"შეტაკება მას მერე დაიწყო, რაც რუსებმა ორი ხალდელი მოზარდი..." - ხალდელთა გმირობა და რუსთა სამი ლაშქრობა პატარა სოფლის დასამორჩილებლად - კვირის პალიტრა

"შეტაკება მას მერე დაიწყო, რაც რუსებმა ორი ხალდელი მოზარდი..." - ხალდელთა გმირობა და რუსთა სამი ლაშქრობა პატარა სოფლის დასამორჩილებლად

სვანთა აჯანყების, მათი გმირობისა და თავდადების ამბავი ჩვენში ცოტამ თუ იცის. გადარჩენილთა სასამართლო პროცესზე კი განსასჯელთა სკამზე მყოფთა დაცვას თვით აკაკი წერეთელი ცდილობდა თურმე, თუმცა...

მე-19 საუკუნის 70-იან წლებში სვანეთში, კალას თემში სვანთა შეკრების მიზეზი რუსეთის მეფისნაცვალის ბოქაულის მხრიდან მიწების აზომვა და შემდგომში გადასახადების დაკისრება იყო. სვანი კაცისთვის მიწა ფასდაუდებელია, ამიტომაც მათ გადაწყვიტეს ებრძოლათ საკუთარი მიწისთვის და თავისუფლებისთვის.

ფიცი კვირიკესა და ივლიტას სახელობის მონასტერში - ლაგურკაში დადეს, ამ ხალხისთვის ფიცის გატეხა სიკვდილის ტოლფასი იყო, თუმცა ამის მიუხედავად, რუსების მზაკვრულად მოფიქრებულმა გეგმამ, სვანების ნაწილი ლამის დაარწმუნა იმაში, რომ მათ კეთილი განზრახვა ჰქონდათ, თუმცა სოფელ ხალდეს მაცხოვრებლები რუსებს არ ენდნენ და სისხლის უკანანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს... საკუთარი მიწის დასაცავად მებრძოლი ხალდელები რუსებმა ამბოხებულებად შერაცხეს და სასტიკად დასაჯეს. 19-კომლიანი სოფელი კი ქვემეხებით მიწასთან გაასწორეს და შემდგომში მოსახლეობას იქ ცხოვრება აუკრძალეს. წელს ხალდეს აჯანყებიდან 140 წელი შესრულდა.

ხალდე დღეს

ვახტან გასვიანი, ხალდეს აჯანყების ერთი-ერთ მონაწილის ბადრი გასვიანის შვილთაშვილი:

- სვანი კაცის შემოსავლის წყარო მიწა იყო. გლეხები არყისა და თამბაქოს გადასახადს უკვე იხდიდნენ, თუმცა ყველაზე დიდი მღელვარება მიწის გადასახადების დაწესების შიშმა გამოიწვია. მოსავლის მოყვანას დიდი შრომა სჭირდებოდა. უვლიდნენ, უფრთხილდებოდნენ, რომ ხანგრძლივ ზამთარს მზად დახვედროდნენ. ამ ყველაფერს დაემატა მეფის მოხელეების უხეში დამოკიდებულება მოსახლეობისადმი. როდესაც დაინტერესდნენ სვანები თუ რატომ ზომავდნენ მიწას, პასუხი ვერ მიიღეს. მეფისნაცვალის წარმომადგენლები ნელ-ნელა ცდილობდნენ მოსახლეობის შეგუებას ახალ გადასახადთან, რადგან იცოდნენ სვანების ხასიათი - ისინი თავიანთი წინაპრების ოფლით მორწყულ მიწას იოლად არ დათმობდნენ.

შეიკრიბნენ სვანები. ყველა სოფელში ჩატარდა ყრილობები. თავისუფალი სვანეთის მოსახლეობის ბოლო ყრილობა კალაში იყო. სვანები შეთანხმდნნენ, რომ არ მისცემდნენ მთავრობას მიწის დაბეგვრის საშუალებას. იქ შეკრებილმა 2000 კაცმა ფიცი კვირიკეს ეკლესიაში დადო.

აჯანყების პირველ ეტაპზე ხელისუფლებამ ვერ გაბედა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა. არავის აწყობდა არეულობის დიდი კერის გაჩენა, ეს კიდევ უფრო დაასუსტებდა რუსების რეპუტაციას არამარტო სვანეთში, არამედ მიმდებარე რეგიონებშიც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მთავრობის მოხელეებმა ფარისევლობით და ცრუ დაპირებებით, შეძლეს აჯანყების მეთაურებსა და ხალხში უნდობლობის გაფანტვა და შემდგომ მათი დაშოშმინება. ამ აჯანყების თავკაცები და მონაწილეები პატიოსანი და სიტყვის მიმნდობი ადამიანები აღმოჩნდნენ. ისინი ენდნენ რუსების სიტყვას და სამხედრო ექსპედიციას კალადან ბეჩომდე წასვლის საშულება მისცეს. რუსებმა კარგად იცოდნენ ვინ იყვნენ ამ აჯანყების თავკაცები და სწორედ იმ სოფლისკენ მიიწევდნენ. ეს იყო სოფელი ხალდე, რომელიც კალას თემში შედიოდა და სადაც 5 გვარის წარმომადგენელი, სულ 19 კომლი ცხოვრობდა. ესენი იყვნენ: გასვიანები, ჯოხაძეები, ჩოფლიანები, ჩეგიანები და ქოჩქიანები. ქოჩქიანების გარდა, აჯანყებაში ზემოთ ჩამოთვლილი დანარჩენი 4 გვარის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ.

რუსების დაპირებების შემდეგ, შეიარაღებული სვანები დაიშალნენ. ამის მიუხედავად, მეფის ხელისუფლება ისე როგორ მოისვენებდა აჯანყების თავკაცები სათანადოდ, რომ არ დაესაჯა. ვითომ კეთილი განზრახვით, 16 კაცი ქუთაისში წასვლაზე დაითანხმეს და დააკავეს. მეფის ხელისუფლებამ აჯანყება დასრულებულად ჩათვალა, თუმცა მათ არ დავიწყებიათ რომ აჯანყების სამი მოთავე: ორი ხალდელი გურმაჩ გასვიანი, ჩარგაზ ჯოხაძე და ერთი მულახელი ხაშუბათ ქურდიანი ჯერ კიდევ არ დაეპატიმრებინათ.

1876 წლის 28 ივლისს ხალდელ "დამნაშავეთა" შესაპყრობად სვანეთში მორიგი სამხედრო ექსპედიცია გაიგზავნა. მაზრის უფროსმა ამ სამი ადამიანის მილიციისთვის ჩაბარება მოითხოვა, თუმცა ხალდელებმა ამას მტკიცე უარით უპასუხეს.

1-ლ აგვისტოს სამხედრო ნაწილი სოფელ ხალდეში შევიდა, რასაც სისხლიანი შეტაკება მოჰყვა. ხიშტებზე ააგეს ორი უდანაშაულო ხალდელი მოზარდი გეგი და გიერგ გასვიანები... უდანაშაულო ახალგაზრდების მოკვლის გამო სვანებმა სასტიკი პასუხი გასცეს... დახოცეს 17 რიგითი ჯარისკაცი, 5 მაღალჩინოსანი. შეტაკების დროს დაიღუპნენ: სვანეთის ბოქაული მიქელაძე, სამხედრო ნაწილის უფროსი მაიორი ლეუსი და სხვები.

ჯაბა ჯოხაძე, აჯანყების ერთ-ერთი მონაწილის ჯოხან ჯოხაძის შთამომავალი:

- როდესაც სოფელში რაზმი შესულა, რუსები გაფანტულან, სვანებს ცეცხლი გაუხსნიათ ზოგი გაქცეულა, ზოგიც მოუკლავთ. 3 კაცი კი ერთ-ერთ სახლში დამალულა. ხალდელებს გაუგიათ მათი ადგილსამყოფელი და დაუხოცავთ, მათ შორის ყოფილა მაზრის უფროსი, გენერალი გრინევსკიც, რომელიც ჯოხან ჯოხაძეს თოფით მოუკლავს. ამიტომაც ჯოხაძეს სასამართლოზე სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, შემდგომ კი ეს სასჯელი სამუდამო გადასახლებით შეუცვალეს.

ამირდონ ჩეგიანი, აჯანყების მონაწილის მომი ჩეგიანის შვილიშვილი:

- ჩოფლიანებიდან განსაკუთრებით აქტიურობს ჩოფე ჩოფლიანი, ჯოხაძეებიდან ჯოხან და ჩარგაზ ჯოხაძეები, გასვიანებიდან გურმაჩ და ბადრი გასვიანები. მათ შორის იყო ბაბუაჩემი მომი დათას ძე ჩეგიანი. შეტაკების დროს ჯოხაძეს ბაბუაჩემისთვის დაუძახია - მომი, შენ მსროლელი ხარ რამენაირად ეს მეზარბაზნე უნდა მოკლაო. უსვრია მომის და მოუკლავს. მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ მოკლული ქართველი ყოფილა.

ეს ოპერაცია რუსების დამარცხებით დასრულდა. კავკასიის ადმინისტრაციამ ხალდეს განადგურების მიზნით სვანეთში უკვე მესამედ და სასწრაფო წესით დიდი სამხედრო ძალა - დაახლოებით, 1200-1500 ჯარისკაცი გაგზავნა. რუსების მხარდამხარ კი, როგორც ირკვევა, სვანებიც იბრძოდნენ.

ლამარიას მინდორი, სადაც რუსებს ქვემეხები ჰქონდათ განლაგებული

შესულან სხვადასხვა ასაფეთქებელი საშუალებით და ერთი ზარბაზნით. ქვემეხები იქვე ტრიალ მინდორზე, რომელსაც ლამარია ეწოდებოდა, დაუდგამთ და იქედან ახორციელებდნენ დარტყმებს. 18 აგვისტოს ხალდელებმა ალყაში მოქცეულ სოფელს ქალები და ბავშვები გაარიდეს, რომელთაც მთებს შეაფარეს თავი. მამაკაცები კი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაებნენ, რომელიც 10 დღე გაგრძელდა. ქვემეხებითაც ვერ ანგრევდნენ სვანურ კოშკებს. არაერთხელ გააკვირვეს რუსები საკუთარი გმირობით, აღსანიშნავია ფაქტი, როდესაც ხალდელებს სიმღერა - "გაულ გავხე " ("გაველ, გავხედე" - ნ.ჩ.) წამოუწყვიათ, რომელიც ამ აჯანყების სიმბოლოდ იქცა და დღეს სვანეთში ძალიან ცნობილი ფერხულია. 10 დღის შემდეგ 1876 წლის 28 აგვისტოს აჯანყებულთა დიდი რაოდენობა წინა ღამეს ჩუმად გავიდა სოფლიდან, მიზეზი ტყვია-წამლის შემოლევა იყო...

სოფელში მხოლოდ ცხრა მოხუცი დარჩა, რომელთაც წასვლა არ ინებეს. 9 პირიდან 4 კოშკში იყო გამაგრებული და დროდადრო ჯარს ცეცხლს უხსნიდნენ. ჯარისკაცებმა მოითხოვეს კოშკში გამაგრებული მოხუცების ჩაბარება, თუმცა უშედეგოდ. დიდი ბრძოლის შემდეგ ქვემეხებით კოშკი ჩამოანგრიეს და 4-ივე მოხუცი ნანგრევებში მოჰყვა.

გენერალი ციტოვიჩი, რომელიც ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა პატაკში წერს - "ხალდე აღებულია. ნანგრევებში აღმოვაჩინეთ აჯანყებულთა ნაწილი, რომელთაც ხელში თოფები ეჭირათ და ნაწილის დევნას ვანხორციელებთ".

სექტემბრის პირველ რიცხვებში ჯარი ტოვებს სოფელს და ადგილობრივ ადმინისტრაციას ავალებს, რომ გაქცეული ხალდელები შეიპყრონ. დაპატიმრებული 9 ადამიანის სასამართლო პროცესი სექტემბრის ბოლო რიცხვებში ჩაინიშნა. პროცესის გამართვა ისე ნაუცბათევად მოხდა, რომ საზოგადოების ნაწილმა, ამის შესახებ ვერც კი გაიგო.. აქტიურად ეძებდა მილიცია აჯანყებულებს, მიაგნეს... რამდენჯერმე შეტაკებაც მოხდა,თუმცა ვერადა ვერ ახერხებდნენ მათ შეპყრობას. ბოლოს მზაკვრულ ჩანაფიქრს მიმართეს, იპოვნეს ხალდელთა გახიზნული ოჯახის წევრები. ახლა მათ დაუწყეს დევნა. იმუქრებოდნენ, რომ თუ ისინი არ ჩაბარდებოდნენ მილიციას, მათ ცოლ-შვილს დააკავებდნენ. ხალდელებს სხვა გზა არ ჰქონდათ, წავიდნენ მოლაპარაკებაზე. იმ დროისთვის ადმინისტრაციის წარმომადგენელი გარდაფხაძე იყო, მას ენდვნენ, თუმცა ბოლომდე არა. გარდაფხაძე ლაგურკას ეკლესიაში დააფიცეს, რომ არ უღალატებდა მათ და გარკვეულ დახმარებას გაუწევდა.

22 კაცი ჩაბარდა. ქუთაისში, იარაღასხმული ჩავიდნენ მამაცი ხალდელები. მხოლოდ დარბაზში მოახსნევინეს აღჭურვილობა.

აჯანყებულ ხალდელთა სასამართლო

ქუთაისის სასამართლოში, პროცესზე ნიკო ნიკოლაძეს ჩანახატი გაუკეთებია და ასე დაუხატავს ხალდეს აჯნყების მოთავეები.

სასამართლო პროცესი 27 ნომბერიდან 1 დეკემბრამდე მიმდინარეობდა. იმდროინდელი საქართველოს ინტელიგენციის წარმომადგენლები გაზეთებიდან იგებენ სასამართლოს შესახებ და ითხოვენ პროცესის ღიად ჩატარებას. ადმინისტრაცია იძულებული გახდა დაეთმო ეს პოზიცია. ხალდელების დაცვას იმ პერიოდის ცნობილი იურისტები: დავით ლორთქიფანიძე და ლუარსაბ ლოლუა კისრულობენ. სხდომას ასევე ესწრებოდა იურისტი დრობიშევი.

სიტყვით პირველი ლოლუა გამოვიდა. მან პირველმა მიაყენა დაუნდობელი დარტყმა სამხედრო-საველე სასამართლოს. ის ამტკიცებდა, რომ ბრალდებულებს არ ჰქონდათ ბოროტმოქმედების ჩადენის შეგნებული, წინასწარ განსაზღვრული ნებასურვილი და ისინი იძულებულები გახადეს დაეცვათ საკუთარი სოფელი და სახლ-კარი. "ჩემთვის საკმარისია ის, რომ ხელისუფლების არაკანონიერმა მოთხოვნამ მთელი სოფელი შეაკავშირა და მისი მცხოვრებლები გურმაჩისა და ჩარგაზის სოლიდარული გახადა, ჩემთვის საკმარისია ისიც, რომ გიერგ და გეგი გასვიანები ხიშტებზე ააგეს, ეს ყველაფერი ძალადობრივი მოქმედებაა. რა უნდა ეფიქრა დანარჩენ მოსახლეობას, როდესაც მათ დაინახეს ხიშტებზე აგებული გვამები - მათ სროლა დაიწყეს."

მწერლების სახელით პროცესში მონაწილეობა დიდმა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ აკაკი წერეთელმა მიიღო. როცა მის გამოსვლას ეცნობი, ეს არის ნამდვილი ნიმუში სავექილო სიტყვის - ლაკონურად და სხარტად ნათქვამი, რომელმაც თვით მოსამართლეც კი გააკვირვა და საგონებელში ჩააგდო. სხვადასხვა წყაროების მიხედვით მისი გამოსვლა განსაკუთრებით მკაცრი და მამხილებელი იყო. ის იცავდა პასუხისგებაში მიცემულ სვანებს, ამავე დროს მკაცრად აკრიტიკებდა მთავრობის პოლიტიკას,მოხელეთა და სამხედრო მეთაურთა უხეშობას, შეუბრალებლობას, ძალმომრეობას და უტაქტობას. ამის დასტურია ის, რომ სასამართლოს თავმჯდომარემ რამდენჯერმე მისცა შენიშვნა და მკაცრი გაფრთხილება.

"არის დანაშაულის ისეთი სახეც, რომელიც ყველა დროში ხალხისთვის ერთნაირად სამარცხვინოდ ითვლებოდა. დანაშაულთა ამ რიცხვს მიეკუთვნება მკვლელობა. მოსამართლეებს არ ებრალებოდათ მკვლელები. საზოგადოებრივი აზრიც ყოველთვის მხარს უჭერდა მათ. კაცის მკვლელის სახეზე საზოგადოება ყოველთვის ხედავდა შეჩვენების დაღს, რაც მათ მიმართ საყოველთაო სიძულვილს იწვევდა. თქვენს წინაშეც, ბატონო მოსამართლენო, მკვლელები სხედან, მაგრამ საოცარი ამბავია, მათ მიმართ მსგავსს არაფერს განვიცდით... მიუხედავად იმისა, რომ თქვენგან უმეტესობა დიდი ხანი არ არის, რაც იმყოფებოდა მათი ცეცხლის ქვეშ, მე თქვენ სახეებზეც კი ვხედავ მათდამი თანაგრძნობას და ბედისადმი სინანულს. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა ჩადენილ დანაშაულს, არამედ იმ მოტივებს, რომელთაც ის გამოიწვიეს. როცა მიზეზს ბოროტი საფუძველი აქვს, ისინი ჩვენში სიძულვილს იწვევენ, მაგრამ თუ ისინი წარმოიშვნენ საპატიო, გაუთვალისწინებელი და შემთხვევითი, საბედისწერო აუცილებელი გარემოებით, მაშინ იცვლება ჩვენი დამოკიდებულება, იგი გადადის სინანულში და თანაგრძნობაში".

