"დანკე!", ანუ ქუდში დამალული სიყვარული...
04-07-2016
"დანკე!", ანუ ქუდში დამალული სიყვარული...
ფრანც ლოიო: "თქვენი ფოტო ყოველთვის ჩემთან დარჩება. როცა 1949 წელს პოლონეთის საზღვრიდან აღმოსავლეთ გერმანიაში გადავედით, უკანასკნელად გაგვჩხრიკეს. ფოტო ქუდში დავმალე და დღემდე ჩემთან არის..."

ფრანც ლოიომ საქართველოში ჩამოსვლა ვეღარ შეძლო. ნინოს მან წერილთან ერთად ფოტოსურათი გამოუგზავნა: "ჩემი ახლანდელი სახე აღარც ისე მიმზიდველი­ა, ძველი კი სამუდამოდ დაივიწყეთ!"…


"კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიას (#17, 2016 წ.) გერმანელ ტყვეთა სასაფლაოების შესახებ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ქართულ-გერმანულ ტკივილიან წარსულთან დაკავშირებული აღმოჩნდნენ "კვირის პალიტრის" ფოტოგრაფი ფრიდონ
გეგეშიძე და გორელი ჟურნალისტი ვაჟა შაქარაშვილი. მართალია, ორივეს რამდენიმე ათეული წელი აშორებს იმ დღეებიდან, როცა გერმანელი ტყვეები მათ მშობლიურ ქალაქებში სახლებს აშენებდნენ, მაგრამ წარსული არსად იკარგება - ის თან სდევს აწმყოს.

ვაჟა შაქარაშვილი: - გერმანელი ტყვეების ისტორია ჩვენი იმ ისტორიის გაგრძელება იყო, რომელიც სავსეა სულისშემძვრელი
ფაქტებით. ამიტომ გადავწყვიტე, მომეძებნა ის ადამიანები, ვისაც გერმანელ ტყვეებთან ჰქონდა ურთიერთობა და მათი მოგონებები ჩამეწერა. სამწუხაროდ, უმეტესობა ცოცხალი აღარ იყო, სამაგიეროდ, სულისშემძვრელი ამბები მომითხრეს მათმა შვილებმა.

გორში გერმანელი ოფიცრები ჩაბარებული ჰყავდა ინჟინერ რაფიელ ახობაძეს, ექიმ თამარ ოქროპირიძეს და კიდევ რამდენიმე ადამიანს. როცა ახობაძე გერმანელ ოფიცრებს გორის წყალსადენის გაყვანაზე ამუშავებდა, ამ დროს მისი ვაჟი, მეზღვაური თეიმურაზ ახობაძე, ფრონტზე იყო და ფაშიზმს ებრძოდა, მისი ცოლი შიმშილით ღონემიხდილი გერმანელებისთვის საჭმელს აგროვებდა, რადგანაც ისიც დედა იყო, მასაც შვილი ისევე ჰყავდა გადაკარგული, როგორც ამ ტყვეების დედებს.­ გერმანელები თითქმის შიმშილობდნენ. ამიტომ შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც ტყვეებისთვის სიცოცხლის შენარჩუნება განიზრახა.
ექიმ თამარ ოქროპირიძის ქალიშვილმა, ნინომ, როცა სახლთან მომუშავე გერმანელები დაინახა, დაავლო ხელი ლოყაწითელ ვაშლებს და ჩაურბენინა. ერთ-ერთმა, რომელიც ქვასავით მაგარ მიწას თხრიდა, ნინოს ამოხედა და წაიჩურჩულა: "დანკე!" - გმადლობთო. ასე გაიცნო ქალბატონმა ნინომ ფრანც ლოიო. მალე კი მიწერ-მოწერა დაიწყო. ნინოს წერილები გერმანულის სწავლაში ეხმარებოდა, ფრანცს კი ალბათ მომავლის იმედის გაღვივებაში.
წერილები ფრანცთან ნინოს ბიძას მიჰქონდა. ის კითხულობდა და პასუხს აბრუნებდა. ამასობაში, კათოლიკური შობაც დადგა. გორელმა "მაშველებმა" კვლავ მოკრიფეს, შინ რაც გააჩნდათ, ტომრებში ჩაყარეს და ტყვეებს "საჩუქრები" გაუმზადეს. ნინომ კი, ბევრი ფიქრის შემდეგ, შობის ცივ ღამეს, ნაძვის ტოტი მოიტანა, თუ რამე ფერადი და ლამაზი გააჩნდა, ზედ ჩამოკიდა და ფანჯარასთან ისე დადგა, რომ დილით, სამუშაოდ მიმავალ ტყვეებს დაენახათ.
როცა ბადრაგის თანხლებით ჩაიარეს გერმანელებმა, ფარდას მოფარებულმა ნინომ დაინახა, როგორ ერთი კაცივით შედგა მთელი ასეული; ქუდები მოიხადეს, მკლავზე დაიდეს და ფარდაგადაწეულ ფანჯარას ოფიცრის სალამი მისცეს.…

გაოგნებული ბადრაგი კარგა ხანს იყურებოდა აქეთ-იქით, თუმცა ვერაფერს მიხვდა. ასეულმა კი გზა განაგრძო.

- მერე რა მოხდა?

- გორის ტყვე ოფიცერთა ასეული სამუშაოდ დვირში გაამწესეს. ფრანცმა წასვლისას ნინოს ფოტო სთხოვა. გოგომ უარი უთხრა. 1949 წელს გერმანელ ოფიცრებს სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს.­ ფრანცმა ისევ ნინოს მიაკითხა. გოგო შინ არ დახვდა. დედამისს შეეხვეწა,­ - შეიძლება ვეღარასოდეს გნახოთ, ამიტომ გთხოვთ, თქვენი ქალიშვილის სურათი გამატანეთ, რომ მთელი სიცოცხლე შემეძლოს ვუყუროო. თამარმა ფრანცს სურათი გამოუტანა...
1995 წელს კი ნინო ოქროპირიძემ ზაარლანდიდან წერილი მიიღო. "მთელი სიცოცხლე ვცდილობდი, ზაარლანდში მცხოვრები ქართველების მეშვეობით შენთან დაკავშირებას. ადგილობრივი ტელევიზიით ვნახე - ვინმე ქართველ ახობაძეს მიუნხენის კლინიკაში გულის ოპერაცია გაუკეთეს და მისმა ოჯახმა მაპოვნინა თქვენი თავი. გთხოვთ­ მომწერეთ ახობაძეების შესახებ, რომ ძალიან გვიან, მაგრამ მაინც შევძლო მათ სიკეთეზე პასუხი. თქვენი ფოტო ყოველთვის ჩემთან დარჩება. როცა 1949 წელს პოლონეთის საზღვრიდან აღმოსავლეთ გერმანიაში გადავედით, უკანასკნელად გაგვჩხრიკეს. თქვენი ფოტო ქუდში დავმალე და დღემდე ჩემთან არის..."

ფრანც ლოიომ საქართველოში ჩამოსვლა ვეღარ შეძლო. ნინოს მან წერილთან ერთად ფოტოსურათი გამოუგზავნა: "ჩემი ახლანდელი სახე აღარც ისე მიმზიდველი­ა, ძველი კი სამუდამოდ დაივიწყეთ!"…

გერმანელი ტყვეები ტყიბულში 1998 წელს დაბრუნდნენ. ეს ქალაქი ფაქტობრივად, ხომ მათ ააშენეს. მათი სტუმრობის მოწმე იმხანად ტყიბულის თეატრის ახალგაზრდა ფოტოგრაფი ფრიდონ გეგეშიძეც იყო, რომელიც მაშინ გადაღებულ ფოტოებს დღემდე ინახავს.

ფრიდონ გეგეშიძე:
- ტყიბული კლდე­ზე ნაგები ქალაქია. დიდი ჯაფა სჭირდებოდა საძირკვლის გაჭრას და მშენებლობას. ტყიბულის ყველაზე ლამაზი შენობები გერმანელი ტყვეების აგებულია, ამიტომაც გამიხარდა მათი სტუმრობა. სამნი იყვნენ: ოტორაინ დორფი, ებერჰარდ ქოელროიტერი, ჰერმან ოფენშტაინი, საოცარი ინტერესით შეჰყურებდნენ თავიანთ აშენებულ ქალაქს.

- რას ჰყვებოდნენ?

