შირაქის ველის საიდუმლო - ახალმა აღმოჩენამ შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია თავდაყირა დააყენოს
შირაქის ველის საიდუმლო - ახალმა აღმოჩენამ შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია თავდაყირა დააყენოს
ვინ არის იდუმალი მხედართმთავარი?

"ჯერ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ საფლავის პატრონი სამხედრო ელიტის წარმომადგენელი იყო. ამას მოწმობს მისი აღკაზმულობა, დიადემა შუბლზე. საფლავში ორი იარაღია აღმოჩენილი, მახვილი ჩონჩხის უკან, რომელსაც შესაძლოა ზურგზე დაკიდებულს ატარებდა და ისრისპირი, რომელიც მიცვალებულს მუცლის არეში აღმოაჩნდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ისრით მოკლეს"


შირაქის ველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილმა ნაქალაქარმა შესაძლოა თავდაყირა დააყენოს აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია, მეტიც, კონტინენტური რეგიონის მატიანეშიც მრავალ დღემდე
უცნობ დეტალს მოჰფინოს ნათელი ან კიდევ უფრო იდუმალი გახადოს ამ დრომდე ამოუხსნელი ფაქტები.

გავრცელებული წყაროებისა და სხვა მასალების მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფოებრიობის ისტორიას იბერიის სამეფოს შექმნიდან ითვლიან, რომელიც ბევრად ახალგაზრდაა, ვიდრე დიდნაურის ნაქალაქარი. იბერიის სახელმწიფო ქრისტემდე მეოთხე საუკუნეში დაარსდა, ახლახან აღმოჩენილ ნაქალაქარს კი ძველი წელთაღრიცხვის
ჯერ კიდევ მეცამეტე საუკუნეში უნდა ეარსება. მეცნიერთა წინასწარი ვარაუდით, ოდესღაც აქ ძველისძველი სახელმწიფოს დედაქალაქი არსებობდა, რომელიც მტრის შემოსევამ ან მიწისძვრამ დაანგრია.

ამ დღეებში დიდნაურის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა დიდგვაროვანი მხედართმთავრის სამარხის გახსნა, სადაც ჩონჩხთან ერთად აღმოჩენილი ორი იარაღი საშუალებას იძლევა ვიფიქროთ, რომ საფლავის პატრონი მოკლეს, რადგან მის მუცელში ჩარჩენილია იარაღი. მეცნიერები მოუთმენლად ელიან ინგლისის ერთ-ერთი ცნობილი ლაბორატორიის დასკვნას ჩონჩხის დნმ-ის შესახებ. ამით პასუხი გაეცემა კითხვას, რა წარმოშობის იყო სამხედრო პირი, რომელიც­ მრავალრიცხოვან მტერთან თუ არა, მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში ისრით მოკლეს.­
"კვირის პალიტრა" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სამსახურის უფროს კოტე ფიცხელაურს ესაუბრა:

- როგორც ვიცი, გათხრამდე იცოდით, რომ საქმე უძველეს ქალაქთან გქონდათ.

- 2011 წელს გუგლის რუკით რეგიონებს ვათვალიერებდით და ჯერ იქ აღმოვაჩინეთ, რომ შირაქის ველზე უძველესი ქალაქები იყო. ის, რასაც ახლა დიდნაურის ნაქალაქარს ვეძახით, უძველესი, შირაქის ველზე გაბნეული პატარა ქალაქების შუაგულშია. ეს გვაფიქრებინებს, რომ აქ იყო დედაქალაქი, დანარჩენები კი მას იცავდნენ. 2014 წლიდან დავიწყეთ არქეოლოგიური კვლევა. მოლოდინმა გაამართლა. მეტიც. დასტურდება, რომ ძალიან მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლთან გვაქვს საქმე. სავარაუდოდ, ეს არის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ნაქალაქარი და დღითი დღე თვალში საცემი ხდება მისი გრანდიოზულობა. ქალაქს ძველისძველი, 7 მეტრი სიგანის და კილომეტრ-ნახევარი სიგრძის დამცავი კედელი და თხრილი აქვს გარშემო. განსაკუთრებულია თიხისა და ხეებისგან აგებული კარიბჭე.

- არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი კიაზო ფიცხელაური აცხადებს, რომ ამ ქალაქმა სავარაუდოდ, 200 წელს იარსება.

- 200 წელს ვვარაუდობთ სამარხებისა და იმ მასალის მიხედვით, რაც ამ ეტაპზე აღმოჩნდა. სამარხები იარუსებად არის ერთმანეთზე განლაგებული, რამდენიმე ფენოვანია. კვლევების დასრულების შემდეგ, შესაძლოა დადგინდეს, რომ ქალაქი ნავარაუდევზე ძველია და მეტხანს იარსება.

- განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჩონჩხმა.

- ჯერ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ საფლავის პატრონი სამხედრო ელიტის წარმომადგენელი იყო. ამას მოწმობს მისი აღკაზმულობა, დიადემა შუბლზე. საფლავში ორი იარაღია აღმოჩენილი, მახვილი ჩონჩხის უკან, ზურგთან, რომელსაც შესაძლოა ზურგზე დაკიდებულს ატარებდა. სამეცნიერო ლიტერატურაში ამ იარაღს ჰქვია კახური სატევარი. ცნობილია ძველი წელთაღრიცხვის მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებიდან, ბრინჯაოს ხანიდან. შესაბამისად, ეს არის ადგილობრივი იარაღი. საინტერესოა ისრისპირიც, რომელიც მიცვალებულს მუცლის არეში აღმოაჩნდა და იმაზე მეტყველებს, რომ ამ ისრით მოკლეს. ისრისპირი კი არაკავკასიურია, მსგავსი ცნობილია მხოლოდ მცირე აზიისთვის.

- ამ ისრის წვერით შეიძლება დავადგინოთ, ვინ დაესხა თავს აქ მცხოვრებ ხალხს?

- ძალიან ბევრი რამ არის დასადგენი. ისიც არ ვიცით, ვინ ცხოვრობდა ამ ადგილზე, რადგან ქართულ წყაროებში მათ შესახებ არანაირი ცნობები არ შემორჩენილა და შესაძლოა, თუნდაც ამ ტრაგიკული ამბის შესახებ ისევ აზიური წყაროებიდან შევიტყოთ. აღმოსავლეთის ცივილიზაციის ნიშნები ჩანს ამ ქალაქის ბინადართა ცხოვრებაშიც. შესაძლოა დაღუპულის ნეშტი ადგილობრივს ეკუთვნის, მაგრამ საკითხავია, საიდან მოვიდნენ, როდის და როგორ დაფუძნდნენ აქ. არ ვიცით, რა ცივილიზაცია იყო აქ. არსებობს მოსაზრებები, რომ ხეთური სახელმწიფოს დაშლის შემდეგ ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით გაეშურნენ და დასახლდნენ. უდაბნოში გვაქვს ნაქალაქარი, სადაც აღმოსავლეთიდან მომავალი სწორედ ერთ-ერთი ჯგუფი უნდა დასახლებულიყო. შესაძლოა აქაც მსგავსი რამ ხდებოდეს. არც ის არის გამორიცხული, მოკლულიც და მკვლელიც სხვა მიწიდან მოსულიყვნენ და აქ მოსვლოდათ­ კონფლიქტი.

ძალიან ბევრი სახელმწიფო ორგანიზაცია ჩაერთო ამ საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ დიდი დაფინანსება არ გვაქვს, ვფიქრობთ, ამ ძალისხმევის შედეგად კიდევ ბევრი საიდუმლო გამომზეურდება.

- რითი შეიძლება განადგურებულიყო ქალაქი?

