სიკვდილის 3 ზონა - სად არის სამარხები, სადაც საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილები განისვენებენ...
20-06-2016
სიკვდილის 3 ზონა - სად არის სამარხები, სადაც საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილები განისვენებენ...
"სახელმწიფოს მტერი უკვალოდ უნდა გაქრეს!"

"საქართველოში 1921-1954 წლებში დაახლოებით 19 000 კაცი დახვრიტეს"

(ფოტოზე: ჩეკისტი, სამკერდე ნიშნით "ვოროშილოველი მსროლელი")

ღამის სიჩუმეს სატვირთო ავტომანქანის ხმა არღვევს. მანქანა ჩეკას სახლის სარდაფის კიბესთან ჩერდება. საბარგულს გაშიშვლებული, ხელებშეკრული ადამიანებით ტვირთავენ და მანქანა იმ გასაიდუმლოებული ადგილისაკენ მიდის, სადაც სასიკვდილო განაჩენს აღასრულებენ. გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან 40-იანების მიწურულამდე ეს იმაზე ხშირად ხდებოდა, ვიდრე წარმოგიდგენიათ, ხანდახან ღამეში რამდენჯერმეც კი. მაშინ ამაზე არავინ ლაპარაკობდა... სად არის სამარხები, სადაც
საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი ათეულ­ათასობით ადამიანი განისვენებს. საქართველოში საბჭოთა ტერორის კვალს ორგანიზაცია "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია" ეძებს. ჩვენი რესპონდენტი ირაკლი ხვადაგიანი ამ ლაბორატორიის მკვლევარი გახლავთ.

- საქართველოში რეპრესიების დროს დახვრეტილთა საძმო სამარხების სარწმ­უნო და დაზუსტებული ადგილი არ გვა­ქვს.­ სულ თითზე ჩამოსათვლელი მემო­რ­იალებია, ისიც სიმბოლურად მონიშნულ­
ადგილას. არ არსებობს დოკუმენტი, რომელშიც დახვრეტის ადგი­ლია მითითებული. ბევრს თავისი წინაპარი უგზო-უკვლოდ დაკარგული ან გადასახლებაში გარდაცვლილი რომ ეგონა, ახლა ვატყობინებთ, რომ ის დიდი ტერორის დროს თბილისში დაუხვრეტიათ და ამავე ქალაქში, სადღაც, ძმათა საფლავში განისვენებს. ერთადერთი პრეცედენტი დახვრეტილთა საძმო საფლავის პოვნისა 90-იან წლებში იყო, როდესაც ისტორიკოსმა გიორგი ციციშვილმა იპოვა ცნობები 1937 წელს დახვრეტილთა სამარხების ადგილმდებარეობის შესახებ; 1955 წელს ბერიას გარემოცვის საჩვენებელი სასამართლო პროცესის დროს ერთ-ერთმა ყოფილმა ოფიცერმა გაკვრით ახსენა ადგილი, სადაც სასიკვდილო განაჩენს აღასრულებდნენ - მე-8 კილომეტრზე სოღანლუღიდანო, ამბობდა იგი. თუმცა ტერიტორიის შესწავლის საფუძველზე 99% სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მცდარი ორიენტირია.

შინსახკომის თანამშრომლები. შსს არქივი, 1937 წელი

განაჩენის აღსრულების აქტები სრულყოფილად არის შენარჩუნებული, სადაც ჩამოთვლილია ადამიანთა ჯგუფები - ხშირად 10 ან 100-კაციანი. მათი დახვრეტის ფაქტი საათების სიზუსტითაა დაფიქსირებული, მაგრამ აკლია ადგილის მითითება, მხოლოდ ქალაქის სახელწოდებაა მოხსენიებული. ეს იმიტომ, რომ ინსტრუქციის მიხედვით, რეპრესიები მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. სახელმწიფოს მტერი უკვალოდ უნდა გამქრალიყო. გამონ­აკლისს 20-იანი წლები წარმოადგენდა, როცა დახვრეტილთა სახელები ოფიციალურად ცხადდებოდა პრესაში, რაც შიშის დანერგვის ერთ-ერთი იარაღი იყო.

- რამდენი ხანია, რაც თქვენი ორგანიზაცია მუშაობს?

