ჩვენი ისტორიის რა საიდუმლოს ინახავს "მზის ბუდეები" - თანამედროვე ობსერვატორიის წინაპარი ძველ საქართველოში - კვირის პალიტრა

ჩვენი ისტორიის რა საიდუმლოს ინახავს "მზის ბუდეები" - თანამედროვე ობსერვატორიის წინაპარი ძველ საქართველოში

როგორ იგებდნენ ძველ საქართველოში როდის დგებოდა ახალი წელი, თვე... სეზონი წვიმიანი იქნებოდა თუ ცხელი და ა.შ.

"ქვის ყორე და შუაში გრძელი ქვა სწორედ ცის მნათობებზე დასაკვირვებლად იყო განკუთვნილი"

(ფოტოზე: გიორგი გიგაური. ჯუთა, კუჭისთვის გორი, ღალანგურის ნიში)

ბოლო ხანს თითქოს მეტისმეტად სწრაფად გარბის დრო, თითქოს მართლაც წუთად იქცა წუთისოფელი და წამიც კი გაუფასურდა. კალენდრის გადაფურცვლას ვერ ასწრებ, ისე იცვლება სეზონი და სეზონში კი - ამინდი; საათის მომართვაც კი აღარ გჭირდება, მთავარია, სათადარიგო ელემენტი გქონდეს და უმალ გამოცვლი, თუმცა მაინც ვერაფერს ასწრებ - მუდამ გარბიხარ, ეწევი, უსწრებ და... ისევ გარბიხარ. საინტერესოა, რა ხდებოდა მაშინ, საუკუნეების წინ, როდესაც არც კალენდარი ჰქონდათ, არც საათი და მით უფრო - არც ინტერნეტი? ფაქტია, ქართული ,,ღვთაებრივი" - ასტრალური სიმბოლო-ნიშნების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე ვარაუდობ, რომ ძველად საქართველოში მცხოვრებ ქართველურ ტომებს ასტრონომიული ცოდნა უნდა ჰქონოდათ, მაგრამ კონკრეტულად რა მატერიალური ან ზეპირსიტყვიერი ძეგლები გვიდასტურებს მის არსებობას? თუნდაც, გსმენიათ რაიმე "მზის ბუდეების" შესახებ? მე, პირადად, ხეირიანად მის შესახებ ამ ზაფხულს, ხევსურეთში მოგზაურობისას შევიტყვე.

პირიქითა ხევსურეთი, ლიქოკი, საქარის მთა, ზღვის დონიდან 2900 მეტრი

მუცოს ციხეზე რომ ავედით, ჩვენმა მეგზურმა, ხელოვანმა და მეცნიერმა გიორგი გიგაურმა გვერდით, მაღალი მთის წვერისკენ გამახედა - იქ რაღაც რომ მოსჩანს, უეჭველად "მზის ბუდე" იქნებაო და დააყოლა: სამწუხაროდ, მათ შესახებ ზეპირი ინფორმაცია აღარ არსებობს, დღევანდელმა ხალხმა აღარ იცის "მზის ბუდეები". მეც ეთნოგრაფების, გიორგი ჩიტაიასა და სარა ბედუკაძის 1910 წელს გამოცემული ჩანაწერების - "პანსიონატის დღიურების" გაცნობის შემდეგ მივხვდი მის რაობა-მნიშვნელობასო.

გიორგი გიგაური:

მუცო - "მზის ბუდეები" ხევსურეთშიცაა, ფშავშიც, ხევშიც, საქართველოს სხვა კუთხეებშიც იყო, მაგრამ დღემდე მხოლოდ მთამ შემოინახა. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, ზღვის დონიდან 2800-3000 მეტრზე გვხვდება მთებზე ჩადგმული ქვები და წრიული ყორე-ნაგებობები, რომელთა უმეტესობა ლანდშაფტთან მიმართებაში ერთნაირადაა განლაგებული - სამხრეთისკენაა მიმართული. წრიული ნაგებობები, ძირითადად, ჩაშლილი და დარღვეულია. ზოგან მათ შიგნით გრძელი ქვაცაა წაქცეული. ეს ნაგებობები სოფლების ან ნასოფლარების აღმოსავლეთ გორაზეა აგებული.