- შესაძლოა მტერს აეოხრებინა ან მიწისძვრას დაენგრია. ილიას სახელმწი­ფო უნივერსიტეტის სეისმოლოგებმა მიწისძვრა ივარაუდეს. თუ სტიქიამ დასცა­ ქალაქი,­ გათხრებისას გაირკვევა.

ეკა ლომიძე
მკითხველის კომენტარი (33)
გიორგი
13 ივნისი 2019 13:22
გამარჯვება.
დიდნაურის გარდა მთელი რაიონია საინტერესო. თავწყაროზე ძვ.წ. 16 ს. პატარა ქალაქ-სიმაგრეა აღმოჩენილი და სამარხები ბრინჯაოს იარაღებით. ასევე ნაზარლებია საინტერესო წრიული ნაგებობის ნაშთები. ნაზარლების და დიდნაურის შორის კიდევ უფრო საინტერესო უძველესი ობიექტია 2 კმ სიგრძის და ზემოდან ნახაზის ფორმაც აქვს (?). წესიერად უნდა გამოკვლევა და კომპლექსურად. სიმბოლოები და ორნამენტებია კერამიკებზე და ბარელიეფები. 577453481
თეკლა
13 აპრილი 2019 15:41
ეხლა იოლად კეთდება დნმ ანალიზი ნეშტების და ალბათ მალე გვეცოდინება ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და ვინ არიან ჩვენი ნათესავები.
იბერია
11 დეკემბერი 2017 06:51
როდესაც ადამიანს წაკითხული აქვს რევაზ ერისთავის ნაშრომი მზის შვილები და იცის კვაშილავას გაშიფრული ჰეფესტოს დისკოს შესახებ ის არასოდეს იტყვის უარყოფითს ამ თემაზე... მე წმინდად მჯერა რომ ეს სუფთა იბერის ქალაქია ოღონდ არა იმ იბერიის რომელიც აქ ხელმეორედ რომ შეიქმნა არამედ უფრო ძველი იბერიის რომელიც კოლხეთამდე არსებობდა კოლხეთი მისი ერთერთი სახელმწიფოა დაშლის შემდეგ შექმნილი.
კობა
05 სექტემბერი 2016 22:24
რა გირჩევნიათ? ჩვენს სასარგებლოდ გაყალბებული ისტორია თუ ნამდვილი ისტორია?მოდით სომხებს ნუ დავემსგავსებით და გაუაზრებლად ნუ დავიბრალებთ ყველაფერს.დაველოდოთ კვლევებს და პასუხს,რა იცით რას დაასკვნიან პროფესიონალები.მე პირადად ტკბილ ტყუილს მწარე სიმართლე მირჩევნია(თუ ეს ასე აღმოჩნდება)და ეს სულაც არ მაკნინებს როგორც ქართველს.
...-s
17 აგვისტო 2016 14:11
ძალიან არასწორ და მავნებლურ ინფორმაციას წერთ. ჯერ ერთი ძველი კოლხეთი და მისი ძეგლები თარიღდება არა ჩვენს წელთ-აღრიცხვამდე 1, არამედ 2 ათასწლეულით. მეორეც, ვეღარ უნდა ჩამოვყალიბდეთ ქართველები ერად რომ ვცნოთ რომ კოლხეთი, ანუ დასავლეთ საქართველო ისევეა საქართველო როგორც კახეთი და ქართლი. კახელს არ უნდა ეამაყებოდეს კოლხეთის ისტორია და კოლხს კახეთის და უნდა შურდეს და იბოღმებოდეს? ამ ცნობიერებით წინ ვერ წავალთ ისევ ფეოდალიზმში ხართ დარჩენილი ვინც ასე ფიქრობთ.
daviti
17 აგვისტო 2016 11:54
დნმ-ს ანალიზით ეროვნებას ვერ დაადგენ, მხოლოდ შეიძლება მიხვდე, არის კავკასიური რასის, თუ აზიური. ასე რომ თუ დადგინდება რომ არის კავკასიური რასის, შეიძლება იყოს ქართველიც, სომეხიც და ალბანელიც (აზერბაიჯანლების წინაპრები). კიდე უფრო ძნელია იმაზე საუბარი, თუ რა ენაზე საუბრობდნენ ეს ადამიანები, ძველქართულზე თუ სხვაზე, მთავარია ეს არის საქართველოს ტერიტორია.
ტოტო
13 აგვისტო 2016 17:58
როგორც ვატყობ პირველი ქართველი იყო კახელი და გვარად ჯამასპიშვილი.
nino
12 აგვისტო 2016 12:57