- 2012 წლიდან. ჩვენი მიზანია მოვნიშნოთ საბჭოთა ტერორის კვალი საქართველოში. მუშაობის­ პირველი ეტაპი იყო საწყისი პუნქტების გამოვლენა, ადგილები, საიდანაც დასახვრეტად გაჰყავდათ. ეს არის ჩეკას სახლები, საპატიმროები (მეტეხის სპეცდანიშნულების იზოლატორი და ორთაჭალის ციხე), რომლებიც უკვალოდ გაქრა. შემორჩენილია მხოლოდ ინგოროყვას ქუჩის #22-ში მდებარე სახლი (საქართველოსა და ამიერკავკასიის საგანგებო კომისიების ყოფილი შენობა), რომლის პირველ სართულსა და სარდაფს­ 1921-34 წლებში წინასწარი დაკავების იზოლატორებად იყენ­ებდნენ. როდესაც კოლეგია სასიკვდილო განაჩენს გამოიტანდა, თუ მსხვერპლი ციხეში იჯდა, წინაღამით ჩეკას საპატიმრო საკანში გადაჰყავდათ, იქიდან კი დახვრეტის ადგილზე.

- სიკვდილმისჯილები­ უკანასკნელ საათებს ინგორ­ოყვას #22-ში ატარებდნენ?

- ეს მკაცრად გაწერ­ილი მექანიზმის ნაწილი­ იყო. პატიმრები, უხეშად რომ ვთქვათ, ჯერ უნდა დაემუშავებინათ, მოემზადებინათ ტრანსპორტირებისთვის, რაც გულისხმობდა მათთვის ტანისამოსის გახდას - დასახვრეტად მხოლოდ საცვლებით გაჰყავდათ, ხშირად შიშვლები. მათთვის უნდა შეეკრათ ხელები, რათა დახვრეტისას წინააღმდეგობა არ გაეწიათ და ჩაესხათ საბარგო მანქანის ძარაზე. ეს ცნობები მოვიპოვეთ ყოფილი პატიმ­რების ან ამ პროცესის შემსწრეთაგან - ისინი ან თანასაკნელები იყვნენ, ან უარესი - დახვრეტის სიმულაციაგადატანილები. პატიმარს გაიძახებდნენ, გახდიდნენ, შეუკრავდნენ ხელებს, ჩასვამდნენ ავტომობილში, სხვებთან ერთად გაჰყავდათ იმ ადგილებში, სადაც ხალხს ხვრეტდნენ და აყურებინებდნენ სხვების დასჯას; ან მიჰყავდათ საძმო სამარხის პირას და ასმენინებდნენ გასროლას. ხშირად ამას ფსიქიკურ აშლილობამდე მიჰყავდა პატიმარი.
20-იან წლებში იყო ასეთი პრაქტიკა - როდესაც მსხვერპლს ტანისამოსს ხდიდნენ, შემდეგ ეს სამოსიც და ნივთების ნაწილი სისხლის სამართლის საქმეში ნივთმტკიცებად რჩებოდა, ღირებული ნივთები კი ბარდებოდა ჩეკასა და ენ-კა-ვე-დეს ხაზინაში. განაჩენის აღსრულების შემდეგ ნივთებს თავიანთ თანამშრომლებს უნაწილებდნენ. როდესაც პატიმრები ციხის ზედამხედველს თანასაკნელის ტანსაცმელში გამოწყობილს დაინახავდნენ, ხვდებოდნენ, რომ ის ცოცხალი აღარ იყო.

"ინგოროყვას ქუჩის #22-ში მდებარე სახლის პირველ სართულსა და სარდაფს 1921-34 წლებში წინასწარი დაკავების იზოლატორებად იყენებდნენ"

- რა სირთულეებს აწყდებით მუშაობისას?­

- მუდმივად დგას საშიშროება იმისა, რომ, მაგალითად, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე შენობას ვიღაც იყიდის და ყველა კვალი გაქრება. არადა, ამ სახლში არსებულ ყოფილ სიკვდილმისჯილთა საკანში დღესაც შემორჩენილია პატიმრების მიერ ამოკაწრული წარწერები. რამდენიმე მათგანის ფოტოს გადაღება მოვასწარით. იმის მიუხედავად, რომ ბევრი დოკ­უმენტი მოვიძიეთ სამარხების იდენტიფიკაციისთვის, გვჭირდება საზოგადოების დახმარებაც - ვინც კი რაიმე სახის ინფ­ორმაციას ფლობს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზუსტი ცნობები ამ ადგი­ლების შესახებ იმათ აქვთ, ვინც რეპრესიები თავად განახორციელეს 1954-55 წლამდე, როდესაც უკვე შეწყდა მას­ობრივი დახვრეტები სასამართლო გად­აწყვეტილებების გარეშე. ამის შემდეგ განაჩენს ციხეში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას აღასრულებდნენ და შემდეგ იქიდან გაჰქონდათ ნეშტი საიდუმლო სასაფლაოზე.
საქართველოში 1921-1954 წლებში დაახლოებით 19 000 კაცი დახვრიტეს. მათი საძმო საფლავების ადგილსამყოფელი, 2-3 იშვიათი გამონაკლისის გარდა, უცნობია.

- თბილისში არსებული მასობრივი სამარხების ადგილმდებარეობა ცნობილია?

- ზუსტი კოორდინატები არ ვიცით, - 3 ზონა გამოიყოფა. პირველი ზონაა ვაკის პარკის მთავარი შესასვლელიდან ვაკის სასაფლაომდე; მეორე - საბურთალოზე, აკადემქალაქი. ამ ორივე შემთხვევაში გვაქვს ზეპირი წყაროები და არიან ნეშტების პოვნის შემსწრენი. მესამე ზონა ნაძალადევშია, რკინიგზის სადგურის უკანა ტერიტორიაზე, სადაც 1924 წლის აჯანყების დროს დახვრიტეს მცირე ჯგუფი. ამგვარი ზონები საძიებელია ბათუმთან, ფოთთან, ოზურგეთთან, ქუთაისთან, გორთან, თელავთან, სიღნაღთან, დუშეთთან. თუმცა საარქივო დოკუმენტების თანახმად, 30-იანი წლებიდან სასიკვდილო განაჩენის აღსრულების მთავარი ცენტრი მაინც თბილისი იყო.

პოლონეთის შემთხვევა


პოლონეთში კომუნისტური ტერორი 1944 წლიდან დაიწყო. ტერორის მსხვერპლთა სამარხების გამოვლინება აქ ადვილად მოახერხეს, რადგან საარქივო დოკუმენტებში მითითებული იყო ადგილმდებარეობა. ნაპოვნ სამარხში ნეშტებს შეისწავლიან, დააარქივებენ და შემდეგ სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ამ პროცესის ნაწილია დნმ-ის ანალიზი, რისი წყალობითაც ხერხდება მსხვერპლის იდენტიფიკაცია.
ყველა სიკვდილმისჯილი ცდილობდა, კვალი დაეტოვებინა, რათა ოდესმე მისი საფლავი ეპოვათ. ბოლო გათხრისას კბილის ჯაგრისი იპოვეს, რომელზეც მსხვერპლის გვარი, სახელი და მისამართი იყო ამოკაწრული. გაშიფვრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს იყო რეჟიმის მოწინააღმდეგეთა შორის ერთ-ერთი ცნობილი მებრძოლი. ხშირად მსხვერპლი ყლაპავდა მედალიონს, რომელზეც მისი ვინაობა იყო ამოკაწრული.

ეკა სალაღაია


გურამი
23 მარტი 2017 06:51
არის ერთი ადგილი ორთაჭალაში, ყოფილი ციხიდან არც ისე შორს. აწგარდაცვლილი ბებიისგან ხშირად გამიგონია რომ იმ ადგილას ხვრეტდნენ და ერთი ბარი რომ დაარტყა მიწას, ძვლებს ამოყრი-ო. მე პირადად ბავშვობაში იმ ტერიტორიაზე რამოდენიმეჯერ მინახავს ადამიანის თავის ქალები.
datiko48
21 მარტი 2017 02:54
არის ერთი ადგილი კიდევ ვაკეში სადაც ხვრიტავდნენ-ყიფშიძის ქუჩაზე,სტუდქალაქის უკან იყო სამეურნეო ბაღები სადაც ჩვენ მოსწავლეებს "გვასწავლიდნენ"მიწის დამუშავებას 55-ტე სკოლიდან,და ერთმა მოხუცებულმა გაგვაფრთხილა რომ თავი დაგვენებებინა აქ "მუშაუბისთვის",აგრეთვე იქვე იყო ტყავსაგალანტერიო ქარხანაც და იქაც იმ ტერიტორიაზეც ხდებოდა ხალხის დახვრეტვა 1925-დან 40 წლამდე.
Jemka-s
23 თებერვალი 2017 13:26
Jer simartle gaarkvie da mere were komentarebi, dgemde komunixmshi da sibneleshi xar chsrchenili, isev pirdafchenils gjera xrushchovis propaganda. Wadi aq weras wignebi eaikitxe an "KGB"-s axladgaxsnil arqivebs gaecani. P.S. esec miayole tan, Кремлев С. Берия — лучший менеджер XX века.

რედაქტორის რჩევით