ბურებთან - კვირის პალიტრა

ბურებთან

ნიკო ბური (ბაგრატიონი)

მოგონება

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #50-51, 2009; #1-10 2010)

წმინდა ელენეს კუნძულზე მოხვედრილ სამხედრო ტყვეთა ყოფა სავალალო იყო. პირველ ხანებში ტყვეებს სასტიკად აკრძალული ჰქონდათ ბანაკის ფარგლებს გარეთ გასვლა. ისინი მოუწყობელ კარვებში ცხოვრობდნენ, თვეში მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ ოჯახში ბარათის გაგზავნის უფლება... დროთა განმავლობაში ნიკო ბურსა და მის მეგობარს, გრაფ ბრედას ნება დართეს მოენახულებინათ ნაპოლეონისეული სახლი-მუზეუმი, სადაც ნაპოლეონის საუცხოო ბიუსტიც იდგა.

"ერთ დროს, რუსეთის ველებზე მას ებრძოდა პეტრე ბაგრატიონი, ახლა ცხრა მთასა და ცხრა ზღვის გადაღმა მისი პატარა ბიუსტის წინაშე ვიდექი მე, მეორე ქართველი, და ცივ ქვად ქცეულ სარდალს შევყურებდი!" - წერდა ნიკო ბური მოგვიანებით.

KvirisPalitra.Ge"კრიუგერებიც" მქონდა, ასე რომ, გაჭირვებას როგორც იყო თვალი გავუსწორე.

ბანაკის ხელისუფლება ბოლო ხანებში, რატომღაც, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ჩემდამი. მომვლელად ერთი ფრანგი ვინმე კოსტი მომიჩინეს. კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. როგორც ბავშვს, ისე მივლიდა. შედარებით მაძღრად ვიყავით, მაგრამ ჩემი მორთულობით კოსტი უკმაყოფილო იყო და სულ იმას მეჩიჩინებოდა, უფრო ხეირიანი კოსტიუმი მეყიდა, მაგრამ მე საოცარ სიძუნწეს ვიჩენდი. უწინარეს ყოვლისა, ჯანს უნდა გაუფრთხილდეს კაცი, ვეუბნებოდი მას, ტანისამოსი კი ეს ისეთი ქერქია, რომლის გამოცვლა ყოველთვის შეიძლება-მეთქი. მართლაც, სურსათ-სანოვაგის შესაძენად უფრო გულუხვობას ვეწეოდი, თუმცა ყაირათიანობას აქაც ვიცავდი, რადგან მეშინოდა, ბრედასაგან ნასესხები ფული და ჩემი "კრიუგერები" მალე არ გამომლეოდა.

ერთ დღეს ჩემი ფარფლებიანი ძველი ქუდი ქარმა მომტაცა და ახლა რაღაც ჩვარით თავწაკრული დავდიოდი. უცნობმა ბურმა ერთი კვირის შემდეგ საჩუქრად გამომიგზავნა სრულიად ახალი ქუდი, რამაც, მართალი გითხრათ, დიდად გამახარა.

მალე ზოგიერთებს, მათ შორის მე და ბრედასაც, ნება დაგვრთეს, განსაზღვრულ დღეებსა და საათებში, ბანაკს გარეთ, სადაც გვსურდა, წავსულიყავით.

ერთხელ ბანაკის კომენდანტმა მე და ბრედა საუზმეზე მიგვიწვია და ერბოკვერცხით გაგვიმასპინძლდა. ეს მეტად ძვირფასი საუზმე იყო, თუ მხედველობში მივიღებთ, რომ კუნძულზე თითო კვერცხი ოქროს 5 მანეთად ფასობდა. საუზმის შემდეგ სამივე გავემგზავრეთ საფრანგეთის ელჩთან, რომელთანაც მშვენიერი დრო გავატარეთ.

ამ დღიდან მოკიდებული ბანაკის შიგნითაც დავიწყეთ ერთმანეთს შორის სტუმრად მისვლა-მოსვლა.

პირველად საღამოს შეიკრიბნენ ჩემთან. მოსვლისთანავე ბანქოს თამაშს შეუდგნენ. შავი დღისათვის შემონახული გროშების წაგების შიშით მე შორიდან ვუცქეროდი. ამაზე უფრო ის მაწუხებდა, რომ არ შემეძლო სტუმრებისთვის ჩაის მეტი სხვა რამ მიმერთმია. ისიც, აქაური უვარგისი წყლის გამო, ყოვლად უგემური იყო. წყალს რაღაცნაირი, უხეირო გემო ჰქონდა. იგი ხელს უწყობდა ბანაკში მუცლის ალხის გავრცელებას. ეს საშინელი სენი რომ არ შემყროდა, მე მას წვეთობით ვსვამდი.

მეორე საღამოს შევიკრიბეთ ფოგელიუსთან, ჩამოვარდა ლაპარაკი პოლიტიკაზე, შემდეგ ჩინეთზე, სადაც ბოქსიორთა აჯანყება, როგორც ჰოლანდიური გაზეთები წერდნენ, ფართო ხასიათს იღებდა. ეს გაზეთები ჭორებსაც წერდნენ, თითქოს, ბოქსიორების ხელში ჩავარდნის შიშით, ევროპელებმა საკუთარი ხელით დახოცეს თავიანთი ქალები და ბავშვებიო, ხოლო თვითონ ისინი, დაახლოებით 800 კაცი, ჩინელებმა ამოწყვიტესო. შემდეგ საუბარი გადავიდა ბურებზე, რომელთა საბოლოო დამარცხება უკვე საეჭვო აღარ იყო.

მწუხარე ფიქრებიდან თავის დასაღწევად დავიწყეთ ჭადრაკის თამაში, რასაც მშვენიერი ვახშამი მოჰყვა - ჩვენმა მასპინძელმა ამსტერდამიდან მიღებული ძეხვის თითო ნაჭერი ჩამოგვირიგა.

თითქმის მთელი თვის განმავლობაში მოდიოდა წვიმა, რის დროსაც ხანდახან საოცარი გრიგალი მძვინვარებდა. ქარიშხალმა არა ერთი და ორი კარავი მოიტაცა. ამ საშინელ ამინდში მე და კოსტი ვისხედით ჩვენს ტალახიან კარავში და ყოველ წუთს ველოდით, რომ გრიგალი მას წაგვართმევდა. ზოგჯერ კარავში ვეღარ ვძლებდი და გავდიოდი გარეთ.

ჭექა-ქუხილი კუნძულს აზანზარებდა, ელვის ნაპერწკლებიანი მახვილი უწყალოდ ჩეხდა ცას. მისი ბრწყინვალება თვალის ჩინს ართმევდა ადამიანს, ხოლო გამუდმებული გრგვინვა და მეხის გრიალი ვის არ შეაძრწუნებდა! ოკეანე ხომ პირდაპირ დუღდა. მისი აქოჩრილი ქაფიანი ტალღები გამაყრუებელი ღრიალით ეხეთქებოდნენ კუნძულის კლდოვან ნაპირებს. ეს იყო ბუნების ძალთა დიდებული გამოვლინება. ამ დროს თავი რაღაც უმწეოდ, სავსებით უსუსურად მოგეჩვენებოდა კაცს. მაგრამ იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანი მაინც უფრო ძლიერია სტიქიაზე, ერთ ასეთ მშფოთვარე დღეს გამოჩნდა გემი, რომელიც ცამდე ატყორცნილ ტალღებს ამაყად მოარღვევდა.

მთელი ბანაკი აფუსფუსდა. ყველა მოელოდა წერილს და ამანათს ახლობლებისაგან. მე კი? ნუთუ ახლაც არ გამიღიმებს ბედი? ნუთუ დავავიწყდი ყველას? მაგრამ დედას როგორ დავავიწყდი? შეუძლებელია! - ვინუგეშებდი მე თავს, - შეუძლებელია, რომ მას მაინც არ ვახსოვდე. ალბათ, ჩემი ერთი წერილიც არ მიუღიათ... მაშინვე შევუდექი ახალი ბარათის წერას... ეს კი მიაღწევს?

. . .

ბანაკში ოფიცრები საკუთარი სახსრებით ვცხოვრობდით, ბევრს, მათ შორის მეც, მეტად მცირე რამ გვქონდა, რომ გაჭირვებისათვის გაგვეძლო. უფრო აუტანელ პირობებში იყვნენ ტყვე ჯარისკაცები. ისინი პირდაპირ პირველყოფილი ადამიანებივით ცხოვრობდნენ ამ მოტიტვლებულ კლდეებში. მათი ხვედრის შესამსუბუქებლად გადავწყვიტე, რამე გვეღონა. ერთ დღეს მოვიწვიე ტყვეების წარმომადგენელთა კრება.

გაბმული წვიმებისა და ქარტეხილის შემდეგ მშვენიერი წყნარი, მზიანი ამინდი დადგა. დაწყნარებული ბუნების წიაღში კრებამ საჭიროდ მიიჩნია ბანაკში შეგვექმნა ვალეიბოლის და ტენისის მოთამაშეთა გუნდები, აგრეთვე მოგვეწყო მომღერალთა კაპელა. ამავე კრებაზე გადავწყვიტეთ, დაგვეარსებინა ღია ცის ქვეშ ტყვეთა კლუბი, რომლის გამგეობის თავმჯდომარედაც ამირჩიეს მე.

