"რომ შემეძლოს, ვაჟასაც დავხვრეტდი!" - ვინ არიან ვაჟას ნამდვილი მემკვიდრეები...
30-05-2016
"რომ შემეძლოს, ვაჟასაც დავხვრეტდი!" - ვინ არიან ვაჟას ნამდვილი მემკვიდრეები...
დიდი ადამიანების შთამომავლებს თითქოს ბედისწერა წინაპრისთვის ნაბოძებ ნიჭსა და დიდებას ამადლის, ტკივილებით აზღვევინებს და სამზეოზეც გულსატკენად მცირე ადგილს უტოვებს.

ვაჟა-ფშაველას ერთადერთ პირდაპირ (შვილებიდან) მემკვიდრეს, 1923 წელს ბოლშევიკებისაგან დახვრეტილ ლევან რაზიკაშვილს, მძიმე ბედი ერგო, მეტიც - მარტო თვითონ კი არა, მისი შვილები და შვილიშვილებიც მსხვერპლი შეიქნენ. ვაჟას შთამომავლების ცხოვრება ისე მოეწყო, რომ \მხოლოდ 1990-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდნენ სამზეოზე, როგორც ვაჟას ნამდვილი მემკვიდრეები...

ლევანის ბედი კი ყველასთვის ცნობილია: როცა მას დახვრეტას უპირებდნენ,
ხალხის მოსალოდნელი რეაქციით შეშინებულმა მკვლელებმა სერგო ორჯონიკიძეს მოახსენეს, - ვაჟა-ფშაველას ვაჟი უნდა დავხვრიტოთ და რას გვეტყვიო. მან - დაუყოვნებლივ დახვრიტეთ! რომ შემეძლოს, ვაჟას შვილს კი არა, თავად ვაჟას დავხვრეტდიო!

არჩილ ღიბრაძეს დიდი მწერლის სიყვარული ოჯახიდან მოსდევს, ამიტომ მისი ყველა შთამომავალი გაიცნო, მოგონებები ჩაიწერა და წიგნად
გამოცემასაც აპირებს.
- მამაჩემს ვაჟა გამორჩევით უყვარდა და თითქოს ამ სიყვარულით დამავალა, რომ მის კვალს მივყოლოდი. ჩვენ, იმის ნაცვლად, რომ ამ გენიოსისთვის პატივი მიგვეგო, ვაჟი მოვუკალით, ათწლეულების მანძილზე მისი შემოქმედება ავკრძალეთ, მისი სისხლი და ხორცი ისე დავაშინეთ, რომ იძულებული გახდა, ათეული წლების განმავლობაში ჩრდილში შემალულიყო. აი, ამ განცდის ამოშლა მომინდა და ამიტომაც ჩავედი გორში ვაჟა-ფშაველას შვილთაშვილებთან, ლევან რაზიკაშვილის შვილიშვილებთან.

სხედან: მარცხნიდან იროდიონ ევდოშვილი, ნიკო რაზიკაშვილი (ბაჩანა), შიო მღვიმელი, ვაჟა ფშაველა და ვაჟას ვაჟი ლევანი; დგანან: თედო და სანდრო რაზიკაშვილები

- ისინი ახლაც გორში ცხოვრობენ?

- დიახ. თუმცა ბევრმა არ იცის, თუ რატომ დამკვიდრდნენ გორში. ვაჟას პირველი ცოლის, კეკესგან, ოთხი შვილი დარჩა: თამარი, ლევანი, გულქანი და მარიამი. მათგან მხოლოდ ლევანს ჰყავდა შვილები (თამარი უშვილო დარჩა, გულქანს ერთადერთი შვილი მოუკვდა, ფეხმძიმე მარიამი ღობესთან მიაჭყლიტა ურემმა). ლევანი ხშირად დადიოდა გორში ბიძასთან, თედოსთან. იქ გაიცნო და გატაცებით შეუყვარდა ბიძის ამხანაგის, სოსო თვარელიძის ქალი თამარი და ისე სასწრაფოდ დაიწერა ჯვარი, მამისთვის არც შეუტყობინებია... ჯვრისწერის შემდეგ მამას დიდი საბოდიშო წერილი მისწერა, - ვიჩქარე, მაგრამ თამარი იმდენად ლამაზი და კეთილშობილია, ჩემი არჩევანი უსათუოდ მოგეწონებაო. ვაჟა გორში ჩავიდა და რძალს ოქროსსამაჯურიანი საათი და ყელსაბამი აჩუქა. თამარმა 1987 წლამდე იცოცხლა.

