"მაჩუქეთ მე ეს ქალი" - რატომ დაუპირისპირდა ლავრენტი ბერია სანდრო ახმეტელს? - კვირის პალიტრა

"მაჩუქეთ მე ეს ქალი" - რატომ დაუპირისპირდა ლავრენტი ბერია სანდრო ახმეტელს?

"ახმეტელისა და წულუკიძის შეუღლების წინააღმდეგ წავიდნენ ახმეტელის უახლოესი მეგობრები"

წლების წინ რუსთაველის თეატრში მომხდარი კონფლიქტის მიზეზებზე, ჟურნალ "გზასთან" ცნობილი თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გუბაზ მეგრელიძე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

გუბაზ მეგრელიძე:

- რაც მეტი დრო გადის, მით უფრო იზრდება ინტერესი რუსთაველის თეატრში მომხდარი კონფლიქტის შესახებ. ამ ხნის მანძილზე საზოგადოებაში არაერთი ვერსია, ჭორი გავრცელდა. ჩამოყალიბდა შეხედულება, თითქოს სანდრო ახმეტელის რეპრესირება აკაკი ხორავასა და აკაკი ვასაძის ბრალი იყო. ამ ვერსიას ახმეტელის მეუღლე, თამარ წულუკიძე და მისი მხარდამჭერები ავრცელებდნენ. გამკითხავიც არავინ იყო, ვინაიდან "სუკის"არქივი მიუწვდომელი გახლდათ და დოკუმენტების გაცნობა ვერ ხერხდებოდა. ბოლო 20 წლის მანძილზე, ვითარება რადიკალურად შეიცვალა. "სუკის"არქივის გახსნის შემდეგ, პირველმა მოვახერხე, გავცნობოდი "სანდრო ახმეტელის საქმეს"და სიმართლე დამედგინა.

...

სანდრო ახმეტელი და თამარ წულუკიძე - ამ კონფლიქტს თავისი წინა პირობა ჰქონდა. ხორავა წერს, რომ ახმეტელისა და წულუკიძის შეუღლების წინააღმდეგ წავიდნენ ახმეტელის უახლოესი მეგობრები, მაგრამ საშას თხოვნის შემდეგ, - "მაჩუქეთ მე ეს ქალი", იძულებული გახდნენ, შეჰგუებოდნენ ახმეტელის გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ, წულუკიძე ცდილობდა, ურთიერთობა გაეფუჭებინა ახმეტელსა და ხორავას შორის. მან ახალგაზრდა მსახიობთა ჯგუფი შემოიკრიბა და ცდილობდა, მეუღლე დაერწმუნებინა, რომ ძირითადი მუშაობა მათთან წარემართა. ვითარება გამწვავდა თეატრის 10 წლის საიუბილეოდაც. აკაკი ხორავამ და აკაკი ვასაძემ სახალხო არტისტის წოდებები მიიღეს, წულუკიძე კი დამსახურებული არტისტის წოდების მიღებით უკმაყოფილო დარჩა. ამავე დროს, ახმეტელმა კრება მოიწვია, სადაც ხელისუფლება გააკრიტიკა თეატრისადმი არასაკმარისი ყურადღების გამო, რომლის საწინააღმდეგოდ აკაკი ხორავა გამოვიდა. ახმეტელს ისიც არ მოსწონდა, რომ წამყვანი მსახიობებისადმი ხელისუფლებაც ყურადღებას იჩენდა. თეატრში შეიქმნა ორი დაჯგუფება და წულიკიძის მომხრეები საშას თითქოს, მისი ძველი მეგობრებისგან (ხორავა, ვასაძე, პატარიძე, ტუსკია, აღსაბაძე, გამრეკელი, აფხაიძე, საღარაძე, ჯაფარიძე, ლაფაჩი, თუშიშვილი და სხვები) იცავდნენ, რის გამოც ინტრიგები ღრმავდებოდა. ამდენად, წულიკიძემ მისი გარემოცვით მოახერხა, ერთგული მეგობრებისგან საშას იზოლირება.

ასეთ დაძაბულ ვითარებაში მოუხდა კოლექტივს ბაქოში, საგასტროლოდ გამგზავრება. ცხადია, "აფეთქებისთვის"ნაპერწკალიც საკმარისი იქნებოდა და ეს საბედისწერო დღე 22 ივნისს, სპექტაკლ "ლამარას"თამაშის წინ დადგა. სასტუმროს რესტორანში ჩაის დასალევად შესულ ხორავას ძველი მეგობარი, ცნობილი სომეხი მსახიობი - აბელიანი დახვდა და თავის მაგიდასთან მიიწვია.

