ბურებთან - კვირის პალიტრა

ბურებთან

ნიკო ბური (ბაგრატიონი)

მოგონება

(დასასრული. დასაწყისი "კვირის პალიტრა" #50-51, 2009; #1-13)

კუნძულზე სამწუხარო ამბავი ჩაუვიდათ ტყვეებს, ინგლისელებს ბურებთან ერთ-ერთ გადამწყვეტ ბრძოლაში გაუმარჯვიათ და 5000 ბური ტყვედ ჩაუგდიათო.

სასოწარკვეთილ ნიკო ბურს, რომელსაც სამშობლოსთანაც ჰქონდა დაკარგული კავშირი, გაქცევაზე ფიქრი აეკვიატა. საგონებელში ჩავარდნილს ინგლისელი ოფიცერი დაადგა თავს, ნავსადგურში წაიყვანა, სადაც მას ამერიკაში მცხოვრები ქალბატონების საჩუქრებით დატვირთული გემი ელოდა, - ევროპულ და ამერიკულ გაზეთებში გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ წმ. ელენეს კუნძულზე ტყვე ბურებს შორის სასჯელს იხდიდა ეგზოტიკური ქვეყნის, საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენელი პრინცი ნიკო ბაგრატიონი, მთელი ცივილიზებული სამყარო ააღელვა. ნიკო ბურის სახელზე ამანათებმა იწყო დენა.

- ეს საჩუქარი პირადად თქვენ გეკუთვნით. იგი ერთმა ლამაზმა ქალმა გამომატანა და მთხოვა, ჩემი ხელით მომერთმია თქვენთვის, - ამ სიტყვებით კაპიტანმა ამანათი გადმომცა, რაც თავშეკავებული სიხარულით ჩამოვართვი და გადავაბარე იქვე ჩემ უკან გაჩერებულ კოსტის.

KvirisPalitra.Geკომენდანტის ნებართვით აქვე დავწერე ფრანგულ ენაზე სამადლობელი წერილი და კაპიტანს ვთხოვე, იგი ამერიკაში დაბრუნებისთანავე გადაეცა ჩემი კეთილისმყოფელი უცნობი მანდილოსნისათვის. საღამოს დავემშვიდობე კაპიტანს და დავბრუნდი ბანაკში. კოსტის უკვე გაეხსნა ხავერდის მანდიკი და ამოელაგებინა საჩუქრები - მშვენიერი შავი კოსტიუმი, ორი წყვილი თეთრეული, ერთი გახამებული პერანგი, წინდები, ფეხსაცმელები, ქუდი, ყელსახვევი, ცხვირსახოცები და რამდენიმე შოკოლადის ლორფინი.

სავსებით დენდივით გამოვეწყვე. მაგრამ ამ მორთულობას მერჩია დედის ხელით ქართულად დაწერილი პატარა ბარათი მიმეღო! დავიჯერო, კოლა ორბელიანსაც დავავიწყდი? დიდი ხანია, ალბათ, პარიზიდან პეტერბურგში დაბრუნდა და ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ მოვგონებივარ. ასე რომ არ იყოს, უთუოდ რამეს იღონებდა. მას ხომ უამრავი გავლენიანი ნაცნობი ჰყავს! იქნებ ჩემი ასავალ-დასავალის არაფერი იცის? შეუძლებელია არ იცოდეს. ათასჯერ ვიყავი მოხსენებული ფრანგულსა, ჰოლანდიურსა და ინგლისურ გაზეთებში. თვითონ თუ არ წაიკითხა, ვინმე მაინც ეტყოდა, მაგრამ ვაითუ მას ჩემზე უარესი რამ დაემართა?

ერთი კვირაა გაოგნებული ვარ. აქედან თავის დაღწევის სურვილი ისე ამეკვიატა, განსაკუთრებით დღეს, რომ ლამის ჭკუაზე შევიშალო. დილიდან მოკიდებული, აგერ შუადღემ მოაღწია და შეუსვენებლივ მიმოვდივარ ჩემი კარვის წინ. კოსტი ხანდახან გაოცებული თვალებით შემომხედავს და კვლავ კარავში მიიმალება.

მოულოდნელად ისევ გამომეცხადა საკომენდანტოს ოფიცერი და გადმომცა კომენდანტის ბრძანება - სასწრაფოდ მივსულიყავი მასთან.