- კი მაგრამ, საიდან უნდა ჰქონოდა ამდენი ფული ვაჟას?!
- იმდენად თავმოყვარე კაცი იყო, თუ არ ჰქონდა, ისესხებდა. სადაც უსინდისო მედუქნეს სცემა და მერე 3 მანეთი დაუდო დახლზე, ამ ჯარიმას სასამართლო მაინც გადამახდევინებსო (ცემისთვის 3 მანეთი იყო ჯარიმა, რომელიც მაშინ უზარმაზარი ფული იყო), მშიერიც რომ დარჩენილიყო, რძალს როგორ დატოვებდა უსაჩუქროდ! როცა უკანასკნელ დღეებში ვაჟა ფეხმძიმე რძალმა მოინახულა, მუცელზე ხელი დაადო და უთხრა, - ვიცი, რომ შვილიშვილი ბიჭი გამიჩნდება, მანდ ლუკააო და რძალიც ასეთი ბუმბერაზი მამამ­თილის სახელს შვილს როგორ არ დაარქმევდა!.. მერე დაიბადნენ ეკატერინე და ქეთევანი. ლუკა 9 წლის იყო, როცა ლევანი დაიჭირეს - ის მილიციაში მსახურობდა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეპყრობა დაავალეს. ლევანმა შეპყრობის ნაცვლად მას საზღვარგარეთ გაქცევაში შეუწყო ხელი. ბევრი იარა მის გამოსახსნელად თამარმა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მარტოდარჩენილ სამშვილიან ქალს ჩარგალში, ქმრისეულ სახლში ცხოვრება არ ეწერა - როგორც ამბობენ, ვაჟას მეორე ცოლს, თამარს, არ ეჭაშნიკებოდა მისი იქ ყოფნა, ამიტომ გორში მამასთან დაბრუნდა.

ვაჟა-ფშაველას ძმა თედო რაზიკაშვილი

თამარმა მეტად მძიმე დროში გაზარდა შვილები და ქმრის ბედით დაშინებული შვილებს დღედაღამ ჩასჩიჩინებდა, - არ გაამხილოთ, რომ ვაჟას პირდაპირი შთამომავლები ხართო. მათაც ცხოვრების ყველა ტვირთი უმაღლესი ადამიანური ღირსებით ატარეს, - იყვნენ ჩუმად, არასოდეს არავისთვის უღალატიათ, ქვეყანა არ შეურცხვენიათ. ოთხნი არიან და ცოცხლები არიან ვაჟას შვილთაშვილები, ანუ ლევანის შვილიშვილები: ნინო და თამარ რაზიკაშვილები (ლუკა რაზიკაშვილის შვილები) და გოდერძი და ლევან გოდერძიშვილები (ქეთევან რაზიკაშვილის შვილები). სწორედ ეს უკანასკნელები გავიცანი მათ ძველ სახლში. ერთად ვუსხედით სუფრას, ერთი ტკივილით ვსაუბრობდით მათ ტრაგიკულ ბედზე. ამ ხალხის ცნობიერებაში თითოეული ის ნიუანსი, რომელიც მათ, ვაჟა-ფშაველას და ლევანს ეხება, ცოცხლად არის შენახული ბებიის მონაყოლით.

დღეს ვაჟა-ფშაველას პირდაპირი შთამომავლები 20-ნი არიან, მათ შორის 9 ბავშვია. ეს კი ქვეყნის იმედია. თუ რომელიმე მეორე ვაჟა ვერ გახდება, ქვეყანას ხომ ეყოლება და ქართველ ერს გააგრძელებს. და კიდევ: ვაჟას შვილთაშვილებისგნ ორი ისე ჰგავს ვაჟას ძმას, თედოს, შეხედვისთანავე იგრძნობ, რომ გენეტიკა უკვდავია. ესენი არიან ქეთევან რაზიკაშვილის შვილიშვილები - გიორგი და მინდია გოდერძიშვილები, კარგი ქართველები, ღირსეული ადამიანები.

...რახან ვაჟას ყველა შთამომავალთან დაკავშირება არც ისე იოლი აღმოჩნდა, შევეცადეთ, გიორგისა და მინდიას შევხვედროდით. მართალია, მინდიამ გვითხრა, ჩვენ ვაჟას შვილთაშვილობის შესაფერისი ჯერ ვერაფერი გავაკეთეთო, მაგრამ ასე არ გვგონია - ისინი არა მხოლოდ ვაჟა-ფშაველას, არამედ ქართულ გენეტიკას აგრძელებენ და ღირსეულადაც. სხვა რომ არაფერი, თუნდაც მინდიას ორი პატარას - 6 წლის ლუკას და 4 წლის ლაზარეს ნახვა ერთ სიამოვნებად ღირს!
სიცოცხლე გრძელდება, თანაც გენიოსის სიცოცხლე. ღმერთმა ქნას, ჩვენ მათითაც გვეამაყოს!
ზურაბი
03 სექტემბერი 2018 10:34
ვახტანგის დაბადების საიდუმლოებას ზუსტად ვერასოდეს გავარკვევთ, რადგან მოცემული მასალა წინააღმდეგობრივია: საეკლესიო არქივიდან ირკვევა, რომ ვაჟამ თავისი მეორე ცოლი 1904 წლის 31 მარტს მოიყვანა, ხოლო ვახტანგი 1905 წლის ოქტომბერში დაიბადა. ამ მხრივ საეჭვო არაფერია -- ვახტანგი ვაჟას შვილია. მაგრამ ჩარგალში თურმე ამბობდნენ, რომ ვაჟამ ფეხმძიმე ქალი მოიყვანა. ვახტანგიც თურმე წლების განმავლობაში სხვა გვარზე ეწერა და დედამ გვიან, ვაჟას სიკვდილის მერე, გადაწერა რაზიკაშვილის გვარზე, ალბათ მემკვიდრის უფლებებისთვის. არსებობს მიხა ხელაიშვილის მტრული ლექსიც ვახტანგის მისამართით: ,,თავის გვარდავიწყებულო, რაზიკაშვილი ხდებია", რისთვისაც ვახტანგმა შური იძია -- თითქოს მონაწილეობა მიიღო მიხას ვერაგულ მკვლელობაში, ხოლო შემდეგ მისი შეყვარებულის საყვარელი გახდა და მასთან შვილი გააჩინა. აი ეს ინფორმაციები ერთმანეთს აბათილებს და ვახტანგის ნამდვილი მამის საკითხს ზუსტად ვერასოდეს გავარკვევთ. ან რა მნიშვნელობა მაგასა აქვს... ამ ბატონის კაცობა, სულ მცირე, ეჭვს იწვევს. ხოლო მისი ინტელექტი სრულიად მწირია.
vazha
07 თებერვალი 2018 13:53
ვისაც ეჭვი გაქვთ რო ვახტანგი არ იყო ვაჟას შვილი,წაიკითხეთ ეს დოკუმენტი:
ჩარგალში თამარი ვაჟას ჩამოუყვანია 1904 წლის მარტის ბოლოს (31 მარტს), პირველი მეუღლის _ კეკეს გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ ახლა კი იმის შესახებ, რომ წერენ, ვაჟას ცოლად კი არა, ხასად ჰყავდა თამარი _ ჯვარდაუწერელი, არასჯულისმიერი, არაკანონიერი ცოლიო. ვახტანგის დაბადების დამადასტურებელ დოკუმენტში, რომელიც ჩარგლის ეკლესიის მიერაა გაცემული, წერია: ვახტანგი დაბადებულია 1905 წლის 2 ოქტომბერს, მონათლულია 1905 წლის 21 ოქტომბერს. მისი დედა ხორხიდანაა, იმ პერიოდისათვის ცხოვრობს ჩარგალში, სადაც შეეძინა ვახტანგი. არასჯულისმიერი მეუღლეა (ანუ მოწერილი არ აქვს ხელი) და ისე ცხოვრობს ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილთან.




ჯემალი
16 აგვისტო 2017 12:09
ავტორი იმიტომ არ მიიჩნევს ვაჟას მემკვიდრედ მეორე ცოლის შვილს ვახტანგს,რომ ის არიყო ვაჟას შვილი მან ფეხმძიმე ქალი მოიყვანა და ვახტანგი 18 წლამდე სხვა გვარს ატარებდ ,შემდეგ გადაუკეთეს რაზიკაშვილად

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები