"მამა მხოლოდ იმიტომ დახვრიტეს, რომ გერმანელი იყო..." - გერმანელი ტყვეები საქართველოში - კვირის პალიტრა

"მამა მხოლოდ იმიტომ დახვრიტეს, რომ გერმანელი იყო..." - გერმანელი ტყვეები საქართველოში

"ბავშვები ტყვეებს დავძახოდით, - ჰიტლერ კაპუტო! ისინი არაფერს გვეუბნებოდნენ... მერე შეგვეჩვივნენ და თავიანთი ხელით გაკეთებულ სათამაშოებს გვჩუქნიდნენ... ერთი ბიჭი იყო, ჩემი ტოლი იქნებოდა, ის რაღა შუაში იყო სიკვდილთან!..

"გერმანელი ტყვეებისთვის სპეციალურად ბარაკები აშენდა, სადაც ყარაული ჰყავდათ. საქართველოში გერმანელ ტყვეთა რაოდენობისა თუ მათი სიკვდილიანობის სტატისტიკა დღემდე გასაიდუმლოებულია"

სასაფლაო ამ ქვეყნისა და იმ ქვეყნის ის ხიდია, რომელიც ყველამ უნდა გადავიაროთ, საფლავების პატივისცემა ადამიანურ მისიად იქცა! ქართველებს მოსისხლე მტრის სამარის შენახვის არაერთი მაგალითი გვაქვს, მათ შორის ბოლო საუკუნისაც - საქართველოში ტყვე გერმანელი ჯარისკაცების საფლავებსაც ვიღაც ჩუმად პატრონობდა. ეს ამბავი გასულ კვირას საბურთალოს გერმანელების სასაფლაოს გარშემო ატეხილმა ხმაურმაც გამახსენა - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიღმა, ფერდობზე სამშენებლო კომპანიამ კორპუსების აშენება მოიწადინა! მოსახლეობა შეეწინააღმდეგა - აქ ტყვე გერმანელები არიან დაკრძალულნიო.

ტყიბულში გერმანელ ტყვეთა სასაფლაოს ქართველები მოწიწებით უვლიან

ორი საუკუნის წინ საქართველოში ჩამოსახლებულ გერმანელებს საბჭოთა ხელისუფლებამ ბევრჯერ აწყევლინა თავბედი - ერთი ადგილიდან აყრილებს მეორე ადგილზე მუხლის ჩაკრეფას არ აცლიდნენ, რომ კვლავ ასახლებდნენ. ქართველ გერმანელთა სათვისტომოს მეთაური გარი აუგუსტი 1942 წელს მხოლოდ გერმანელობის გამო დახვრეტილი გერმანელი მამის შვილია. იმიტომ გადარჩა, რომ დედა მჭედლიშვილი ჰყავდა, სოფელ ანაგიდან.

- ევროპიდან საქართველომდე ჩვენი გზა იოლი არ ყოფილა, რომ არა ევროპაში ატეხილი ომები, შიმშილი და ბოლოს, 1815 წლის აპრილში ინდონეზიაში ვულკან ტამბორას ამოფრქვევა, ალბათ ევროპიდან ემიგრანტების ასეთი მასობრივი შემოდინება არ იქნებოდა. ტამბორა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ამოფრქვევა იყო - ვულკანური ფერფლის ღრუბელი მთელ ევროპას გადაეფარა და 1816 წელს გაზაფხულ-ზაფხული არ დამდგარა. დაიწყო შიმშილობა, რომელმაც დააფრთხო ე.წ. ლუთერანი სეპარატისტები, რომლებიც მეორედ მოსვლას წინასწარმეტყველებდნენ. მათ მოინდომეს ამ მოვლენას პალესტინაში, წმინდა მიწაზე ან არარატის მთაზე შეხვედროდნენ, სადაც საქართველოდან უფრო კარგად ჩავიდოდნენ... თუმცა, საქართველოში ჩასულები ისე შეეთვისნენ აქაურობას, ეს სურვილი გაუქრათ... ამის მაგალითად ერთ ამბავს შეგახსენებთ: ზუგდიდში, ეკატერინე დადიანის ოჯახში, 9 წელი ცხოვრობდა მისი მეგობარი გერმანელი მწერალი, პირველი ნობელიანტი ქალი ბერტა ფონ ზუტნერი, რომელმაც საუცხოო მოგონებები დატოვა საქართველოზე... რაც შეეხება გერმანელ ტყვეებს: ჩემი ოჯახი მელიქიშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. პატარა კი ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს თბილისში ჩამოყვანილი გერმანელი ტყვეები, რომლებიც მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ მშენებლობაზე. მამაჩემი გერმანელობის გამო დახვრეტეს, დაშინებული დედა მმალავდა, რომ რაიმე არ დამშავებოდა. ომით გაღატაკებული მეზობლები კი მწირ ლუკმას გვინაწილებდნენ...

