლაპარაკი ავადმყოფობის გამოც უჭირს, თუმცა მისი ნაამბობი ბატონმა დავითმა შეავსო, ისიც ამ ტრაგედიის
მონაწილეა.

- ჩვენს თაობას მხოლოდ იმ სისხლის გამო არ უჭირს 9 მარტის გახსენება, რომელიც ძილშიც არ გვასვენებს, არამედ იმიტომაც, რომ ბევრჯერ წამოგვაძახეს, - რა გაქვთ სალაპარაკო, იმ კაცისთვის იხოცებოდით, ვინც ჩვენს თავისუფლებას ჯვარი­ დაუსვაო. სტალინს ბევრი მოწინააღმდეგე­ ჩვენ შორისაც ჰყავდა, მაგრამ გარემოებების გამო მის სახელთან მოხდა ეროვნული გრძნობების ასოცირება და ჩვენც დავირა­ზმეთ. ვმართავდით მრავალათასიან მიტ­ინგებს.

როდესაც გასისხლიანებული და ღამენათევი 10 მარტს შინ დავბრუნდი, ნათესავი ქალი დამხვდა. ისიც და დედაჩემიც თავადიშვილები იყვნენ და სტალინის სახელის გაგონება ზარავდათ, მაგრამ როდესაც ვუამბე, რაც იმ ღამეს მოხდა, ჩვენმა სტუმარმა დედაჩემს რატომღაც მკაცრი ტონით მიმართა, - შეგიძლია შენი ვაჟით იამაყოო!
ხალხი ითხოვდა, ხრუშჩოვს სტალინის ლანძღვა შეეწყვიტა და სახელმწიფოში მისადმი პატივისცემა დაებრუნებინა. ამის ნიშნად, 9 მარტი, სტალინის დაკრძალვის დღე, სამგლოვიარო დღედ გამოცხადებულიყო, რადიოში აღდგენილიყო ქართული ჰიმნი, კვლავ ეჩვენებინათ სტალინის ცხოვრების ამსახველი ფილმები.

ამ მიზნით თბილისში მრავალათას­იანი­ მიტინგები იმართებოდა თავისუფლების მოედანსა და სანაპიროზე, ახლანდელ დედაენის­ ბაღში, სადაც სტალინის ძეგლი იდგა. მაშინდელმა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მდივანმა ვასილ­ მჟავანაძემ გაბედულება გამოიჩინა,­ მომიტინგეების დასაშ­ოშმინებლად რამდენჯ­ერმე გამოვიდა ცეკას შენობის აივანზე სიტყვით, მათი ზოგი მოთხოვნაც კი დააკმაყ­ოფ­ილა, მაგრამ ხალხს­ ეს არ ჰყოფნიდა, - მოითხოვდნენ იმხანად თბილისში მყოფი ჩინეთის მარშალი ჯუ დეს მიტინგზე გამოსვლას, ჩინეთის კომპარტიის მეთაურთან, მაო ძედუნთან სტალინის შეურაცხყოფის ამბის მიტანას, მას კი რაიმე უნდა ეღონა ხრუშჩოვის შესაჩერებლად.

განიზრახეს, კრწანისის რეზიდენციაში­ ჯუ დესთან სალაპარაკოდ დელეგაცია გა­ეგზავნათ. 600-მა კაცმა ყვირილითა და მუქარით დაცვის რკალი გაარღვია და ჯუ დეს რეზიდენციაში ძალით მოინდომა შეჭრა. ბოლოს, საქმეში ჭკვიანი ხალხი ჩაერია და მომიტინგეები დაითანხმეს, რომ ჩინელთან რუსული ენის მცოდნე დელეგაცია შეეგზავნათ. დელეგაციის წევრ ნარჩევ სტუდენტებს მარშალი ხვევნა-კოცნით შეხვდა და განუცხადა, - მიტინგზე ვერ გამოვალ, მაგრამ წარმომადგენელს გამოვგზავნიო. სულ ეს იყო. ამის მერე, დაახლოებით 10 000 კაცი ცეკას შენობას მიადგა, რათა მიეღო პასუხი მთავარ კითხვაზე, რომელსაც ვერაფ­რით მიიღებდა, - რატომ ლანძღავდა ხრუშჩოვი სტალინს. იქ კი გადაწყდა, რომ მომიტინგეები როგორმე კავშირგაბმულობის (ფოსტის!) შენობაში შესულიყვნენ, საიდანაც თავიანთ მოთხოვნებს ცენტრალური რადიოთი მთელ ქვეყანაში გაავრცელებდნენ.

