ბურებთან - კვირის პალიტრა

ბურებთან

ნიკო ბური (ბაგრატიონი)

მოგონება

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #50-51, 2009; #1-12

წმინდა ელენეს კუნძული მძიმე საპატიმროდ იქცა ნიკო ბაგრატიონისთვის. დრო რომ გამოხდა, ბანაკის კომენდანტმა საუზმეზე მიიწვია ნიკო ბური გრაფ ბრედასთან ერთად და იქაურობისთვის ერთობ ძვირფასი კერძით - ერბოკვერცხით გაუმასპინძლდა. იმ დღიდან მოკიდებული, მას აღარ ეკრძალებოდა ურთიერთობა კუნძულის ბინადრებთან, იმდენად, რომ პატიმართა კლუბის დაარსებაშიც აღარ შეუშლიათ ხელი.

ნიკო ბურს, რომელიც თვითონაც შეჭირვებულად ცხოვრობდა, ძალიან აწუხებდა ტყვე ჯარისკაცთა გაუსაძლისი ყოფა. ამიტომაც მოიწვია ტყვეების წარმომადგენელთა კრება, რომელზეც გადაწყდა ფრენბურთისა და ჩოგბურთის გუნდების შექმნა, მომღერალთა კაპელის დაარსება. კლუბს სათავეში ნიკო ბური ჩაუდგა და მალე ნებართვაც მიიღო, ქალაქში გაემართა კონცერტები და სპორტული შეჯიბრები. მაგრამ შემოსავალი მწირი იყო და ნიკო ბურს საფიქრალი გაუათკეცდა - რა გავაკეთო ისეთი, ამ ხალხს ტკბილი ყავა რომ ჰქონდეს ყოველდღეო...

კარვის წინ დავჯექი.ვფიქრობ, ჩემი ღონის პატრონი რად უნდა ვიყო ნაცარქექიასავით უმწეო? მაგრამ ამ ღონესთან ერთად ნაცარქექიას მოხერხების უნარი რომ მომცა, წმ. ელენეს კუნძულს, დანტეს ჯოჯოხეთს რომ ჰგავს, ნამდვილ სამოთხედ ვაქცევდი.

KvirisPalitra.Geრა გავაკეთო ისეთი, ამ ხალხს ტკბილი ყავა მაინც რომ ჰქონდეს ყოველდღე?

დოღი!

ეს რა კარგი აზრი მომივიდა! კუნძულის მცხოვრებელთათვის ეს უთუოდ უცხო სანახაობა იქნება და ჩვენი კლუბის დაშრეტილი სალარო შეიძლება კვლავ იქცეს უკვდავების წყაროდ.

გავიქეცი ფოგელიუსთან. იქ დამხვდა ვიტხამორიც. მალე გრაფი ბრედაც მოვიდა.

გავუზიარე მათ ჩემი განზრახვა, თან დავუმატე, რომ დოღის შემდეგ მაყურებლებს ვაჩვენებ ჩემი მკლავების ძალას-მეთქი.

მაინც რას აპირებო, - ჩამაცივდნენ მეგობრები.

იძულებული გამხადეს, საიდუმლოდ მეთქვა მათთვის, რასაც ვაპირებდი.

კომენდანტს მოციქულად მივუგზავნეთ გრაფი ბრედა.

დიდი ყოყმანის შემდეგ იგი დათანხმდა 10 ცხენი ორი კვირის განმავლობაში ენათხოვრებია ჩვენთვის.

მეორე დღეს შევარჩიე ტყვეებიდან 10 საუკეთესო ცხენოსანი და შევუდექი მათ გაწვრთნას.

...

ქალაქის მახლობლად საჯირითო მოედნის გამოძებნა და აფიშების დაბეჭდვა-გაკვრის საქმის მოგვარება იკისრა ფოგელიუსმა. მანვე რომელიღაც მაღაზიიდან ქირით იშოვა სიმებიანი ინსტრუმენტები, ტყვეებს შორის აღმოჩნდნენ მშვენიერი დამკვრელები ფორტეპიანოზე, ვიოლინოზე, ვიოლონჩელზე.

