ხორავამ "სძლია" ჭაბუკიანს - კვირის პალიტრა

ხორავამ "სძლია" ჭაბუკიანს

ელენე ყიფშიძისა და კოტე მახარაძის ერთობლივი პა

ცნობილი სპორტსმენისა და ქორეოგრაფის, დავით ჯავრიშვილის არქივში უამრავ უნიკალურ ფოტოს წავაწყდი. მათ შორის საინტერესოა ერთ-ერთი: ათიოდე წლის გოგონა და ბიჭი, ჩაიკოვსკის ბალეტ "მაკნატუნას" კოსტიუმებში გამოწყობილნი, მოხდენილად აკეთებენ პას. გოგონა ცნობილი მსახიობი ელენე ყიფშიძეა, ბიჭუნა კი - კოტე მახარაძე, რომელიც საბალეტო სტუდიის იმდენად ნიჭიერი მოცეკვავე ყოფილა, რომ ჯერ კიდევ ადრეული სიყმაწვილიდან აძლევდნენ საუკეთესო საბალეტო როლებს.

კოტე მახარაძე ყველასთვის საყვარელი მსახიობი, ფეხბურთის თავგამოდებული გულშემატკივარი და კომენტატორი რომ იყო, ცნობილია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ თავის დროზე შესანიშნავად ცეკვავდა. მიუხედავად იმისა, რომ ბალეტს თავი დაანება, ძალიან უყვარდა სასცენო ხელოვნების ეს სახეობა.

ფოტოსა და კოტე მახარაძის საბალეტო წარსულის შესახებ მისმა ქალიშვილმა, ბალერინა მაკა მახარაძემ გვიამბო: "როცა მამამ "მაკნატუნა" იცეკვა, 9 წლის იყო. იმ დროს ვახტანგ ჭაბუკიანი ძალიან პოპულარული გახლდათ, გაკერპებული ჰყავდა ბალეტის მოყვარულ საზოგადოებას. ჩვენს ოჯახში ბებიაჩემი, მამაჩემის დედა, ყოფილა მოწადინებული, რომ მოცეკვავე შვილი ჰყოლოდა და ვახტანგ ჭაბუკიანის სიყვარული პატარა კოტესთვისაც ჩაუნერგავს.

დავით ჯავრიშვილის სტუდიაში საუკეთესო მონაცემების გამო მამა სოლო პარტიებს ცეკვავდა. ბალეტსაც დაუკავშირებდა ცხოვრებას სამუდამოდ, რომ არა მეორე კერპის გამოჩენა მის ცხოვრებაში. ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედების უზომოდ მოყვარული არანაკლებ აღმერთებდა აკაკი ხორავას. ამიტომაც ორჭოფობდა, რა აერჩია - ბალეტი თუ თეატრი. ამასობაში სტუდიაც დაასრულა და როგორც პროფესიონალი და საუკეთესო მოცეკვავე, საოპერო თეატრში მიიღეს, მაგრამ ხორავამ "სძლია" ჭაბუკიანს და მამამ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა გამოცდები.

ძალიან გაუხარდა, როდესაც ბალეტის სწავლა განვიზრახე. ჩემი მშობლებისთვის მე მათი ოცნების ფრთაშესხმა ვიყავი. დედაჩემს, მედეა ჩახავასაც უზომოდ უყვარდა ბალეტი, მაგრამ გარემოებათა გამო ვერ აისრულა ოცნება და საბალეტო სკოლაში ვერ ისწავლა.

მშობლები აღტაცებული იყვნენ ჩემი გადაწყვეტილებით. მიუხედავად იმისა, რომ მამამ "უღალატა" ბალეტს, თავისი კერპის, ვახტანგ ჭაბუკიანის ერთგული დარჩა. სანამ ამ უდიდეს ხელოვანს შერისხავდნენ, მამამ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. შეკრიბა მასალები და ჩაწერა ინტერვიუები მაშინდელ ცნობილ მოცეკვავეებთან, მაია პლისეცკაიასთან, მიხეილ ლავროვსკისთან და სხვებთან. 1972 წელს დასრულდა ფილმი და ჭაბუკიანიც მალევე დაითხოვეს თეატრიდან.

ბატონ ვახტანგს ძალზე თბილი, ნდობით სავსე ურთიერთობა ჰქონდა კოტესთან. შემდეგ, როდესაც მისი რეაბილიტაცია მოხდა, ვახტანგი ითხოვდა, ყველა საღამო, ყველა ღონისძიება, ყველა კონცერტი, რომელიც მე მეძღვნება, მხოლოდ და მხოლოდ კოტემ წაიყვანოსო. მამა ძალიან ბედნიერი იყო ამის გამო. ამ ფოტოზე მამასთან ერთად გადაღებულია შესანიშნავი ქალბატონი ელენე ყიფშიძე, რომელიც მაშას პარტიას ასრულებდა "მაკნატუნაში".

მამასა და ქალბატონ ელენეს პარტნიორობას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ორივე საუკეთესო მოცეკვავე იყო სტუდიაში, შეეძლოთ მთელი ცხოვრება ბალეტისთვის მიეძღვნათ, მაგრამ ერთნაირი არჩევანი გააკეთეს, - საბალეტო სტუდიის დასრულების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში განაგრძეს სწავლა. შემდეგ მათი გზები გაიყარა, მამა 25 წელი რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო, მოგვიანებით, როდესაც მარჯანიშვილის თეატრში გადავიდა, ქალბატონი ელენესა და მისი პარტნიორობა გაგრძელდა. ერთად ბევრ სპექტაკლში ითამაშეს...