ყარაჩოხელი სონა - მშვიდობის შავი ბაირაღი - კვირის პალიტრა

ყარაჩოხელი სონა - მშვიდობის შავი ბაირაღი

"ამიერიდან ჩემი ქალობა მოკვდა, ამ ქამრისა და შავი კაბის ქვეშ ვმარხავ"

"ძველ ტფილისში არა მხოლოდ კაცები იყვნენ ყარაჩოხელები, ქამრიანი სონაც ყარაჩოხელი იყო", - ვკითხულობთ მცირე ანოტაციაში, რომელიც იოსებ გრიშაშვილის არქივში დაცულ ერთ-ერთ ფოტოს ახლავს. "ქამრიანი სონა" ჰქვია ფოტოს, რომელზეც ლამაზი, შავკაბიანი ქალი დგას. მოხდენილ წელს ყარაჩოხელის (ყარაჩოხელი შავჩოხიანს ნიშნავს) ქამარი უმშვენებს და ყარაჩოხელთა ტრადიციისამებრ ღვინით სავსე სასმისი უპყრია ხელთ.

სწორედ ეს დეტალები აძლევს იოსებ გრიშაშვილს იმის თქმის უფლებას, რომ სონა ნამდვილად ყარაჩოხელი იყო. სამწუხაროდ, უცნობია მისი გვარი ან რომელ სოციალურ წრეს ეკუთვნოდა. იოსებ გრიშაშვილის მონაცემებით, ცნობილია, რომ ქამრიანი სონა ტფილისში დიდი გავლენითა და სახელით სარგებლობდა და ყარაჩოხელების ამქრის თანასწორუფლებიანი წევრი იყო. ქალი იმითაც ყოფილა ცნობილი, რომ ყველაზე უკეთესი არღანი ჰქონია, მაგრამ ვიღაც შურიანს მოუპარავს და მტკვარში გადაუგდია. ძვირფასი ნივთის დაკარგვით შეურაცხყოფილ და სასოწარკვეთილ სონას ტფილისი დაუტოვებია და ფოთში გადასულა საცხოვრებლად.

სხვა, უფრო ზუსტი ინფორმაცია მის შესახებ არ არსებობს. სონას მხოლოდ გადმოცემებით, ლეგენდებით იგონებენ ისინი, ვისაც მეიდანზე და ხარფუხში ჯერ კიდევ ახსოვს დიდი პაპების მონათხრობი ყარაჩოხელი ქალის შესახებ: სონა მოხდენილი ყოფილა, მაგრამ მის მიხრა-მოხრას ცოტაოდენი კაცური თავდაჯერებულობა და ყარაჩოხული ამპარტავნობა დაჰკრავდა, ხმაც ცოტაოდენ ბოხი ჰქონია, თუმც არღანზე ისეთს დაამღერებდა, გული თან ამოჰქონდაო.

ქუჩაში რომ გაივლიდა, ყველას თვალი მას მიჰყვებოდა, მაგრამ ყარაჩოხელის ქამარი შიშის ზარს სცემდა კაცებს. ეგეც არ ყოფილიყო, თუ ვინმე არშიყს გაუბედავდა, ერთ ხელს მოხდენილად შემოიდგამდა თეძოზე, მეორით კი საკინძით მოზიდავდა თავხედს და ისეთ სიტყვას ეტყოდა, მიწის გასკდომას ანატრებინებდაო.

ყველა ამბავი, რომელსაც სონაზე ჰყვებიან, უფრო მეტად მის ქალურ თვისებებსა და ხასიათზე ლაპარაკობს. როგორც ამბობენ, თუ ტფილისელ ყარაჩოხელებს თავიანთი სინდისის კოდექსი ჰქონდათ, სონას საკუთარი კოდექსიც ჰქონია, რომელსაც ყველა ყარაჩოხელი პატივს სცემდაო. ისედაც გულმოწყალებით ცნობილი ყარაჩოხელებისგან სონა კიდევ უფრო მეტი სათნოებით გამოირჩეოდა, ამიტომაც მისი ხასიათისა და სამოსის ფერის გამო მეტსახელად "მშვიდობის შავ ბაირაღს" ეძახდნენ.

იმასაც ამბობენ, რომ ტფილისელ სონას სიყმაწვილიდან ჰყვარებია ერთი ვაჟკაცი ყარაჩოხელი, რომელსაც მძიმე სენი შეჰყრია და უდროოდ წასულა იმ ქვეყნად. სონას გარდაცვლილი სატრფოს ქამარი შემოურტყამს წელზე და გამოუცხადებია, ამიერიდან ჩემი ქალობა მოკვდა, ამ ქამრისა და შავი კაბის ქვეშ ვმარხავო. ამის მერე სონას მამისეული არღანი აუღია და ყარაჩოხელთა ამქარს შეერთებია.

ამბობენ, ბევრს თვალს უვსებდა, ბევრსაც გულს უკლავდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ სონა ქალი კი არა, ყარაჩოხელი იყო და ხვაშიადს ვერავინ უმხელდაო.  სონა ქვრივ-ობოლთა დიდი შემწეც ყოფილა, ეტყობა, მაინც ვერ ჩაიკლა გულში ქალობა და დედობრივი გრძნობა.

შეყვარებულთა მფარველიც ყოფილა, - თუ ვინმე ქალი ვაჟს შემოსწყრებოდა, სონა იმდენს იზამდა, გოგოს გულს მოულბობდა და გაპარვაზეც კი დაიყოლიებდაო.

არავინ იცის, ამ ლეგენდებში რა წილი აქვს შეთხზულსა და სინამდვილეს, ფაქტი ერთია, - სონა მართლა დადიოდა ტფილისის ქუჩებში და არღანს აკვნესებდა მანამდე, ვიდრე მისი გულის დარდების ერთადერთი მესაიდუმლე ვიღაც ბოროტმა მტკვარს არ მისცა.

მას შემდეგ გაქცეულა სონა ქალაქიდან და დაკარგულა მისი კვალიც, თუმცა ხარფუხსა და მეიდანს ისევ ახსოვს სონას ეშხი, მტკვარი კი ზოგჯერ მისი არღნის ხმით კვნესისო, - ამბობენ ბებერი ტფილისელები.

თუ მოგეპოვებათ ექსკლუზიური ფოტო საინტერესო ისტორიით, მოგვწერეთ კომენტარების გრაფაში