"ხელის შეხებით ვპოულობდი ადამიანებს" - რატომ მალავდნენ საბჭოეთში ახალგაზრდა სპორტსმენის გმირობას, რომელმაც 20 ადამიანის სიცოცხლე იხსნა? - კვირის პალიტრა

"ხელის შეხებით ვპოულობდი ადამიანებს" - რატომ მალავდნენ საბჭოეთში ახალგაზრდა სპორტსმენის გმირობას, რომელმაც 20 ადამიანის სიცოცხლე იხსნა?

1976 წლის 16 სექტემბერს კაშხლის პირას მიმავალი ტროლეიბუსი წყალში გადავარდა და დახრჩობისთვის განწირული 92 მგზავრი ფსკერისაკენ წაიყოლა.

ამ დროს, ტბის ირგვლივ თავის ყოველდღიურ გარბენს ცურვაში მსოფლიოს ჩვიდმეტგზის, ევროპის ცამეტგზის, საბჭოთა კავშირის შვიდგზის ჩემპიონი და 8 მსოფლიო რეკორდის ავტორი შავარშ კარაპეტიანი, ძმასთან და მწვრთნელთან ერთად, ასრულებდა.

შეამჩნია თუ არა უბედური შემთხვევა, 23 წლის სპორტსმენი არც კი დაფიქრებულა, ისე გადაეშვა ამღვრეულ და გაყინულ წყალში. მოგვიანებით ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო იმის გაკეთება, რაც მან შეძლო. ფეხებით ჩაამსხვრია ტროლეიბუსის უკანა მინა და დაიწყო გონდაკარგული მგზავრების გამოყვანა. ძმა და მწვრთნელი დაშავებულ მგზავრებს ტბის ნაპირზე იღებდნენ და პირველი დახმარების აღოჩენას ცდილობდნენ.

"ეს სპორტულ ესტაფეტას ჰგავდა, - იხსენებს წლების მერე შარვაშ კარაპეტიანი, - დროის შეგრძნება დაკარგული მქონდა, თითქოს ვერც სიცივეს ვგრძნობდი, მხოლოდ ვცდილობდი ფსკერისკენ წასული ტროლეიბუსიდან რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამომეყვანა. 92-დან 46 ადამიანის ნაპირზე აყვანა შევძელი, სამწუხაროდ, ექიმებმა მათგან მხოლოდ 20-ის გადარჩენა შეძლეს".

მან 20 წუთზე მეტ ხანს დაჰყო ყინულიან წყალში... შარვაშის ძმა იხსენებდა, რომ ყოველი ამოყვინთვის შემდეგ ჩანდა, თუ როგორ ემატებოდა სხეულზე მინის ნამსხვევებისგან დასერილი ადგილები, სულ უფრო და უფრო უჭირდა სუნთქვა, თუმცა ამას არ ეპუებოდა.

კითხვაზე - "რა იყო ყველაზე მძიმე?", კარაპეტიანმა უპასუხა: " ვიცოდი, რომ მთელი ჩემი ფიზიკური შესაძლებლობების მიუხედავად, ძალა მხოლოდ მგზავრთა გარკვეულ რაოდენობაზე მეყოფოდა. ხილვადობა ნულის ტოლი იყო. ხელის შეხებით ვპოულობდი ადამიანებს და დაუფიქრებლად, დრო რომ არ დამეკარგა, ზევით მოვაცურებდი. ერთ ამოყვინთვაზეც აღმოჩნდა, რომ სავარძლის დასაჯდომი ტყავის ბალიში ამომიტანია. დავყურებდი ამ ბალიშს და საშინელება იყო იმის გაფიქრება, რომ ჩემი შეცდომის საზღაური ვიღაცის სიცოცხლე იყო..."

შარვაშს თავგანწირვა საკუთარ კარიერად დაუჯდა. ახალგაზრდას ფილტვების ანთება დაემართა, საავადმყოფოში მეორე დღეს 40-გრადუსიანი სიცხით გადაიყვანეს, პნევმონია გართულდა და სეფსისში გადაიზარდა. მისი მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ ექიმები გადარჩენის იმედს ვერ იძლეოდნენ, თუმცა 46-ე დღეს ავადმყოფი გონს მოეგო. ფილტვში მრავალრიცხოვანი იარების გამო ყოველი ამოსუნთქვა ტკივილს უკავშირდებოდა. ექიმებმა სპორტის დავიწყება ურჩიეს, თუმცა მას ამის გაგონებაც არ უნდოდა.

ამის შემდეგ სპორტში დაბრუნების ერთი ცდა ჰქონდა და ისიც წარმატებული.

1977 წელს შავარშ კარაპეტიანი საბჭოთა კავშირისა და ევროპის ჩემპიონი გახდა და დაამყარა ახალი რეკორდი, თუმცა, ამის შემდეგ მას მაინც მოუწია სპორტის დატოვება ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

საბჭოეთი რისი საბჭოეთი იყო და ეს ამბავიც საგულდაგულოდ დამალეს. დიად ქვეყანაში ხომ უბედური შემთხვევები "არ ხდებოდა..."

ახალგზარდა სპორტსმენის გმირობაზე შემთხვევიდან მხოლოდ 6 წლის მერე დაწერეს გაზეთებმა.

ამის მიზეზი კი ის გადხა, რომ 1982 წელს, ტიტულოვანი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ სტუმრის სტატუსით გაფრინდა. მაშინ იძულებული გახდა ცურვის ფედერაცია შეწყვეტილი კარიერის მიზეზი აეხსნა. აი, მაშინ კი მოხვდა მისი სახელი საბჭოთა გაზეთების მთავარ სტატიებში.

შვილთან ერთად, რომელიც მამის მსგავსად, პროფესიონალ სპორტსმენობას აპირებს

ამბობს, რომ არაფერს ნანობს, რომ მისი ბედნიერების წყარო მისი ოჯახია.

გასული საუკუნის 90-იან წლებში საყვარელ ოჯახთან ერთად სომხეთიდან მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და მცირე ბიზნესი წამოიწყო...

მოამზადა ანა გიორგაძემ