უგუნებოდ წავედი. კიბის თავთან კომენდანტიდან ახალგამოსული სახეგაბრწყინებული გრაფი ბრედა შემომხვდა, როგორც კი დამინახა, მაშინვე უსიტყვოდ მომეხვია და გადამკოცნა, მერმე კიბეზე დაეშვა და თავისი კარვისაკენ გაიქცა. სრულებით ვერაფერს მივხვდი. შევედი კომენდანტთან. იგი მყისვე წამოდგა და სალამის ნაცვლად მითხრა:

- გსურთ დაბრუნდეთ ევროპაში?

სიხარულისაგან ენა დამება. ერთ წუთს ჟრუანტელმა ტერფებამდე დამიარა. ცოტა წავბარბაცდი და მაგიდას ცალი ხელით დავეყრდნე. კომენდანტმა ჩემს პასუხს აღარ დაუცადა და განაგრძო:

- თქვენ უნდა მოგვცეთ წერილობითი პირობა, რომ აფრიკაში აღარასოდეს ჩამოხვალთ და გაემგზავრებით საკუთარი ხარჯით.

- ომის განმავლობაში აფრიკაში აღარ ჩამოვალ, ალბათ, არც სხვა დროს მექნება საშუალება კვლავ ვინახულო ეს მხარე, მაგრამ ახლა კი უთუოდ უნდა გავიარო პრეტორიაში, რათა იქ ბანკში შენახული ფული და ნივთები დავიბრუნო. სხვა სახსრები მე არა მაქვს, ევროპამდე ჩემი ხარჯით რომ ვიმგზავრო.

- გადმომეცით საბუთი და ჩვენ გამოვითხოვთ თქვენს ქონებას ბანკიდან.

- ქვითარი ჯერ კიდევ ტყვედ ჩავარდნამდე დავკარგე. პრეტორიაში თუ თვითონ ჩავალ, მაშინ მოწმეთა ჩვენებით მიბარებულ ქონებაზე ჩემს უფლებებს აღვიდგენ.

- პრეტორიაში თქვენი დაბრუნება შეუძლებელია, - ცოტა ხნის დაფიქრების შემდეგ მიპასუხა მან, - დიახ, ეს არათუ შეუძლებელი, წარმოუდგენელიცაა. რაღაც სხვა საშუალება უნდა გამონახოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ომის დამთავრებამდე მოგიწევთ აქ ყოფნა.

გიჟივით გამოვვარდი გარეთ. წინ გრაფი ბრედა, ფოგელიუსი და ვიტხამორი შემომხვდნენ. გრაფს ახლა დამშვიდებული სახე ჰქონდა. მის მოძრაობაში უკვე თავისუფალი ადამიანის სიამაყე იგრძნობოდა. ფოგელიუსი და ვიტხამორი კი მოუსვენრად იყვნენ.

- როდის მივდივართ, მეგობარო? - დინჯად მკითხა გრაფმა.

მე ვუთხარი, რაც მაბრკოლებდა.

- ეგ არაფერია. ფული მე მაქვს. ხვალ-ზეგ იმდენს მივიღებ საფრანგეთიდან, რომ თუ ნებას დამრთავენ, მთელ ბანაკს წავიყვან ჩემი ხარჯით. დამშვიდდი. ახლა წავიდეთ და ამ მეგობრებთან ერთად განთავისუფლების სადღეგრძელო შევსვათ.

ოთხივემ ნელი ნაბიჯით გავიარეთ ბანაკის ალაყაფის კარი. ჩავედით ქალაქში. ერთ პატარა რესტორანში შემოვუსხედით მაგიდას. დიდხანს ვისაუბრეთ. საღამოს გვიან დავბრუნდით ბანაკში. მეორე დღეს ბარგი უკვე შევკარი, მაგრამ ორ კვირაზე მეტხანს მომიხდა ლოდინი. მოვიდა ჯავშნოსანი სამხედრო გემი "ვიქტორია". მე და ბრედას გამოგვიცხადეს, რომ ამ გემით უნდა წავსულიყავით.

ჩამოვიარე თითქმის მთელი ბანაკი და ყველას დავემშვიდობე. რაღაც უხერხულობას ვგრძნობდი, თითქოს დანაშაულს ჩავდიოდი, რომ მე მივდიოდი და ისინი კი ტყვეობაში რჩებოდნენ. ბურები აღტაცებით მართმევდნენ ხელს და იმავე დროს თითოეული მათგანი თავს ვალდებუდად თვლიდა, ბანაკში თავის ხელით გაკეთებული რაიმე ნივთი ესახსოვრა ჩემთვის. მე საკმაოდ დიდი ბარგით მივედი ნავსადგურში.

