ვინ იყო ქართველი, ვინც 70 000 ფრანკად შეძენილი გემი იარაღითა და ტყვია-წამლით დატვირთა და საქართველოში გამოუშვა?
28-02-2017
ვინ იყო ქართველი, ვინც 70 000 ფრანკად შეძენილი გემი იარაღითა და ტყვია-წამლით დატვირთა და საქართველოში გამოუშვა?
ძმები დეკანოზიშვილები: გიორგი - "კანის საქართველოდან" და ირაკლი - ფრანგის ფოტოობიექტივით აღბეჭდილი "ქართველი კაცის სახე"

საქართველოში ერთ-ერთი პირველი სამთო-ინჟინერსა და ემიგრაციაში გარდაცვლილ სოციალ-ფედერალისტ გიორგი დეკანოზიშვილზე მწერალი, მთარგმნელი და ეთნოგრაფი თედო სახოკია წერდა: "მისი ტანჯვა-წვალების მოზიარეს, ჩემს სასიამოვნო მოვალეობად მიმაჩნია, მოგონება გავუზიარო ახალ თაობას ამ ადამიანზე, რომელიც მარად უნდა იხსენებოდეს, სანამ არსებობს ჩვენი ერი და არსებობენ მისი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლნიო..."

ძმად წოდებული ბიძაშვილების - გიორგი და ირაკლი დეკანოზიშვილების საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამბები XIX
საუკუნის მიწურულიდან ჭიათურაში იწყება. როგორ მოხვდნენ დეკანოზიშვილები ჭიათურაში, როგორ იცხოვრეს და რა დაუტოვეს საქართველოს? - მათ შესახებ ირაკლი დეკანოზიშვილის რძალი, 92 წლის თამარ ბიწაძე-დეკანოზიშვილი გვიამბობს. სწორედ ქალბატონმა თამარმა მოიპოვა და შეკრიბა ძმების მოღვაწეობის შესახებ პუბლიკაციები...

თამარ ბიწაძე -დეკანოზიშვილი:

- გიორგი დეკანოზიშვილის მამა რუისიდან გახლდათ, სამხედრო
იყო და იმპერიის სხვადასხვა ქალაქებში უწევდა ცხოვრება. გიორგი 1867 წელს პეტროვსკში, დღევანდელ მაჰაჩყალაში დაიბადა. მერე თბილისში გადმოვიდნენ. ქართული ენა კარგად არც იცოდა, მოგვიანებით, პეტერბურგში სამთამადნო ინსტიტუტში სამთო-საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლისას შეისწავლა. თბილისში დაბრუნებული გიორგი შავი ქვის მრეწველმა ნიკო ღოღობერიძემ ჭიათურის შავი ქვის მადნების გამგედ მიიწვია. გიორგიმ ჭიათურაში ჩაიყვანა თავისი ბიძაშვილი, ასევე სამთო-ინჟინერი ირაკლი დეკანოზიშვილი (ჩემი მამამთილი), რომელიც საბოლოოდ იქვე დასახლდა და წერეთლის ქალი ითხოვა ცოლად.

