ისროტიის სკივრი : "მეცამეტე გოჭი" და ნიკო ნიკოლაძე - კვირის პალიტრა

ისროტიის სკივრი : "მეცამეტე გოჭი" და ნიკო ნიკოლაძე

ქართველ მგოსან აკაკი წერეთელსა და ნოვატორ მამულიშვილს, ნიკო ნიკოლაძეს, ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. თავის დროზე ნიკო ნიკოლაძის ბაბუა, მამუკა ნიკოლაძე, აკაკი წერეთლის დედის, ეკატერინე აბაშიძის მშობლების ყმა ყოფილა. თურმე აკაკი ხშირად ოხუნჯობდა, მე და ნიკოს ბატონყმური ნათესაობა გვაკავშირებსო. აკაკი ნიკოზე 3 წლით უფროსი იყო. ის ნიკოლაძეთა ოჯახის იმდენად ხშირი სტუმარი ყოფილა, რომ ნიკოს გადია მას მოფერებით ოჯახის "მეცამეტე გოჭს" ეძახდა.

მწარე გამონათქვამებით ცნობილი აკაკი ნიკოსთანაც არ გამოირჩეოდა ენატკბილობით. თუმცა ეს მათ მეგობრობას ვერაფერს აკლებდა. ნიკო და აკაკი სიცოცხლის ბოლომდე საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ქუთაისში ასეთი ანეკდოტი დადიოდა: ქუთაისის მოწინავე საზოგადოების წარმომადგენელთა ნაწილს დასასვენებლად ქალაქგარეთ გასვლა დაუგეგმავთ. როდესაც აკაკის შეუტყვია, რომ "დამსვენებელთა" სიაში ნიკოს შეყვანასაც აპირებდნენ, უთქვამს: "ეგ იმდენ "მე, მეს" იძახებს, მგელი გამოვარდება ტყიდან და შეგვჭამსო". მართლაც ჰყვარებია ნიკო ნიკოლაძეს თავის ქება. იქნებ იმიტომაც, რომ სათანადოდ არ აფასებდნენ მის ღვაწლს. ერთგან აკაკი სწერს: "...შენ გინდა, მხოლოდ რომ გაჰკიოდე: "მე ვარ და ჩემი ნაბადიო", და სხვებიც გარს შემოხვეული შემოგკიოდნენ: "კი, ბატონო, შენ ხარ და შენი ნაბადიო"... გაგიმეორებ... ცოტა ხნით მიდევი კუთხეში თავმოყვარეობა".

ამბობენ, აკაკი ნიკო ნიკოლაძის დას, ანასტასიას ეტრფოდაო. მათი სიყვარული პლატონურ საზღვრებს არ გასცდენია. უცნობია, რატომ, მაგრამ ფაქტია, აკაკის ანას ხელი არ უთხოვია, სხვაზე დაქორწინდა. ანასტასია არ გათხოვილა, სიცოცხლის ბოლომდე აკაკის ერთგული დარჩა.

მენდელეევის ჩემოდნები

დიდი რუსი ქიმიკოსი დმიტრი მენდელეევი მეჩვიდმეტე შვილი იყო ტობოლსკის გიმნაზიის დირექტორის, ივან მენდელეევის, ოჯახში. გიმნაზიაში სწავლისას სიბეჯითით არ გამოირჩეოდა, პეტერბურგის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ერთი წელი კურსზეც დარჩა, მათემატიკის გარდა, ყველა საგანში არადამაკმაყოფილებელი შეფასება დაიმსახურა. საბოლოოდ კი უნივერსიტეტი ოქროს მედალზე დაამთავრა.

მენდელეევს ერთი უცნაური ჰობი ჰქონდა, ჩემოდნების კერვა უყვარდა. მეზობლები სიამოვნებით ყიდულობდნენ მის ნახელავს. "მენდელეევის ჩემოდნები" - გაჰყვიროდნენ თურმე ვაჭრები მყიდველების მოსაზიდად. ჩემოდნების კერვაში მენდელეევის სახელგანთქმულობის მიზეზი შემდეგში მდგომარეობდა: - წებოს მომზადების განსაკუთრებული ტექნოლოგია ჰქონდა და საიდუმლოდ ინახავდა.

1893 წელს დმიტრი მენდელეევმა უკვამლო დენთი გამოიგონა და მალე მისი წარმოებაც დაიწყო. მთავრობამ ბევრჯერ გადადო და საბოლოოდ ვერ მოასწრო მისი დაპატენტება. სამაგიეროდ, დიდი ქიმიკოსის გამოგონებით ოკეანისგაღმელებმა ისარგებლეს. 1914 წელს რამდენიმე ათასი ტონა დენთი რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან შეიძინა. ამერიკელები სიცილით კვდებოდნენ, როდესაც რუსებს ოქროს სანაცვლოდ "მენდელეევის დენთს" ატანდნენ.

დმიტრი მენდელეევს, როგორც ამბობდნენ "ბრწყინვალედ გამოსდიოდა ყველაფერი, სამი რამის გარდა: ოჯახური ცხოვრება, ჭადრაკი და სახალხო გამოსვლები".

მენდელეევი სამჯერ წარადგინეს ნობელის პრემიაზე უცხოელებმა. საიმპერატორო სამეცნიერო აკადემიის წევრებმა ფარულ კენჭისყრაზე მისი კანდიდატურა არაერთხელ უარყვეს. მენდელეევი მრავალი საზღვარგარეთული აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრი იყო, თუმცა ვერასდროს მოხვდა მშობლიური რუსეთის სამეცნიერო აკადემიის წევრთა რიგებში.

ეკა სალაღაია