1901 წლის 10 ნოემბერს დაიძრა გემი. ნაპირზე დარჩენილი ფოგელიუსი, ვიტხამორი და კოსტი თანდათან პატარავდებოდნენ. მალე კუნძულიც თვალს მიეფარა.

ჯავშნოსანი, რომელსაც მე და ბრედა უნდა მივეყვანეთ ინგლისში, შესანიშნავი გემი იყო. ისე სწრაფად მივდიოდი, რომ სრულებით არ ქანაობდა. საუცხოო კაიუტებში მოვთავსდით. მეორე დღეს კვლავ ზღვამ დამცადა და ავად გავხდი... მთელი გზა ვიწექი. გემის ექიმმა ვერაფრით ვერ შემიმსუბუქა მდგომარეობა.

* * *

6 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა მგზავრობა და ამ დროის განმავლობაში ხეირიანად თავიც არ ამიწევია ბალიშიდან. როდის იყო და როდის არა, მივედით დუვრში. კაპიტანმა ჩვენი თავი გადასცა ორ ოფიცერს, რომლებიც, ეტყობოდათ, გველოდებოდნენ.

ოფიცრებმა მაშინვე ჩაგვსვეს წასასვლელად გამზადებულ მატარებელში. მეორე დილას გადმოვედით მატარებლიდან, ჩავსხედით ავტომობილში და მივედით კომფორტაბელურ სასტუმროში, სადაც მე და ბრედამ გვერდიგვერდ დავიჭირეთ ოთახები. სასტუმროში მისვლისთანავე დავწექი. მგზავრობით ისე ვიყავი გალახული, რომ ჩემს თავს ვეღარ ვცნობდი, მაგრამ კარგი ექიმების წყალობით მესამე დღეს უკვე წამოვდექი.

ბრედამ მაშინვე გამოუძახა მკერავს. მკერავმა აგვიღო ორივეს თარგი. ეს იყო დილის 10 საათი. საღამოს 7 საათზე უკვე ახალი კოსტიუმები გვეცვა, მაგრამ მერმე რა - სასტუმროდან რესტორანში ჩასვლის ნებაც არ დაგვრთეს ჩვენზე მოჩენილმა ოფიცრებმა.

ბრედამ ნომერში მოითხოვა ძვირფასი ვახშამი. ორივენი გათენებამდე ვისხედით მაგიდასთან და ტკბილად ვსაუბრობდით. დილას ვთხოვეთ ოფიცრებს, საშუალება მოეცათ ავტომობილიდან მაინც დაგვეთვალიერებინა ლონდონი. ნება დაგვრთეს, მაგრამ ისინიც თან წამოგვყვნენ. თითქმის მთელი ლონდონი დავიარეთ.

მე იგი არ მომეწონა. მიუხედავად შესანიშნავი შენობებისა, სწორი, კრიალა ქუჩებისა, ქალაქს აკლდა მიმზიდველობა. შეიძლება ასე ამიტომაც მომეჩვენა, რომ ამ დღეს ლონდონი მთლად ნისლში იყო გახვეული. ირგვლივ მძიმე სიჩუმე იდგა. როგორც მითხრეს, არც მზიან დღეებშია თურმე იგი მაინცადამაინც ხალისიანი.

სასტუმროში დაბრუნებისთანავე დავწექით და წუხანდელ უძინარებს ღრმად ჩაგვეძინა. ერთი კვირის შემდეგ გადავცურეთ ლა-მანში და უკვე სიცოცხლით სავსე, ნათელი პარიზის ქუჩებში მიგვაქროლებდა ავტომობილი.

...

მშობლები ბრედას გაშლილი ხელებით შეხვდნენ. აღფრთოვანებული ბრედა ხან აცრემლებულ დედას ეხვეოდა, ხან ცრემლშეკავებულ მოხუც მამას. ცოტა შურიანი თვალით ვუცქერდი ბრედას, მაგრამ თავს იმით ვინუგეშებდი, რომ მალე მეც ასე სიხარულით შემომეგებებოდნენ ჩემიანები ჩემს სამშობლოში. ბრედას მშობლებმა მეც დიდი სიხარულით მიმიღეს. ცოტა ხნის მერმე მე ისინი დავტოვე და წავედი სასტუმროში. სასტუმროში მისვლამდე შევიარე ფოსტა-ტელეგრაფში და საქართველოში გავგზავნე დეპეშა.