გიორგი ჭიათურიდან ბაქოში, ნობელის ნავთის მრეწველობაში გადავიდა სამუშაოდ, შემდეგ კი, ცოდნის გასაღრმავებლად ევროპაში გაემგზავრა. იქ შეისწავლა ფრანგული, ინგლისური და გერმანული ენები, ცოლად ფრანგი ქალი - ანრიეტა ფრენუა შეირთო, ცოდნით დატვირთული დაბრუნდა საქართველოში და საქვეყნო-საზოგადო საქმიანობაშიც აქტიურად ჩაერთო.
პირველ რიგში ზის: გიორგი დეკანოზიშვილი; მეორე რიგში სხედან: არჩილ ჯორჯაძე და მიხეილ წერეთელი; დგანან: ალექსანდრე გაბუნია, კამანდო გოგელია და ვარლამ ჩერქეზიშვილი. 1904 წელი
ამის შემდეგ შავი ქვის მრეწველთა საბჭომ გიორგი ამერიკის კონტინენტზე, ბრაზილიასა და კუბის კუნძულებზე მარგანეცის მოპოვებისა და გასაღების ტექნოლოგიის შესასწავლად გაგზავნა...
გარდა იმისა, რომ მარგანეცის წარმოებაში ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, თედო სახოკიასთან, არჩილ ჯორჯაძესთან, მიხეილ წერეთელთან, ვარლამ ჩერქეზიშვილთან და სხვა სოციალ-ფედერალისტებთან ერთად ეროვნული თავისუფლებისთვის დიდი მებრძოლიც გახლდათ. ეს ჯგუფი ყველანაირად ცდილობდა, მეფის რუსეთის ბრჭყალებისგან დაეხსნა საქართველო და დამოუკიდებლობა მოეპოვებინა. გიორგის სდევნიდნენ, საქართველოში ცხოვრებაც კი აუკრძალეს და იძულებული გახდა, საფრანგეთში წასულიყო. ქართველ ემიგრანტ მამულიშვილთა ჯგუფი ხვდებოდა, რომ შიშველი ხელებით მეფის რუსეთთან ვერაფერს გახდებოდა და შეიარაღებული აჯანყებისთვის სამზადისი დაიწყო.

გიორგი დეკანოზიშვილმა შვეიცარიაში მყოფი ზუბალაშვილისგან გაღებული 60.000 ფრანკით თოფები იყიდა, შემდეგ ამსტერდამში 70.000 ფრანკად შეიძინა 597-ტონიანი სამანძიანი ორთქლმავალი გემი - "სირიუსი", იარაღითა და ტყვია-წამლით დატვირთა და საქართველოში გამოუშვა.

გემი ფოთის ნავსადგურის მოშორებით გააჩერეს, მაგრამ გამცემთა წყალობით ინფორმაციამ გაჟონა, ამიტომ იარაღის მხოლოდ მცირე ნაწილი გადმოტვირთეს, დანარჩენი კი წყალში გადაყარეს. ეკიპაჟისა და დამხვდურთა ნაწილმა გაქცევა მოახერხა, ნაწილი კი დააპატიმრეს...
ირაკლი დეკანოზიშვილი, ანრიეტა ფრანუა, გიორგი დეკანოზიშვილი, მისი და - მარიამ ქანანაშვილი, თინათინთან და ტარიელთან ერთად
გიორგის ანრიეტასთან ორი შვილი ეყოლა - ქალ-ვაჟი. ქალს თინათინი დაარქვა, ვაჟს - ტარიელი. დღიურში წერდა: "არ ვარ ძალიან ყურადღებიანი მამა. ძნელია, ერთდროულად ემსახურო ხალხსაც და ოჯახსაც".

ის ძალიან დიდი პატრიოტი იყო. მან პარიზში ჩამოასხმევინა ქართული ასოები, რომელსაც "პარიზული" დაერქვა და, თურმე, სილამაზით ბადალი არ ჰქონდა. სწორედ ამ ასოებით იბეჭდებოდა პარიზში ქართული წიგნები და გიორგის ხელმძღვანელობით, ქართველ ემიგრანტთა ჯგუფთან ერთად არალეგალურად გამოცემული ქართული გაზეთი - "საქართველო" ("ლა ჟერჟ"), რომლის რედაქტორიც არჩილ ჯორჯაძე გახლდათ.

ძალიან უძნელდებოდათ გაზეთის ნომრების საქართველოში გამოგზავნა. თედო სახოკია წერდა: გიორგის კანონად ჰქონდა, ყველა სამშობლოში მომავალი ქართველისთვის, ქალი იქნებოდა თუ კაცი, აუცილებლად გამოეტანებინა "საქართველოს" ახლად გამოსული ნომრები... ამ პატარა კაცში იმხელა სული იყო და იმხელა სიყვარული, რაც მან საქართველოსთვის შეძლო, ბევრი ვერ გააკეთებდაო.

გიორგი დეკანოზიშვილი 1910 წელს ქალაქ კანში გულის დაავადებითა და ჭლექით გარდაიცვალა. მეუღლისა და მიხეილ თუმანიშვილის ხელში დაულევია სული. ანდერძად დაიბარა, საქართველოში დამასაფლავეთო. მისმა დამ - მარიამმა მეფის რუსეთის მთავრობას ნეშტის საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოსვენება სთხოვა. მთავრობამ ნება კი დართო, მაგრამ ოჯახის წევრების გარდა, სადგურზე დახვედრა ყველას აუკრძალეს. ასე, მოკრძალებულად ჩამოასვენეს და დაკრძალეს ამ უდიდესი მამულიშვილის ნეშტი წმინდა ნინოს (ამჟამინდელი კუკიის) სასაფლაოზე.

მამის საფლავის ძიებაში

მისი ქალიშვილის - თინათინ ჟაკოლენ-დეკანოზიშვილის პირველი წერილი საფრანგეთიდან ჩემი ქმრის სიცოცხლეში მივიღეთ. წერდა: "ვეძებ მამის საფლავს და მამის ნათესავებს. პარიზში ვცხოვრობთ, მაგრამ კანში გვაქვს დედისეული აგარაკი, რომელიც მამას განსაკუთრებით უყვარდა და იმ აგარაკს "საქართველო" ჰქვია. როდესაც პარიზიდან იქ მივემგზავრებით, არ ვამბობთ, კანში მივდივართ, ყოველთვის ვამბობთ, საქართველოში მივდივართო"...
თინათინი შვილიშვილ ქრისტინესთან და მის პატარებთან ერთად
1969 წელს თინათინი ჩამოვიდა საქართველოში. ჩემი მეუღლე უკვე გარდაცვლილი იყო. ჩამოსვლის მიზეზად ჩვენს კურორტზე მკურნალობის აუცილებლობა დაუსახელებია, - სხვაგვარად არ ჩამოუშვებდნენ. მოგვწერა, წყალტუბოში ვარ და ჩამომაკითხეთო. თარჯიმანი დავიქირავეთ და თინათინი ორი დღით ჭიათურაში წამოვიყვანეთ.

- ქართული საერთოდ არ იცოდა?
- არ იცოდა, თარჯიმნის გარეშე ერთმანეთს ვერაფერს ვაგებინებდით. მერე წავიყვანეთ მამის საფლავზე. მაშინ იქ წარწერაც იყო, დღეს კი საფლავიც აღარ არსებობს. იქაურ მომვლელს ვაჩვენეთ გაზეთში დაბეჭდილი წარწერიანი ქვით საფლავის ფოტო, მაგრამ ვერაფერი გვითხრა: სამი წელიწადია, აქ ვმუშაობ და არაფერი ვიციო. საფლავის განადგურების უფლება არ ჰქონდათ. სხვათა შორის, მოგვიანებით, საფლავი ვინც გაანადგურა, ის კაცი დააკავეს...

- 1968 წლის შემდეგ აღარ ჩამოსულან შვილები?

- არავინ ჩამოსულა, რადგან საბჭოთა ხელისუფლების დროს ეს ძალიან რთული იყო, თან თინათინი უკვე ასაკოვანი გახლდათ, ვაჟი, ტარიელი კი ძალიან ახალგაზრდა, 23 წლისა გარდაიცვალა. თინათინი საფრანგეთიდან ხშირად იწერებოდა. წერილები ახლაც შენახული მაქვს - ფრანგულად წერდა და მხოლოდ ბოლოს აწერდა ქართულად: თინათინ

