განგსტერების დედოფალი (+ ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

განგსტერების დედოფალი (+ ფოტოგალერეა)

ფოტოგალერეა

1947 წლის 20 ივნისს ბაგსი სიგელი საყვარლის სახლში ჩაცხრილეს, ვირჯინია ამ დროს პარიზში იყო. მეორე დღეს გაზეთები აჭრელდა განგსტერის ფოტოებით...

25 წლის ვირჯინია ყველაზე ძლევამოსილ ქალად იქცა ბანდიტების სამყაროში, ჩიკაგოს, ლოს-ანჯელესის და ნიუ-იორკის მაფიოზები მას თავისიანად მიიჩნევდნენ

70 წლის წინათ, 1946 წლის 26 დეკემბერს, ლას-ვეგასში გაიხსნა ოტელ-კაზინო "ფლამინგო". ბაგსი სიგელმა ოტელს ეს სახელი თავისი სატრფოს - ვირჯინია ჰილის, მეტსახელად ფლამინგოს, პატივსაცემად დაარქვა. განგსტერებმა, რომლებმაც ბაქსისთან ერთად ამ პროექტში ფული ჩადეს, პარტნიორი მოკლეს. ერთი ვერსიით, ვირჯინიამ იცოდა, რომ ბაქსი უნდა მოეკლათ და მისი ადგილსამყოფლის შესახებაც მან შეატყობინა...

ვირჯინია 1916 წელს დაიბადა. მამამისი ლოთი იყო, უმოწყალოდ სცემდა ცოლსა და შვილებს. 7 წლისამ მამას პასუხი გასცა - როცა კაცმა მუშტები დაუშინა, გოგონამ თავში ტაფა ჩაარტყა. ვირჯინიას საკუთარი სხეულით ვაჭრობა მომგებიან საქმიანობად მოეჩვენა და 17 წლისა ჩიკაგოში გადასახლდა მტკიცე რწმენით, რომ მამაკაცები სანდონი არ იყვნენ, თუმცა, მათი მეშვეობით გამდიდრება შეიძლებოდა.

ვირჯინია სამუშაოდ ალ კაპონეს რესტორანში მოეწყო და მალე განგსტერ ჯონ ეფსტეინის ყურადღებაც მიიქცია, რომელიც ცხენების დოღზე ფსონებს აკონტროლებდა. ქალი მისი ნდობით აღჭურვილი პირი გახდა. 20 წლის ვირჯინია ყველა დიდი ადგილობრივი მაფიოზის საყვარელი იყო და სრულ ინფორმაციას ფლობდა მათ მაქინაციებსა და მკვლელობებზე. მას ჩიკაგოს განგსტერული სამყაროს დედოფალს ეძახდნენ. სულ რამდენიმე წელიწადში ის ალ კაპონეს ფულის ყველაზე ძვირფას გადამზიდად იქცა. მისი მეორე დიდი "ნადავლი" ნიუიორკელი განგსტერი ჯო ადონისი გახდა, რომელიც აზარტულ თამაშებს აკონტროლებდა. ერთხელ ბარში ვირჯინიამ ბაგსი სიგელი გაიცნო.

25 წლის ვირჯინია ყველაზე ძლევამოსილ ქალად იქცა ბანდიტების სამყაროში, ჩიკაგოს, ლოს-ანჯელესის და ნიუ-იორკის მაფიოზები მას თავისიანად მიიჩნევდნენ. ბაგსი სიგელი, რომელიც კალიფორნიის მთელ ტერიტორიას აკონტროლებდა, თავის საყვარელს ახარჯავდა ყველაფერს, რასაც შოულობდა. ისინი ჩხუბობდნენ, რიგდებოდნენ და 5 წელი განუყრელი იყვნენ. მისი გულისთვის ბაგსი ორცოლიანიც კი გახდა: ამერიკაში დაქორწინებულმა ფარულად მოაწერა ხელი ვირჯინიასთან მექსიკაში.

ბაგსი სიგელი მას "ფლამინგოს" ეძახდა, მის პატივსაცემად დაარქვა ეს სახელი ლას-ვეგასის ყველაზე მდიდრულ ოტელ-კაზინოს, სადაც ისინი ერთად დასახლდნენ. ამ პროექტში ფული ჩადეს სხვა განგსტერებმაც და უკმაყოფილო იყვნენ, რომ მოგების ნახევარი ვირჯინია ჰილის ანგარიშებზე ინაცვლებდა. პარტნიორებმა ვერ აპატიეს ბაგსის ფულთან დაკავშირებული მაქინაციები და მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტეს. 1947 წლის 20 ივნისს ბაგსი საყვარლის სახლში ჩაცხრილეს, თავად ვირჯინია კი ამ დროს პარიზში იყო.

ამბობდნენ, ჰილი შემთხვევით არ გამგზავრებულა პარიზში, ბაგსი რომ უნდა მოეკლათ, იცოდა, ის კი არა, მაფიოზებს მისი ადგილსამყოფლის შესახებ სწორედ ვირჯინიამ შეატყობინაო. გავრცელებული ხმებით, სწორედ "ფლამინგომ" წააქეზა ბაგსი მაფიის ფული მოეპარა. არადა, აცხადებდა, - არც კი მიეჭვია, რომ ბაგსი ამ ბინძურ საქმეებში იყო გარეულიო.

თუმცა, ვირჯინიაც არ დარჩენილა დაუსჯელი. 1954 წელს მას ბრალად წაუყენეს გადასახადებისგან თავის არიდება. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებას რომ გაჰქცეოდა, ევროპას შეაფარა თავი და განგსტერების დაშანტაჟებასაც კი შეეცადა - ყველაფერს ვიტყვი, რაც კი თქვენი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ვიციო.

1966 წელს, ავსტრიის ქალაქ ზალცბურგის მახლობელ ტყეში ქალის გვამი იპოვეს. ეს ვირჯინია ჰილი იყო. ადგილობრივი პოლიცია ირწმუნებოდა, რომ ვირჯინია საძილე წამლის ზედოზირებით გარდაიცვალა, თუმცა, ამ ვერსიისა ნაკლებად სჯეროდათ...

იხილეთ ფოტოგალერეა: მაფიოზთა საყვარლები