იმ დროს მე ფოსტის შენობის კედელთან ვიდექი. ყვირილმა და შეძახილებმა მიმახვედრა, რომ ხალხმა კარი შეანგრია და შენობაში შეიჭრა. ამასობაში ავტომატის ჯერიც გაისმა. ცხადი გახდა, რომ შენობაში შეიარაღებული ხალხი იდგა და მომიტინგეებს ესროლეს. ამას სროლა მოჰყვა ახლომახლო შენობების სახურავებიდანაც, სადაც რუსი ჯარისკაცები ისხდნენ. ატყდა წივილ-კივილი. მომიტინგეები რუსთაველის მიმდებარე ქუჩებზე გაიფანტნენ. მე გაქცევა არ შემეძლო. გახევებული ვიდექი. როცა ყველაფერი მიწყნარდა, ირგვლივ კაცის ჭაჭანება აღარ იყო, ფოსტის ღია კარში­ შევაბიჯე... იქაურობა სისხლით იყო მო­რ­წყული, ყველა კუთხეში ავტომატიანი ჯარისკაცები იდგნენ, იატაკსა და კიბეებზე ცხედრები ეყარა.

თავში გამიელვა, ახლა რომ ხმა ამოვიღო, მესვრიან-მეთქი, ამიტომ მივადექი ავტომატმომარჯვებულ ოფიცერს და თითით ვან­იშნე, - ამათ მივხედავ-მეთქი. მანაც ავტომატის ლულით მანიშნა, - მიხედეო. პირველივეს მხრებში ჩავავლე ხელი და ქუჩამდე გავათრიე. მერე მეორის გასატანად შევბრუნდი, მერე - მესამის და ასე შემდეგ. ქუჩაზე გვერდიგვერდ ვაწყობდი, ტანსაცმელს ვუსწორებდი და ხელებს გულზე ვუკრეფდი. 14 კაცი იყო.

- არ შეგეშინდათ, რომ ისევე გესროდნენ, როგორც ამ ხალხს?!
- არაფერზე ვფიქრობდი, გარდა იმისა, რომ რასაც ვაკეთებდი, ის აუცილებლად უნდა გამეკეთებინა. საქმე რომ დავამთავრე, მოვარდა შავი მანქანა. იქიდან ახალგაზრდა გადმოხტა. მე და იმ ბიჭმა მიცვალებულები მანქანაში უხმოდ ჩავასვენეთ. როცა მანქანა წავიდა, რუსთაველს დავუწყე თვალიერება. ყველგან ღიაძარიანი სამხედრო მანქანები დადიოდა, ზედ 18-19 წლის ჯარისკაცები იდგნენ. ტრასაზე გამოვედი, ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოვიღე, ხელში დავიჭირე და ქნევა დავიწყე, რათა სამხედროებისთვის მენიშნებინა, აღარ ისროლოთ, ყველაფერი დამთავრდა-მეთქი. არ უსვრიათ... მერე სანაპიროზე ბაღისაკენ დავეშვი, რომ სტალინის ძეგლთან შეკრებილ ხალხთან მივსულიყავი. რა ვიცოდი, იქ რა ხდებოდა... მშრალ ხიდთან მივედი. ზუსტად ამ დროს გაჩერდნენ სამხედრო მანქანები. შეიარაღებული ხალხი გადმოხტა. 200 კაცი მაინც იქნებოდა. იქვე ბუჩქებში ჩავწექი.

მესმოდა კივილი, კვნესა, გოდება - გვიშველეთო. დღემდე ჩამესმის გოგონას ხმა, - დაგვხოცეთ, არსად წავალთო.
მერე გავიგე, 9 მარტს 2 ქალი დაიღუპა და ეს გოგონა, ერთ-ერთი მათგანი, 19 წლის გულიკო სვანი ყოფილა. ფოსტასთან დაჭრილი ბიჭისთვის დროშა ჩამოურთმევია და ტანზე შემოუხვევია. სწორედ ეს გოგო ააგეს იქ რუსებმა ხიშტებზე. მერე დაიწყო ხოცვა-ჟლეტა. ვფიქრობ, სანაპიროზე დახოცილები იმ რუსმა სამხედროებმა ადიდებულ მტკვარში გადაყარეს... გადმოცემით, ამ დღეს ასეულობით კაცი დაიღუპა, თუმცა, როცა არქივები გაიხსნა, 23 აღმოჩნდა.

ჩვენი თაობა ამ კოშმარის თანხლებით ცხოვრობდა, დახოცილების დედების ცრემლის თანხლებით... 9 აპრილსაც ხომ მსგავსი უბედურება დატრიალდა, მაგრამ ეს ხალხი დედებმაც დაიტირეს და ქვეყანამაც; 9 მარტს კი მიცვალებულების გლოვის ნებას არ იძლეოდნენ. მიცვალებულები შინაც არ უნდოდათ გაეტანებინათ, ამიტომ დასაკრძალად თანხა სახელმწიფომ გამოყო. მაგრამ უფრო დიდი მღელვარებისა შეეშინდათ და ოჯახებს მიცვალებულების დაკრძალვის ნება დართეს, ოღონდ ჩუმად, კომისრისა და მილიციელების თანხლებით.

