ჰიტლერული თამაშები - ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა და გახსნის პომპეზური ცერემონია თამაშებს სწორედ ნაცისტებმა "უსახსოვრეს"
31-07-2016
ჰიტლერული თამაშები - ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა და გახსნის პომპეზური ცერემონია თამაშებს სწორედ ნაცისტებმა "უსახსოვრეს"
მსოფლიო 31-ე ზაფხულის ოლიმპიადის მოლოდინშია, რომელიც 5 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში საზეიმოდ გაიხსნება. ბევრმა შესაძლოა არც იცის, რომ ოლიმპიადის პომპეზურად გახსნის ცერემონია პირველად ნაცისტურ გერმანიაში შედგა და მას შემდეგ ტრადიციად იქცა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, მორიგი ოლიმპიადის წინ 1936 წლის, ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ოლიმპიადა გაგვეხსენებინა.

(ფოტოგალერეა)

გთავაზობთ სტატიას ჟურნალ "ისტორიანის" არქივიდან:

ჯერ კიდევ ოლიმპიური მოძრაობის სულისჩამდგმელი, პიერ დე კუბერტენი ქადაგებდა პრინციპს - "სპორტი პოლიტიკის გარეშე". თუმცა პოლიტიკური დემარშები პირველ თამაშებსაც არ დაჰკლებია,
ხოლო 1936 წლის ოლიმპიადა სულაც პოლიტიკურ იარაღად იქცა მასპინძელი სახელმწიფოს ხელში.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, 1912 წლის ზაფხულის VI ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ბერლინი უნდა ყოფილიყო. გერმანიის დედაქალაქში შეუდგნენ კიდეც სამზადისს, თუმცა ამაოდ - პირველ მსოფლიო ომს თამაშების გადადება მოჰყვა, არშემდგარი ოლიმპიური ჩემპიონები კი ერთმანეთს ფრონტის
ხაზზე უპირისპირდებოდნენ.

1919 წელს ომში გამარჯვებული ქვეყნები ვერსალში შეიკრიბნენ და დამარცხებული გერმანიის ომის შემდგომი ბედი გადაწყვიტეს - ტერიტორიების "ჩამოჭრის" გარდა, მას უზარმაზარი კონტრიბუციაც დააკისრეს. ყველაფერთან ერთად, გერმანია მოიკვეთა ევროპის პოლიტიკური, საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრებიდან. ქვეყანა სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა - ის არც 1920 და 1924 წლების ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა შორის ყოფილა.

შეზღუდვები 1928 წელს მოიხსნა და გერმანელმა ათლეტებმა ამსტერდამის თამაშებში მეორე ადგილი დაიკავეს, რითაც მთელ მსოფლიოს დაანახვეს, რომ გერმანელთა "ტევტონური სული" არ მომკვდარა. გათამამებულმა გერმანიამ ბრძოლა დაიწყო XI ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში (სოკ) განაცხადიც შეიტანა.

ბერლინის გარდა, თამაშების მასპინძლობის სურვილი თავდაპირველად კიდევ ცხრა ქალაქმა გამოთქვა, თუმცა სოკ-ის წევრებმა საბოლოო არჩევანი 1930 წლის 13 მაისს, ლოზანაში, ორ კანდიდატს - ბერლინსა და ბარსელონას შორის გააკეთეს. ხმათა დიდი უპირატესობით (43/16) ბერლინმა გაიმარჯვა.

რა სარგებლობა მოაქვს ოლიმპიადას

გერმანიის ხელისუფლებაში 1933 წელს მისულ ადოლფ ჰიტლერს თავდაპირველად სულაც არ ეხატებოდა გულზე ოლიმპიური იდეები, მეტიც, ოლიმპიადას ებრაელებისა და მასონების გამოგონებას უწოდებდა. არც ქვეყანაში იყო თამაშებისადმი ერთგვაროვანი დამოკიდებულება. ბევრ გერმანელს არ სურდა ვერსალის დამამცირებელი განაჩენის დავიწყება, ისევე როგორც თავის სამშობლოში ინგლისელი და ფრანგი სპორტსმენების ნახვა.

