წინაპართა აჩრდილნი - კვირის პალიტრა

წინაპართა აჩრდილნი

ნიკო ლომოური

ისტორიული მოთხრობა

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #15)

მამა-შვილმა, მეფე თეიმურაზმა და ერეკლე II-მ მოილაპარაკეს და მაოხრებელი მტრისაგან ქართლ-კახეთის დასაცავად, გადასწყვიტეს გალაშქრება ნუხის ხანის, ჰაჯი ჩალაბის წინააღმდეგ. ეშმაკი, ვერაგი, ცბიერი და გაიძვერა კაცი იყო ჩალაბი, მოუსვენარი და დიდების მოყვარე. შეკრებდა თავზეხელაღებულ ავაზაკებს და მაჰმადის სადიდებლად საქრისტიანო კახეთის საზღვრებს, საინგილოს და ნუხის მიდამოებს იკლებდა.

ამგვარი მტაცებლობით შეიძინა დიდი ქონება. ჰაჯი ჩალაბს საქართველოსთვისაც სურდა წაეგლიჯა რომელიმე ნაწილი, მაგრამ კარგად იცოდა მეფე ერეკლეს ვაჟკაცობა, მისი ხმლის ძლევამოსილება და ამიტომ ფარულ, გაიძვერულ მტრობას არჩევდა. ხშირად გროვდებოდნენ მის სამფლობელოში თავზეხელაღებული ლეკები და ჰაჯი ჩალაბის ხელმძღვანელობით ხან ერთ კუთხეს აოხრებდნენ საქართველოსას, ხან მეორეს. ალაფის მეათედი, როგორც წესი, ნუხის ხანს ეკუთვნოდა.

KvirisPalitra.Geსაქართველოს წინაშე კი უცოდველ კრავად მოჰქონდა თავი ჩალაბს - შეუპოვარი და მხეცთა მსგავსი ლეკები ძალით შემოდიან ჩემს ქვეყანაში, იკლებენ, აოხრებენ მას და შემდეგ აქედან თქვენს სამეფოშიაც გადმოდიანო. მე ამათი მოკავშირე კი არა ვარ, დაუძინებელი მტერი ვარ: სადაც კი მოვასწრობთ, არ ვინდობთ ერთმანეთსაო.

მეფე ერეკლემ ლაშქარი შეჰყარა...

ოთარი გაბრუნდა, ხოლო ზაქარია ამ დროს უკვე გაცხარებული იბრძოდა თავის მხედრობით. ცოტანი იყვნენ ქართველები, მაგრამ ვინც იყვნენ, ყველას ვაჟკაცობის სახელი ჰქონდა გავარდნილი მთელ ქართლ-კახეთში. ვინ მოსთვლის, რამდენი ბრძოლა გადაეხადათ ამათ ერეკლესთან ერთად და სწამდათ, რომ დღესაც ისე გაიმარჯვებდნენ, როგორც არა ერთხელ უწინ. ეს რწმენა, მეფე ერეკლეს მათთან ყოფნა და საყვარელი წინამძღვრების ცქერა გმირობის სულს უდგამდა თვითეულ მათგანს და როგორც ლომნი, ისე ეძგერნენ მტერსა.

უცებ მეხივით დაიჭექა თოფმა. ამ თოფის ხმას ყველა იქ მყოფმა ქართველებმა ყური მოჰკრეს, თითქმის ყველამ ერთად გადაიწერა პირჯვარი და ერთმანეთს მხიარულად შესძახეს:

- ბატონმა დასცალა თოფი, ბატონმა.

- და ლეკების რომელიღაც ბელადს დაუბნელა მზე.

...

ჰაჯი ჩალაბმაც კარგად დაინახა ერეკლე, მოერიდა მასთან პირისპირ შეტაკებას: თითონ უკან დადგა და თავის ჯარს წინამძღვრად დაუყენა ვაჟკაცობით განთქმული თავისი შუათანა შვილი.