ვაჟას და აკაკის მეგობარი

- თქვენი მამამთილი, ირაკლი დეკანოზიშვილი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში არ იყო ჩაბმული?
- ირაკლი ჭიათურის კულტურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში - თეატრის დაარსებაში, სკოლებისა და ბიბლიოთეკების განვითარებაში მონაწილეობდა. ძალიან მეგობრობდა აკაკი წერეთელთან. ჩემი დედამთილი მიამბობდა: ქუთაისისკენ მიმავალი აკაკი ყოველთვის შემოივლიდა ხოლმე ჩვენთან და აუცილებლად ფულს სესხულობდა ირაკლისგანო. ჩემი მამამთილი ყოველ წელს მიემგზავრებოდა, თურმე, გიორგისთან, პარიზში და აუცილებლად ქართული ეროვნული ტანსაცმლით მიდიოდა. ერთხელ, ასე ჩაცმული რომ მიუყვებოდა პარიზის ქუჩას, ფოტოგრაფს შეუჩერებია, - ვინ ბრძანდებითო? - ქართველი ვარო, - უპასუხია. იმ კაცს ფოტო გადაუღია ირაკლისთვის, ერთი გამოუტანებია, დანარჩენი კი "ქართველი კაცის სახედ" გაუყიდია. საფრანგეთიდან ჩემი მამამთილი კიევის გავლით წამოსულა. თბილისში გამომგზავრებამდე, ერთ საღამოს კიევის ოპერის თეატრში სპექტაკლს დასწრებია. ამაზე აკაკი წერეთელი ვინმე სოსიკო მერკვილაძეს წერს:
ირაკლი დეკანოზიშვილი
"გუშინ ოპერის თეატრში ვიყავი... ატყდა ჩოჩქოლი და ყველა დიდი და პატარა ერთი მხრისკენ იყურებოდენ, ქალები ნერწყვსა ჰყლაპავდენ. მეც შევხედე და რა დავინახე? ჩვენი ირაკლი დეკანოზის შვილი წითელი ქულაჯით ჩათუქესნურათ მორთული, პირველ წყებაში იჯდა გამოჭიმული და ხალხიც იმას შეჩერებოდა. დიდი მთავარი ეგონათო. მეც რომ იხტიბარი არ გამეტეხა მისი, მოწიწებით მივედი მასთან და მერე, რომ მკითხეს მისი ვინაობა, მეც, რასაკვირველია, გაზვიადებით ვუთხარი: ზედა-რგან-ხვრელში-მძრომსკი კნიაზ-მეთქი და იმათაც ძალიან დაუჯდათ ჭკუაში, დიდი ვინმე ყოფილაო..."

ერთხელ ირაკლის ჭიათურაში ვაჟა-ფშაველა მიუწვევია. წინასწარ დანიშნულ დღეს ვაჟა-ფშაველა არ ჩასულა, არადა, სადგურზე ელოდებოდნენ. რომ აღარ გამოჩენილა, ირაკლის უფიქრია, როცა ჩამოვა, შეგვატყობინებსო და მაღაროში სამუშაოდ წასულა. ვაჟა დაკენკილი ჩოხით იმ დროს ჩამოსულა, სადგურზე რომ აღარავინ ელოდა. მეფის ჟანდარმს თვალში არ მოსვლია და დაუპატიმრებია. ვაჟა უხსნიდა, მწერალი ვარო, მაგრამ არ იჯერებდნენ: მათხოვარი ხარო. მერე აუხსნია, ვინც მოიწვია, ჩემს მამამთილსაც გააგებინეს და ის გაგიჟებული მოვარდნილა: ეს რა ქენით. რაც თქვენთვის პუშკინი და ლერმონტოვია, ასეთი დიდი მწერალია ეს კაცი ჩვენთვისო. რუს ჟანდარმს ბოდიშიც კი მოუხდია ვაჟასთვის. ის ღამე დიდ მწერალს ჩვენს ოჯახში გაუთევია - ეზოში მის პატივსაცემად დიდი ბანკეტი გაუმართავთ. ჩემი დედამთილისგან ვიცი, რომ საგანგებოდ დაფნის მოწნული სავარძელი დაუდგამთ მისთვის, საღამოს კი, ვაჟა-ფშაველას ბუხარი უყვარსო და, - დიდი ჯირკების ბუხარი აუგუგუნებიათ...

ირაკლი დეკანოზიშვილი მღვიმევის დედათა მონასტრის ეზოშია დაკრძალული... ცოტა ხნის წინ კი ჭიათურაში პირველი მაისის ქუჩას ძმები დეკანოზიშვილების სახელი უწოდეს.

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)

Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE MicrosoftInternetExplorer4

TinaTini SviliSvil qristinesTan da mis patarebTan erTad

Tbilisels
16 აპრილი 2017 15:44
100% გეთანხმებით, დღეისატვის მOძიებულ მასლაებში და უკვე გამოქვეყნებულ კვლევებში ეს დადასტურებულია. მეტიც სწორედ პოლკოვნიკ აკაშის აგენტად ითვლებოდადეკანოზიშვილი, რომელსაც დღევანდელი რუსი ისტორიკოსები საფრანგეტის სადაზვერვო სამსახუღტად ახლოს მდგომ პირადაც მოიხსენიებენ. პოლკოვნიკი მოროტირო აკაში ჯერ იაპონიის ატაშე იყო პეტერბრგში 1904 წლამდე და შემდეგ გადადის სტოკჰოლმში. სწორედ მან დააფინანსა 1904 წელს რუსეტში არსებული რევოლუციური პარტიების კონფერენცია სადაც გადაწყდა შეიარაღებული ბრძოლის დაწყება მეფის ხელისფულბეასთან, ეს მან აკაშიმ გადასცა სოციალისტ რებვოლუცუიონეტებს 1000 000 ფრანკი საბრძოლო ორგანიზაციისათვის და ა,შ. ასე რომ სტატიის ავტორს არ აწყენდა შტამლომავლების გარდა სხვა მასალების გაცნიობაც. არ მინდოდა დამეწერა, მაგრამ დეკანოზიშვილი უცხო ქვეყნის თუ ქვეყნების აგენტი იყო და იმასაც წერენ რომ სიცოცხლის ბოლო წლებში თვით ინგლისლების დაზვერვასთანაც თანამშრომლობდაო
გურამ
07 მარტი 2017 22:14
ასეტი ქარტველები გვიმრავლოს ღმერთმა, ამ ხალხისმ დავიწყება დანაშაულია
ირმა ხარშილაძე
03 მარტი 2017 02:09
g-ს

სასურველი იქნებოდა, მეტი ყურადღებით წაგეკითხათ, მაგრამ რაკი გამოგრჩათ, არ დაგზარდებით და გეტყვით, რომ თუ გიორგი დეკანოზიშვილის საფლავზე გსურთ სანთლის დანთება, შეგიძლიათ კუკიის სასაფლაოზე მიბრანდეთ.

გთავაზობთ ამონარიდს ამავე სტატიიდან: „გიორგი დეკანოზიშვილი 1910 წელს ქალაქ კანში გულის დაავადებითა და ჭლექით გარდაიცვალა. მეუღლისა და მიხეილ თუმანიშვილის ხელში დაულევია სული. ანდერძად დაიბარა, საქართველოში დამასაფლავეთო. მისმა დამ - მარიამმა მეფის რუსეთის მთავრობას ნეშტის საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოსვენება სთხოვა. მთავრობამ ნება კი დართო, მაგრამ ოჯახის წევრების გარდა, სადგურზე დახვედრა ყველას აუკრძალეს. ასე, მოკრძალებულად ჩამოასვენეს და დაკრძალეს ამ უდიდესი მამულიშვილის ნეშტი წმინდა ნინოს (ამჟამინდელი კუკიის) სასაფლაოზე“...

პატივისცემით, სტატიის ავტორი ირმა ხარშილაძე

რედაქტორის რჩევით