"ცოცხლად დამარხული" გენიოსი მეცნიერი - კვირის პალიტრა

"ცოცხლად დამარხული" გენიოსი მეცნიერი

ტერმენის ყველაზე ფართოდ გავრცელებული გამოგონება - მსოფლიოში პირველი ელექტრონული მუსიკალური ინსტრუმენტი - ტერმენვოქსი (1919-20) იყო

ხანდაზმული მეცნიერი მოსკოვში, ჩერიომუშკინის ბაზრის პირდაპირ, ერთ საშინელ, რწყილებიან კომუნალურ ბინაში ცხოვრობდა. როცა მეზობლებს ეს უღიმღამო სორო დასჭირდათ, მოხუცის არყოფნისას ბინა დაარბიეს, ნივთები დაამტვრიეს, მისი ჩანაწერები გაანადგურეს. მეცნიერი იძულებული გახდა, საცხოვრებლად ქალიშვილთან გადასულიყო. მაგრამ ყოველივემ მასზე ისე იმოქმედა, როგორც მოსალოდნელი იყო, მალევე გარდაიცვალა, - ბოროტი მეზობლების გულის გასახარად: მათთვის ხომ საცხოვრებელი ფართობი გათავისუფლდა. როგორც მსგავს სიტუაციაში იტყვიან ხოლმე - თავისი წილი ცხოვრება იცხოვრა და ეყოფა...

კაცი იკითხავს - მერე, რა? ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ამბავია. საბჭოეთის კომუნალურ ბინებში ამაზე უარესიც მომხდარა... მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს უბრალო მოხუცი კი არ იყო, არამედ გამოჩენილი მეცნიერი - ლევ ტერმენი გახლდათ. არა მარტო მეცნიერი, არამედ - მუსიკოსიც...

ტერმენის ყველაზე ფართოდ გავრცელებული გამოგონება - მსოფლიოში პირველი ელექტრონული მუსიკალური ინსტრუმენტი - ტერმენვოქსი (1919-20) იყო, რომელიც თურმე ლენინსაც მოსწონებია. ის იყო აგრეთვე, შორს მხედველი სატელევიზიო სისტემის ერთ-ერთი პირველი შემმუშავებელი (1925-26); მსოფლიოში პირველი რიტმული მანქანის - რიტმიკონის (1932) ავტორი; დაცვის სისტემის სიგნალიზაციის; ავტომატური კარისა და განათების; პირველი სრულყოფილი მოსასმენი მოწყობილობის შემქმნელი.

ლევ ტერმენი დაიბადა 1896 წელს, პეტერბურგში. დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია ვიოლონჩელოს კლასით. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტშიც - ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1919 წლიდან ხელმძღვანელობდა პეტროგრადის ფიზიკა-ტექნიკურ ლაბორატორიას. 1923 წლიდან, პარალელურად, მოსკოვის მუსიკალური მეცნიერების ინსტიტუტთან თანამშრომლობდა. 1927 წელს, რუსეთის ფედერაციის განათლების სახალხო კომისარიატმა მივლინებაში საზღვარგარეთ გაგზავნა. მთელი ევროპა შემოიარა, გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი ნიუ-იორკში, მილიონერთა კლუბშიც კი შევიდა. 1931-38 წლებში აშშ-ში სააქციო საზოგადოების - eletouchCorporation - დირექტორი გახლდათ. ნიუ-იორკში მის სტუდიას სწვევიან და იქ უმუშავიათ კიდეც გამოჩენილ ადამიანებს: ემიგრანტ მეცნიერ ალბერტ აინშტაინს, დირიჟორ ლეოპოლდ სტოკოვსკის, მსახიობ ჩარლი ჩაპლინს, მხატვარ მარი ელენ ბიუტსა და სხვ.

ლევ ტერმენის არაერთი გამოგონება, რომელიც 20-40-იან წლებშია შექმნილი, შემდგომ მყარად შემოვიდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, არადა, მეცნიერის სახელიც კი მილიონობით ადამიანს არც გაუგონია.

არც სახელი "ტერმენვოქსია" ცნობილი ფართო მასისთვის. მასზე დაკვრა მუსიკოსის ხელებსა და ინსტრუმენტის ანტენას შორის მანძილის ცვალებადობაზეა დამოკიდებული, რის შედეგადაც, რყევის კონტურის მოცულობა და, შესაბამისად, ხმის სიხშირე იცვლება. სწორი ვერტიკალური ანტენა ბგერის ტონს, ხოლო ნალისებრი ჰორიზონტალური - ხმის დონეს განაპირობებს. ტერმენვოქსზე დასაკრავად იდეალური სმენაა საჭირო, რადგან დაკვრისას მუსიკოსი ინსტრუმენტს არ ეხება.

მეცნიერმა მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება გააოცა ტერმენვოქსით, რომლითაც კლასიკური მუსიკის კონცერტებს თავად მართავდა. "ციური მუსიკა", "ანგელოზთა ხმა" - აღფრთოვანებით წერდა პრესა. საბჭოთა კავშირმა რამდენიმე ფირმისგან 2000 ტერმენვოქსის დამზადების შეკვეთაც კი მიიღო, იმ პირობით, რომ ტერმენი მისი ათვისების გასაკონტროლებლად ამერიკაში ჩავიდოდა. მაგრამ გამომგონებელმა ამ დროს, სამშობლოში ორი დავალება მიიღო: პირველი - განათლების სახალხო კომისარ ლუნაჩარსკისგან და მეორე - სამხედრო უწყებისგან...

კითხვის გაგრძელება

იხილეთ სტატიის მეორე ნაწილი