ნაცისტთა შორის ანტიოლიმპიურმა მოძრაობამ იმძლავრა. მათ მიაჩნდათ, რომ არიელ სპორტსმენებს "არასრულფასოვანი" ხალხების წარმომადგენლებთან ასპარეზობა არ ეკადრებოდათ.

იდეოლოგიური თვალსაზრისითაც, ჰიტლერი ოლიმპიადაში ღირებულს ვერაფერს ხედავდა. წინა, 1932 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე გერმანია მეცხრე ადგილს დასჯერდა. ასეთი შედეგი არიული რასის უპირატესობის ხაზგასასმელად არ გამოდგებოდა.

ჰიტლერზე გავლენა გებელსმა მოახდინა. სწორედ პროპაგანდის მინისტრმა შესთავაზა დიქტატორს, არა მხოლოდ მხარდაჭერა გამოეცხადებინა ოლიმპიადისთვის, არამედ იგი გერმანიისა და ნაცისტური რეჟიმის პროპაგანდისთვის გამოეყენებინა.
გებელსის ხედვით, ერთი მხრივ, ოლიმპიადა ქვეყნის მოსახლეობას ფიურერისა და რეჟიმის გარშემო გააერთიანებდა, მეორე მხრივ კი, მსოფლიოს ახალ გერმანიას გააცნობდა: მშვიდობისმოსურნე, ერთ მუშტად შეკრული ერით, რომელსაც საერთო-სახალხო ლიდერი ჰყავს. დადებითი საერთაშორისო იმიჯი გერმანიისთვის არა მხოლოდ პოლიტიკური იზოლაციიდან გამოსვლის წინაპირობა, არამედ საერთაშორისო ეკონომიკური კონტაქტების დამყარების საშუალებაც გახდებოდა. კაპიტალის შემოდინება კი იმხანად ჰაერივით სჭირდებოდა გერმანიას.
საკადრისი სპორტული შედეგების მიღებაზე ჰიტლერის წინაშე თავს ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი კარლ დიმი დებდა, - გერმანელ ათლეტებს წარმატების მიღწევა ნამდვილად შეუძლიათო.

სამზადისი
საბოლოოდ ჰიტლერმა გადაწყვიტა, რომ ბერლინის ოლიმპიადა წინამორბედებთან შედარებით უფრო გრანდიოზული უნდა ყოფილიყო და მიზნის შესრულებას ენერგიულად შეუდგა. თუკი მანამდე გერმანიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა თამაშების ბიუჯეტი 3 მლნ რაიხსმარკით განსაზღვრა, ფიურერმა ის 20 მლნ-მდე გაზარდა.

დაიწყო სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელშიც 86-ათასადგილიანი სტადიონი, ღია სპორტული არენა, საცურაო აუზი, ღია თეატრი, იპოდრომი, ჰოკეის სტადიონი და 500-კოტეჯიანი ოლიმპიური სოფელი შედიოდა. სტადიონზე 74 მეტრი სიმაღლის სამრეკლოს აგება გადაწყდა და დამზადდა ოთხმეტრიანი, ათტონიანი ზარი, რომელიც XI ოლიმპიადის სიმბოლოდ იქცა.

კარლ დიმის იდეამ, ათენიდან ბერლინში ოლიმპიური ცეცხლის ჩირაღდანი ესტაფეტით ჩაებრძანებინათ, გებელსიც მოხიბლა და თავად ფიურერიც. სწორედ ასე იშვა ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის ტრადიცია.

და კიდევ, თუკი მანამდე თამაშების გახსნა-დახურვისას მოკრძალებული ცერემონიით იფარგლებოდნენ, გებელსმა გერმანიაში თეატრალიზებული შოუს დადგმა გადაწყვიტა და ამით კიდევ ერთ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი.
თავის მხრივ, კინოდოკუმენტალისტიკის მსოფლიო ლეგენდა ლენი რიფენშტალმა დაიწყო 4-საათიანი ფილმის, "ოლიმპიას" (თამაშების პირველი მასშტაბური კინოჩანაწერი) გადაღება.