გერმანელები საკუთარ ვენახში ყურძნის კრეფისას

- თბილისში საუკეთესო "სტალინური არქიტექტურის" ნაგებობებია, მათ შორის პარლამენტის შენობა გერმანელი ტყვეების აგებულია.

- არა მხოლოდ თბილისში, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებშიც ათასობით ტყვე ჩამოარიგეს სამშენებლო საქმიანობისთვის. მათ ადგილობრივი პატიმარებიც დაუმატეს და ფაქტობრივად, უფასო მუშახელით აღდგა და აშენდა საუკეთესო საბჭოთა შენობები. თბილისში ტყვეებს პლეხანოვზე 1897 წელს აშენებული გერმანული ტაძარი დააშლევინეს და მისი ქვებით ახლანდელ მარჯანიშვილის მოედანზე დღესაც ყველაზე დიდი და ლამაზი ორი ხუთსართულიანი შენობა ააშენებინეს.

- ტყვეები სად ცხოვრობდნენ?

- ბარაკებში, სადაც ყარაული ჰყავდათ. ბევრ თბილისელს ახსოვს - აქ გარდაცვლილ ტყვეებს საბურთალოს ტერიტორიაზე კრძალავდნენ. ამ ტყვეების რაოდენობისა თუ მათი სიკვდილიანობის სტატისტიკა დღემდე გასაიდუმლოებულია. ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერანაირი მონაცემი ვერ მოვიპოვე... საბოლოოდ, ყველა მათგანი 1955 წელს, მოსკოვში ფედერაციული გერმანიის კანცლერის კონრად ადენაუერის ჩამოსვლისა და ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ გაათავისუფლეს, მათ შორის სოხუმის ტყვე გერმანელი ფიზიკოსები, რომელთაც სწორედ სოხუმში შექმნეს ის გამდიდრებული ურანი, რომელიც საფუძვლად დაედო პირველი საბჭოთა ატომური ბომბის შექმნას.

- გვითხრა ბატონმა ჰარიმ და იმედი გამოთქვა, რომ 2017 წელს, როცა საქართველოში გერმანელების ჩამოსახლების 200 წელი სრულდება, ოფიციალურად დადგინდება გერმანელ ტყვეთა სტატისტიკაც. თუ იმ ადამიანებს მოუსმენ, რომლებსაც გერმანელი ტყვეების სასაფლაოების აღდგენაში დიდი წვლილი მიუძღვით, შეიძლება თვალზე ცრემლიც კი მოგადგეს. მათგან ანრი ქავთარაძემ მახინჯაურში და ბეჟან აბესაძემ - ტყიბულში წლები მოანდომეს გარდაცვლილ ტყვე გერმანელებზე დოკუმენტაციის შეგროვებას და მათი სასაფლაოს აღდგენას.

ანრი ქავთარაძე: - პატარა ბიჭი ვიყავი, როცა ჩემკბილა ბიჭებთან ერთად გერმანელ ტყვეთა ბარაკს ვუთვალთვალებდი, - იქ არავის უშვებდნენ, მაგრამ ჩვენ, ბავშვებს, წინ ვინ დაგვიდგებოდა. ტყვეები მშენებლობებამდე ღია მანქანებით მიჰყავდათ, ბიჭები ამ მანქანებს ჩამოვეკიდებოდით და სკოლასთან ჩამოვხტებოდით; გზაში კი ტყვეებს დავძახოდით, - ჰიტლერ კაპუტო! ისინი არაფერს გვეუბნებოდნენ, ბავშვმა რა იცის, რას ლაპარაკობს, მაგრამ შეგვეჩვივნენ და თავიანთი ხელით გაკეთებულ სათამაშოებს გვჩუქნიდნენ... მათ შორის ერთი ბიჭი იყო, ჩემი ტოლი იქნებოდა, ის რაღა შუაში იყო სიკვდილთან! მათი გარდაცვალებაც მახსოვს, - ერთი მშენებლობიდან ჩამოვარდა და მოკვდა...

გარდაცვლილ ტყვეებს ერთ ადგილას კრძალავდნენ - სასაფლაოს ვინ მოუწყობდა! ეგ კი იყო, რომ თითოეულს ხის ჯვრები დაუდგეს და გერმანულად მათი სახელები დააწერეს. მერე ეს ჯვრებიც დალპა. საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, მივედი მთავრობაში - ეს საფლავები მოსავლელია-მეთქი. მერე გერმანიის ელჩსაც მივწვდი, - გარდაცვლილი ტყვეების სახელები მათ გაიგეს მოსკოვის არქივში. ბევრი ვიბრძოლე, რომ სასაფლაო გაკეთებულიყო, ერთმა-ორმა - აქ ბოსტნები გვაქვს, გვერდზე ვერ შევიწევითო!.. ბიძაჩემიც დაიღუპა გერმანიასთან ომში, მაგრამ მიცვალებულმა რა დამიშავა, საფლავს მოვლა უნდა-მეთქი! ახლა ამ სასაფლაოს რომ ჩავუვლი, სიმშვიდე მეუფლება - თითქოს ამაზე ფასეული ცხოვრებაში არაფერი გამეკეთებინოს.