ხევი, სნო, სპათანგელოზის სალოცავი და სამანის ქვა

თურმე, ერთი სპეციალისტი ყოველთვის ჰყავდათ სოფელში და მას მემარგეს ეძახდნენ, რაც დღევანდელი გაგებით სინოპტიკოსს უტოლდება. ავიდოდა ეს მემარგე გორაზე, დახედავდა მზისა და მთვარის ჩრდილებს, დააკვირდებოდა ვარსკვლავებს; ასევე, პირველად ამოსული მზის დისკოს მოხვედრისა და თანდათანობით მორიგ ბუდეზე გადანაცვლების ადგილს და ასე არკვევდა, როდის დგებოდა ახალი წელი, თვე, სეზონი, წვიმიანი იქნებოდა თუ ცხელი და ა.შ. ანუ ეს ნაგებობა ერთგვარი ხალხური ობსერვატორია იყო. ხევში, ჯუთაზე რომ ავედი და "მზის ბუდეზე" კომპასი დავდე, ქვების განლაგება ზუსტად უჩვენებდა აღმოსავლეთ-დასავლეთ-ჩრდილოეთ-სამხრეთ მხარეებს. ჩრდილოეთის ქვებთან კიდევ რაღაცები იყო მონიშნული და ეს ამბავი სხვებსაც ვუთხარი. გელაა ერთი, არაბული, იქ სასტუმროს აგებს და ვთხოვე, გაუფრთხილდით, რომ არაფერი დაზიანდეს, ტურისტებიც გააფრთხილეთ-მეთქი.

საქართველოში უძველესი დროიდან მისდევდნენ მიწათმოქმედებას და, შესაბამისად, ცასა და ვარსკვლავებზე დაკვირვების ტრადიციაც ძველთაგანვე ყოფილა განვითარებული. ე.წ. მემარგეთა საქმიანობაში განსწავლული კადრების არსებობასა და მათ საქმიანობას წერილობით წყაროებში შემონახული მდიდარი ტერმინოლოგია და ხალხურ სიტყვიერებაში არსებული სახელწოდებებიც ადასტურებს. ასევე, დასტურდება ძველ საქართველოში ,,მზის კალენდრის" არსებობა, თუმცა მისი წარმომავლობა მკვლევრებისთვის ბოლომდე არაა ამოხსნილი. ეთნოგრაფიულ ყოფაში მხოლოდ არქაული ნაშთებია შემორჩენილი.

- როგორც ვიცი, "მზის ბუდეების" კვალს თავად მიჰყვებით, რას მიაკვლიეთ?

- მაგალითად, ხევში სოფელ სნოს მთაზე, ზღვის დონიდან 3000 მეტრზე არის სპათანგელოზის სალოცავი და სამანის ქვა, რომელსაც ძველად "მზის ბუდეს" უწოდებდნენ. ასეთი ადგილი ბრძოლისთვის მოსამზადებლად და რწმენისთვის დადებითი ენერგიის მიმნიჭებლად მიაჩნდათ.

2012 წლის აგვისტოში ხევსურეთში მოვინახულეთ ერთ-ერთი ასეთი ,,მზის ბუდე". იგი ლიქოკის ხეობის ზემოთ, საქარის მთაზე, ზღვის დონიდან 2800 მეტრზეა. წრის დიამეტრი 1.80 სმ-ია, შუაში ყოფილა ჩადგმული მიწის ზედაპირიდან 1.60 სმ სიმაღლის წაგრძელებული ქვა - მენჰირი, რომელიც უკვე წაქცეულია. ქვის წყობა, გადმოცემით, 70 სმ ყოფილა, თუმცა თითქმის ჩანგრეული დაგვიხვდა.

