როგორ გააცურა "სპარსეთის პრინცმა" პოლონელები - ქარ­თ­ვე­ლი თა­ვა­დის მსოფლიო აფე­რე­ბი - კვირის პალიტრა

როგორ გააცურა "სპარსეთის პრინცმა" პოლონელები - ქარ­თ­ვე­ლი თა­ვა­დის მსოფლიო აფე­რე­ბი

"სხეული ჩინებული მაქვს, სულზე მოგვიანებით ვიზრუნებ, პასპორტის შოვნას კი ყოველთვის მოვახერხებ"

გაღატაკებული თავადის ოჯახიდან გამოსული მიხეილ წერეთელი ახალგაზრდობაში კავკასიის საფოსტო-სატელეგრაფო უწყებაში რიგით ჩინოვნიკად მსახურობდა, რაც, რა თქმა უნდა, ოდნავადაც არ აკმაყოფილებდა და თვალი სულ ლამაზი ცხოვრებისა და დიდი ფულის შოვნისკენ ეჭირა. ამიტომაც, სასურველი მიზნის მისაღწევად, სულ სხვადასხვა გეგმის მოფიქრებასა და განხორციელებასაც მალევე შეუდგა. დამწყებმა თაღლითმა თავიდან გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, რამაც ფრთები შეასხა და უფრო სარისკო საქმეების კეთებისკენ უბიძგა. თუმცა, მალევე ჩავარდა და სასამართლომ მარტო პატიმრობა კი არ მიუსაჯა, ქონებაზე ყველანაირი უფლებისა და თავადის ტიტულის გარეშეც დატოვა. მთავარი - ნებისმიერი გზით გამდიდრების დაუოკებელი სურვილი - წერეთელს უწინდებურად შერჩა და იმდროინდელი გაზეთების მტკიცებით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ "უმაღლესი საერთაშორისო კლასის პროფესიონალ ავანტიურისტადაც" ჩამოყალიბდა.

თავადური წარმოშობა, შესანიშნავი მანერები და ენების ცოდნა წერეთელს აფერების განხორციელებაში ძალიან ეხმარებოდა. სხვადასხვა დროს ის თავს კავკასიაში მიწების მდიდარი მფლობელის მემკვიდრედ, მსოფლიო ომში თავგამოჩენილ სამხედრო ოფიცრად, დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ რევოლუციონერად და თვით სპარსეთის პრინცადაც კი ასაღებდა და თითოეულ ამ როლს შესანიშნავად ირგებდა.

თაღლითი კავკასიის ბევრი ცნობილი და პატივსაცემი მცხოვრების სახელსაც ხშირად ითვისებდა და ამასაც იმდენად დამაჯერებლად აკეთებდა, რომ კარგა ხნის განმავლობაში თვით ყველაზე გამოცდილ მაძებრებსაც კი არაფერი აეჭვებდათ. და კიდევ, წინააღმდეგობრიობებით აგრერიგად "დახუნძლული" თაღლითი თავისი ცხოვრების მთავარ მიზანს - გამდიდრებას - ღარიბთა დახმარებას, ამ მიზნით მნიშვნელოვანი თანხების გაღებასა და ქველმოქმედებასაც მშვენივრად უთავსებდა და მიუხედავად იმისა, რომ ქალების მიმართ ძირითადად მომხმარებლურად იყო განწყობილი და არც მათ ხარჯზე გამდიდრებას თაკილობდა, ერთი უბრალო გოგონასთვის, რომელსაც ის გულწრფელად და სრულიად უანგაროდ შეუყვარდა, ყველაფრის გასაღებადაც კი მზად იყო.

მიხეილ წერეთელმა "კარიერა" 1899 წელს, ოდესაში დაიწყო, სადაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჩავიდა. რაღა თქმა უნდა, ქალაქი, სადაც ყოველთვის თავისებური კრიმინალური ატმოსფერო სუფევდა, თაღლითს შემთხვევით არ აურჩევია. ასე რომ, ერთ დღესაც, მისი სახით ოდესას "სულით მონათესავე", მაგრამ გარეგნულად მეტისმეტად რესპექტაბელური და არნახულად მიმზიდველი ბატონი მოევლინა, რომელიც მოდის "ბოლო სიტყვის მიხედვით" იყო ჩაცმული და ზედმიწევნით დახვეწილი მანერებიც ჰქონდა. საუბრისას ერთი ენიდან მეორეზე დაუბრკოლებლად გადადიოდა და უკვე ისედაც მონუსხულ მსმენელებს თავბრუს უცხო სიტყვებითა და ფრაზებითაც მარჯვედ ახვევდა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ოდესაში წერეთელმა დიდსა და პატარაზე თავიდანვე მომაჯადოებელი შთაბეჭდილება მოახდინა და საჭირო ადამიანების სრული ნდობის მოპოვებაც მალევე მოახერხა. მორიგი აფერის გასახორციელებლად კი, ნიადაგის საფუძვლიანად მოსინჯვის შემდეგ, ოდესაში მდებარე მგზავრების გადაყვანითა და ტვირთების გადაზიდვით დაკავებული გერმანული სათბომავლო კომპანია აირჩია. პრაქტიკულად უნაკლო ყალბი დოკუმენტების დამზადების შემდეგ, წერეთელმა, მექაში კავკასიელი მუსლიმანების ჩაყვანის მიზნით(?!), კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა. პარადოქსია, მაგრამ გერმანელი კომერსანტები არც თაღლითის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს და არც შეთანხმების ხასიათს ოდნავაც არ დაუეჭვებია. ამ უცნაური გარიგების წვრილმანებს არც ჩვენ ჩავუღრმავდებით და მხოლოდ იმას შევნიშნავთ, რომ საბოლოოდ, წერეთელი ოდესის პოლიციას ხელიდან ოსტატურად დაუსხლტა, გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა და თან ოქროთი გაცემული 180 ათასი რუბლიც გაიყოლა.

გარკვეული დროის შემდეგ მიხეილ წერეთელი ერთმანეთის მიყოლებით რუსეთის იმპერიის რამდენიმე სამხრეთულ ქალაქში -კიევში, ხარკოვში, ეკატერინოსლავსა და დონის როსტოვში გამოჩნდა, სადაც თაღლითობის გზით ასობით ათასი რუბლი მიითვისა. ამის შემდეგ ერთხანს მოსკოვშიც "წაიმუშავა", სადაც, გაყალბებული ორდერით ძმები ჯუნგაროვების საბანკო კანტორაში 70.658 რუბლი და 57 კაპიკი (სიზუსტეც ასეთი უნდა!) მიითვალა.

ქართველმა თავადმა თავისი "სტუმრობით" ევროპის არაერთი ქვეყანაც საკმარისად "გააბედნიერა" და როგორც ბანკებისა და მაღაზიების უზადო მძარცველმა, თავისი "წარუშლელი კვალი" ლონდონში, ვარშავასა და სხვა ევროპულ დედაქალაქებშიც დატოვა. განსაკუთრებით კი მაინც ვარშავაში გამოიჩინა თავი, რომლის მცხოვრებთაც, არც მეტი, არც ნაკლები, სპარსეთის პრინცად მოევლინა. მოდურ ცენტრალურ სასტუმრო "ბრისტოლში" რამდენიმე საუკეთესო ნომრის დაკავების შემდეგ, "პრინცი" ფულის ფლანგვასა და მხიარულ ცხოვრებას შეუდგა. ქალაქში გამართულ მიღებებსა თუ თეატრალურ წარმოდგენებზე საკუთარი ამალით დაბრძანდებოდა, ნაცნობობას მხოლოდ მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებთან აბამდა, რომლებსაც ვითომ სხვათა შორის იმაზეც მიანიშნებდა, რომ მეფის რუსეთის დედაქალაქის დიდი თანამდებობის მქონე პერსონებთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა.