საქართველოს კუთხეებიდან ყველაზე ძველი კახეთი კერძოდ ქიზიყი გამოდის.. თუ ამ აღმოჩენას დავუჯერებთ ?

იცით რა მაინტერესებს თუ იცით ვინმემ ამიხსნათ იქნებ.. ბევრჯერ გამიგია კახელებს დასცინიან ხოლმე განსაკუთრებით დასავლეთის ხალხი.. თვქე შაჰ-აბაზის შვილებო და შთამომავლებოო.. გასაგებია რომ სრული იდიოტიზმი და აფსურდია ეს ირონია.. და ისიც ვიცი რომ სუფთა ერი სისხლით თითქმის არ მეგულება დედამიწაზე.. თუ არ ჩავთვლით ებრაელების რამდენიმე კუთხის მხარეს.. და ისიც რას გვანან იერით რომ ნახოთ შეგეცოდებათ.. ალბათ სისხლი რომ არ ირევა ეს არის მიზეზი..

ახლა მთავარი კითხვა რაც მინდოდა მეთქვა.. თუ კახეთი იყო პირველი მხარე და დასაბამი საქართველოს წარსულიდან.. გამოდის დასავლეთში ოდესღაც ვინც მოვიდა ქართველი ანუ კოლხი იბერიელი ის დავიჯერო სუფთა სისხლის ქართველი იყო>??

ან 20 საუკენე რომ ომობდა კახეთი ქართლი შემოსევები აოხრებები რომ ხდებოდა მაშინ დასავლეთს არ ეხებოდა დავიჯერო არავინ>?? და იქ ასე ისხნდნენ და არხეინად ცხოვრობდნენ სუფთა სისხლის ქართველები?? და თუ იქაც ხდებოდა ომები შემოსევები უჯიშო ხალხისა და რათქმაუნდა ხდებოდა იქაც მაშ რა გამოდის დასავლეთიც არ არის სუფთა სისხლის ქართველი ხომ არის ასე?? აბა რატომღა ქილიკობენ კახეთზე ქიზიყზე ყოველთვის??
Shoda
11 აგვისტო 2016 21:51
მინდა აქ მოყვანილი კომენტარის ავტორს ვკითხო, სახელად ოპელი თუ შკოდა.
ბატონო შკოდა, შენ ფიქრობ რომ ბაგრატიონები სომხები იყვნენ? სომხები ხომ კავკასიის მკვიდრი ხალხი არ არის. თქვენ ხომ ინდო-ევროპულ რასას მიეკუთვნებით და ინდოეთიდან კავკასიაში დაახლოებით მეორე ათასწლეულის შუაში გადმოიხვეწეთ. ზუსტად არაა ცნობილი რა ხერხებითა და მეთოდებით მოახერხეთ ეს. ალაბათ იგივე ხერხებით და მეთოდებით, რომლითაც დღეს მოქმედებთ!
გავაგრძელო?
BMW_s
11 აგვისტო 2016 20:47
ფარნავაზიანთა შთამომავლობა ნიშნავს, ფარნავაზის შთამომავლობას, რა შუაში აქ სომხები, იმ დროს სომხებს გვარის კულტურაც კი არ ჰქონდათ, ანი-დაბოლოება ნიშნავს კუთვნილობას, ფარნავაზიანნი......საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ტომის ცხოვრება ყოველთვის იყო და იქნება, მარნეული, ახალქალაქი ეხლა, ყივჩაღები, სპარსელები, ოსები...და ასე შემდეგ, ისტორიულად.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები