"ირაკლი ბადალაშვილი მამაჩემია, მაგრამ მეორე მსოფლიო ომიდან ცოცხალი დაბრუნდა..." - ქერჩში ნაპოვნი ნეშტის საიდუმლო - კვირის პალიტრა

"ირაკლი ბადალაშვილი მამაჩემია, მაგრამ მეორე მსოფლიო ომიდან ცოცხალი დაბრუნდა..." - ქერჩში ნაპოვნი ნეშტის საიდუმლო

რამდენიმე ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, ქალაქ ქერჩში 1943 წელს დაკარგული ქართველი ჯარისკაცის ირაკლი ბადალაშვილის ფერფლი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის მომხმარებელმა ოლეგ ზუბოვმა გამოაქვეყნა. მისი თქმით, ინფორმაცია ქერჩიდან ერთ-ერთმა ქალბატონმა მიაწოდა, რომელიც სამძებრო ჯგუფში მუშაობს.

"ქერჩიდან დამირეკეს, ქალბატონმა, რომელიც სამძებრო ჯგუფში მუშაობს, ირაკლი ნიკოლოზის ძე ბადალაშვილის ფერფლი იპოვა, რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა (05.12.1943). მის მიერ ნაპოვნი მონაცემების მიხედვით, ის ბოლნისის რაიონიდან იყო, სოფელ წითელსოფლიდან. იქნებ შესაძლებელი გახდეს, ვიპოვოთ მისი შთამომავლები ან ნათესავები ფეისბუქში. თუკი ვერ ვიპოვით აქ, მაშინ იქნებ ბოლნისში გავემგზავროთ. გთხოვთ გააზიაროთ ეს ამბავი. ვფიქრობ, კარგ საქმეს გავაკეთებთ, თუკი ჩვენ ამ ჯარისკაცის შვილიშვილებს ან შვილთაშვილებს, ბაბუის საფლავს ვაპოვნინებთ", - წერდა ზუბოვი.

ჩვენ შევეცადეთ, დეტალები გაგვერკვია და მის ოჯახს, ბოლნისში დავუკავშირდით.

ნიკო ბადალაშვილი:

- ფოტოზე გამოსახული კაცი, ნამდვილად მამაჩემია. ომის დამთავრების შემდეგ, 1947 წელს, ის საქართველოში დაბრუნდა, ხელსა და ფეხში იყო დაჭრილი. ტყვია მუცლის ღრუში ჰქონდა და ღვიძლიც დაზიანებული ჰქონდა. ქერჩის ბრძოლებში მონაწილეობდა, მაგრამ შემდეგ სამი წელი გერმანიაში იყო ტყვედ... სამხედრო კომისარიატიდან გამოვითხოვე ყველანაირი ინფორმაცია და უკრაინაში გავგზავნე. საქმე ის არის, რომ მათ მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაშიც ყველაფერი ემთხვევა, - დედ-მამის სახელი, მისამართი, დაბადების წელი, ტყვეობაში ყოფნის, შემდეგ კი, გათავისუფლების პერიოდი... შესაძლოა, რაღაც დროს, საბრძოლო ვითარებაში უბრალოდ, ამოუცვივდა ჯიბიდან, შემდეგ კი, მისი საბუთები სხვა დაღუპულთან აღმოჩნდა.

ამის შემდეგ, ოლეგ ზუბოვის დახმარებით, ყირიმში მყოფ სამძებრო კომისიასაც დავუკავშირდით.

ნატალია დზუბა, კომისიის წევრი:

- ერთ წელზე მეტია, ყირიმში, ის სამარხი გავხსენით, რომელიც II მსოფლიო ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ჯარისკაცებს ეკუთვნოდათ. საარქივო მასალებს ხელახლა ვეცნობით და მონაცემებს, იქ ნაპოვნი პირადი დოკუმენტაციის, მედალიონების, ჯარისკაცის "ჟეტონების" მიხედვით ვაზუსტებთ... ეს ფოტოც საარქივო მასალებში ვიპოვეთ. სამარხის გახსნისას პირველი ქართული გვარი, ბადალაშვილი შეგვხვდა და მის ნათესავებთან დაკავშირებას შევეცადეთ, - სოციალურ ქსელში დავწერე, ქერჩში ნაპოვნია ირაკლი ბადალაშვილის ნეშტი და საქართველოში, მის ოჯახთან დაკავშირებას ვცდილობთ-მეთქი. ქალბატონი სუზანა კირაკოზიანი გამომეხმაურა, - ამჟამად ნოვორისიისკში მცხოვრობ, მაგრამ წარმოშობით საქართველოდან ვარ და დაგეხმარებიო. ჯერ თავად დაიწყო ინფორმაციის მოძიება, შემდეგ კი, უკრაინელ ოლეგ ზუბოვსაც სთხოვა დახმარება, რომელსაც ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს... როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფოტოზე გამოსახული სამხედრო შინ ცოცხალი დაბრუნდა. ანუ მუშაობას განვაგრძობთ, თუ ვის ეკუთვნის აქ ნაპოვნი ნეშტი... თავად ქერჩში ვცხოვრობ და წლებია, მეორე მსოფლიო ომის თემაზე ვმუშაობ. ძალიან ცუდია, რომ ინტერნეტში ძალიან მცირე ინფორმაციაა კონკრეტულად დაღუპულებსა და ბრძოლებზე. არაერთი წიგნი მაქვს გამოქვეყნებული და ახლა ძებნით სამუშაოებში ჩავერთე... კითხვის გაგრძელება