იგი აღტაცებით მიეგება ამ დანიშნულებას. იმედი ჰქონდა, ერთი შეტევით გაანადგურებდა ქართველების პატარა გუნდსა და მთელს დაღესტანში დიდებულ სახელს მოიხვეჭდა უძლეველი მეფის დამარცხებითა. მაგრამ ესეთი საოცნებო ფიქრები ახალგაზრდა, დიდების მოყვარე კაცისა კვამლივით გაიფანტა პირველსავე შეტაკებაზე, ერეკლემ ახლო მიუშვა გათამამებული მტერი, მერე უცებ ხელში მოიგდო თოფი და ესროლა მის წინამძღოლს. იმავე წამს ამ უკანასკნელს ამოღებული ხმალი ხელიდან გაუვარდა და თავის რაზმის წინაშე უსულოდ გადმოვარდა ცხენიდან.

უბელადო ჯარი შედრკა, ერთ წამს შეჩერდა. მტრის შერყევით საუცხოოდ ისარგებლა ერეკლემ. როგორც ვეფხვი, ისე ეძგერა ლეკებს თვისის პატარა გუნდით. თავზარი დასცა მას, არივ-დარია და გაირეკა წინ. არეული მოწინავე ჯარი გვერდზე მიაყენა ჰაჯი ჩალაბმა და რიგზე დაყენებული ჯარი მოაგება წინ ერეკლესა.

ქართველების ბედზე ბრძოლის ველი ვიწრო იყო და ამის გამო ლეკების ბრბო ვერ იშლებოდა თავისუფლადა. ძალა-უნებურად ბრძოლის დროს იმდენივე ლეკი უნდა მდგარიყო წინ, რამდენიც ქართველი. ამის გამო სიმრავლე მტრისა ჯერჯერობით ვერაფერს აკლებდა მათ. მეფე ერეკლე კარგათ იცნობდა თავის ქართველებს, იცოდა, რომ მათთვის სრულიად საჭირო არ იყო წამდაუწუმ განკარგულების ძლევა და ამიტომ ბრძოლის ველიდან არც კი გამოდიოდა გარეთ.

სადაც კი შენიშნავდა მტრის ძლიერებას, მაშინვე იქ ჩნდებოდა საკვირველი მეფე და იმავე წამს ფრთებშესხმული ქართველები, მოგერიების ნაცვლად, თვით ესხმოდნენ მტერსა, ჰფანტავდნენ და მიერეკებოდნენ წინ. სიმრავლით გათამამებული ლეკები ერთმანეთს ეცილებოდნენ წინ დგომას, ქართველებთან ხელჩართულ ბრძოლას, მაგრამ ესეთი თავგამოდება ძვირად უჯდებოდათ. სიმამაცე და სიკვდილის მოურიდებლობა ლეკებისა ამაოდ იმსხვრეოდა ქართველების სულის და მკლავის ძლიერებაზე. ბრძოლის ველზე ეყარნენ ასამდე დაჭრილ-დახოცილი ლეკები, ხოლო ერეკლეს რაზმს ათიოდე კაცის მეტი ჯერ არავინ დაჰკლებოდა.

ესეთი მდგომარეობა, რასაკვირველია, ქართველებისათვის არ იყო ცუდი, მაგრამ მათი წინამძღოლნი და მომეტებულად მეფე ერეკლე მაინც არ იყვნენ კარგ გუნებაზე, თეიმურაზ მეფის დაგვიანება მეტისმეტად აწუხებდა მათ. იგი თავისის ჯარით აქამომდე უსათუოდ უნდა გაჩენილიყო ბრძოლის ველზე. ესოდენ ჟრიამულს, თოფის სროლას და მთელი ხეობის დამაყრუებელ გრიალს უნდა უეჭველად მიეღწია მის ყურამდე. მაშ რათ იგვიანებს?.. სად არის? რატომ ჩვეულებრივ არ მოისწრაფვის საშველად?.. რათ სტოვებს ამდენს ხანს ამ საშინელ ხიფათში, როგორც თავის სახელოვან პირმშოს, ისე ორას წარჩინებულ მამულიშვილს?.. ესეთი და სხვა ამგვარი ფიქრები ბურუსივით შემოსწოლოდა ქართველი რაზმის წინამძღვრებს და არ იცოდნენ კი, რა პასუხი გამოეძებნათ მათთვის.

ერეკლე ძველებურადვე ტრიალებდა ბრძოლის ველზე, იბრძოდა ლომივით, სადაც საჭირო იყო, ახდენდა განკარგულებას, მაგრამ ამასთანავე ცხადათ სჩანდა, რომ მის ძლიერ სულს მშვიდობა და მოსვენება დაჰკარგვოდა.

...

მეფე ბრძოლიდან გავიდა. ტყის ნაპირას პატარა მაღლობ ადგილზე შესდგა და გახედა ჰაჯი ჩალაბის მხარეს. გაოცებით შენიშნა, რომ იქიდან ლეკები ნელ-ნელა უკან იწევდნენ და რაღაც საიდუმლოებით მთის კალთას ეფარებოდნენ. ერეკლემ გაიფიქრა: იქ, ალბათ, საფარი აქვთ გაკეთებული და უნდათ წაგვიტყუონ, ან იქნებ სხვა რამ ამბავი ხდება ამ მთის იქით? უნდა უსათუოდ შევიტყოო…- აიღო თავი მაღლა და გაიხედა ჯარისკენ. იქვე ახლო შენიშნა ერთი ცხენოსანი. იცნო იგი და პატივისცემით შესძახა:

- თავადო, აქ მობრძანდით პატარა ხანს.

ამ სიტყვებზედ იმავე წამს ცხენიდან გადმოხტა სისხლში მოსვრილი შუახნის ვაჟკაცი, მაშინდელი დროის ერთი წარჩინებული ქართველთაგანი, ზაალ მაჩაბელი, შორიდანვე თავი მძიმედ დაუკრა მეფეს და მოკრძალებით გაჩერდა მის წინაშე.

- რას მიბრძანებთ, შენი ჭირიმე, ბატონო?

- აქ შენთან ოსი ხომ არავინ არის?

- როგორ არა, ბატონო, გახლამთ, ნარელი ოსია, სანაქებო ვაჟკაცი, სოზირა ხეთაგური.

- მაშ, დამიძახე ეხლავე აქ!

ორიოდ წამის შემდეგ მეფის წინ შეჩერდა მაღალი ტანის, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ოსი.

- ამ მთებში ხომ არსად გივლია? - ჰკითხა მეფემ.

- როგორ არა, შენი ჭირიმე, გივლია; პატარა ბიჭი რო იყავი, მა რჯულ-ძაღლებმა დიდი ლევახის ხეობაში, ჭრებასთან დაგიჭირეს, წამოგიყვანეს, შენ ხარ ჩემი ბატონი, და ხუთი წელიწადი აღარ გაგიშვეს,…მერე მე და ერთი ქიზიყელი კაცი გამოვიპარეთ, გზაზე ხუთი ლეკი მოვკალით და იმათი თავები გორში ბატონ თეიმურაზ მიართვი.

- ყოჩაღ, ხეთაგურო!.. მაშ, იქნება ლეკურიც იცოდე?

- იცი, შენი ჭირიმე, ცოტა იცი.

- მაშ გასწი ეხლავე, აიმ მთას გადაუარე, გადაიხედე იქით, ყველაფერი დაათვალიერე, თუ მოახერხო როგორმე, მიუახლოვდი ლეკებს, ყური დაუგდე და, თუ გაიგონო რამე, კარგა დაიხსომე. აბა, გასწი, რაც უფრო მალე შეასრულებ ამ დავალებას, იმდენად კარგი იქნება. ღმერთი იყვეს შენი შემწე!…

ოსმა სიამოვნებით და თავმომწონებით შეხედა მეფეს, გულზე ხელი მიიდო, მძიმედ დაუკრა თავი და გამობრუნდა უკან. თავისი ცხენი ხეზე მიაბა, თოფი და ხმალიც იქვე ხეზე ჩამოჰკიდა. ორი გატენილი დამბაჩა გამოართვა ამხანაგებს, ჩოხის კალთები შარვალში ჩაიკეცა და მოჰკურცხლა. პატარა ხანს კი სჩანდა მისი გასაოცარი სიმარდე, კლდიდან კლდეზე ხტომა, გაბარდულ ბუჩქებში ძრომა და შემდეგ გაჰქრა დაბურულ ტყეში.