ორი დღის შემდეგ სასტუმროში მოვიდა ჩემთან გრაფი ბრედა და წამიყვანა თავის საგვარეულო კოშკში, რომელიც ქალაქ ტურიდან სულ ახლოს იყო. ტურის სანახები მეტად მომეწონა. ძველი ფრანგული არისტოკრატია თითქმის ტურის მიდამოებში ცხოვრობდა. აქ ზოგან იყო ისეთი ძველი ციხე-კოშკებიც, რომელთაც ირგვლივ უზარმაზარი სქელი გალავნები ერტყათ, წინ ღრმა თხრილებში წყალი ჩაუდიოდათ, ხოლო თხრილებზე გადასვლა ასაწევი ხიდებით შეიძლებოდა.

გრაფ ბრედას კოშკის გალავანი ისეთი სქელი იყო, ზედ ეტლი თავისუფლად გაივლიდა. შიგნით რამდენიმე კოშკი იდგა, ყველაზე მაღალ კოშკზე ბრედას საგვარეულო დროშა ფრიალებდა. ეზო საუცხოოდ მოვლილი იყო. მთავარ კოშკში მრავალ დარბაზს შორის, ყველაზე დიდი დარბაზი ბიბლიოთეკას ეჭირა.

აქ იყო საუკეთესო წიგნები არა მარტო ნაბეჭდი, არამედ ხელნაწერებიც თითქმის ყველა ენაზე. ბიბლიოთეკაში შესაფერ ადგილებზე იდგა ფრანგი კლასიკოსების კორნელის, ჟან-ჟაკ რუსოს, დიდროს და დალამბერის ბიუსტები. მცირე დარბაზში დაცული იყო სხვადასხვა დროის იარაღები, მათ შორის თოფები, ხმლები, მუზარადები, ჯაჭვის პერანგები და ფარები.

ბრედას მშობლები იქ დაგვხვდნენ. ღვიძლი შვილიდან არ მარჩევდნენ. მოხუცები უსაზღვროდ ბედნიერები იყვნენ, რომ თავიანთ ერთადერთ შვილს ასე ახლოს ხედავდნენ. ბრედაც ბედნიერად გრძნობდა თავს მოხუც მშობლებთან, რომელთა ნახვასაც ამდენი ქარცეცხლში გავლის შემდეგ კიდევ ეღირსა. ბრედას ეძნელებოდა მშობლების დატოვება, მაგრამ ჩემი მარტოდ გაშვებაც არ უნდოდა, და აი, ორი კვირის შემდეგ კვლავ პარიზში დავბრუნდით.

პარიზში უკვე დამხვდა დედაჩემის მიერ სასწრაფოდ გადმოგზავნილი 1000 მანეთი. ცალკე ფულის მიღებამ გამახარა, ცალკე იმ ამბავმა, რომ დედა ცოცხალი და კარგად ყოფილა. ორ დღეს დავრჩი კიდევ პარიზში. მთელი ეს ორი დღე ჩემმა მეგობარმა ბრედამ სად არ მატარა - ხელახლა ვიყავი ლუვრში, ვერსალში, ვნახე ტრიანონიც. საღამოს ვეწვიეთ ვარიეტეს და მულენ-რუჟს.

წამოსვლის წინა საღამოს ვისხედით ტროკადეროს ერდოზე. ვუცქეროდით "ღამის დღესასწაულს". ჩვენ წინ უზარმაზარ კვარად ენთო ეიფელის კოშკი. მის ირგვლივ შუქთა ზღვა ლივლივებდა. უკანასკნელად ვართ ერთად. ბრედა ცოტა მოწყენილია. მე ვეპატიჟები საქართველოში. ის მპირდება, მაგრამ ვატყობ, თავისი დაპირების თვითონვე არ სჯერა. შესანიშნავი კაცი იყო ბრედა. იგი გამოირჩეოდა თავისი ფართო, დიდი გულით, კეთილშობილებით, დემოკრატიული სულისკვეთებით.

სამართლიანობისა და ადამიანობისადმი სიყვარულმა წაიყვანა ის აფრიკაში და ააღებინა თოფი ხელში. დიახ, ბურებისათვის თავგანწირვა მისი დიდი ჰუმანიური გრძნობით იყო გამოწვეული, თორემ მას სხვებზე უფრო უზრუნველად შეეძლო ეცხოვრა თავის საყვარელ საფრანგეთში.

მშვიდობით, კარგად იყავი, ჩემო კეთილო მეგობარო! ვინ იცის, კიდევ შევხვდებით თუ არა ერთმანეთს! ვინ იცის!

დილას უკვე რუსეთისაკენ მიმაქროლებს ექსპრესი. დრო ნელა მიდის, თუმცა ექსპრესი ფრთამალი მერანივით მიაპობს სივრცეს. აი, გამოჩნდა ეკლესიების გუმბათები. ცოტაც კიდევ და მე უკვე პეტერბურგში ვარ.

სადგურზე გადმოსვლისთანავე გამომეცხადა პეტერბურგის გუბერნატორის ადიუტანტი და სამხედრო სამინისტროს განკარგულებით სადგურიდან პირდაპირ წამიყვანეს ჰაუპტვახტში. ერთი კვირის შემდეგ მაცნობეს, რომ აკრძალული მაქვს პეტერბურგში თავისუფალი ცხოვრება. იმავე დღეს ჩამსვეს მატარებელში და საქართველოში გამომამგზავრეს. ეს ყველაფერი ისე მოულოდნელი იყო, რომ კოლა ორბელიანისათვის შეტყობინებაც ვერ მოვიფიქრე. ეჰ, რაც იყო, იყო. მთავარი ისაა, რომ მე უკვე საქართველოსაკენ ვადგავარ გზას.

რუსეთში ზამთარია, ყველგან დიდი თოვლი დევს. ღრუბლებს მზე ხანდახან თუ დააღწევს თავს, მაგრამ მალე ისევ ბურუსი ნთქავს. როცა კავკასიის საზღვრებს მოვუახლოვდი, ცა თანდათან მოწმენდილი გახდა, საქართველოს საზღვართან მთლად მოისარკა და კაშკაშა მზე სხივებს უხვად აფრქვევს.

სალამი, ჩემო ქვეყანავ!

გასრულდა ესე ამბავი...

მეფე პოეტის არჩილის შთამომავალი ნიკო ბაგრატიონი (ბური), ინგლის-ბურების მეორე ომის მონაწილე და წმინდა ელენეს კუნძულის პატიმარი, სამშობლოში დაბრუნდა. 1902 წელს იქორწინა ანა ბუჭკიაშვილზე, ექვსი შვილი შეეძინა, რომელთაგან ნაბოლარა, ირინა, 2000 წელს გარდაიცვალა პარიზში.

ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგაც ჰქონდა მიწერ-მოწერა ბურებთან, რომლებმაც მთელი მისი აღჭურვილობა სრულად გამოუგზავნეს თბილისში. გასაბჭოების შემდეგ აშკარად ილაშქრებდა ბოლშევიკების წინააღმდეგ, სასწაულებრივად გადაურჩა 1920 წლის ბოლშევიკურ "წმენდას", რომელმაც თითქმის მთლიანად შეიწირა ქართული არისტოკრატია.

ბოლშევიკებმა ყველაფერი ჩამოართვეს, რაც კი გააჩნდა. როგორც ინგლის-ბურების ომის მონაწილემ, პენსიის თაობაზე თხოვნით მიმართა ამიერკავკასიის ცაკ-ის თავმჯდომარეს, მიხა ცხაკაიას. ცხაკაიამ განცხადებას რეზოლუცია დაადო: დაენიშნოს. იმ შემთხვევაში, თუ ბურები კონტრრევოლუციონერები არ იყვნენო(!). რა თქმა უნდა, უპენსიოდ დატოვეს. გაჭირვებაში, მაგრამ ღირსეულად განვლო, ცხოვრების გზა. 1933 წელს გარდაიცვალა.

ნიკო ბურის სახელს დღესაც მოწიწებითა და ღრმა პატივისცემით მოიხსენიებენ სამხრეთ აფრიკის ყოფილ რესპუბლიკაში.

KvirisPalitra.Ge"კვირის პალიტრის" მომდევნო ნომრიდან შემოგთავაზებთ ნიკო ლომოურის ისტორიულ მოთხრობას "წინაპართა აჩრდილები", რომელიც მეფე ერეკლეს ლეკებთან ბრძოლის ერთ-ერთ ეპიზოდზე მოგვითხრობს.

ლეკების თარეში საქართველოში XVI საუკუნიდან იწყება და თავდაპირველად ეპიზოდურ ხასიათს ატარებს. ოსმალობისა და ყიზილბაშობის დროიდან კი წვრილ-წვრილ თავდასხმებს ტერიტორიების დასაპყრობად გამიზნული ლაშქრობები ცვლის, რასაც საქართველოში ფეოდალური დაქსაქსულობაც უწყობდა ხელს.

ლეკიანობამ აუნაზღაურებელი ზარალი მოგვიტანა - მოსახლეობა კატასტროფულად შემცირდა, ზოგიერთი მხარე კი მოსახლეობისაგან სრულიად დაიცალა...