კლუბი სათავეში ჩაუდგა ჩამოთვლილი გუნდების ჩამოყალიბებისა და გაწვრთნის საქმეს. მალე, დიდი თხოვნისა და დავიდარაბის შემდეგ, კუნძულის ხელისუფლებისაგან მივიღეთ ნებართვაც ქალაქში გაგვემართა კონცერტები და ტენისის თამაში. შემოსული ფული ინახებოდა კლუბის სალაროში, საიდანაც დახმარებას ვუწევდით ტყვეებს.

პირველ ხანებში ხალხი ბლომად გვესწრებოდა, მაგრამ მერმე და მერმე წინასწარ გაწეულ უმნიშვნელო ხარჯებსაც ვეღარ ვინაზღაურებდით.

კლუბს მუშაობა მაინც არ შეუწყვეტია. იგი ახლა თვით ბანაკში შეუდგა კულტურულ საქმიანობას, რასაც ერთგვარი სიხალისე და შუქი შეჰქონდა ჩვენს ერთფეროვან და მოწყენილ ცხოვრებაში. კლუბი მოწყობილი გვქონდა კლდის ძირას გაშლილ საკმაოდ ვრცელ ტაფობზე. შევიძინეთ დიდი ტილო, აი ისეთი, როგორსაც ნავსადგურებში ხმარობენ წვიმისაგან ბარგის დასაცავად. ეს ტილო გადავჭიმეთ ბოძებზე, ამ სახით ჩვენი კლუბი უფრო ტალავარს ჰგავდა, სადაც დიდი სიცხისა და მოულოდნელი წვიმის დროს თავს ვაფარებდით. კლუბს ჩემს წილად შევწირე საკუთარი ხელით გაკეთებული მაგიდა და ლამაზად გამოთლილი ჭადრაკის ფიგურები. გვქონდა სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილი გაზეთები და სასულიერო შინაარსის ჟურნალები. კლუბში ვხვდებოდით ერთმანეთს, ვსაუბრობდით, ვკამათობდით.

კლუბის მესვეურებმა გადავწყვიტეთ, 14 ივლისს გვედღესასწაულა ბასტილიის აღების დღე.

ხალისიანი, მზიანი დილა გათენდა. ტყვეებმა ადრიანად იწყეს შეკრება. თითქმის არავინ დაკლებია. ტაფობი ხალხს ვეღარ იტევდა. ჩვენი მომღერალთა გუნდი ავიყვანე კლდის წინ გამოშვერილ ქიმზე, საიდანაც მთელი ტაფობი ხელისგულივით ჩანდა, შორს კი მშვიდად გაწოლილიყო რამდენიმე დღის წინათ მობობოქრე ოკეანე.

ტყვეებს ნიშანი მივეცით და ჩამოვარდა სამარისებური სიჩუმე. გუნდმა დაიწყო "მარსელიოზა", რასაც თანდათან მთელი ტაფობი აჰყვა და მალე იქაურობა მგზნებარე ხმებით აივსო. მღეროდა ყველა - ფრანგი, ჰოლანდიელი, ზანგი, ვმღეროდი მეც. ვმღეროდით ყველა და ეს იყო თავისუფლების ნამდვილი ჰიმნი. ეს დიდებული გუგუნი ატორტმანებდა მთელ ტაფობს და მიჰქონდა სადღაც შორს, შორს ოკეანის იქით.

შუა სიმღერის დროს, ორი ათასზე მეტი კაცი უცებ მუხლებზე დაეცა. ახლა სიმღერა რაღაც სასოების მომგვრელ ღაღადს უფრო ჰგავდა, ვიდრე ბრძოლაში მიმავალთა ქუხილს, მაგრამ ღაღადი თანდათანობით ისევ მქუხარე ხმებად იქცა და არემარემ კვლავ იწყო ტორტმანი.

მე ახლაც თვალწინ ცხადლივ მიდგას შუაგულ ოკეანეში მზით გაჩახჩახებული კუნძულის განაპირას მუხლებზე თვალებაგზნებული ადამიანები და მესმის მათი შესანიშნავი სიმღერა. ისინი დაჩოქილნი იყვნენ არა მტარვალთა წინაშე, არამედ თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მოკრძალების ნიშნად.