პირაქეთა ხევსურეთი, ბლო, "მზის ბუდეთ გორი"

ადგილობრივი მცხოვრების, დავით ლიქოკელის ინფორმაციით, წრიული ყორე ადრე მაღალი იყო, ხოლო მოგვიანებით საქონლის მწყემსებმა იგი ნაწილობრივ დაშალესო. ქვის ყორე და შუაში გრძელი ქვა სწორედ ცის მნათობებზე დასაკვირვებლად იყო განკუთვნილი. ლიქოკის ხეობაში კიდევ სხვა ქვა-სამანიც ფიქსირდება. იგი ,,კარატის" სალოცავის გზაზე, ერთ-ერთ მთაზეა. პირაქეთ ხევსურეთის სოფელ გველეთის სალოცავის ტერიტორიაზე, მიწაში, 7 ქვა-სამანია ჩადგმული. ქვები სამხრეთისკენაა მიმართული. წრიული ნაგებობა ფიქსირდება ფშავში, სოფელ მაღაროსკარის სალოცავის მთაზე, პირაქეთ ხევსურეთის სოფელ ბლოში - ,,მზის ბუდეთ გორი"; წრიული ნაგებობის ნაშთებია თუშეთში, სოფელ შენაქოსთან და სოფელ ბოჭორნის თავზე, მთის წვერზე. ასევე, დასავლეთ საქართველოში, მაგალითად, ხვამლის მთაზე (სამწუხაროდ, მისი ფოტო არ მაქვს) და სხვა.

ინგუშეთი, ხამხა."ჩურტი" (ჭორტი - ქვაკაცაი)

მზესა და მთვარეზე დასაკვირებელ ობიექტებად ჩანს ჩრდილო კავკასიაში, ხამხის ტერიტორიაზე შემორჩენილი ქვის სვეტებად აგება. მას "ჩურტი" ჰქვია და ადგილობრივები მემორიალურ ძეგლად იცნობენ. ძეგლის სიმაღლე 2.50 მეტრია. ნაგებობის ძირში, კლდის გაყოლებაზე შეინიშნებოდა პატარა ღრმულები ანუ მზისა და ციური მნათობების მოსანიშნი ადგილები. კავკასიურ "ჩურტს" ჯვრის ფორმები აქვს საფუძველშივე და ბოლომდე ასე გრძელდება. სახელწოდებები ,,ჩურტი" და ,,ჭორტი", იგივე "მზის ბუდე" საინტერესოდ ჰგავს ერთმანეთს. სულხან-საბა ორბელიანს კი ,,ჭორტი" და "ქვაკაცაი" სინონიმებად მიაჩნია. ამაზე ჩემს წერილშიც დავწერე - "პიქტოგრამები და კოსმოლოგია". გარდა საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთისა, სამხრეთ საქართველოშიც ბევრგანაა შემორჩენილი ,,ქვა-კაცები", რომელთა განლაგებაც მომავალში გამოსაკვლევია.

მაგალითად, ხევსურეთის "მზის ბუდეებზე" ამბობენ: აქ მზე რიგრიგობით ბუდობს მზის ბუდეებში, რომელიც ხელოვნურად ნაგებ ქვის სვეტების წყობას წარმოადგენსო.

კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა ერთ წერილში ვერაფრით ჩავატევთ... ფაქტია, ძველი ხალხის ცოდნა-წარმოდგენების გახსნა ნამდვილად ახალი სიტყვა იქნება ასტრონომიული ცოდნის შესახებ და ამას სერიოზული მუშაობა, ექსპედიციები, დაფიქსირება სჭირდება. სხვათა შორის, ფოტოები, რასაც აქ ვბეჭდავთ, იცოდეთ, რომ ექსკლუზიურად გადმოგეცით.

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)