დოკუმენტი მსჯავრდებულთა სიით და მათ მიმართ გამოტანილი განაჩენით

სასამართლო პროცესზე, მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ბრადლებულებმა დიდი სიმტკიცე გამოიჩინეს, ისინი არა თუ ადანაშაულებდნენ ერთმანეთს, არამედ ექომაგებოდნენ. აღსანიშნავია, ისიც, რომ ბრალდებულების ურყეობა სასამართლო პროცესზე პირდაპირ განცვიფრებაში მოჰყავს ადამიანი, ისინი ერთმანეთს ამხნევებდნენ და თავს დამნაშავედ არ სცნობდნენ.

სასამართლომ ხუთდღიანი სასამართლო პროცესის შემდეგ ბრალდებულებს სხვადასხვა მძიმე სასჯელი გამოუტანა იმის გათვალისწინებით, ამა თუ იმ პიროვნებას თავისი აქტიურობით რა ბრალდება ჰქონდა წაყენებული.

აჯანყების მოთავეებს გურმაჩ გასვიანს და ჯოხან ჯოხაძეს მიესაჯა სიკვდილით დასჯა, მოგვიანებით კავკასიის მეფისნაცვალმა, შეუმსუბუქა სასჯელის ფორმა და მათ უვადოდ დაევალათ კატორღაში მუშაობა. ჩარგაზ ჯოხაძეს და მომი ჩეგიანს გადასახლება 8 წლით, შორეულ ციმბირში, ხოლო ბადრი გასვიანს 18 წლით საკატორღო სამუშაობების შესრულება მიუსაჯეს.

სულ 31 ადამიანს მიუსაჯეს გადასახლება. სოფელს სახელი შეუცვალეს და "ახალი იფრალი" დაარქვეს. დაანგრიეს სახლები და 11 კოშკი. მკვიდრ მოსახლეობას ამ სოფელში ცხოვრება აეკრძალა..

ამირდონ ჩეგიანი:

- ხალდეს აჯანყებულთაგან მხოლოდ ერთი - ბაბუაჩემი მომი ჩეგიანი დაბრუნდა. სვანეთში ჩასულს ცოლი გათხოვილი დაუხვდა. ქალს ქმრის გადასახლებიდან დაბრუნების იმედი არ ჰქონდა, ამიტომ ახლობლების რჩევით, იმის გამო, რომ მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა გასაზრდელი, ქვემო სვანეთში ერთ-ერთ წარჩინებულ კაცზე გათხოვებას დათანხმდა თურმე. მომის კითხვა-კითხვით მიუგნია ცოლ-შვილისთვის. იმ დროს უნახავს ქალი, როდესაც ის საქონელს მიერეკებოდა საძოვარზე და დაუძახია, - თუხა, ვისზე გაცვია შავებიო? - გაოგნებულ ქალს გული წასვლია.

მოუსულიერებია... შვილი, დავითი უკვე 12 წლისა ყოფილა. შეუსვამს ცოლ-შვილი ცხენზე და წამოუყვანია ხალდეში.

ხალდელი ვაჟკაცების სიდიადე სწორედ იმაშია, რომ მათ თავიანთი სიკვდილით სიკვდილზე გაიმარჯვეს, ის, რაც ხალდეში მოხდა, სამშობლოსთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლა იყო.

ეს არ უნდა უნდა დაივიწყოს მომავალმა თაობამ. არაერთხელ მივმართე მესტიის მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს დახმარებისთვის, რომ დაიდგას ხალდეს აჯანყებულთა უკვდავსაყოფად მემორიალი, თუმცა ამაოდ...

ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)