"ახლა ისევ შენ იყავი დედა"

"9 მარტის ტრაგედიის სულისშემძვრელ ამბებთაგან ორი მათგანი დღემდე გულს მიკლავს. ბორის ზარგარიანი ბებიამ უკიდურეს სიღარიბეში გაზარდა. დაკრძალვისას მოხუცი ხმადაბლა (ხმამაღალი გლოვა აკრძალული იყო) ქვითინებდა, - რამდენჯერ შემომჩივლა ჩემმა ბიჭმა, ყველას ქუდი ახურავს, მე კი არა მაქვს და ვიყინებიო, იმ ქვეყნადაც უქუდოდ მიდის, რა ეშველებაო... ამის გაგონებაზე თურმე დაკრძალვის კომისარმა მილიციელს თვალით ანიშნა. ის წავიდა და ქუდი მოიტანა. კომისარმა სასახლე ახადა (რაც ასევე აკრძალული იყო) და ბიჭს ქუდი ჩაუდო.

შენგელი ნოზაძეც მამით ობოლი იყო. მიცვალებულის თბილისიდან წასას­ვენებლად შენგელის დედა და ბიცოლა ჩამოვიდნენ. შვილის ამოსაცნობად შესვლა დედამ ვერ შეძლო. ბიცოლამ თქვა, - დედა მე ვარო. ბიცოლას დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე უჩიჩინებდნენ, - ის დამნაშავეა, შინ ვერ გაგატანთ, თავად დავკრძალავთო. მაშინ მომკალით და მასთან ერთად დამმარხეთ, რადგან ისეთი ღარიბი­ ვარ, შვილის საფლავზე ვერასოდეს ჩამოვალ, შინ კიდევ 4 ობოლი მელოდებაო. როგორც იქნა, ქალს გვამი კომისრისა და ბადრაგის თანხლებით ხაშურში იმ პირობით გაატანეს, რომ პირდაპირ სასაფლაოზე წაასვენებდნენ. სასაფლაოდან დაბრუნებულმა ბიცოლამ კი შავი თავსაფარი კომისრის თვალწინ მოიხადა და ბიჭის დედას მოახვია - ახლა ისევ შენ იყავი დედაო..."
mravalwertils
05 მაისი 2016 17:14
სახლემწიფოს როცა უპირსპირდებიან ასეთი სისასტიკით სხვა ცივილიზებულზე მაწვს საუბარი ხიშტებით არ უსწორდება,მკვდრებას არ მალაავს,რაღაც არ გამიგია ,მდინარე სენაში ან ტემზაში გადაყრილი მიცვალებულები,რაც შეეხება ხრუშოვს,ის ვერ იტანდა სტალინს,ეს დაიწყო ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს,მიზეზი კი ხრუშოვის ლოთი შვილი გახდა,მას თავისივე თანამებრძოლი შემოაკვდა,ამის გამო სტალინმა მის შვილს დახვრეტა შეუფარდა,რაზეც ხრუშოვი მუხლებში ჩაუვრდა კაბინეტში რომ დაიბარა,სტალინს უთქვავს აქ როგორ მოხვედი,როგორც მამა თუ როგორც პოლიტიკოსი,თუ როგორც მამა შვიწყალებ თუ როგორც პოლიტიკოსი მაშინ დაისჯება,ხრუუშვმა როგორც მამაო,მოკლედ არ დახვრიტეს მარა იმ ლოთმა კიდევ რაღაც ჩაიდინა,და კიდევ მივიდა ხრუშოვი სათხოვნელად,აი ეს დამცირება ბოღმად ჩაუდია და ამიტომაც რომ მოვიდა სათავეში პირველ რიგში სტალინის სახელის გაფუჭებას შუედგა და ძეგლების აღებას.მეც დარწმუნებული ვარ რომ სტალინის სიძლიერეას რუსეთი ვერ აიტანდა და ფარულად ბევრ რამეს მას "სტენიდა".
misha
27 მარტი 2016 21:56
მერე ასეთი მთავრობის დედაც რომელიც თავის ხალხს იარაღით გაუსწორდება.აქეთ კიდევ რუსეთმა. გერმანია გაანაურაო რომ იძახი. ხო სულ რუსეთმა გაანადგურა გერმანია ისტორია წაიკითხეთ ევროპა რომ არ ჩარეულიყო და არ დაფინანსებინათ რუსეთი ჩემ ფეხებს გაანაგურებდა გერმანიას.
........
22 მარტი 2016 16:35
თუ არ დამიბლოკეს. მართლა ქალისთვის შეურაცხყოფა არასოდეს მიმიყენებია და არც ამ შემთხვევაში, უბრალოდ ძალიან უადგილო იყო სიტყვა ჩმორი და მთხლე, რა შუაშია არ ვიცი. იმ გამოტვინებულმა ჯაჭვლიანმა ამ თავისი მდაბიო ლექსიკონით ისედაც სამარცხვინო პარლამენტი მთლად "შაპიტოს" დაამსგავსა და მეც იგივე რეაქცია მაქვს ამაზე როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს. არ გედავები რომ გაუნათლებელი ადამიანი არ იქნები, მაგრამ ჯანსაღი პოლემიკა ერთმანეთის შეურაცხყოფაში არ უნდა გადაიზარდოს. უნდა გაითვალისწინო რომ სხვასაც შეუძლია მტკივნეული ილეთის თუ ამდაგვარის გამოყენება.

რედაქტორის რჩევით