წინაპართა აჩრდილნი - კვირის პალიტრა

წინაპართა აჩრდილნი

ნიკო ლომოური

ისტორიული მოთხრობა

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #15-16)

ლეკთა წინამძღოლმა კარგად დაინახა მეფე ერეკლე, მოერიდა მასთან პირისპირ შეტაკებას და თავის ჯარს წინამძღვრად დაუყენა ვაჟკაცობით განთქმული თავისი შუათანა შვილი, რომელსაც იმედი ჰქონდა, ერთი შეტევით გაანადგურებდა ქართველების პატარა გუნდსა და მთელს დაღესტანში დიდებულ სახელს მოიხვეჭდა უძლეველი მეფის დამარცხებით. მაგრამ მისი საოცნებო ფიქრები კვამლივით გაიფანტა პირველსავე შეტაკებაზე.

ერეკლემ ახლო მიუშვა გათამამებული მტერი, მერე უცებ ხელში მოიგდო თოფი და ესროლა. იმავე წამს ამ უკანასკნელს ამოღებული ხმალი ხელიდან გაუვარდა და თავისი რაზმის წინაშე უსულოდ გადმოვარდა ცხენიდან. ჯარი შედრკა, ერეკლე ვეფხვივით ეძგერა ლეკებს, თავზარი დასცა მათ და გაირეკა წინ. ქართველების ბედზე ბრძოლის ველი ვიწრო იყო და ამის გამო ლეკების ბრბო თავისუფლად ვერ იშლებოდა. მეფე არ იყო გუნებაზე, თეიმურაზ მეფის დაგვიანება აწუხებდა. ამიტომაც გადაწყვიტა მსტოვარი შეეგზავნა მტრის ბანაკში და მისი გეგმები გაეგო. ეს საქმე სანაქებო ვაჟკაცმა, ოსმა სოზირამ ითავა. ერეკლემ კი თავისი მხედრობით ტყეს მისცა თავი...

სწორედ გასაოცარი იყო ამ ხალხის სულის მდგომარეობა! ცხადათა სჩანდა, რომ ყოველი მათგანი კარგად ხედავდა აწინდელი ვითარების სიძნელე-გაჭირვებასა; მაგრამ, ამავე დროს, თვით მძიმედ დაჭრილთა სახეზედაც კი მზის გულივით ბრწყინავდა ვაჟკაცური მხნეობა და გაბედულობა, იმედი და სასოება. მათ შორის ხშირად ისმოდა ხუმრობა, მხიარული ღიღინი, მოსწრებული სიტყვა-პასუხი, რომელსაც მოსდევდა ხოლმე გულიანი სიცილ-ხარხარი.

ხანდისხან ერთი რომელიმე მხიარულად შემოსძახებდა რაიმე საგმირო სიმღერას, ამას მაშინვე მოჰყვებოდა მოძახილი, ბანი და მთელს ხეობას, მთასა და ბარს მოედებოდა დიდებული ხმა, ნათლად გამომხატველი შეურყეველის მამაცობისა და ძლიერი სულის სიმტკიცისა. ამისთანა დროს დაუძინებელი მტერიც კი წყნარდებოდა და, სულგაკმენდილი, ყურს უგდებდა ამ გმირთა გრიალს, მამულის სადიდებელ ჭექა-ქუხილს.

მეფე ერეკლე ისევ წეღანდელ მაღლობზე სჩანდა, უზარმაზარი მუხის ქვეშ უნაგირი დაედოთ და მასზე იყო ჩამომჯდარი. მარცხენა ხელით თოფი ეჭირა, მარჯვენაზე ნიკაპი დაეყრდნო და ღრმა ფიქრებს მისცემოდა. ზაქარია და ოთარი ცოტა მოშორებით იდგნენ და დაბალის ხმით რაღაცაზედაც ლაპარაკობდნენ. ერეკლე უცებ წამოხტა, გადადგა ორიოდე ნაბიჯი წინ და დაიძახა:

- ზაქარია, მოდი ჩქარა აქა! ამ მხრიდან ტყეში ვიღაც მოდის!.. მოკეთეა თუ მტერია, აბა ერთი ნახე.

- აქედან მტერი ვერ მოვა, ბატონო!.. – მოახსენა ანდრონიკაშვილმა, – მანდ ტყეში ფშავ-ხევსურები დგანან.… ოსი ხეთაგური იქნება. მართლაცდა სწორედ ამ დროს მოისმა ხეთაგურისა და ყარაულების ლაპარაკი. მცირე ხნის შემდეგ გამოჩნდა თვით ხეთაგურიც. ერეკლემ სიამოვნებით გადახედა ხვითქში გაცურებულ ახლად მოსულს და უთხრა:

- მარჯვედ გივლია, გმადლობ! აბა, რას იტყვი, ხეთაგურო?

უკანასკნელმა თავის დამტვრეულის ქართულით იწყო ლაპარაკი და აღმოჩნდა შემდეგი: ჰაჯი ჩალაბს მოეშორებინა თავის ჯარისთვის სამასი მხედარი და გაეგზავნა აღმოსავლეთისკენ, რათა შემოევლო იმ მთისთვის, რომელიც მდებარეობდა ქართველების მარცხენა მხარეს, შემდეგ შეერთებოდა ხეობაში მყოფ ლეკებს და ამნაირად მოესპო ერეკლესთვის უკან დაბრუნების საშუალება. გარდა ამისა, აღმოჩნდა ისიც, რომ ჰაჯი ჩალაბი ყოველ წამს ელოდა დაღესტნიდან დიდძალ ლეკების მოშველებას. ეტყობა, ჩვენი წინ წატყუება უნდათო, გზის აქეთ და იქით საფრებს აკეთებენო.

- მამაჩემზე ან ერევნის და განჯის ხანებზე ხომ არაფერი გაგიგონია? - ჰკითხა ერეკლემ ხეთაგურსა.

- ბატონ თეიმურაზზე და ერევნის ხანზე არაფერი, - უპასუხა ოსმა, - მაგრამ განჯის ხანის ხსენებას კი ყური მოვკარ, ერთი ცხენოსანი თათარი მოიჭრა და რაღაც ქაღალდი მიართვა ჰაჯი ჩალაბს. ამ ბარათის წაკითხვამ დიდათ გაახარა იგი და რამდენჯერმე ხმამაღლა წარმოსთქვა განჯის ხანის ქება-დიდება.

- მსწრაფლ შესხედით ცხენებზე, - დაიძახა მეფემ, - ოთარ, შენ უკან მოჰყევი რაზმსა, თუ, ვინიცობაა, მტერი მოგვეწია, შენ უნდა გასცე პასუხი. ზაქარია, ჩვენ უნდა გავუძღვეთ წინ ჯარსა, მტერი უნდა გავარღვიოთ და საჩვენოსკენ გავქანდეთ. იმედი მაქვს, რომ სინამ ლეკის რაზმი ამ მთას მოუვლის, ან ჰაჯი ჩალაბს ახალი ჯარი მოეშველება, ჩვენ უკვე სამშვიდობოში ვიქნებით გასული.

ბრძანება მეფისა საჩქაროზე იქნა აღსრულებული. ერეკლე დაუდგა თავში რაზმსა. მას უკან მოუდგნენ ზაქარია მაჩაბელი, რამდენიმე თუში. დაიძრა ჯარი და ხმაგაკმენდილი დინჯის ნაბიჯით დაადგა იმავე გზას, რომელზედაც გამოიარა ამ ხუთიოდე საათის წინად. ლეკებმა, რაღა თქმა უნდა, მალე შენიშნეს მათკენ მიმავალი ქართველები. ასტეხეს ღრიანცელი, საჩქაროზე მოიყარეს გზაზე თავი და იწყეს თოფის სროლა. გავარდა მეფის თოფიც, რომელსაც იმავე წამს ხმა მისცეს მთელი რაზმის თოფებმა. შემდეგ ერეკლე ცხენზე მოტრიალდა. პირი ქართველებისაკენ ჰქნა და მჭექარი ხმით შესძახა:

- ხმალი, ხმალი ამ წუნკლებს!

ამ ხმას მაშინათვე მოჰყვა მუქარითა და მრისხანებით სავსე გრგვინვა. როგორც გრიგალი ქარიშხლისა, ისე გაჰქანდა რაზმი ქართველებისა. რისხვა ღვთისა დაატყდათ მაშინ გზაზე მდგომარე ლეკებს: ორასზე მეტი გამოესალმა სამუდამოდ წუთისოფელს. თავზარდაცემულნი გარბოდნენ აქეთ-იქით და მხოლოდ ის გადარჩა უვნებლად ამ საზარელ კაცთ ნიაღვარს, რომელმაც დროზე მოასწრო გზიდან გადახტომა!..

...

ნიავ-ქარივით მიჰქროდა ქართველთა რაზმი. გადიოდა დრო, ოფლის ხვითქში სცურავდნენ ცხენები, მხედარნი გრძნობდნენ დაღალვას, მაგრამ ცხენების თავის დაჭერა, ერთ წამს მაინც მათი შეჩერება და შესვენება ფიქრადაც არავის მოსდიოდა. მხოლოდ მაშინ ამოისუნთქეს ქართველებმა თავისუფლად, როდესაც მშვიდობით გამოსცდნენ იმ ხევს, რომლითაც ჰაჯი ჩალაბის მოხსენებული სამასი კაცი უნდა გამოსულიყო გზაზე. გაიარეს ცოტა რამ მანძილი და მალე სრულიად გავიდნენ სახიფათო ხეობიდან. რაზმი ნელ-ნელა დაეშვა იმ ფერდობზე, რომელზედაც დილას ამოიარა. წინ მიმავალმა ერეკლემ პირველმა გადახედა ამ მაღლობიდან შირაქის თვალ-გადაუწვდენელ მინდორს. მსწრაფლ შეაჩერა ცხენი და აღელვებით წამოიძახა:

- ღმერთო ჩემო, ამას რას ვხედავ!.. ეს რა ამბავია?!.

მთელი ველი შირაქისა, სადამდისინაც კი ადამიანის თვალი გასწვდებოდა, მოფენილი იყო საქართველოს ჯარითა. ეს ჯარი გაყოფილიყო ორად: ხანების ჯარი გარბოდა სამხრეთისაკენ, ხოლო ქართველებისა ჩრდილოეთ-დასავლეთისაკენ. გაფანტული ჯარი თავზარდაცემულ, ნადირისგან დამფრთხალ-გადარეულ ცხვრის ფარას წააგავდა. შორს იყვნენ, მაგრამ შეშინებული ხმაურობა, ღრიანცელი ხანდისხან გარკვევით მოჰქონდა ქარსა. ეს არევდარეული ღრიანცელი სიტყვებზედ უფრო ცხადათ ხატავდა გაქცეული ხალხის სულისა და გულის შემაძრწუნებელ მდგომარეობას. მთელი რაზმი ქართველებისა გაქვავებულივით იდგა რამდენსამე წამს ერთ ადგილზე.

აღშფოთებულის გულით და ბრაზმორეულის განცვიფრებით ხან გაქცეულ თათრებს გასცქეროდა, ხან ქართველებსა.

- რა მომხდარა?.. რა მოსვლიათ, ნეტა? - ნაღვლიანის გაჯავრებით ეკითხებოდნენ ერთმანეთს ქართველები.

ერეკლემ ცხენი მიატრიალა გზის პირად გაჭიმულ, დაბურულ ტყისაკენ და სულგანაბულმა ყური მიაპყრო იქით. პატარა ხანს უკან დაიძახა:

- შედით ვინმე ტყეში, აქ ახლო რაღაც ხმაურობა ისმის,…ქართველები უნდა იყვნენ.

რამდენიმე ცხენოსანი მაშინათვე შეცვივდნენ ტყეში. მცირე ხნის შემდეგ დაბრუნდნენ უკან და თან ორი ქართველი ჯარისკაცი მოიყვანეს.

- ვინ ხართ თქვენ? - ჰკითხა მათ ერეკლემ დანახვის უმალვე.

- ბატონ თეიმურაზის ჯარში გახლდით, შენი ჭირიმე… და როცა ჩვენი ჯარი უკან გაიქცა, ჩვენ ამ ტყეში დავიმალენით, თათრებმა დაგვარწმუნეს, რომ მეფე ერეკლე და ყველანი, ვინც კი იმასთან იყვნენ, სულ ერთიან ლეკებმა ამოჟლიტესო, ახლა ამ ტყისთვის მოუვლიათ, გზა უნდა შეგვიკრან და ჩვენც ისევე საქმე უნდა დაგვმართონ, როგორც ერეკლესაო. ბევრი არწმუნა ბატონმა თეიმურაზმა, ეგ ყველა ტყუილიაო, ბევრი ეხვეწა თათრებს, ქართველებსაც… ჯავრობდა, პირიდან ცეცხლს ჰყრიდა, მაგრამ საქმეს მაინც ვერა უშველა-რა, ჯარი შეშინდა, შენი ჭირიმე, და როცა თათრები გაიქცნენ, მეფემ ვეღარც ქართველები შეიმაგრა: ისიც გაიტაცეს და გაჰქანდნენ საჩვენოსაკენ"

- ბატონო, –- მოახსენა მეფეს ოთარ ამილახვარმა, - ლეკები გამოჩნდნენ. ამ სიტყვების გაგონებაზე ერეკლემ მსწრაფლ შეწყვიტა ლაპარაკი, ცხენი გაატრიალა უკან და გადახედა მომავალ ლეკებს.

- ბლომად არიან, - წარმოსთქვა მან დაფიქრებით, ტრიალ მინდორში მათთან ამ ჟამად ვერას გავაწყობთ. მეტი გზა არ არი, უნდა მოვერიდნეთ. ზაქარია, შენ გაღმა მხარეს უნდა მიეშველო.…ეჭვი არ უნდა, ლეკები იქაურ სოფლებს დაერევიან. ეხლავე გაჰქუსლე. ხვალ, მზის ამოსვლისას, მეც იქ გავჩნდები. ოთარ, შენ უნდა თელავისაკენ გაფრინდე: მამაჩემი იქით იქნება სადმე; წამოიყვანეთ, რაც ჯარი ახლდეს, ან რის შეკრებაც ხელათ მოასწროთ და ხვალ დილაზე უსათუოდ ყვარლისკენ წამოდით, მე კი აქედან სიღნაღში ან ბაკურციხეს წავალ…

ზაქარია და ოთარი მაშინვე გაუდგნენ გზას, ორმოცამდე ჯარისკაცი გაჰყვა მათ უკან. დარჩენილებს მიუბრუნდა ერეკლე და უბრძანა:

- ვისაც ცხენები გივარგათ, გამომყევით უკან; ვისაც არა, ამ ტყეში შედით და ეცადეთ, რომ ხვალ დილაზე ყვარელში მოიყაროთ თავი.

ამ სიტყვების შემდეგ შემოჰკრა ცხენს ქუსლი. მას გაჰყვა უკან ორმოცამდე კაცი, დანარჩენები შევიდნენ ტყეში.

...

ერეკლეს წმინდა არაბული ჯიშის ცხენი ჰყავდა, იგი ძღვნად იყო გამოგზავნილი სპარსეთის მბრძანებლის, გამოჩენილის ნადირ-შაჰისაგან. ნიავსავით მიჰქროდა, როცა იგი ტარებით მიდიოდა, ხოლო ჭენება მისი ჰგავდა შავარდნის ფრენასა. იყო ამასთანავე დაუღალავი, ფრთხილი და ადამიანსავით გონიერი.