ამ დროს მეფესთან მოვიდნენ ჯარის წინამძღოლნი.

- ბატონო,–- წარმოსთქვა ზაქარიამ, - ჰაჯი ჩალაბი რაღაცას გვიპირობს: ორივე მხრიდან თითქმის შესწყვიტა ბრძოლა.

- იმედი მაქვს, მალე შევიტყობთ გაიძვერა ჰაჯი ჩალაბის განზრახვას, - ბრძანა ერეკლემ, - მე ამ ჟამად უფრო მამიჩემის მოუსვლელობა მაწუხებს. თუ რაიმე უბედურება არ იყოს იმის თავს, იგი აქამომდე აქ გაჩნდებოდა. ერთი შავი ფიქრი მიტრიალებს თავში: ვაითუ ხანებმა გვიღალატეს, მოხუცი მამა მომიკლეს და...–- აქ გასწყვიტა ლაპარაკი, ხმალზედ ხელი წაივლო და მცირეოდენის სიჩუმის შემდეგ მრისხანებით შესძახა:

- განჯის ხანები მუდამ მტრები ყოფილან საქართველოსი. თუ მოხდა რამე, ეს ნამდვილად მისი ბოროტების ნაყოფი იქნება… და ვფიცავ წინაპართ წმიდა საფლავებს, რომ სულ ერთიან ავაოხრებ განჯას, ცხენს კუდით ვათრევინებ ხანსა, მთელს მის გასაგისს დედამიწის ზურგიდან ამოვფხვრი.

...

საშინელი, საზარელი სანახავი იყო ამ დროს მეფე ერეკლე, მისი დიდრონი, შავი თვალები ჯოჯოხეთის მრისხანებას აფრქვევდა გარშემო. მთელი სახე მეფისა მოშავბედებულ ცასა ჰგავდა; კაცს ეგონებოდა, საცაა ჭექა-ქუხილი ასტყდება და ამ საზარელ სახიდან მეხი გადმოვარდებაო. წინაშე მეფისა იდგნენ დიდებული ვაჟკაცნი. მათ არა ერთხელ ენახათ თავზარდამცემი ამბები, არა ერთხელ გამოეცადათ სიკვდილის ბრჭყალებში ყოფნა, მაგრამ არსად არ უგრძვნია მათ გულს შიში, არ შეჩერებულა ერთ წამსაც კი მათი წინ მიმავალი ნაბიჯი; მაგრამ აქ კი მუქარის წარმოთქმის დროს, ყოველ მათგანს რაღაც გამოურკვეველმა შიშმა დაჰკრა თავში. თითო ნაბიჯი გადასდგეს უკან და მორიდებით ჩაღუნეს თავები.

მოხუცმა თუშმა, თეიმურაზ მეფესთან შეზრდილმა და აწ მუდამ პატარა კახთან მყოფმა, აღტაცებით შეხედა მას, უხერხულად გადაიწერა პირჯვარი და სასოებით წარმოსთქვა:

- ჰეი, შენი ღმერთის ჭირიმე, შენი!.. ქართველი კაცი ტყუილად კი არ ამბობს: „რკინის პერანგი ჩაიცვა, გაჰკრა ხელი და გახიაო. ერეკლე ბატონიშვილი კაცი კი არა, მდევია, მდევი!..

...

ჰაჯი ჩალაბმა ხელახლა გააჩაღა ბრძოლა. ამ ჟამად თავდასხმით და ხმალდახმალ ბრძოლის მაგივრად, მან მიმართა თოფებს. ორივე მხრიდან ქართველებს დაუშინეს ტყვია, მაგრამ ეს თოფის სროლა თითქმის არავითარ ვნებას არ აყენებდა მათ. ესენი ამოეფარნენ ხეებს, კლდეთა, ბუჩქებსა და ისხდნენ იქ უვნებლად: ზოგი მათგანი ჭრილობას იხვევდა, ზოგნი თოფ-დამბაჩებს სტენავდნენ, ხოლო საერთოდ ყველანი, კარგა ძალზე დაღლილ-დაქანცულნი, ისვენებდნენ და მომავლის ბრძოლისათვის ემზადებოდნენ.

ლეკიანობა საქართველოში

ლეკიანობა, დაღესტნელ ფეოდალთა მიერ მოწყობილი წვრილ-წვრილი თავდასხმები საქართველოს ბარის (ძირითადად კახეთი, ქართლი) მოსახლეობაზე, მიზნად ისახავდა ქონების, საქონლის, ჭირნახულისა და ტყვეების გატაცებას, მოგვიანებით, დასახლებული ტერიტორიების დაპყრობას და დამორჩილებული მოსახლეობის დახარკვას. დაღესტნელთა შემოსევები XVI ს-დან დაიწყო და ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა.

აბას I-ის ლაშქრობათა შემდეგ დაღესტნელებმა აღმოსავლეთ კახეთის დაცარიელებულ მიწებზე იწყეს ჩასახლება. ჭარის, ბელაქნისა და თალის რაიონებში მათ შექმნეს ე. წ. უბატონო თემები, რომლებიც თავისებურ პლაცდარმად იქცნენ შემდგომი თავდასხმებისათვის. ქართლში მთიელ ფეოდალთა შემოსევები XVIII საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო და იმძლავრა ოსმალობისა და ყიზილბაშობის დროიდან.

წვრილ-წვრილი თავდასხმები ტერიტორიების დასაპყრობად გამიზნულმა ლაშქრობებმა შეცვალა. ამ მიზნით 1754 წელს მოწყობილი ხუნძახის მფლობელის ნურსალ-ბეგის ლაშქრობა მარცხით დამთავრდა (მჭადიჯვრის ბრძოლა),  ასევე დამარცხდნენ ლეკები 1755 წელს ყვარლის ბრძოლაში. 1785 წელს ომარ-ხანის ლაშქრობის დროს ქართველები დამარცხდნენ. საქართველოს რუსეთთან შეერთებისა და ე.წ.

"საკორდონო ლინიის“ დაარსების შედეგად ლეკიანობა შესუსტდა,  ხოლო რუსეთის მიერ დაღესტნის შეერთების შემდეგ საბოლოოდ შეწყდა.

ლეკიანობას ხელს უწყობდა ფეოდალური დაქსაქსულობა საქართველოში. საქართველოში ლეკთა რაზმები ხშირად ჩამოჰყავდათ მეფეებს ფეოდალებთან ან ტახტის პრეტენდენტებთან საბრძოლველად, ფეოდალებს - ერთმანეთის წინააღმდეგ, მათ იყენებდნენ ოსმალებიც და ყიზილბაშებიც. ოსმალეთი ხშირად აძლევდა ლეკებს თავშესაფარს თავის ტერიტორიაზე, ამიტომ ისინი ახალციხის მხრიდანაც ესხმოდნენ თავს საქართველოს.

ოსმალეთის ტყვეთა ბაზარი გზას უხსნიდა ტყვეებით ვაჭრობას. უსამართლობით შევიწროებული გლეხი უბატონო ლეკებს აფარებდა თავს, იყენებდა მათ საკუთარ მებატონეთა წინააღმდეგაც. ქართველი გლეხი ლეკდებოდა,  რადგან გალეკება მისთვის უბატონობას ნიშნავდა. ქართლისა და კახეთის მეფეები ენერგიულად იბრძოდნენ ლეკიანობის აღსალაგმავად,  მაგრამ უშედეგოდ. ლეკიანობამ  აუნაზღაურებელი ზარალი მოუტანა საქართველოს. მოსახლეობა კატასტროფიულად შემცირდა, კულტურული მეურნეობა დაეცა...