ბანაკის კომენდანტმა მოითხოვა: ორკესტრსა და მომღერალთა გუნდს დოღის დაწყების წინ უთუოდ შეესრულებინა ინგლისური ჰიმნი. ეს არაფრად გვეჭაშნიკა, მაგრამ იძულებული ვიყავით, ძალას დავმორჩილებოდით. გუნდი და ორკესტრი უხალისოდ შეუდგა ჰიმნის შესწავლას.

ზანგებმა ცალკე შეადგინეს ეროვნული გუნდი.

უკვე გაიკრა აფიშები, რომლებზედაც ჩემი გვარი ფოგელიუსს დიდი ასოებით გამოეცხადებია.

მოახლოვდა დანიშნული დღეც.

ბანაკში ყველა ღელავდა. ჩვენზე არანაკლებ ღელავდნენ თურმე ქალაქის მცხოვრებლებიც. ბილეთები წინასწარ გაიყიდა.

გათენდა 15 აგვისტო.

კოსტი დილაადრიან შეუდგა ჩემი გამოხუნებული კოსტიუმის წმენდას. ხუმრობა ხომ არ იყო, მთავარი მოქმედი პირი დღეს მე უფრო ვიყავი, ვიდრე სხვები.

დოღი დანიშნული იყო დღის 12 საათზე, მაგრამ სტუმრებმა 10 საათიდან იწყეს მოსვლა. მალე მთელ კუნძულზე უვრცესი მინდორი ხალხით აივსო. ტყვეების მიერ სახელდახელოდ გაკეთებული უბრალო ფიცრის მერხები საკმარისი არ აღმოჩნდა, უმრავლესობა ფეხზე იდგა.

საუცხოო დარი დაგვესწრო. მოწმენდილი ციდან მზე უხვად გვაფრქვევდა სხივებს, მაგრამ რაც მთავარია, სრულებითაც არ იყო მცხუნვარე.

ირგვლივ უჩვეულო ჟრიამული იდგა.

ყველაზე უფრო მეტს ხმაურობდნენ მხიარული და მოუსვენარი ფრანგები.

დოღის შეფი იყო ბანაკის კომენდანტი, ინგლისელი პოლკოვნიკი შილი. საზეიმოდ გამოწყობილს მეტად ცივი, იმავე დროს ყოყოჩური, მიუკარებელი გამომეტყველება ჰქონდა.

ქალაქის მაღალი თანამდებობის პირებს იგი ეგებებოდა ხოლმე თავისი უცნაური თავაზიანობით.

სრულ 12 საათზე გაისმა საკომენდანტოდან მოტანილი დაფდაფის ხმა. ერთბაშად ჩამოვარდა სიჩუმე.

გუნდმა და ორკესტრმა შეასრულა ინგლისის სახელმწფო ჰიმნი, რასაც მაინცადამაინც დიდი აღფრთოვანება არ გამოუწვევია.

შემდეგ ორკესტრის აკომპანიმენტზე გუნდმა შეასრულა ცნობილი ევროპელი კომპოზიტორების რამდენიმე საგუნდო სიმღერა.

პირველი განყოფილების დასასრულს გამოვიდნენ ზანგები, რომლებიც მეტად მელოდიურად მღეროდნენ თავიანთ ეროვნულ ჰანგებს, ამავე დროს კეთილხმოვნად, მაგრამ უცნაური გატაცებით აჟღერებდნენ უბრალო სპილენძის ნაჭრებს, პატარა ქვაბებს და სპილენძისავე სინებს. ასევე გატაცებით უკრავდნენ ლერწმისაგან გაკეთებულ სხვადასხვა ზომის სალამურებს.

ეს იყო რაღაც ჯაზისმაგვარი.

დაიწყო დოღი.

დოღში მონაწილეობდნენ კუნძულის მცველ ინგლისელთა ჯარის საუკეთესო ცხენოსნებიც, მაგრამ მათ ტყვე ბურებმა აჯობეს.

დადგა ჩემი გამოსვლის დრო.

შუაგულ მოედანზე საკომენდანტოს მეჯინიბე ოთხმა ზანგმა გამოიყვანა ორი ცხენი, ორ ზანგსაც მათზე გამობმული თასმები ეჭირა.

ცხენებს რომ შევხედე, ცოტა შიშმა გამკრა, მეტად ფიცხნი და ღონივრები ჩანდნენ, მეჯინიბეები ძლივს უჭერდნენ თავებს.

ეტყობა, კომენდანტს განგებ შეურჩევია ყველაზე დიდი და ღონიერი ცხენები, რომ ამდენი ხალხის წინაშე შემარცხვინოს. ეს მისი საქციელი უფრო შურისძიებას ჰგავს, ვიდრე ჩემი მკლავების ძალაში დარწმუნების სურვილს.

არ მეგონა, პოლკოვნიკი შილი თუ ასეთი მუხანათი გამოდგებოდა. მან კარგად იცოდა, რომ მე ცირკის ჯამბაზი არ ვიყავი და არც პირადი სარგებლობის მიზნით გამოვდიოდი ამ მოედანზე, არამედ მინდოდა, რითაც შემეძლო, ტყვეების გაჭირვებული მდგომარეობის შემსუბუქების საქმეში ჩემი წვლილი შემეტანა.

რა გაეწყობა! უკან დახევა უკვე გვიანაა!

მოვიკრიბე მთელი ძალ-ღონე და მტკიცე ნაბიჯით გავედი მოედანზე. ისეთმა სიჩუმემ დაისადგურა, თითქოს მთელ არემარეზე ერთი კაციც არ ყოფილიყო.

მარჯვენა ფეხს დავეყრდნე, მარცხენა ოდნავ წინ წავდგი და მკლავები მოვხარე. მეჯინიბეებმა ცხენების გრძელი თასმების ყულფები როგორც კი ჩამომაცვეს მკლავებზე, მყისვე კისერზე გადმოდებულ მაგარ ღვედს ჩავავლე ხელები, ამრიგად ყულფები იდაყვებთან მოვიქციე. ეს მთავარი იყო.

- გაუშვით ხელი! - ვიყვირე მე და მეჯინიბეები, რომელთაც ცხენები აქეთ-იქით აღვირებით ეჭირათ, განზე გახტნენ.

ცხენებმა წამსვე გაიწიეს, მაგრამ ადგილზევე შედგნენ. მაშინ მეჯინიბეებმა ცხენებს შოლტები გადაჰკრეს. ახლა ცხენებმა მოინდომეს ერთბაშად თავის დაღწევა, მაგრამ, როცა ადგილიდან ოდნავადაც ვერ დამძრეს, ყალყზე აიმართნენ.

ვატყობდი, ძარღვები დაწყდომაზე მქონდა, მაგრამ მაინც ვიდექი, როგორც მიწაში ღრმად ფესვებგამდგარი მუხა, ცხენები თითქოს ჩემს ორ ტოტზე გამობმული ყოფილიყვნენ. გახელებული ცხენები ცდილობდნენ, გამსხლტომოდნენ, მაგრამ ამაოდ.

მეჯინიბეებმა კვლავ გადაჰკრეს შოლტები და თან უცნაური ხმით დასჭყივლეს ისედაც ცეცხლმოდებულ მერნებს.

ცხენები ერთხელ კიდევ აიტოტნენ, მერმე გაქაფულებმა ერთხელ კიდევ გაბედულად დაჰკრეს ტორები მიწას და თანდათან დაცხრნენ, დაოკდნენ.

ყულფები მკლავებიდან წავიყარე და მოედნიდან გასვლა დავაპირე, მაგრამ ამ დროს მოირღვა რკალი და ხალხის ტალღამ გზა გადამიღობა.

ატყდა უცნაური ყვირილი, აღტაცებულთა ყიჟინა, ტაში. ყველას უნდოდა ხელი ჩამოერთმია, შემხებოდა, გადავეკოცნე.

როგორც იყო, თავი დავაღწიე გაგიჟებულ მაყურებლებს და მაშინვე გავწიე ბანაკისაკენ. ნახევარი მოედანი გამომყვა თან.

ბანაკის ალაყაფთან იძულებულნი გახდნენ, შეჩერებულიყვნენ, მე შევედი ჩემს კარავში და ლოგინზე დავეგდე. ალაყაფთან შემდგარი ხალხის ყიჟინა კიდევ კარგა ხანს მესმოდა.

მიუხედავად ასეთი გამარჯვებისა, მე საშინლად დამცირებულად და შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს და ძლიერ ვნანობდი, რომ ბრბოს ველური ინსტინქტების გაღიზიანების მიზეზად ვიქეცი.

ჩამეძინა. ძილში ვგრძნობდი, თუ როგორ მიკრთოდა ყოველი კუნთი, როგორ აჩქარებით მიძგერდა გული, მინდოდა თვალის გახელა, მაგრამ ქუთუთოები აღარ მემორჩილებოდნენ.

მართალია, მე უკმაყოფილო ვიყავი დღევანდელი დღით, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენს ღარიბ სალაროს 2500 გირვანქა სტერლინგი შეემატა.

...

ბანაკში დაიწყო ჩვეულებრვი ცხოვრება.

ერთ დილას გამაღვიძა ბანაკის მცველი ჯარის სასულე ორკესტრმა.

რა მოხდა? რა უხარიათ ინგლისელებს?

კოსტიმ მომიტანა სამწუხარო ამბავი:

ინგლისელებს ბურებთან ერთ-ერთ გადამწყვეტ ბრძოლაში გაუმარჯვიათ, 5000 ბური ტყვედ ჩაუგდიათ, ტყვედ წამოუყვანიათ მათი გენერალიც პრენცლო.

ბოღმა შემომაწვა.

წარმოვიდგინე მოხუცი კრიუგერი, რომელიც ჯერ კიდევ იდგა რესპუბლიკის სათავეში, მაგრამ რესპუბლიკა კი თითქმის უკვე აღარ არსებობდა.

ამ დილით ბურები თითქოს მიწამ ჩანთქაო, არსად ჩანდნენ. ბანაკი მიტოვებულ ადგილს ჰგავდა.

კუნძულიდან გაქცევის სურვილი თანდათან მოსვენებას მიკარგავს, მაგრამ რა გზით გავაღწიო თავი ამ ჯოჯოხეთს?

მშვიდად გაწოლილ ზღვას გავცქერი. ცა რატომღაც დღეს ძლიერ დაწეულა დაბლა. ცასა და ზღვას შორის მკრთალი ნათელი შუქი დგას. უცებ ამ შუქში გამოჩნდა შავი ჩრდილი. იგი თანდათან იზრდება და უახლოვდება კუნძულს.

უკვე კარგად ვარჩევ, რომ ეს ჩრდილი დიდი საოკეანო გემია, რომლის მაღალ ანძაზედაც ფრიალებს ამერიკული ალამი.

მთელი ბანაკი გამოეფინა ნაპირზე.

გემი ჩქარა მოდიოდა.

თვალს არ ვაშორებდით, გვეშინოდა, მოჩვენება არ ყოფილიყო და მასთან ერთად არ გამქრალიყო წერილებისა და ამანათების მიღების იმედი.

არა, ცხადად გემია! იგი უკვე ნავსადგურში შევიდა.

ვისაც ბანაკის დატოვების ნება ჰქონდა, ყველა გაეშურა ნავსადგურისაკენ. მე კი ბანაკში დავრჩი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, ამჟამადაც არავის გავახსენდებოდი.

კარგა ხანს ვიჯექი ქვაზე, მწუხარე ფიქრებით შეპყრობილი.

ფიქრებიდან სასწრაფოდ მოსულმა ოფიცერმა გამომარკვია.

- კომენდანტი გთხოვთ, ახლავე გამოცხადდეთ ნავსადგურში, - მითხრა მან.

ცოტა გაოცებული წამოვდექი.

გავყევი.

"ნეტავი რა საქმე აქვს ჩემთან კომენდანტს, ისიც ნავსადგურში?" - ვფიქრობდი გზადაგზა.

როგორც კი ნავსადგურში მივედი, კომენდანტმა გამაცნო გემის კაპიტანი, რომელმაც თავაზიანად მომმართა:

- თქვენ ბრძანდებით ბაგრატიონი?

- დიახ.

- ეს გემი თქვენს სახელზეა გამოგზავნილი სამხრეთ ამერიკიდან, იგი ამერიკაში მცხოვრები ფრანგი ქალების მიერ შეგროვილი საჩუქრებითაა დატვირთული. გთხოვთ თქვენი გვარი მოაწეროთ ამ ქაღალდზე, რომ მასში აღნუსხული საჩუქრები ნამდვილად მიიღეთ, - მითხრა მან ფრანგულად და საბუთი გამომიწოდა.

მართალი გითხრათ, გაკვირვებასთან ერთად, ჩემში ამ ამბავმა სწორედ უჩვეულო სიხარული გამოიწვია. განსაკუთრებით მიხაროდა ის, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, შემეძლო კიდევ ერთხელ დავხმარებოდი ჩემს თანამებრძოლებს.

კაპიტანმა აგრეთვე მთხოვა, პირადად დავსწრებოდი გემის გადმოტვირთვას.

მე ბურების სახელით დიდი მადლობა გადავუხადე და ხელი მაგრად ჩამოვართვი.

კაპიტანი შუახნის კაცი იყო, წარმოსადეგი, პირში განუწყვეტლივ ჩიბუხი ჰქონდა.

კომენდანტის ბრძანებით მოიყვანეს ტყვეები, რომლებიც დიდი ხალისით შეუდგნენ გემის გადმოტვირთვას.

მე და კაპიტანი კომენდანტის თანდასწრებით განვაგრძობდით საუბარს. ცოტა ხნის მერმე კაპიტანმა ბოდიში მოიხადა და გემზე ავიდა. მალე დაბრუნდა. უკან მეზღვაური მოჰყვებოდა, რომელსაც რაღაც საგანგებოდ შეხვეული მოჰქონდა.

გარდაიცვალა სამხედრო ტყვე... 8 წლისა

ინგლისის ძლევამოსილმა იმპერიამ დაამარცხა თავისი მიწის დასაცავად, შორეულ სამხრეთ აფრიკის პატარა რესპუბლიკის, პრეტორიის გოლიათთან მებრძოლი ფერმერები, თუმც უდიდესი ზარალი ნახა ამ უთანასწორო ბრძოლაში.

მაშინ სამხედრო ექიმი და შემდგომ ცნობილი მწერალი არტურ კონან დოილი, რომელსაც ინგლის-ბურების ომისადმი მიძღვნილი წიგნის გამო ინგლისის დედოფალმა სერის საპატიო ტიტული მიანიჭა, წერდა: მსოფლიოს ხალხთა შორის სწორედ ბურები აღმოჩდნენ ყველაზე მედგარნი, შეუპოვარნი და დაუმორჩილებლებიო. როგორც დიდი ბრიტანეთის კოლონიების მინისტრი ჯოზეფ ჩემბერლენი, ინგლისელთა დაუნდობლობისა და სისასტიკის გასამართლებლად ამბობდა: ისტორიაში არაერთი პრეცედენტი მოიძებნება სისასტიკისა, რისი გამოყენება ჩვენც გვიხდებოდა ამბოხებულთა მიმართ.

ასევე იქცეოდნენ ფრანგები ალჟირში, რუსები - კავკასიაში, ავსტრიელები - ბოსნიაში, გერმანელები - საფრანგეთშიო... ბრიტანელთა ასიმეტრიული პასუხი ამბოხებულებად შერაცხილი ბური პატრიოტების მიმართ იყო: გადამწვარი მიწის ტაქტიკა, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა (რამაც საბოლოდ გადაწყვიტა ომის ბედი), საკონცენტრაციო ბანაკები. ერთ-ერთ ანგარიშში მავანი სამხედრო ჩინოსანი წერდა: "პორტ ელისაბედში გარდაიცვალა სამხედრო ტყვე... 8 წლისა".