"აკაკის აკვანის" გადაღებისას საქართველოს დიდი რუზველტის ვაჟი ესტუმრა
1947 წელი იდგა, ომი ახალი დამთავრებული იყო და მსხვერპლითა და შიდაპოლიტიკური ბრძოლით დაღლილ ხალხს დასვენება სჭირდებოდა. იქნებ ამიტომაც დართეს ნება კონსტანტინე პიპინაშვილს, გადაეღო "აკაკის აკვანი" - ფილმი, რომელშიც იდეოლოგია უკანა პლანზე იქნებოდა გადატანილი, სახალხო პოეტის, აკაკი წერეთლის სიყვარული, მისი ხალასი ნიჭი და გონიერება კი - წინა პლანზე.

გამოსვლის დღიდან ფილმი ისევე შეიყვარა ხალხმა, როგორც აკაკი უყვარდა, რადგან ამ კინოსურათში დაინახა "მოკამკამე წყალი ანკარა"...

სწორედ "აკაკის აკვანის" გადაღებისას საქართველოს ესტუმრნენ ამერიკელი
სენატორი რუზველტი - დიდი თეოდორ რუზველტის ვაჟი და მისი მეუღლე, ჰოლივუდის ვარსკვლავი.

იმ დროს ამერიკას ასე აშკარად არ უფრთხოდნენ და თათხავდნენ, მაგრამ უცხოელი სტუმარი თავისთავად ითარგმნებოდა, როგორც "საშიშროება", "ნაღმი", რომელზეც დღეს და ხვალ თუ არა, ზეგ მაინც შეიძლებოდა აფეთქებულიყავი.

ხომ ადვილი წარმოსადგენია, ამერიკელები როგორი ხალისით
გაეცნობოდნენ ქართულ ტრადიციებს, მშვენიერ სუფრას, ნახავდნენ ისტორიულ ძეგლებს, მოისმენდნენ მრავალხმიან ხალხურ სიმღერებს.

არც მათი წარმოდგენა გაგიჭირდებათ ფილმის გადასაღებ მოედანზე, ჩვენს რახრახა აპარატურასთან, რომელსაც ამ დღიდან კიდევ 20 წლის შემდეგაც კი გაოცებული უყურებდა ცივილიზებული მსოფლიო. ხომ გახსოვთ, რეზო თაბუკაშვილის ევროპული გადაღებების და იქ ჩვენი აპარატურით გულგახეთქილი და გაოცებული ევროპელების შესახებ რამდენს ჰყვებოდნენ სიცილით... მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

ნაკლებად მნიშვნელოვანია რუზველტისა და მისი მეუღლის ჰოლივუდური ღიმილიცა და მაგრად ჩამორთმეული ხელიც... მე მინდა იმ ანკარა წყაროებზე გითხრათ, რომელშიც, როგორც სარკეში, ჩაახედეს უცხოელი სტუმრები.

ფოტომ შემოინახა უმშვენიერესი თამარ ციციშვილი და მედეა ჯაფარიძე რეჟისორ კონსტანტინე პიპინაშვილთან და ამერიკელ სტუმრებთან ერთად. ქართველი მსახიობები სტუმრების უკან დგანან და იმის მაგივრად, რომ უცხო სახეს აკვირდებოდე, მათკენ გაგირბის მზერა, მხოლოდ მათი ყურება გინდა.

ერთბაშად კითხულობ დიდი კულტურის კვალსაც და დიდი კაეშნის ნაიარევსაც, მედეას დიდებულად დახრილ თავს რომ უყურებ.  ქალბატონი თამარი მოკრძალებით იღიმის, სწორედ ისე, როგორც მისი დიდედა გაიღიმებდა თავის მდიდრულ სასახლეში სტუმრების მიღებისას.

მსახიობები, რომელთა გარეგნობაში ჰოლივუდი უდიდეს თანხას გადაიხდიდა, საბჭოთა საქართველოში გროშებად მუშაობდნენ. მაგრამ მათ ლექსებს უძღვნიდნენ, ისინი უყვარდათ და ლამის საკრალურად აღიქვამდნენ.

როცა ამერიკაში რომელიმე პოპულარული ვარსკვლავის შიშველი ფოტოსათვის დიდ ფულს იხდიდნენ, აქ არავინ ცდილობდა დიდი მსახიობების შიშველი სხეულის წარმოდგენასაც კი, რადგან მათ, ისევე როგორც საკუთარ დედებს, ხელუხლებელ სიწმინდედ მოიაზრებდნენ. და რამდენიც უნდა გადაეხადათ უცხოელებისათვის, რა სიმდიდრეც უნდა დაეგროვებინათ კაპიტალისტებს, საქართველოში - წართმეული ეროვნული თავისუფლებისა და ჩამორთმეული სიმდიდრის ქვეყანაში, არსებობდა საუნჯე - ხელუხლებელი. მის ფონზე ბევრი რამ ფერმკრთალდებოდა. ის "სარკეობდა" და "უნებურად მხატვრობდა" კიდეც.

დაბოლოს, კალამი მაინც გამექცა და ერთი მოგონებით დავამთავრებ: ერთხელ რეზო თაბუკაშვილისათვის უკითხავთ, როგორ ფიქრობ, საქართველო რუსეთის კოლონიააო. არაო, - უპასუხია ბატონ რეზოს, - მე არ მინახავს, არც მსმენია კოლონიის შესახებ, სადაც კოლონისტები ქუჩებში მათხოვრებად სხედან და დაპყრობილები მოწყალებას გასცემენო...

მგონი, კარგი დასასრულია, თუმცა ეს მაშინ იყო, ახლა სხვა დროა...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები