წინაპართა აჩრდილნი - კვირის პალიტრა

წინაპართა აჩრდილნი

ნიკო ლომოური

ისტორიული მოთხრობა

უძველეს დროიდან მოკიდებული, ლეკები და ქართველები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, საქართველოსა და დაღესტნის ბუნებას შორის დიდი განსხვავება სუფევდა. ეს განსხვავება ბუნებისა, რაღა თქმა უნდა, თავის შესაფერ გავლენას მოახდენდა მცხოვრებლებზედაც. ბუნება მხოლოდ საძირკველსა ჰყრის ეროვნული ხასიათისას; ამ ხასიათს ავითარებს, სხვადასხვა თვისებათა და მიდრეკილებათ ანიჭებს ისტორიული გარემოებანი.

ბუნებაზე უფრო უმეტესად განირჩევიან ერთმანეთისაგან ისტორია საქართველოსი და დაღესტნისა. ლეკები მუდამ ცხოვრობდნენ უზარმაზარ მთებში, კარჩაკეტილ და შეუვალ ხეობათა შორის. არათუ დაუპატიჟებელი მტერი, არამედ სასიამოვნო და სასარგებლო სტუმარიც კი ვერ პოულობდა ამ ღარიბი და მწირი ქვეყნის გზასა და კვალსა.

საქართველო სრულიად სხვაგვარ ქვეყანას წარმოადგენდა! იგი მდებარეობდა დიდ საქვეყნო გზაზე; ამის გამო მსოფლიო ისტორიულ ასპარეზზე არ გამოსულა არც ერთი მძლავრი, შესანიშნავი ერი, რომელიც კი თავის სიცოცხლის ჟამს ასცდენოდა ამ გზასა. ქრისტეს წინადვე ქართველებმა შეჰქმნეს თავიანთი ეროვნული განათლება. ამ განათლებას ქრისტიანობამ წმიდა კაცთმოყვარული მადლი მოჰფინა. ქართველები ძველ დროშივე მტკიცედ დაადგნენ წარმატებისა და განვითარების გზასა. და თუ ერთ ხელში ხშირად ეპყრათ მახვილი, მეორე ხელიდამ არას დროს არ გაუგდიათ წიგნი და ჯვარი ქრისტესი.

KvirisPalitra.Geლეკები კი არც ერთხელ არ გამოსულან ველურ, მამაპაპურ მდგომარეობიდან. მერვე საუკუნიდანვე მაჰმადიანობამ იწყო მათ შორის გავრცელება. შემდეგ საუკუნეებში მან მტკიცედ მოიკიდა აქ ფეხი და მთელს დაღესტანში ამაყად ააფრიალა მწვანე დროშა ცოფ მორეულ ფანატიკოსებისა.

ასეთია წარსული ლეკებისა და ქართველებისა. ამგვარ განსხვავებას მეთექვსმეტე საუკუნიდან ზედ დაერთვნენ მძლავრი პოლიტიკური გარემოებანი, რომელთა წყალობით მოხსენებული ერნი, დიდხანს ერთმანეთის გვერდზე მშვიდად მცხოვრებნი, მეთვრამეტე საუკუნის დამდეგს მშიერი მგლებივით დაეტაკნენ ერთმანეთს.

ქართველობას მთელს თავის სიცოცხლეში არას დროს არ ჰყოლია ისეთი მოუსვენარი და შემაწუხებელი მტერი, როგორიც იყვნენ მეთვრამეტე საუკუნეში ლეკები. უბედურება იმაში გახლდათ, რომ ეს მტერი საქართველოს გვერდში უდგა, მის მეზობლად ცხოვრობდა; ამის გამო ყოველ წამს შეძლება ჰქონდა განცხადებით, თუ ფარულად გადმოევლო მისი საზღვრები, უეცრად დასცემოდა მის მცხოვრებელთ, აეკლო და დაეხოცნა იგინი.

ამგვარმა მტრობამ უფრო თავი იჩინა მეთვრამეტე საუკუნის დამდეგს. რასაკვირველია, ქართველებიც გულხელდაკრეფილნი არ დახვდნენ დაუპატიჟებელ სტუმარს. ვაჟკაცობით სახელგანთქმული მთიული ქართველები, ფშავ-ხევსურნი და თუშები მამაცურად გადუდგნენ წინ სამშობლოს მტერს. მალე ქართლ-კახეთის მეფენიც ჩაერივნენ ბრძოლაში. მრავალმა ლეკმა საუკუნოდ დახუჭა თვალები საქართველოს ველ-მინდორზე.

მრავალს მათგანს აუტირდა დედა, მაგრამ ქართველებს მაინც უფრო მეტი ზარალი მოსდიოდათ ამ განუწყვეტელ ომიანობისაგან, ვიდრე ლეკებსა. საქმე იმაში იყო, რომ საქართველოს გაშლილ ველ-მინდორზე ლეკები ადვილად ახერხებდნენ ნავარდობას, ხოლო ქართველებისათვის თითქმის შეუძლებელი იყო უზარმაზარ მთებსა და დაბურულ ტყეებს შორის მდებარე დაღესტანში შესვლა; ამის გამო, თუმცა ხშირად მარცხდებოდნენ ლეკები, მაგრამ მათი ბუნაგი მუდამ უვნებელი რჩებოდა.

იქ ხელახლა იზრდებოდნენ მეომარნი და უფრო მეტის მხნეობით და ბოროტებით მოისწაფოდნენ საქართველოსაკენ. პირველად მათ კახეთის საზღვრებს უწყეს აოხრება, მაგრამ მალე ისე გათამამდნენ, რომ კახეთსაც აღარ სჯერდებოდა მათი ავკაცობა, იწყეს თარეშობა ქართლში: აკლება და აოხრება სოფლებისა, ხოცვა, ჟლეტა და ტყვევნა მცხოვრებელთა. დღესაც გულს უწუხებს ქართველ მამულიშვილს მაშინდელი განადგურებული, დანაცრებული ნასოფლარები!!

ლეკები ხშირად დადიოდნენ დასავლეთისკენ და უღმერთოდ აფუჭებდნენ იმერეთის საზღვრებსაც. მათმა თავგასულობამ იქამდე მიაღწია, რომ მთელი ქართლ-კახეთი გზად და ხიდად გაიკეთეს დაღესტანსა და ოსმალეთს შუა. ყოველივე ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც საქართველოში მეფობდა კაცი, სახელგანთქმული ვაჟკაცობითა, მხნეობითა და მამულის მაღალის სიყვარულითა. მეფე ერეკლეს ხმალი რომ ერთ დღეს დაღესტნის საზღვრებთან პრიალებდა, მეორე დღეს შუა ქართლში სჩეხდა ოსმალ-სპარსელებს. კაცს გაუჭირდება თქმა – როდის და სად ისვენებდა გასაოცარი გმირი მეფე. საუბედუროდ, ერეკლე მეორეს ხანდისხან პოლიტიკური შორსგამსჭვალულობა ატყუებდა. ამის გამო იგი ხშირად მტერსა და მოყვარეს ვერ არჩევდა ერთმანეთისაგან:

დაუძინებელი მტერი მის სამშობლოს მოკეთედ ეჩვენებოდა, და მას კი მტრულად შესცქეროდა, რომელთანაც სამშვიდობო მორიგება შესაძლებელიც იყო და სასარგებლოცა. ამიტომ მისმა გასაოცარმა მამაცობამ ბოლოს ჟამს თითქმის უნაყოფოდ ჩაიარა; მისი დიადი ღვაწლი სამშობლო ქვეყნის წყლულს განმკურნებელ მალამოდ ვერ დაედო!..

...

ქართლისა და კახეთის მეფეებმა – თეიმურაზმა და ერეკლემ – ტფილისში მოილაპარაკეს და გადასწყვიტეს გალაშქრება ნუხის ხანის, ჰაჯი ჩალაბის წინააღმდეგ. ეს ჰაჯი ჩალაბი შთამომავლობით სომეხი იყო: ვიღაც ტერტერას შვილი. რა იყო მიზეზი მისი გამაჰმადიანებისა, ამაზედ არა ვიცი რა… სჩანს მხოლოდ ის, რომ იგი კარგი დავაჟკაცებული იყო, როდესაც მაჰმადიან მლოცველებს გაჰყვა მექაში, მიიღო რჯული მაჰმადისა და დაბრუნდა დაღესტანში.

თან მოიტანა „ჰაჯის“ (მლოცველი) სახელწოდება. ესეც არ აკმარა თავის გადასხვაფერებას: მან ამ სახელწოდებას მიუმატა „ჩალაბიც“, რაც ნიშნავს წინასწარმეტყველის მაჰმადისაგან შთამომაბლობას. ცხადია, რა გავლენასაც მოახდენდა იგი დაღესტნელ მაჰმადიანებზედ მარტო ამ სახელწოდებითაც კი… ხოლო ჰაჯი ჩალაბს სხვა, მაშინდელ დროში დიდად მოსაწონი და სასარგებლო, თვისებანიც ბლომადა ჰქონდა. იგი იყო მხნე, შორ-გამჭვრეტი, ხერხიანი, ეშმაკი, ვერაგი, ცბიერი და გაიძვერა… მის მოუსვენარ ხასიათს და დიდების მოყვარეობას ცეცხლისა და მახვილის სარწმუნოებამ შესაფერი საგანიც აღმოუჩინა.

შეჰკრიბა თავზედ ხელაღებული ავაზაკები და მაჰმადის სადიდებლად იწყო საქრისტიანო კახეთის საზღვრების, საინგილოსი და ნუხის მიდამოების აკლება. ამგვარის მტაცებლობით მალე დიდი ქონება შეიძინა.

ამ სიმდიდრით და თავის ცხოვრება-მოქმედებით მთელს დაღესტანში სახელი გაითქვა. ლეკები ხშირად ირჩევდნენ ხოლმე ჰაჯი ჩალაბს თავიანთ ბელადად და ამ დროს ყოველ მის ბრძანებას ყურმოჭრილ ყმასავით ემორჩილებოდნენ. ბოლოს ისე გაძლიერდა, რომ ქალაქი ნუხა და მისი მიდამო ადგილები ხელთ ჩაიგდო. ათასნაირის ხრიკებით, ძალმომრეობით, მოტყუებით და მოსყიდვით გაადიდა, გააფართოვა ეს ადგილები და დასასრულ თავისი თავი ნუხის ხანად გამოაცხადა.

ჰაჯი ჩალაბს გულით უნდოდა საქართველოსთვისაც წაეგლიჯა რომელიმე ნაწილი, უნდოდა ჩვენშიაც გადმოეყო თავისი გაუმაღძარი ხელი, მაგრამ კარგათ იცოდა მეფე ერეკლეს ვაჟკაცობა, მისი ხმლის ძლევამოსილება და ამიტომ მასთან განცხადებით უსიამოვნებას, ფარულ გაიძვერულ მტრობას არჩევდა. ხშირად გროვდებოდნენ ხოლმე მის სამფლობელოში თავზედ ხელაღებული ლეკები და აქედან ჰაჯი ჩალაბის ხელმძღვანელობით ხან ერთ კუთხეს აოხრებდნენ საქართველოსას, ხან მეორეს, ყოველ ამგვარ შემთხვევაში ნადავლის მეათედი ნუხის ხანისა უნდა ყოფილიყო.

თეიმურაზი და ერეკლე კარგათა ხედავდნენ ამ ვერაგი კაცის თვალთმაქცობას, მაგრამ ფიქრობდნენ, რომ დამშვიდება მისი შესაძლებელი იყო; ამის გამო უგზავნიდნენ მეგობრულ წერილებს, ძვირფას საჩუქრებს და სთხოვდნენ მეზობლურ მშვიდობიანობას. ყოველ ამგვარ მოკითხვაზე ჰაჯი ჩალაბისაგან ერთი და იგივე პასუხი მოსდიოდათ მეფეებს: „შეუპოვარი და მხეცთა მსგავსი ლეკები ძალით შემოდიან ჩემს ქვეყანაში, იკლებენ, აოხრებენ მას და შემდეგ აქედან თქვენს სამეფოშიაც გადმოდიანო. მე ამათი მოკავშირე კი არა ვარ, დაუძინებელი მტერი ვარ: სადაც კი მოვასწრობთ, არ ვინდობთ ერთმანეთსაო.

ამგვარ სიტყვებს წინაპირველად შეცდომაში შეჰყავდა ორივე მეფე. მაგრამ შემდეგ სცნეს ჰაჯი ჩალაბის ფარისევლობა. ცხადათ დაინახეს სიმართლე და განრისხებულთ შეუთვალეს მუქარა. ამ მუქარაზედაც ნუხის ხანმა ჩვეულებრივის ფარისევლურის პატივისცემით და მორჩილებით გასცა პასუხი მეფეებს. ამ ჟამადაც სცდილობდა – მოეტყუებინა და დაემშვიდებინა იგინი.

ხოლო თვითონ, ყოველ შემთხვევისთვის, სისწრაფით გაგზავნა მთელს დაღესტანში ერთგული მოლები და მოუწოდა მის მცხოვრებელთ წინააღმდეგ საქართველოს მეფეებისა. ამ უკანასკნელთ ყოველივე ეს დაწვრილებით შეიტყეს და მსწრაფლ გასცეს ბრძანება ლაშქრის შეგროვებისა. მოუწოდეს აგრეთვე თავიანთ მოხარკე ერევნისა და განჯის ხანებს და ხუთი ათასი ჯარით გასწიეს ნუხისაკენ.

...

როდესაც საქართველოს ლაშქარი ჰაჯი ჩალაბის სამფლობელოს დაუახლოვდა, მეფე ერეკლემ გაიყვანა ჯარიდამ ორასი რჩეული ვაჟკაცი, გაუძღვა წინ და გასწია ჩქარის ნაბიჯით მტრის ქვეყნისკენ. ერეკლეს თან ახლდნენ გორისა და ქიზიყის მოურავები: ოთარ ამილახვარი და ზაქარია ანდრონიკაშვილი. როგორც ოთარი, ისე ზაქარია არა მხოლოდ სახელოვანნი, მთელს საქართველოში ცნობილნი ვაჟკაცნი იყვნენ, არამედ გულწრფელი მამულიშვილებიც, რომელთაც სამშობლოსათვის თავდადება თავიანთ ცხოვრების წმიდა, საღვთო საქმედ მიაჩნდათ.

ამით ისინი ღვიძლ ძმებსავით წააგავდნენ ერთმანეთს, ხოლო სხვაფრივ მათ შორის დიდი განსხვავება სუფევდა.

ზაქარია იყო დაბალი ტანის კაცი, ვეფხვივით მარდი, მამაცი და ბრძოლის დროს ფიცხი და დაუღალავი. შავგვრემან სახეზე მუდამ მხიარული ღიმილი გადაჰფენოდა. მის მარილიან ხუმრობას და კეთილსიტყვიერებას ყველანი აღტაცებაში მოჰყავდა. რაგინდ მძიმე ნაღველი სწოლოდა რომელსამე კაცს, ოჯახს, საზოგადოებას, საკმარისი იყო იქ ერთი გამოჩენა ზაქარიასი, რომ ყველანი მხიარულს გუნებაზე დამდგარიყვნენ. ეს მხიარულება არ შორდებოდა ზაქარიას თვით გაცხარებულ ბრძოლის და სისხლის ღვრის დროსაც კი.

ჩინებული მომღერალი იყო თურმე!.. შემოსძახებდა სიმღერას და ლომივით ეძგერებოდა მტერს; იბრძოდა და თანაც მხიარულად ღიღინებდა, როდესაც ხმლის მოქნევით მარჯვენა ხელი ეღლებოდა, მაშინ მარცხენას წამოიშველიებდა და ამ ხელითაც იმგვარისავე ხერხითა და ძლიერებით ხმარობდა იარაღს, როგორც მარჯვენათი.

ოთარ ამილახვარი დევ-გმირული ახოვნების ვაჟკაცი იყო. ამ წარმოსადეგობას ღონე და ძლიერებაც შესაფერი მოსდევდა თურმე. რაც უნდა დიდი ხარი, ან ძროხა ყოფილიყო, ხანჯლის ერთი დაკვრით თავს აგდებინებდა. როგორც ოჯახში, ისე ხალხსა და საზოგადოებაში იყო ჩუმი, ზრდილი, მშვიდობის მოყვარე, მომთმინო, ღვთის მოშიში, ქვრივ-ობლის მოწყალე, გლეხ-კაცის მფარველი და მოსარჩლე. ხოლო ბრძოლის დროს მის მრისხანებას და შეუბრალებლობას საზღვარი ეკარგებოდა. რაც უნდა ღრიანცელი მდგარიყო, მისი მაღალი ბოხი ხმა მაინც კარგად ისმოდა. მტერს მუქარას უთვლიდა, უწმაწურის ენით ლანძღავდა, მთელს ქვეყნიერებას ბრძოლაში ითხოვდა. მხოლოდ მაშინ წყნარდებოდა, როცა ღირსეულ მოწინააღმდეგეს შეხვდებოდა.

ამისთანა შემთხვევაში ლანძღვა-გინების მაგივრად მტერს აქებდა, ძალასა და მოხერხებას უწონებდა. მაგრამ როცა ამასაც ბოლოს მოუღებდა, დაიღრიჯებოდა და ზიზღით ამბობდა: ბევრი არაფერი შვილი ყოფილა ესეცაო.

ანდრონიკაშვილი ბრძოლის ველზე ციბრუტივით ტრიალებდა. ერთს წამში რამდენსამე ადგილას ამოყოფთდა თავსა. ვაჟკაცურ მამაცობასთან ხშირად ხმარობდა ხერხსაცა. მტერს უცებ შეშინებულად ეჩვენებოდა. ნელ-ნელა უკან იწევდა, წაქეზებულ მოწინააღმდეგეს თავისკენ იტყუებდა, მერმე უცბად ერთს გადახტებოდა და ქორივით ეცემოდა თავზე. ამილახვარს ბრძოლის დაწყება არ უყვარდა; პირველ ხანებში ჯარს უკან უდგა და ბრძოლის ველს გაფაციცებით ადევნებდა თვალ-ყურს.

შენიშნავდა თუ არა რომელსამე ადგილას მტრის ძლიერებას, იმავე წამს იქ გაჩნდებოდა. შეჩერდებოდა შუა ადგილზე და იდგა იქ „ვით ციხე-ბურჯი მაგარი“, იდგა და ვაი იმის ბრალი, რომელიც მიუახლოვდებოდა: ერთის დაკვრით ვაჟკაცს შუაზე სჩეხდა: ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როდესაც ხმლის ერთი მოქნევით ორი-სამი კაცი წაუქცევია.

თავდასხმისა და გაქცევ-გამოქცევის დროს ზაქარია პირველობდა, ხოლო შეჩერებულ ბრძოლასა და მოგერების ჟამს ოთარს ვერავინ შეედრებოდა.

...

ორიოდე საათის სიარულის შემდეგ, დაწინაურებულნი შეუდგნენ ერთ მაღალ ფერდობს და როცა აიარეს, შევიდნენ კავკასიის მთის ერთ ვიწრო, ტყით შემოსილ ხეობაში. მიდიოდნენ ფრთხილად. იცქირებოდნენ აქეთ-იქით, ათვალიერებდნენ ყოველ საეჭვო ადგილს, მაგრამ მტრის ჭაჭანებაც კი არსად არა სჩანდა. გავიდა კიდევ ცოტა რამ ხანი და უცებ, სადღაც ტყეში, გავარდა თოფი. ეს თოფის ხმა, როგორც აღმოჩნდა, ნიშანი ყოფილიყო მთის ფერდობზე დაბურულ ტყეში ჩასაფრებულ ლეკებისა. ერთი წამის წინად სამარის მსგავსად გაყუჩებული ხეობა უცებ ჯოჯოხეთურმა ღრიანცელმა მოიცვა. როგორც ნიაღვარი, ისე წამოვიდა ზემოდან შეიარაღებული ჯარი ლეკებისა. მათი ჟრიამული ცამდის ადიოდა.

ერეკლემ პირველსავე თოფის გავარდნაზე შეშფოთებით მიიხედა უკან. საჩქაროდ მიხვდა თავის შეცდომას და ბრძანა – მსწრაფლ უკან გატრიალება. ზაქარიას ხელით ანიშნა, რომ გაბრუნებულ რაზმს გასძღოლოდა წინ. დაიძრა თუ არა პატარა ლაშქარი ქართველებისა, ახლა წინიდან შემოესია მათ საშინელი ღრიანცელი ლეკებისა. თვით ჰაჯი ჩალაბი მოაქროლებდა ცხენს და მას ხუთასამდე მეომარი მოსდევდა უკან. ერეკლე მიბრუნდა იქით, თავის არწივისებურ თვალებით გაარჩია მომავალი მტრის ჭაღარა წინამძღოლი…

- ოთარ, – დაიძახა მან, – ასი კაცი გამოატრიალე აქეთ. ზაქარიასთან წადი, ის აქ გამოგზავნე და შენ შენებურად დაუდექ მტერსა… გარღვევა მტრისა ჯერჯერობით ვერ არის მოსახერხებელი. მეტი ღონე არ არის, მამაჩემის მოსვლამდე უნდა მოვიგერიოთ მტერი… ეჭვი არ უნდა, ისიც მალე გაჩნდება აქა.