საინტერესო საუბარმა სადილობამდე გასტანა. აკაკი ხორავა აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარების გამო, მისი თეატრში მისვლა ახმეტელთან დიდ სკანდალს გამოიწვევდა. გამოსაფხიზლებლად, სარჩიმელიძემ ქალაქის ქუჩებში მანქანით ატარა. წაძინებაც მოასწრო. მართალია, იგი წერს, - თეატრში სრულიად ფხიზელი გამოვცხადდიო, მაგრამ ჩანს, ნასვამობა მაინც ეტყობოდა.

...

ვფიქრობ, სკანდალის მიზეზი წულუკიძის შეტყობინება გახდა, ვინაიდან ყველაზე ახლოს ხორავასთან ის იმყოფებოდა, როდესაც იჩო მან აკაკი ხორავა ხელში აიყვანა და უშუალო სიახლოვისას, წულუკიძეს სასმლის სუნი ეცა, რაც სასურველი დაპირისპირების კარგ შანსს აძლევდა. ქალბატონმა თამარმა მიზანს მიაღწია და მეუღლე წონასწორობიდან გამოიყვანა. აი, რას წერს იგი, აღელვებული, სპექტაკლის დღიურში: "აკაკი ხორავა თამაშობს მთვრალი. საშინელებაა თეატრისთვის - ხორავა, რომელსაც პირზე აკერია ყველაფერი, რითაც შეიძლება იამაყოს ადამიანმა, სინამდვილეში, თავისი საქციელით თეატრს შიგ სულში აფურთხებს, ისიც გასტროლების დროს. ხორავას საკითხი დაისვას გასტროლების გათავებისას, მხოლოდ იმიტომ, რომ სირცხვილია, როგორც თეატრის გასტროლების დროს, აგრეთვე ახალ მაყურებლის წინაშე. თ. წულუკიძე დაჯარიმდეს სამას მანეთით და გამოეცხადოს სასტიკი საყვედური".

მოგვიანებით ხორავამ იქვე მიაწერა: "ვისაც სურს გაიგოს მიზეზი ახმეტელის რეზოლუციისა ხორავას შესახებ, უნდა შეისწავლოს 1935 წლის რეორგანიზაცია რუსთაველის თეატრისა და მაშინ ქვემოთ მოყვანილ რეზოლუციაც გასაგები იქნება. ტყუის ახმეტელი". ეს ჩანაწერები პირველად ქვეყნდება და მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება. გაუგებარია, რატომ დააჯარიმა ახმეტელმა მეუღლე, რომლის შესახებაც ქალბატონი თამარი თავის მოგონებებში არაფერს ამბობს.

დამეთანხმებით, ამ ყველაფრის თაობაზე ბერიას ზუსტი ინფორმაცია ექნებოდა.

თბილისში დაბრუნების მეორე დღეს, 6 ივლისს, ახმეტელმა აკაკი ხორავა თეატრიდან დაითხოვა, ხოლო მისი ერთადერთი დამცველი, აკაკი ვასაძე სტუდიის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლა და სარეჟისორო კოლეგიიდან გაიყვანა. ვითარება ისე დაიძაბა, რომ საქმეში კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი ჩაერია. კონფლიქტის მონაწილეები რამდენჯერმე გამოიძახეს და სიტყვიერი წინადადება მისცეს, საკითხი ადმინისტრაციული სასჯელით მოეგვარებინათ და ორივე მსახიობი თავის უფლებებში აღედგინათ. სამწუხაროდ, ამ შეხვედრებმა შედეგი ვერ გამოიღო.

...

13 სექტემბრის დადგენილებით, ახმეტელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ამის შემდეგ, უკვე მძაფრდება პოლიტიკური დაპირისპირება ახმეტელსა და ბერიას შორის. მოსკოვში სამუშაოდ წასული რეჟისორი ცდილობდა, საკავშირო მთავრობაში მყოფ ქართველ კომუნისტთა დახმარებით ბერიას წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას, რასაც მის მომხრეთა მსახიობების რეპრესირებაც მოჰყვა. თუმცა, ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა.

კომუნისტურმა რეჟიმმა სანდრო ახმეტელი ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა. ამასთანავე, მას ტროცკისტულ-ზინოვიევური ორგანიზაციის წევრობა და ხელოვნების სფეროში მავნებლური საქმიანობა ედებოდა ბრალად: თითქოს ახმეტელს, სხვა რესპუბლიკების ეროვნული თეატრების ხელმძღვანელობის ხელშეწყობით, მეამბოხეთა სამხედრო დაჯგუფებები ჰქონდა შექმნილი ბაქოში, სოხუმში, გროზნოსა და თბილისში. ტერორისტულ ორგანიზაციაში თანამონაწილეობა არ აკმარეს და რეჟისორს ისიც კი დააბრალეს, რომ ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის ფიზიკური განადგურება ჰქონდა განზრახული. დააპატიმრეს მეუღლეც თამარ წულუკიძე, რომლსაც ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სანდრო ახმეტელი 1937 წლის 29 ივნისს დახვრიტეს.

იხილეთ სრულად