დალოცვილმა პირუტყვმა თითქო იგრძნო თავის დიდებული პატრონის სახიფათო მდგომარეობა, ერთი ამაყად დაიჭიხვინა და მერმე მოსწყდა დედამიწას: როგორც ელვა, ისე გაჰქანდა ტრიალ მინდორზე. მის ფეხების მოძრაობას თვალს ვერ მოჰკრამდა ადამიანი; ამის გამო შორიდან ისე სჩანდა, თითქო რაღაც ზღაპრული ცხოველი დედამიწის პირად ჰაერში მიცურავსო.

ამისთანა ცხენის პატრონს, რაღა თქმა უნდა, ვერავინ მიჰყვებოდა. ამალა მალე ჩამორჩა მეფეს და ბოლოს ეს უკანასკნელი სრულიად მიეფარა მხლებელთა თვალსა. ცხენმა ნახევარ საათამდე ირბინა ამნაირად, მაგრამ შემდეგ კი ნელ-ნელა უკლო ჭენებასა. უცებ შეჩერდა, ერთი ღონივრად გააკანკალა, გაციებულსავით შეაჟრჟოლა, მთვრალი კაცივით წატორტმანდა და გადიღუნა გვერდზე წასაქცევათ. ერეკლემ ძლივს მოასწრო მიწაზე გადმოხტომა. პატიოსანმა პირუტყვმა ერთი კი ამოიხვნეშა და მსწრაფლ დალია სული.

პატრონმა მწუხარებით აავლ-ჩაავლო თვალი ცხენსა და მალე შენიშნა, რომ მუცელში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. აღვირი მიაგდო უსულო ცხენსა და შეშფოთებით მიმოიხედა. ამ დროს მან შენიშნა ერთი ქიზიყელი თავადიშვილი, რომელიც იქვე ახლო მიაჭენებდა ცხენსა. მეფე გადაუდგა წინ და შესძახა:

- თავადო, მე ცხენი მომიკვდა და უნდა შენი ცხენი დამითმო.

თავადიშვილი მსწრაფლ მიიჭრა მეფესთან და მოახსენა:

- მობრძანდით, ბატონო, შემომიჯექით უკან და ორივენი გავიქცეთ.

- ღმერთმა შენც შეგაჩვენოს და ვინც შენ უკან შემოგიჯდეს, ისიცა! დამეკარგე აქედან!..

- ბატონო, აი ცხენი!.. შებრძანდით, შენი ჭირიმე, და უშველეთ თავს, - მოესმა ერეკლეს მეორე მხრიდან.

მეფე საჩქაროზე შეხტა ამ ცხენზე და შემდეგ მიუბრუნდა მის პატრონს:

- აბა, ჩქარა შემომიჯექ შენც უკან.

- არა, შენი ჭირიმე, ცხენი ვერ შეძლებს ორი კაცის ჭენებასა.

- ბევრს ნუღარ ლაპარაკობ!.. აგერ ისმის ლეკების ღრიანცელი, ჩქარა შემომიჯექ, თორემ მოგკვლენ.…

- თუნდაც რომ მომკლან, არა უშავს-რა, შენი ჭირიმე!.. ჩემისთანებს ქართველი დედა წელიწადში ათასსა შობავს, თქვენ გადირჩინეთ თავი, ბატონო. ერეკლე ბატონიშვილს ძნელათღა გაზრდის ქართველი ძუძუ.

KvirisPalitra.Geპატარა კახი დიდია...

ერეკლე II-მ დიდი კვალი დატოვა ქართველი ხალხის ისტორიაში. სიცოცხლის დიდი ნაწილი მან ლაშქრობაში გაატარა და ხშირად უბრალო ჯარისკაცივით ცხოვრობდა. ხალხმა მას "პატარა კახი" შეარქვა. ერეკლე II-ის საქმეები ფართოდ აისახა ქართულ ხალხურ შემოქმედებაში. მისი სახელი ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.

დიდი ქართველი მეფე ერეკლე II დაიბადა 1720 წელს, 7 ნოემბერს, თელავში. გარდაიცვალა 1798 წელს, 11 იანვარს, თელავში. დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში. 1744-1762 წლებში კახეთის, 1762-98 წლებში იყო ქართლ-კახეთის მეფე. ერეკლე II აკავშირებდა ქართლისა და კახეთის ბაგრატიონთა ორ შტოს - დედამისი, თამარი, ვახტანგ VI-ის ასული იყო, ხოლო მამა, თეიმურაზ II კახთა მეფე დავით II-ის (იმამყული-ხანი) ძე.

მეფე ერეკლემ სამჯერ იქორწინა - პირველად, 1738 წელს თავადიშვილ ქეთევან ორბელიანზე დაქორწინდა, თუმცა 1744 წელს გაეყარა. მომდევნო წელს, ერეკლემ თავადიშვილ ანა აბაშიძეზე (1730-1749) იქორწინა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ - დარეჯან დადიანზე. მეფე ერეკლეს 13 ვაჟი და 10 ქალიშვილი ჰყავდა.

1744 წელს თეიმურაზ II ქართლში გამეფდა, ერეკლე II კი - კახეთში. ნადირ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ ერეკლე II-მ და თეიმურაზ II-მ თბილისი ირანელებისაგან გაათავისუფლეს, თავიანთ ბატონობას დაუმორჩილეს და დახარკეს განჯისა და ერევნის სახანოები. თეიმურაზ II-ის გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთში ერთმეფობის დამყარება საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

ხანგრძლივი მეფობის მანძილზე ერეკლე II-მ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა: შეზღუდა თავნება თავადები, გააუქმა ზოგიერთი სათავადო (არაგვის, ქსნის), დაასახლა მტრისგან იავარქმნილი ნასოფლარები, ფეოდალთა შეზღუდვის მიზნით გაატარა ბატონყმური ურთიერთობის რეგლამენტაცია, იღვწოდა უცხოელ მოახალშენეთა მოზიდვისა და სამეფო საკუთრების გაზრდისათვის; გამოსცა კანონი, რომლის ძალითაც ტყვეობიდან თავისი სახსრებით დაბრუნებულ გლეხს თავისუფლება ენიჭებოდა;

შექმნა და გაამრავლა თავისუფალ მიწათმფლობელ-მოლაშქრეთა ფენა, მორიგეობის პრინციპზე დამყარებული მუდმივი ჯარი; აღადგინა საკუთრების ქალაქური წესი, აკრძალა ყმათა გაყიდვა და ტყვეებით ვაჭრობა, სცადა მმართველობა დაენაწილებინა საგარეო საქმეთა, სახელმწიფო შემოსავლისა და სამხედრო საქმეთა დარგებად. იღვწოდა მრეწველობისა და კულტურის განვითარებისათვის - გაჩნდა ფაბრიკები, ქარხნები (შაქრის, მინის, შალის, იარაღის), სამთამადნო წარმოება (სპილენძის, ოქრო-ვერცხლის, თუჯის, რკინის), განაახლა ზარაფხანა, დააარსა სემინარიები;

გარს შემოიკრიბა განათლებისა და კულტურის მოღვაწეთა დასი, გახშირდა წიგნების ბეჭდვა. XVIII საუკუნის 80-იანი წლებიდან ერეკლე II-ის სამეფო საბოლოოდ დაუკავშირდა რუსეთს, მხცოვან მეფეს მიაჩნდა, რომ რუსეთის სახელმწიფო ხელს შეუწყობდა ქართლ-კახეთის სამეფოს შემდგომ წინსვლას, მაგრამ გამწვავდა მდგომარეობა ქვეყნის შიგნით, ერთმანეთს ექიშპებოდნენ ფეოდალები, ბატონიშვილებმა დაარღვიეს სამეფო დომენის მთლიანობა, ამას დაერთო  ტრაქტატის მუხლების შეუსრულებლობა და ყველაფერი ეს კი გადაულახავ სიძნელედ გადაეღობა ქვეყნის განახლება-გაძლიერების გეგმებს, რომელიც ერეკლე II-ს ჰქონდა...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)