* * *

ვგრძნობ, სამშობლოზე დარდი თანდათან მერევა. ვებრძვი ამ დარდს, მაგრამ რაც უფრო მეტს ვცდილობ მისგან თავის განთავისუფლებას, მით უფრო მეკუმშება კაეშნით გული. ნეტავი ერთი პატარა ბარათი მომივიდოდეს ქართულად დაწერილი, ეს ბარათი პირდაპირ მკვდრეთით აღმადგენდა, მაგრამ ჩემი ნატვრა კვლავ ამაოა.

ვიღაც ხშირ-ხშირად მიგზავნის გერმანულ ენაზე დაბეჭდილ სასულიერო შინაარსის წიგნებს, მე გერმანული არ ვიცი, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ იმ უცნობი ადამიანის, რომელიც ასეთ მზრუნველობას იჩენს ჩემზე.

ხშირად ვზივარ ჩემი კარვის წინ, გავცქერი ზღვას და კვლავ ვფიქრობ: ნუთუ ყველას დავავიწყდი? ნუთუ ასე უნდა დამთავრდეს ჩემი ცხოვრება? ნუთუ აქ უნდა გავატარო ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები და აქვე, როგორც უთვისტომომ, სამუდამოდ დავხუჭო თვალი? თითქმის ყველა ღებულობს წერილს, მე ვარ გამონაკლისი, რომელიც აღარავის ვახსოვარ ჩემს სამშობლოში.

მეგობრები ცდილობენ, გამიფანტონ მწარე ფიქრები, გამართონ. ჭმუნვის გადასაყრელად, ვიღაცამ თავის ხელით სადად გაკეთებული ციტრა (ხალხური სიმებიანი საკრავია გერმანიასა და ავსტრიაში. აქვს 30-მდე ლარი, ზოგჯერ უფრო მეტიც) მაჩუქა. სულ მოკლე ხანში თავისუფლად ვისწავლე მასზე დაკვრა. მისი მელოდიური ხმები მტკივნეულ გულს მიყუჩებდნენ და ზოზინით მიმავალ დროს მიმოკლებდნენ.

ესეც მომწყინდა.

ვნატრობდი წიგნებს. ჩემს უცნობ კეთილისმდომელს, რომელიც სისტემატურად მიგზავნიდა სასულიერო წიგნებს, წერილით ვთხოვე, მოეწოდებია რუსული წიგნები, მაგრამ მათ ნაცვლად ახლა გამომიგზავნა ფრანგული ჟურნალი "ფიგარო",  რომელიც დიდი სიამოვნებით რამდენჯერმე გადავიკითხე თავიდან ბოლომდე.

ბანაკის კომენდანტმა მიიღო ინგლისური გაზეთები. კომენდანტისაგან გავიგე, რომ რუსეთის სინოდს ტოლსტოის ნაწერები მიუჩნევია ხალხისათვის მავნებელ წიგნებად და აპირებს თურმე მათი ავტორის შეჩვენებას.

იმის მაგივრად, რომ ლიტურატურის ამ ბრწყინვალე კორიფეთი იამაყოს სახელმწიფომ, მას დევნიან! საკვირველია სწორედ.

ამინდი კვლავ შეიცვალა. სუსხიანი ქარი ქრის.

ქუდი კვლავ წამართვა ქარმა.

კარგა ხანია ცუდ გუნებაზე ვარ, მაგრამ ეს ფიზიკურად არ მეტყობა, პირიქით, ბოლო დროს ჯანზე ისე ვარ, როგორც ვიყავი აფრიკაში ჩასვლამდე. პირდაპირ გოლიათის ღონეს ვგრძნობ, რომ შემასახელოს ვინმემ, მგონი, ამ კლდეს მოვიკიდებ ზურგზე.

დილას ჩემთან შემოირბინა ვიტხამორმა და შემომთავაზა ცოლისაგან გამოგზავნილი შოკოლადის ერთი მომცრო კვერი. მანვე მაცნობა, რომ ფრანგმა ოფიცერმა, მეიმ, ინგლისელებისაგან მიიღო საფრანგეთში დაბრუნების ნებაო.

ალბათ, ნათესავები დაეხმარნენ.

მე ნუთუ მუდამ ტყვედ უნდა ვიყო?

არა, როგორმე უნდა გავიქცე აქედან. ქვეყნად შეუძლებელი არაფერია. ამ აზრით მოცული, მეგობრებთან ერთად მივემგზავრები კუნძულის დასათვალიერებლად, იქნებ აღმოჩნდეს ისეთი ადგილი, საიდანაც მოვახერხოთ ტყვეობიდან თავის დაღწევა!

კარგა ხანს ხეტიალის შემდეგ, გზაზე შემოგვხვდნენ საფრანგეთის ელჩის ქალიშვილები, რომლებიც ვირებით წამოსულიყვნენ სასეირნოდ.

ამ სურათმა ღიმილი მომგვარა. გამახსენდა საქართველო, სადაც ქალის ვირზე შეჯდომა სათაკილოდ ითვლება. ფრანგმა ქალიშვილებმა მშობლიურ ენაზე ერთი სიტყვაც არ იცოდნენ, იძულებული ვიყავი, მუნჯივით ხელებით მეპასუხნა ზოგი რამ. მათ მალე გავცილდით.

ცოტა ცივა. მზე თითქოს სუდარაში იყოს გახვეული, მკრთალად ანათებს. მახლობელ მთებზე უკვე დაუთოვია. ზამთარი იწყება?

დაღონებული დავბრუნდი ბანაკში. სად გაიქცევი! აქედან ჩიტიც ვერ მიაღწევს დიდ მიწამდე, ნავს კი აბა ვინ მოგვცემს. გემი კი იშვიათად მოადგება ჩვენს კუნძულს, მაშინაც ახლოს არავინ მიგიშვებს.

საღამოს შევიკრიბეთ ფოგელიუსთან, თითო პატარა სასმისით რაღაც მაგარი სითხე დაგვალევინა, შესატანებელი კი არაფერი ჰქონდა. რამდენიმე ხელი ჭადრაკი ვითამაშეთ, ვისაუბრეთ. 11 საათზე დავბრუნდი კარავში. ძალზე მშიოდა. ჩემი კიდობანი გადმოვაბრუნე, მაგრამ შიგ პურის ერთი ნამცეციც კი ვერ ვიპოვნე. დავწექი. მაშინვე დამეძინა. ტყუილი უთქვამთ - მშიერს ძილი გაურბისო, დილამდე გვერდიც არ მიცვლია.

ჩემმა კოსტიმ სადღაც ერთი ნატეხი შაქარი მიშოვა და სამი დღის შემდეგ, ამ დილით შაქრიან ყავას პირველად ვსვამ. რა ცოტა უნდა ადამიანს! მშვენიერ ხასიათზე დავდექი. გავედი გარეთ და ჩვეულებრივად შევუდექი ვარჯიშობას. ვარჯიშობის შემდეგ კიდევ უფრო გამომიკეთდა გუნება. პირდაპირ ამირანის ძალას ვგრძნობ კუნთებში, მაგრამ რაში მარგია!

ბურებთან ომი ინგლისს 250 მილიონი ფუტი სტერლინგი დაუჯდა...

მანამდე კი: 1699 წელს დიდი ბრიტანეთის კოლონიების მინისტრი ჯოზეფ ჩემბერლენი სამხრეთ აფრიკის საქმეთა უმაღლეს კომისარს სწერდა: "ჩვენ (ბრიტანეთმა) კანონების თანახმად უნდა ვითამაშოთ. ბურებს,  უპირველესად, ისე უნდა მოვთხოვოთ იოტლანდერებს (უცხოელებს ანუ ინგლისის მოქალაქეებს, რომელთაც ხელისუფლება მასობრივად ასახლებდა ბურების მიწაზე) არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიანიჭონ, რომ უარი მივიღოთ.

აი, მაშინ კი მოთხოვნებს გავამკაცრებთ და... ომიც დაიწყება..." საქმე ის იყო, რომ მიგრანტთა რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა და თანაბარი უფლებების პირობებში, ბურები უმცირებაში დარჩებოდნენ, რაც, თავის მხრივ, ამ პატარა, მაგრამ ოქროთი და ძვირფასი ქვებით მდიდარ რესპუბლიკას საფრთხეს უქადდა - არჩევნების ან რეფერენდუმის გზით ბრიტანეთის იმპერიაში შესვლას. ბრიტანეთის იმპერია მეტად შეშფოთდა თავისი მოქალაქეების ბედით, მათი უფლებების დარღვევით, დემოკრატიის პრინციპების უგულებელყოფით შორეულ აფრიკაში.

"ინგლისსა და სიამს შორის გაუგებრობა შეიქნა სასაზღვრო ზოლთან დაკავშირებით, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ სიამი ტყუოდაო..." - წერდა სარკასტულად მარკ ტვენი, ინგლის-ბურების ომის გამო. "სამხრეთ აფრიკა უმშვენიერეს ბანოვანს ჰგავს,, რომელიც ანდამატივით იზიდავს სატანური სტიქიის ძალით დაჯილდოებულ ჯენტლმენებსო," - ასე ახსნა ამ ომის მონაწილე მწერალმა რედიარ კიპლინგმა ბრიტანელთა ექსპანსია ტრანსვაალში...