ბეჟან აბესაძე: - ტყვეებს ტყიბულში ვერ მოვესწარი, მაგრამ მათი სასაფლაოს ამბავი ყველას ახსოვდა და არ მასვენებდა... ერთ მოხუცს მივაკვლიე, გერმანელთა ბარაკის ყარაულად იყო ნამუშევარი. მომიყვა, - ბიძიკო, ისეთი ხალხი იყო, პატივი უნდა გეცა. მარტო ტყიბულის მაღაროებში უამრავი გამოგონება აქვთ დატოვებულიო... ბევრი ვეცადე, მათი ხელფასის უწყისი მოვიპოვე და საკუთარი ხელით ჩავაბარე გერმანიის ელჩს.

ტყიბულში დახოცილ ტყვეებს ხრამის პირას სუდარით მარხავდნენ, მათ საფლავებზე ჯვრებიც არ დაუდგამთ. ღმერთმა შეუნდოთ, თუ ჩვენ წინაშე ცოდვა მიუძღვით - უცოდველი არავინ არის და ჩვენ მათი ცოდვების განმკითხავი ვერ ვიქნებით. გვითხრეს ამ ადამიანებმა და ჩვენც დავეთანხმეთ - სასაფლაოები იმ ქვეყნად გადასასვლელი ხიდია, რომელზეც ყველა ადამიანი ოდესმე გაივლის, მანამდე კი ჩვენ-ჩვენი ადამიანური ვალი გვაქვს შესასრულებელი.

ელიზაბეტ ტალი - გერმანული სოფელი საქართველოში

თეთრიწყაროს რაიონის სოფელი ასურეთი ორი საუკუნის წინ საქართველოში ჩამოსახლებულმა გერმანელმა კოლონისტებმა ააშენეს. თეთრი ქვით, ცემენტისა და ლურსმნის გარეშე აგებული სახლებისა და მუხის აივნების გამძლეობა აქაურ მცხოვრებლებს დღემდე აოცებთ.

გერმანელი კოლონისტები 1817 წელს რუსეთის მეფე ალექსანდრე II-ს ჩამოუსახლებია. სოფლისთვის მისი მეუღლის პატივსაცემად უწოდებიათ ელიზაბეტტალი - ელიზაბეტის დასახლება. აქ 1400-მდე ოჯახი - 7000 კაცი დამკვიდრებულა. თითქმის 125 წლის შემდეგ, 1941 წელს, გერმანელები შუა აზიაში გადაასახლეს და აქ რაჭველები ჩამოასახლეს. დატოვეს მხოლოდ ქართველებთან დაოჯახებულნი. სოფელს ძველი სახელი დაუბრუნეს - ასურეთი. გერმანელთა ყველა სახლს ჰქონდა სარდაფი და სათავსი. მათი ნაქონი სამუშაო იარაღები და საყოფაცხოვრებო ნივთები დღემდეა შემონახული. გოგირდის აბანო, ქათმის ფერმა და უნიკალური მარანი, რომელიც სოფლიდან რამდენიმე კილომეტრშია, დღეს უფუნქციოდაა. აქ ღვინო გერმანული ტექნოლოგიით მზადდებოდა. მთავარი მეღვინე იყო გერმანელი კოლონისტი ევგენი რაიტენბახი, რომელიც 1938 წელს გარდაიცვალა ასურეთში.

გერმანელ ტყვეთა სტატისტიკა

მოსკოვის უშიშროების არქივებში დაცული გერმანელ ტყვეთა ზოგადი სტატისტიკა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გამოქვეყნდა; საბჭოთა კავშირში 2 389 560 გერმანელი ტყვე იყო ჩამოყვანილი (გერმანული წყაროებით, - 3 486 000). მათი საკვების დღიურ ნორმაში შედიოდა: 400 გრამი შავი პური, 100 გრამი თევზი, 100 გრამი ბურღული, 500 გრამი ბოსტნეული და კარტოფილი, 20 გრამი შაქარი, 30 გრამი მარილი. მშენებლობაზე მომუშავე ტყვეებს ხელფასად ეძლეოდათ: თვეში 7 რუბლი რიგითებს, 10 - ოფიცრებს, 15 - პოლკოვნიკებს, 30 - გენერლებს. სამუშაოს კარგად შესრულებისთვის პრემიებსაც გასცემდნენ - თვეში 50 რუბლის ოდენობით. ისინი გამოირჩეოდნენ სამუშაო დისციპლინით და არ იცოდნენ, რა იყო ე.წ. ხალტურა.

ეთერ ერაძე