"პრინცისა" და მისი ამალის წევრების მიმზიდველი გარეგნობა და კაშკაშა აღმოსავლური კოსტიუმები ვარშაველებზე გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ახდენდა, ხოლო გაზეთები მის ცხოვრებაზე წერით არ იღლებოდნენ. თავად "პრინცი" კი დროს ტყუილად ნამდვილად არ კარგავდა და აფერას აფერაზე გეგმავდა. ვარშავაში მისი ყურადღება ძირითადად მდიდრულმა ანტიკვარულმა მაღაზიებმა მიიქცია, სადაც ასევე მთელი თავისი ეგზოტიკური ამალით შედიოდა და ესოდენ უცხო და თვალისმომჭრელი სანახაობით ყველას ადგილზე აშეშებდა. მაღაზიებში "პრინცი" ყველაზე საუკეთესო და უძვირფასეს ანტიკვარულ და საიუველირო ნაწარმს ირჩევდა, გამყიდველებს მხოლოდ სპარსი თარჯიმნის მეშვეობით ესაუბრებოდა და განკარგულებას აძლევდა, შეძენილი ძვირფასეულობა "ბრისტოლის" რომელ ნომერში მიეტანათ და ანგარიში რა ვადაში წარედგინათ. ზოგჯერ, თუ არჩევანს განსაკუთრებულად დახვეწილ და ძვირფას ნივთზე შეაჩერებდა, მაღაზიის მეპატრონის ორდენით დაჯილდოების სურვილსაც გამოთქვამდა ხოლმე. ერთ დღეს კი ეს სურვილი საქმედაც აქცია. გამყიდველებს, ვის მაღაზიებშიც უზარმაზარი თანხის საქონელი აირჩია, ყალბი ორდენები გულუხვად ჩამოურიგა და... უკვალოდ გაქრა.

საბანკო აფერების უკეთ გასახორციელებლად, წერეთელი გვარსაც ხშირად იცვლიდა და საზოგადოებას ხან ანდრონიკოვად, ხანაც თუმანოვად ევლინებოდა. ასეთი არჩევანი შემთხვევითი სულაც არ იყო, რადგანაც ქართული ანდრონიკაშვილიდან მომდინარე ანდრონიკოვი ომის ცნობილ გმირთან, ინფანტერიის გენერალსა და იმერეთის მეფის, სოლომონ II-ის შვილიშვილ ივანე ანდრონიკაშვილთან, თუმანოვი კი ცნობილ ქართველ თავადებთან, თუმანიშვილებთან ნათესაობაზე მიანიშნებდა, რაც საქართველოს ფარგლებს გარეთაც კი ყველასთვის ზედმიწევნით საპატიო იყო. ჰოდა, გაწაფული თაღლითიც ამ გვარებს, წინ რომ "კნიაზიც" უძღოდა და უმალვე მოწიწებასა და პატივისცემას აღძრავდა, ერთმანეთს გამუდმებით უნაცვლებდა და მიზანში ამოღებულ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ხან ანდრონიკოვად, ხან თუმანოვად და ხანაც წერეთლად ჩნდებოდა. გაკვირვებული თანამზრახველების კითხვაზე კი, ეს რაღაში გჭირდებაო, ასე პასუხობდა: "მუდამ ერთ ადამიანად ყოფნა მოსაწყენია. როგორც კი სხვა ადამიანი ხდები, თავში მაშინვე სხვა და, რაც მთავარია, ახალი და კარგი იდეებიც მოგდის. ადამიანი ხომ სხეულის, სულისა და პასპორტისგან შედგება? სხეული ჩინებული მაქვს, სულზე მოგვიანებით ვიზრუნებ, პასპორტის შოვნას კი ყოველთვის მოვახერხებ".

წერეთელს მართლაც ნებისმიერი უნაკლოდ დამზადებული ყალბი პასპორტის შოვნა შეეძლო.

გაგრძელება