შირაქის ველის საიდუმლო - ახალმა აღმოჩენამ შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია თავდაყირა დააყენოს - კვირის პალიტრა

შირაქის ველის საიდუმლო - ახალმა აღმოჩენამ შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია თავდაყირა დააყენოს

ვინ არის იდუმალი მხედართმთავარი?

"ჯერ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ საფლავის პატრონი სამხედრო ელიტის წარმომადგენელი იყო. ამას მოწმობს მისი აღკაზმულობა, დიადემა შუბლზე. საფლავში ორი იარაღია აღმოჩენილი, მახვილი ჩონჩხის უკან, რომელსაც შესაძლოა ზურგზე დაკიდებულს ატარებდა და ისრისპირი, რომელიც მიცვალებულს მუცლის არეში აღმოაჩნდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ისრით მოკლეს"

შირაქის ველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილმა ნაქალაქარმა შესაძლოა თავდაყირა დააყენოს აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია, მეტიც, კონტინენტური რეგიონის მატიანეშიც მრავალ დღემდე უცნობ დეტალს მოჰფინოს ნათელი ან კიდევ უფრო იდუმალი გახადოს ამ დრომდე ამოუხსნელი ფაქტები.

გავრცელებული წყაროებისა და სხვა მასალების მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფოებრიობის ისტორიას იბერიის სამეფოს შექმნიდან ითვლიან, რომელიც ბევრად ახალგაზრდაა, ვიდრე დიდნაურის ნაქალაქარი. იბერიის სახელმწიფო ქრისტემდე მეოთხე საუკუნეში დაარსდა, ახლახან აღმოჩენილ ნაქალაქარს კი ძველი წელთაღრიცხვის ჯერ კიდევ მეცამეტე საუკუნეში უნდა ეარსება. მეცნიერთა წინასწარი ვარაუდით, ოდესღაც აქ ძველისძველი სახელმწიფოს დედაქალაქი არსებობდა, რომელიც მტრის შემოსევამ ან მიწისძვრამ დაანგრია.

ამ დღეებში დიდნაურის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა დიდგვაროვანი მხედართმთავრის სამარხის გახსნა, სადაც ჩონჩხთან ერთად აღმოჩენილი ორი იარაღი საშუალებას იძლევა ვიფიქროთ, რომ საფლავის პატრონი მოკლეს, რადგან მის მუცელში ჩარჩენილია იარაღი. მეცნიერები მოუთმენლად ელიან ინგლისის ერთ-ერთი ცნობილი ლაბორატორიის დასკვნას ჩონჩხის დნმ-ის შესახებ. ამით პასუხი გაეცემა კითხვას, რა წარმოშობის იყო სამხედრო პირი, რომელიც მრავალრიცხოვან მტერთან თუ არა, მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში ისრით მოკლეს.

"კვირის პალიტრა" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სამსახურის უფროს კოტე ფიცხელაურს ესაუბრა:

- როგორც ვიცი, გათხრამდე იცოდით, რომ საქმე უძველეს ქალაქთან გქონდათ.

- 2011 წელს გუგლის რუკით რეგიონებს ვათვალიერებდით და ჯერ იქ აღმოვაჩინეთ, რომ შირაქის ველზე უძველესი ქალაქები იყო. ის, რასაც ახლა დიდნაურის ნაქალაქარს ვეძახით, უძველესი, შირაქის ველზე გაბნეული პატარა ქალაქების შუაგულშია. ეს გვაფიქრებინებს, რომ აქ იყო დედაქალაქი, დანარჩენები კი მას იცავდნენ. 2014 წლიდან დავიწყეთ არქეოლოგიური კვლევა. მოლოდინმა გაამართლა. მეტიც. დასტურდება, რომ ძალიან მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლთან გვაქვს საქმე. სავარაუდოდ, ეს არის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ნაქალაქარი და დღითი დღე თვალში საცემი ხდება მისი გრანდიოზულობა. ქალაქს ძველისძველი, 7 მეტრი სიგანის და კილომეტრ-ნახევარი სიგრძის დამცავი კედელი და თხრილი აქვს გარშემო. განსაკუთრებულია თიხისა და ხეებისგან აგებული კარიბჭე.

- არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი კიაზო ფიცხელაური აცხადებს, რომ ამ ქალაქმა სავარაუდოდ, 200 წელს იარსება.

- 200 წელს ვვარაუდობთ სამარხებისა და იმ მასალის მიხედვით, რაც ამ ეტაპზე აღმოჩნდა. სამარხები იარუსებად არის ერთმანეთზე განლაგებული, რამდენიმე ფენოვანია. კვლევების დასრულების შემდეგ, შესაძლოა დადგინდეს, რომ ქალაქი ნავარაუდევზე ძველია და მეტხანს იარსება.

- განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჩონჩხმა.

- ჯერ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ საფლავის პატრონი სამხედრო ელიტის წარმომადგენელი იყო. ამას მოწმობს მისი აღკაზმულობა, დიადემა შუბლზე. საფლავში ორი იარაღია აღმოჩენილი, მახვილი ჩონჩხის უკან, ზურგთან, რომელსაც შესაძლოა ზურგზე დაკიდებულს ატარებდა. სამეცნიერო ლიტერატურაში ამ იარაღს ჰქვია კახური სატევარი. ცნობილია ძველი წელთაღრიცხვის მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებიდან, ბრინჯაოს ხანიდან. შესაბამისად, ეს არის ადგილობრივი იარაღი. საინტერესოა ისრისპირიც, რომელიც მიცვალებულს მუცლის არეში აღმოაჩნდა და იმაზე მეტყველებს, რომ ამ ისრით მოკლეს. ისრისპირი კი არაკავკასიურია, მსგავსი ცნობილია მხოლოდ მცირე აზიისთვის.

- ამ ისრის წვერით შეიძლება დავადგინოთ, ვინ დაესხა თავს აქ მცხოვრებ ხალხს?

- ძალიან ბევრი რამ არის დასადგენი. ისიც არ ვიცით, ვინ ცხოვრობდა ამ ადგილზე, რადგან ქართულ წყაროებში მათ შესახებ არანაირი ცნობები არ შემორჩენილა და შესაძლოა, თუნდაც ამ ტრაგიკული ამბის შესახებ ისევ აზიური წყაროებიდან შევიტყოთ. აღმოსავლეთის ცივილიზაციის ნიშნები ჩანს ამ ქალაქის ბინადართა ცხოვრებაშიც. შესაძლოა დაღუპულის ნეშტი ადგილობრივს ეკუთვნის, მაგრამ საკითხავია, საიდან მოვიდნენ, როდის და როგორ დაფუძნდნენ აქ. არ ვიცით, რა ცივილიზაცია იყო აქ. არსებობს მოსაზრებები, რომ ხეთური სახელმწიფოს დაშლის შემდეგ ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით გაეშურნენ და დასახლდნენ. უდაბნოში გვაქვს ნაქალაქარი, სადაც აღმოსავლეთიდან მომავალი სწორედ ერთ-ერთი ჯგუფი უნდა დასახლებულიყო. შესაძლოა აქაც მსგავსი რამ ხდებოდეს. არც ის არის გამორიცხული, მოკლულიც და მკვლელიც სხვა მიწიდან მოსულიყვნენ და აქ მოსვლოდათ კონფლიქტი.

ძალიან ბევრი სახელმწიფო ორგანიზაცია ჩაერთო ამ საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ დიდი დაფინანსება არ გვაქვს, ვფიქრობთ, ამ ძალისხმევის შედეგად კიდევ ბევრი საიდუმლო გამომზეურდება.

- რითი შეიძლება განადგურებულიყო ქალაქი?

- შესაძლოა მტერს აეოხრებინა ან მიწისძვრას დაენგრია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმოლოგებმა მიწისძვრა ივარაუდეს. თუ სტიქიამ დასცა ქალაქი, გათხრებისას გაირკვევა.

ეკა ლომიძე