- შინ დაბრუნებულები სხვა ყოფილ ტყვეებს ვუყვებოდით, ქართველები როგორ გვექცეოდნენ, მაგრამ არავის სჯეროდა. ერთი ისტორია კი მართლაც ზღაპარს ჰგავს­ - გერმანელ ტყვეს გზა არევია, რაჭაში გადასულა და ქორწილში ამოუყვია თავი. ქორწილიდან ვიღა გამოუშვებდა! მერე კალათი საჭმლით აუვსიათ და ისე გამოუმგზავრებიათ. საწყალს მექორწილეებისთვის უთხოვია, - ტყიბულში გადამყევით, თორემ სასჯელი არ ამცდებაო. გაჰყოლია მასპინძელი და ჩავარდნია ბადრაგს ფეხებში, - ჩვენ არ გამოვუშვით ეს კაცი, ყველაფერი ჩვენი ბრალიაო!..

ტყიბულელებმა სათანადოდ უმასპინძლეს გერმანელებს, გამგზავრების დრო რომ მოახლოვდა, გვთხოვეს, ჩვენთან ნაომარი ბიჭები შეგვახვედრეთო. მოუყვანეს ომის ვეტერანები. მიეფერნენ ერთმანეთს - ომი ხომ ჯარისკაცების დანაშაული არ არის! ბოლოს გერმანელებმა იკითხეს, - ჩვენ 6.000 მარკა გვაქვს ომის პენსია. თქვენო? ჩვენებმა, - დაახლოებით 10 დოლარიო. ამაზე ყოფილმა ტყვეებმა გულიანად იცინეს, ჩანს, ხუმრობა ეგონათ! მაგრამ ჩვენებიც აჰყვნენ - ვეღარ გავიგეთ, ომი თქვენ მოიგეთ თუ ჩვენო...
ისე კი თქვეს, გაგილამაზებიათ ტყიბული, კარგად ცხოვრობთო. ესეც ხომ ხეირია - რაც მთავარია, ის ხომ მაინც იფიქრეს, რომ ქართველ კაცს ომი ვერ წააქცევს.

დახურული თემა

სსრ კავშირში ტყვე გერმანელების ცხოვრების შესახებ საუბარი კარგა ხანს მიღებული არ იყო. ყველამ იცოდა, რომ ისინი არსებობდნენ, მეტიც, - მონაწილეობდნენ საბჭოთა მშენებლობებში, მაგრამ ფართო საინფორმაციო ველში ტყვე გერმანელების თემის გამოტანა ცუდ ტონად ითვლებოდა.
რამდენი გერმანელი სამხედრო ტყვე იყო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე? საბჭოთა მონაცემებით - 2 389 560, გერმანულით - 3 486 000. ასეთი არსებითი სხვაობა იმით აიხსნება, რომ მრავალ გერმანელ ტყვეს ერჩივნა სხვა ეროვნებით შენიღბულიყო. რეპატრიაციის პროცესი 1955 წლამდე გაჭიანურდა. გერმანელი სამხედრო ტყვეები თავდაუზოგავად შრომობდნენ, მაგრამ მორჩილება ყოველთვის უსიტყვო არ იყო. 1943-დან 1948 წლის ჩათვლით საბჭოთა ბანაკებიდან 11 ათას 402 სამხედრო ტყვე გაიქცა. მათგან დაიჭირეს 10 ათას 445. ვერ დაიჭირეს გაქცეულების მხოლოდ 3%. ერთ-ერთი აჯანყება 1945 წლის იანვარში მოხდა მინსკთან მდებარე სამხედრო ტყვეთა ბანაკში. გერმანელი ტყვეები უკმაყოფილონი იყვნენ კვებით, მოაწყვეს ბარიკადები და დაცვა მძევლად აიყვანეს. მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო. საბოლოოდ, ბარაკს საარტილერიო ცეცხლი დაუშინეს, რის გამოც 1 000 ადამიანზე მეტი დაიღუპა.

ეთერ ერაძე
ss
28 ივლისი 2016 13:38
ყველა გერმანელი დამნაშავე ვერ იქნებოდა, მაშინ 37-ს ჩვენ ყველა უნდა გადავყვეთ
მირიანი
26 ივლისი 2016 12:38
ხატინში სლავები უფრო აქტიურობდნენ (ნაციონალისტები)
vidoki
25 ივლისი 2016 12:09
საქართველოში იმიტომ იყო კარგი დამოკიდებულება ტყვეების მიმართ, რომ საქართველო არ ყოფილა ოკუპიებული. სხვისი ჭირი ღობის ჩხირიო. ბელორუსიაში სოფელ ხატინის ყველა მცხოვრები ცოცხლად დაწვეს ან დახვრიტეს. ამის შემდეგ ბელორუსებს როგორი დამოკიდებულება ექნებოდათ გერმანელების მიმართ?

რედაქტორის რჩევით