ამერიკული ვესტერნის გურული გმირები
18-09-2016
ამერიკული ვესტერნის გურული გმირები
(ფოტოგალერეა)
(მთავარ ფოტოზე: მოჯირითე ქალი ბარბარე იმნაძე)

კინორეჟისორი და მკვლევარი ირაკლი მახარაძე, ავტორი წიგნებისა: "გურული მხედრები ამერიკაში", "ერთხელ ამერიკაში - უცნობი გურული მხედრის ჩანაწერები", "უაილდ ვესთის მხედრები", "ერთი მუჭა ვესტერნი", წერს: "გურიასა და გურულებთან დაკავშირებულ თემაზე კვლევა-ძიების შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე გურულები ერთ-ერთი "პირველი ვიოლინოს" პარტიას ასრულებდნენ: ისინი ან ჯანყდებოდნენ, ან რევოლუციონერობდნენ, ან მთავრობაში ისხდნენ, ან ტყეში იყვნენ გავარდნილი ან კიდევ ამერიკაში ჯირითობდნენ. აქაურ მოჯირითეთა
თავგადასავალს გურიაში არდადეგებზე ჩასულს მეზობლის მოხუცები ასე მიამბობდნენ, - ბაბუა, გურულებმა ამერიკა სუნთლა გადარიენ, მარა თვითონაც გადარეულები ჩამევიდენო. სერიოზულად ამ თემაზე მუშაობა თითქმის თოთხმეტი წელიწადია, რაც დავიწყე. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ახალი მასალა, საინტერესო და სახალისოც მოვაგროვე როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების არქივებსა და
მუზეუმებში"


მოკლედ საკმაოდ გრძლად მოსყოლია ამბავი თუ როგორ გადარიეს გურულებმა დუნია, თუმცა მაინც შევცედებით. გურულ მოჯირითეთა განსაცვიფრებელი (და ტრაგიკულიც) ისტორია 1892 წლიდან დაიწყო, როდესაც ისინი ინგლისში პირველად შეუერთდნენ ცნობილი ამერიკელი შოუმენის, ბაფალო ბილ კოუდის ველური დასავლეთის შოუს (Wild West Show) და მათ "რუსი კაზაკების" სახელით დაიწყეს წარმოდგენაში მონაწლეობა.

პირველი საგაზეთო ცნობა "კაზაკების" შესახებ დაიბეჭდა 1892 წლის 8 მაისის  Wekkly Distach-ში, მას ეხმიანება "ივერიაში" (19 ივნისი, #127, 1892) გამოქვეყნებული ცნობა: "ბათუმი: აი სახელი და გვარი იმ ქართველებისა, რომელნიც ამას წინად წაიყვანა აქედამ ერთმა პარიჟის თეატრის აგენტმა ლონდონში ბარნუმის ცირკისათვის: ივანე მახარაძე, დიმიტრი მგალობლიშვილი, ვასო ჭყონია, დათა ჭყონია, ლევანტი ჯორბენაძე, ლუკა ჩხარტიშვილი, მოსე გიგინეიშვილი, ირაკლი ჭყონია, ბესარიონ ცინცაძე და მელიტონ ცინცაძე".

1892 წლის 25 ივნისს გურულები ივანე მახარაძის თავკაცობით მისი აღმატებულების წინაშე წარდგნენ და დედოფლის, მისი შვილებისა და წარჩინებულ პირთა წინაშე იჯირითეს. ჯირითი სულ თორმეტ წუთს გაგრძელდა. წარმოდგენის დროს პრინცმა ჰენრიმ დედას, დედოფალ ვიქტორიას გერმანულად ჰკითხა: "დედა, თქვენ ფიქრობთ, რომ ისინი ნამდვილი კაზაკები არიან?" იქვე მდგომმა სოლსბერიმ პრინცს უპასუხა: "მომიტევეთ, სერ, მაგრამ რასაც და ვისაც აქ ხედავთ, ყველაფერი ნაღდია". რა იცოდა მისმა აღმატებულებამ, რომ რუსი კაზაკები კი არა, მის წინაშე უბრალო ბახველი და ლანჩხუთელი გლეხები ჯირითობდნენ (ეს დედოფლისა და გურულების პირველი შეხვედრა არ ყოფილა. ცნობილია, რომ XIX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ლონდონში იმყოფებოდა თავადი დიმიტრი ქაიხოსროს ძე გურიელი, რომელიც დედოფალმა ვიქტორიამ მიიწვია სადილზე, სადაც ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილ გურიელს საზოგადოების ყურადღება მიუქცევია).


1893 წელს კი გურულები აშშ-ში ჩავიდნენ და კვლავაც "რუსი კაზაკების" სახელით 30 წელიწადზე მეტხანს გამოდიოდნენ ბაფალო ბილისა და არაერთი სხვა ცირკისა თუ შოუს არენაზე. მათ საყოველთაო აღიარება მოიპოვეს და დიდი გავლენა იქონიეს კოვბოებზე. ქართველი ცხენოსნების გამოსვლა Wild West Show-ს მთავარ წარმოდგენად ითვლებოდა. ასეთივე ინტერესს მხოლოდ ინდიელები და კოვბოები იმსახურებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ იქ მათ გარდა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ცირკისა და შოუს მეპატრონეებმა გურული მხედრების სახით მიაგნეს ნამდვილ ოქროს საბადოს - არტისტებს, რომელთა სანახავად უამრავი ხალხი დადიოდა. საყურადღებო ფაქტია, რომ ყოველი რესპექტაბელური შოუს მფლობელი თუ მენეჯერი თავს მოვალედ მიიჩნევდა, აუცილებლად ჰყოლოდა ე.წ. კაზაკთა ჯგუფი. (წყარო)
ირაკლი მახარაძე:
- გურულებს სხვადასხვა მიზეზის გამო ეძახდნენ კაზაკებს. უმთავრესი ის გახლდათ, რომ საქართველო მაშინ რუსეთის იმპერიაში შედიოდა და აქედან გამომდინარე, ყოველი მისი მოქალაქე რუსი ეგონათ. ეს სამწუხარო შეცდომა ნელ-ნელა სწორდება. მივაღწიე იმას, რომ ბაფალო ბილის სახელობის ორ ყველაზე მნიშვნელოვან მუზეუმში, ვაიომინგსა და კოლორადოში, გურულების ფოტოსურათებზე შევაცვლევინე წარწერები და ახლა მათ არა რუსი კაზაკები, არამედ ქართველი მოჯირითეები აწერია.

დიდ ხანს  ვიკვლევდი ამ ამბავს და ნელ-ნელა გავაცნობიერე, რომ არსებობდა ერთი საინტერესო კავშირი - აღმოვაჩინე, რომ თავად ამერიკელები წერენ: ყველაზე დიდი გავლენა კოვბოების ტექნიკის ჩამოყალიბებაზე რუსმა კაზაკებმა მოახდინესო. რუს კაზაკებს სწორედ ამერიკაში ჩასულ გურულებს უწოდებდნენ...

სხვათა შორის, გასული საუკუნის დასაწყისში ლუკმაპურის საშოვნელად შორეულ ამერიკაში ჩასულ გურულ მოჯირითეებსა და მუშაითებს შორის ქალებიც იყვნენ. ამ მოჯირითე ქალბატონებს გურულ-აჭარულ-ლაზური ჩაქურა ემოსათ ტანთ. მოხერხებულმა და ლამაზმა სამოსმა ამერიკელთა ყურადღება მიიქცია და... სწორედ ჩაქურა დაედო საფუძვლად ამერიკულ ბრიჯებს.

ცნობილი შოუმენის ბაფალო ბილ ქოუდის საცირკო სანახაობამ - ველური დასავლეთის შოუმ, კოვბოის მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი, როგორც ახალი მიწების ამთვისებელს, თავისუფალ ადამიანს, უბადლო მსროლელსა და ინდიელებთან მებრძოლს. ამ მშვენივრად დადგმულ სპექტაკლებში, რომლებიც ამერიკული შოუბიზნესის საწყისად არის მიჩნეული, კოვბოები ბრძოლისა და ძარცვის სცენებს აჩვენებდნენ, ატარებდნენ შეჯიბრებებს ჯირითში, ლერიეტეს ხმარებასა და მიზანში სროლაში. ამ შოუში მონაწილეობდნენ გურული მოჯირითეებიც. თომას ინსმა, ჰოლივუდის სტუდიური სისტემის ფუძემდებელმა, კონტრაქტი გაუფორმა ველური დასავლეთის შოუს და მის მონაწილე ცხენოსნებს ფილმებში იღებდა. ამიტომ ბევრი ფული აღარ სჭირდებოდა ვესტერნების შესაქმნელად. გადმოცემით ვიცი, გურული მხედრები ამბობდნენ, კინოშიც გვიღებენო. როგორც ჩანს, ვესტერნებში იღებდნენ.

- ეს სადმე ხომ უნდა იყოს დაფიქსირებული?
- რაკი სტატისტებს არასოდეს აფიქსირებდნენ, მათი გვარებიც ფილმის ტიტრებში ვერ მოხვდა. ისიც არის, რომ ქართველებმა გვარები გადაიკეთეს. სომხები გვარს არასოდეს იცვლიდნენ, ქართველები კი იოლად აკეთებდნენ ამას... (წყარო)

გურული მოჯირითეების მსოფლიო ტურნემ თითქმის 30-წელი გასტანა. საერთო ჯამში ამერიკა და ევროპა დაახლოებით 150-მა გურულმა მხედარმა დალაშქრა.

იხილეთ ფოტოგალერეა: გურული ცხენოსნები ამერიკაში
გიგილო
20 სექტემბერი 2016 08:58
ლაურა, ბებია გყავდა პოვარი?
rauli
19 სექტემბერი 2016 17:33
ბებიას დზმა ბატონი ჯიმშერ ლომადზე ერტერტი მაგ მოჯირიტეებში.ვერსად მივაკლიე მის სახელოს.იქნებ იმ 150 ქარტველების სია გამოაკვეკნოტ ან მიმიტიტოტ ტსკარო სად ვნახო.
გიჟუა
18 სექტემბერი 2016 17:44
ცირკაჩები ყოფილან.

რედაქტორის რჩევით