არიული სპორტი

მაგრამ მესამე რაიხი მესამე რაიხად რჩებოდა. მალე სოკ-ამდე მივიდა ხმები გერმანიაში ებრაელთა დევნის შესახებ, რაც, სხვათა შორის, სპორტულ სამყაროზეც ვრცელდებოდა. "არასრულფასოვანი რასის" წარმომადგენლებს სპორტული წრეებიდან, ასოციაციებიდან რიცხავდნენ. სოკ-ი ვითარებაში გარკვევას შეეცადა და ბერლინს ოლიმპიური თამაშების დედაქალაქის სტატუსის ჩამორთმევითაც დაემუქრა. გერმანიის პასუხმაც არ დააყოვნა - ეს ყველაფერი აღორძინებული გერმანიის მტრების მონაჩმახია, რომელ დევნაზეა ლაპარაკიო!

თუკი ცალკეული შემთხვევა მაინც იყო, მას აუცილებლად გამოვიძიებთ და დამნაშავეებს საკადრისად დავსჯითო. სოკ-იც ამ პასუხით დაკმაყოფილდა.

1935 წლის სექტემბერში ამოქმედდა ე.წ. ნიურნბერგის კანონები, რომელიც ებრაელებისა და ბოშების უფლებებს ზღუდავდა. დევნამ კანონიერი საფუძველი მიიღო და "ტოტალური წმენდა" სპორტულ სექციებსა და საზოგადოებებსაც მისწვდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა სპორტულ მიღწევებს, წოდებას, ტიტულს... ცნობისთვის, კრივის ასოციაციიდან თვით გერმანიის ჩემპიონი ერიკ სილიგი გარიცხეს.

მსოფლიოში დაიწყო ბერლინის ოლიმპიადის ბოიკოტირების მოძრაობა, რომელსაც სათავეში აშშ-ის სპორტული საზოგადოება ჩაუდგა. მალე მას მხარი საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ჩეხოსლოვაკიის, შვედეთისა და ნიდერლანდების სპორტულმა ორგანიზაციებმაც აუბეს. საპროტესტო მოძრაობას შეუერთდნენ სპორტთან კავშირის არმქონე პოლიტიკური, საზოგადოებრივი, რელიგიური და კულტურული ორგანიზაციებიც. გაჩნდა ალტერნატიული ეროვნული თამაშების ბარსელონაში გამართვის იდეა.

ოლიმპიადის ჩაშლის საფრთხით შეშფოთებულმა სოკ-მა ბერლინში დელეგაცია აფრინა ვითარების ადგილზე შესასწავლად. გერმანელები ვიზიტს მომზადებული შეხვდნენ. სტუმრებს მშენებარე ილიმპიური ობიექტები დაათვალიერებინეს, ღონისძიებათა პროგრამა გააცნეს, ოლიმპიური სოფელი უჩვენეს და თამაშებთან დაკავშირებული სხვადასხვა სამკერდე ნიშნის, მედლების, ჯილდოებისა და სუვენირების ესკიზები წარმოუდგინეს...
ნაცისტებმა არც ბერლინის ქუჩებიდან ანტისემიტური ლოზუნგების მიჩქმალვა დაიზარეს, სოკ-ის წარმომადგენლებს შეხვედრა მოუწყვეს ებრაელ სპორტსმენებთან, რომლებიც გაოცებული სახეებით აცხადებდნენ, რომ გერმანიაში მათი დევნის შესახებ პირველად ესმოდათ.
სპორტული ფუნქციონერების დასამშვიდებლად, გერმანიამ თავის ოლიმპიურ ნაკრებში აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტი, მამით ებრაელი მოფარიკავე ქალი ჰელენ მაიერიც შეიყვანა. სხვათა შორის, ჰელენმა ჰიტლერს "ამაგი" მალევე დაუფასა - დაჯილდოებისას, კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე მდგომმა, ნაცისტური მისალმებით ასწია ხელი.

ბოიკოტის ჩაშლა

გერმანიაში ვიზიტით მყოფი სოკ-ის წარმომადგენლები იმდენად დააბრმავა ოლიმპიადის სამზადისის მასშტაბურობამ, დაგეგმილი ღონისძიების ბრწყინვალებამ და გრანდიოზულობამ, რომ სხვას ვეღარაფერს ხედავდნენ. და არც უნდოდათ, რომ დაენახათ. დელეგაციამ ქვეყანა მტკიცე გადაწყვეტილებით დატოვა: კარს მომდგარი ოლიმპიადა აუცილებლად ბერლინში გაიმართებაო!

სოკ-ის გადაწყვეტილებას მხარი ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტებმა დაუჭირეს. არ იყო ერთსულოვნება თვით სპორტსმენებშიც - ბევრ მათგანს, უბრალოდ, არ სურდა თავის წარმოჩენის ოთხ წელიწადში ერთხელ ბოძებული შანსის ხელიდან გაშვება.

ბოიკოტის მოძრაობას ლახვარი ჩასცა ბერლინის ოლიმპიადის მიმართ პიერ დე კუბერტენის მხარდამჭერმა განცხადებამ. მანამდე ოლიმპიური მოძრაობის მამამთავარმა გერმანიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან წერილი მიიღო, სადაც კომიტეტის წევრი თეოდორ ლევალდი თანადგომას სთხოვდა. წერილს თან 10 ათასი რაიხსმარკა ახლდა - ფიურერის პირადი შენატანი კუბერტენის ფონდში. რას დაუპირისპირებდა ასეთ "მძიმე არტილერიას" 73 წელს მიტანებული ბარონი, რომელსაც ასაკთან ერთად, მატერიალური სირთულეებიც მომრავლებოდა?!
საბოლოოდ, ბოიკოტის საკითხი მხოლოდ ცალკეული სპორტსმენების გადასაწყვეტი გახდა.

ზამთრის გენერალური რეპეტიცია
6-16 თებერვალს ბავარიის ალპებში, გარმიშ-პარტენკირხენში ზამთრის IV ოლიმპიური თამაშები მოეწყო, რასაც ჰიტლერი ერთგვარ რეპეტიციად განიხილავდა ბერლინის თამაშების წინ.

სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. მათ 15-ათასადგილიანი ზამთრის არენა და მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი 10-ათასადგილიანი, ხელოვნურსაფრიანი ყინულის სასახლე იხილეს. თამაშების ორგანიზებას სოკ-მა, უბრალოდ, უბადლო უწოდა. ჰიტლერის გასახარად კი ოლიმპიადაზე საპრიზო ადგილები "ჩრდილოეთის რასის" წარმომადგენლებმა დაიკავეს: ნორვეგიელებმა, გერმანელებმა, შვედებმა და ფინელებმა, რაც იდეალურად ესადაგებოდა ნაცისტთა რასობრივ თეორიას.

ჰიტლერი კმაყოფილი იყო, თუმცა კიდევ უფრო დიდ ტრიუმფს ზაფხულის ოლიმპიადაზე ელოდა.

ნაცისტური თამაშები
ზაფხულის XI ოლიმპიადის დღეებში (1-16 აგვისტო) ბერლინმა 49 ქვეყნის 4066 სპორტსმენსა და დაახლოებით 4 მილიონ გულშემატკივარს უმასპინძლა. თამაშებზე რეპორტიორები 41-მა სახელმწიფომ მიავლინა.
ბერლინიც საგანგებოდ "გაასუფთავეს" და სამზადისში არა მხოლოდ ქალაქის მუნიციპალური სამსახურები, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ბერლინის პოლიციაც ჩაერთო. ქალაქს მოაცილეს ბოშები, უპოვარნი და მეძავები, ებრაელებისგან კი იქაურობა ჯერ კიდევ 1935 წელს იყო "გაწმენდილი".
გებელსმა ოლიმპიადის დღეებში გაზეთებში ანტისემიტური შინაარსის სტატიების დაბეჭდვა აკრძალა. ქუჩებიდან გააქრეს დისკრიმინაციული პლაკატები და ლოზუნგები, მაღაზიებიდან - შესაბამისი თემატიკის ბროშურები და წიგნები. თვით ბერლინის მცხოვრებლებს მოუწოდეს, დროებით თავი შეეკავებინათ ებრაელთა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ღიად გამოხატვისგან. სამაგიეროდ, ყველგან იყო სვასტიკა - ქალაქში აფრიალებულ ათასობით ალამზე, ასობით პლაკატზე. ოლიმპიურ სიმბოლიკასთან ერთად, სვასტიკა ამშვენებდა სპორტულ აღჭურვილობას, სამკერდე ნიშნებსა და სუვენირებსაც.

პირველი სატელევიზიო ტრანსლაციაც ოლიმპიური თამაშებიდან სწორედ ბერლინიდან განხორციელდა. ქალაქში განთავსდა ტელესალონების ქსელი (33 ერთეული), თითოეულში 25X25 სმ ეკრანის მქონე ორი ტელევიზორითა და მომსახურე სპეციალისტით. ოლიმპიადის დროს სალონებს 160 ათასი ადამიანი სტუმრობდა და სხვათა შორის, ბილეთების მოპოვება იქ უფრო ჭირდა, ვიდრე სტადიონებზე.

კაშკაშა სპორტული ეპიზოდები
გერმანიამ თამაშების პირველსავე დღეს იზეიმა ოქროს მედალი - ჰანს ველკე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ბირთვის კვრაში და ის ჰიტლერმა უმალ ლოჟაში მიიწვია (ველკე 1943 წლის 22 მარტს, გერმანელთა ავტოკოლონაზე ბელორუსი პარტიზანების თავდასხმისას დაიღუპა).

გამოსარჩევი ამბავი იყო სიგრძეზე ხტომაში გერმანელი კარლ-ლუდვიგ (ლუც) ლონგისა და შავკანიანი ამერიკელის, ჯესი ოუენსის პაექრობა. თავიდან ოუენსი ლიდერობდა. ასპარეზზე ლონგის გამოჩენისთანავე ტრიბუნები დადუმდნენ. გარბენი, ნახტომი და... 7,87 მეტრი! ეს ოლიმპიური რეკორდი იყო და მასპინძლებიც ხარობდნენ. თუმცა ოუენსის ჯერი კვლავ დადგა. მეხუთე ცდით მან შედეგი გააუმჯობესა (8,06 მეტრი) და მედალიც დაისაკუთრა. ამერიკელთან პირველმა სწორედ ლუც ლონგმა მიირბინა და გამარჯვება გულწრფელად მიულოცა.
შემდგომში, ლონგისა და ოუენსის მრავალწლიან მეგობრობას დაღი ვერც მეორე მსოფლიო ომმა დაასვა. 1943 წელს, ფრონტზე მყოფმა ლუცმა ჯესის წერილიც კი მისწერა, სადაც სთხოვა, ქორწილში მისი ვაჟის, კაის ხელისმომკიდე ყოფილიყო. რამდენიმე თვეში ობერეფრეიტორი ლუც ლონგი სასიკვდილოდ დაიჭრა. ჯესი ოუენსმა დაღუპულ მეგობარს თხოვნა წლების შემდეგ შეუსრულა - კაის ქორწილში ნეფე-პატარძლის ავტომობილის საჭეს სწორედ ის მართავდა...
თუმცა დავუბრუნდეთ ოლიმპიადას. ჰიტლერმა, რასისტული საბაბით, გამარჯვებული ჯესი ოუენსისთვის მილოცვა იუკადრისა - ფაქტია, რომ 4 აგვისტოს, სიგრძეზე ხტომაში შეჯიბრების დასრულების შემდეგ, როცა ოლიმპიური ჩემპიონის დაჯილდოების დრო დადგა, ჰიტლერი, რომელიც მანამდე ხელიდან არ უშვებდა გამარჯვებული ფინელებისა თუ შვედებისთვის პირადად მილოცვის შესაძლებლობას, ლოჟაში აღარ იმყოფებოდა. სოკ-ის გაოგნებულ მოხელეებს გერმანელებმა უმალ განუმარტეს: "ფიურერი ადრე წავიდა. მოგეხსენებათ, რაიხსკანცლერს უამრავი საქმე აქვს!"
იმავე დღეს სოკ-ის თავმჯდომარე ბაიე-ლატურმა ჰიტლერს ულტიმატუმი წაუყენა - ან ყველას უნდა მიულოცოთ გამარჯვება, ან არავისო. ჰიტლერმაც, რაკი იცოდა, რომ მომდევნო დღეს მეტწილად ამერიკელებს იხილავდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, მეორე ვარიანტი არჩია. 5 აგვისტოს ის ტრიბუნაზე იმყოფებოდა, შორიდან უმზერდა დაჯილდოების ცერემონიალს და ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია.

დაფნის გვირგვინი
ვინ გაიმარჯვა ოლიმპიადაზე? ერთმნიშვნელოვნად მოიგო ნაცისტურმა გერმანიამ და მიაღწია ყველა დასახულ მიზანს - პოლიტიკურსაც, სპორტულსაც და პროპაგანდისტულსაც. გერმანელმა ათლეტებმა ყველაზე მეტი - 89 მედალი დაისაკუთრეს. ამერიკელები მეორე ადგილზე გავიდნენ 56 მედლით.

მსოფლიო მასმედია გერმანულ ორგანიზებულობასა და წესრიგისადმი სიყვარულს დითირამბებს უძღვნიდა. ოლიმპიადის შემდეგ ნაცისტურმა რეჟიმმა მთელ დუნიაზე გაბნეული 4 მილიონი "პროპაგანდისტი" შეიძინა. ზემოხსენებული ჯესი ოუენსიც კი გაოცებული ჰყვებოდა, ბერლინში მყოფს როგორ თავისუფლად შეეძლო "თეთრებთან" ერთად ნებისმიერ კაფესა თუ რესტორანში შესვლა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა - მის მშობლიურ ალაბამაში იმხანად მსგავსი ქმედებისთვის ოუენსს უახლოეს ხეზე ჩამოჰკიდებდნენ, თავისივე მედლით.

ჰიტლერი ოლიმპიადით იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ უთქვამს კიდეც - 1940 წლიდან მოყოლებული, ამიერიდან ყველა ოლიმპიურ თამაშებს გერმანიამ უნდა უმასპინძლოსო. მართლაც, როცა 1939 წელს ზამთრის თამაშების დედაქალაქის შეცვლის საკითხი დადგა (ჩინეთთან ომის დაწყების გამო იაპონია აგრესორ ქვეყნად გამოცხადდა და ოლიმპიადის მასპინძლის სტატუსიც ჩამოერთვა), მასპინძლობის განაცხადი გერმანიამაც შეიტანა.

არადა, "ავსტრიის ანშლუსი" უკვე მომხდარი იყო, "მიუნხენის შეთანხმება" - მიღწეული, ჩეხოსლოვაკია - პოლიტიკური რუკიდან გამქრალი. "მესამე რაიხი" უტიფრად აჟღარუნებდა იარაღს, მაგრამ სოკ-ი ჯერ კიდევ ისე მიბნედილიყო ბერლინის ოლიმპიური სასწაულით, რომ ცდუნებას ვერ უმკლავდებოდა და ბოლო დრომდე ისე ჩანდა, რომ ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქი ისევ გარმიშ-პარტენკირხენი უნდა გამხდარიყო. 1939 წლის ნოემბერში კი, როცა გერმანიამ თავად გაიხმო უკან საკუთარი კანდიდატურა, სოკ-მა ზამთრის ოლიმპიადის გამართვა სრულებით გადაიფიქრა.

რაც შეეხება ზაფხულის თამაშებს, 1940 წელს ევროპაში სპორტული ზეიმებისთვის აღარავის ეცალა, ის გერმანელი ჭაბუკები კი, რომლებსაც სპორტისკენ გზა ბერლინის ოლიმპიადამ გაუხსნა, სხვადასხვა სამხედრო დანაყოფში იყვნენ გადანაწილებულნი...

იხილეთ ფოტოგალერეა

გელა უშარიძე

თუ დაინტერესებული ხართ ისტორიული მასალებით, მოიწონეთ ჟურნალ "ისტორიანის" გვერდი "ფეისბუკზე" და გახდით ჟურნალის რეგულარული მკითხველი ინტერნეტში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით