გურიელების რძალი - "კოსმეტიკის დედოფალი"
06-04-2017
გურიელების რძალი - "კოსმეტიკის დედოფალი"
პრინც არჩილ გურიელისთვის 23-წლიანი სხვაობა არ გამხდარა წინაღობა, საყვარელ ქალზე, ელენა რუბინშტაინზე ექორწინა

სალვადორ დალი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ელენას კოსმეტიკური საშუალებების დიზაინზე იზრუნა, მისი სახლისა და სალონების ინტერიერიც გააფორმა და ელენა ტილოზე ქალი-პრომეთეს სახით დახატა...


თვალის ტუში, მზისგან დამცავი, დამატენიანებელი და ნაოჭების საწინააღმდეგო კრემები - ყველა ქალისთვის საჭირო კოსმეტიკას ელენა რუბინ­შტაინს უნდა ვუმადლოდეთ. კრაკოველი გოგონას ისტორია შთამბეჭდავია, თუმცა, სანამ ბრენდ "ელენა რუბინშტაინამდე" მივალთ, თავიდან დავიწყოთ.

1870 წელს კრაკოვის ებრაულ
კვარტალში, რუბინშტაინების ოჯახში გოგო დაიბადა. ოჯახი შეძლებული იყო, ამიტომ ელენა შვეიცარიის სამედიცინო უნივერსიტეტში გაემგზავრა სასწავლებლად. უნივერსიტეტის დამთავრებას არ დაელოდა და გადაწყვიტა, დედის ნათესავებთან, ავსტრალიაში წასულიყო. სწორედ აქედან იწყება ელენას კოსმეტიკით დაინტერესება.

მწველი მზე და მისგან გამოწვეული დამწვრობა გახდა საწყისი ბრენდის დაარსებისა. 1890-იან წლებში ავსტრალიის მშრალი
კლიმატისა და მწველი მზისგან შეწუხებულ ქალებს ელენა რუბინშტაინმა მსოფლიოში პირველი მზისგან დამცავი კრემი, სახელად "ვალაზე" შესთავაზა. ახალი პროდუქტი მალე გახდა პოპულარული. ბიზნესის სწრაფმა ზრდამ მის მფლობელს საშუალება მისცა, მელბურნში, კოლინზ-სტრიტზე, სილამაზის სალონი გაეხსნა. მზისგან დამცავი საშუალებების გარდა, ელენამ საპნის, სხეულის ლოსიონისა და სახის კრემების გაყიდვა დაიწყო.

გავიდა ხანი და ახალი სალონის გასახსნელად 100.000 დოლარის დანაზოგით ლონდონში ჩავიდა. სწორედ აქ გაიცნო მომავალი მეუღლე, ამერიკელი ჟურნალისტი ედვარდ ტიტუსი, რომელთანაც მოგვიანებით ორი ვაჟი ეყოლა.

ოჯახური ცხოვრება და "ჩხუბების" კოლ­ექციონერი


ელენასთან რამდენიმეწლიანი ვნებიანი­ სიყვარულის შემდეგ ედვარდ ტიტუსი უარს არ ამბობდა მსუბუქ გართობაზე. თავდაპირველად, ელენასთვის ქმრის ღალატი ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა, თუმცა შემდეგ ერთი სასარგებლო ჩვევა გამოიმუშავა - ედვარდის ყოველი ღალატის შემდეგ, თავისთვის ძვირფას სამკაულს ყიდულობდა. ასე გახდა ის "ჩხუბების" კოლ­ექციონერი, რომელშიც შედიოდა Harry Winston - ისა და Cartier - ს ბრილიანტები, საფირონები, ტოპაზები და ყველაზე­ მთავარი - მარგალიტები, რომელიც ელენას იმიჯის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ლონდონის შემდეგ, პოლონელი ებრაელი პარიზს იპყრობს. სალვადორ დალი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ელენას კოსმეტიკური საშუალებების დიზაინზე იზრუნა. პირველი საპუდრეს დიზაინი სწორედ სალვადორ დალის ეკუთვნის. მოგვიანებით დალიმ ელენას სახლისა და სალონების ინტერიერი გააფორმა და პარფიუმერიის დედოფლად წოდებული ელენა თავის ფერწერულ ტილოზე ქალი-პრომეთეს სახით დახატა. პარიზულმა ნაღებმა საზოგადოებამ ემიგრანტი გოგო მალე მიიღო. მხატვრობის სიყვარულმა კი ქალი რენუართან, დეგასა და პიკასოსთან დაამეგობრა. 1915 წელს ელენა ქმარსა და ორ ბავშვთან ერთად ამერიკაში ჩავიდა და მალე

მეხუთე ავენიუზე გამოჩნდა სალონი­ "კოსმეტიკის სასახლე". მომხმარებლები სპეციალური ბილეთის შეძენის შემდეგ შედიოდნენ სალონში და შეეძლოთ 8 საათი თავის მოვლისთვის დაეთმოთ. მათ ემსახურებოდ­ნენ ექიმები, კოსმეტოლოგები, მასა­ჟისტები, ვიზაჟისტები. ერთი სეანსი 100 დოლარი ღირდა, თუმცა ამერიკელები თავის მოვლისთვის ამ თანხას არ იშურებდნენ.

ივ სენ ლორანის შთაგონების წყარო


პარიზში ფობურ სენტ-ონორეს ქუჩ­აზე,­ სახლი #52 ელენა რუბინშტაინისაა. 6-სართულიანი სახლის არქიტექტურა ლუი XIV-ის პირად არქიტექტორს, ლუი ლევოს ეკუთვნის, ხოლო გარე ფასადი ანდრე ლენორტს, ვერსალის დეკორატორს. "საუკეთესო არქიტექტურული პროექტი" - 1937 წელს ამ ჯილდოს მფლობელი გახდა ლუი სიუ ელენა რუბინშტაინის სახლის დაპროექტებისა და დიზაინისათვის.

20-წლიანი ქორწინების შემდეგ 60 წლის ელენა და ედვარდი განქორწინდნენ. ამ პერიოდში ელენას სალონები ავსტრალიაში, ლონდონში, პარიზსა და ამერიკაში არ-ნუვოს სტილში იყო გადაწყვეტილი, სახლის კედლებს კი დეგას, მონეს, რენუარის, პიკასოსა და მოდილიანის ტილოები ამშვენებდა. მოგვიანებით ივ სენ ლორანის პარტნიორი, პიერ ბერჟე, მემუარებში დაწერს: "მაშინ, როდესაც ივი 19 წლის დამწყები დიზაინერი იყო, ხშირად მიდიოდა თავის მეგობართან, მხატვარ ბერნარ ბუფესთან, რომლის სახელოსნოც ელენას სახელოსნოს მოპირდაპირე მხარეს იყო. ერთხელ სალონის ვიტრინაში ბრანკუზის სკულპტურა დაინახა. "ეს იყო შოკი, მე აღმოვაჩინე ბრანკუზი", - ამბობდა ივი. მოგვიანებით ლორანმა იმავე ქუჩაზე სალონი გახსნა და ელენას გემოვნებით აღფრთოვანებულმა რუბინშტაინის სალონის სტილში მოაწყო. ივს ეტყობოდა ელენას გავლენა."

შეხვედრა პრინც არჩილ გურიელ-ჭყონიასთან


1935 წელს პარიზში წვეულებაზე ბანქოს თამაშის დროს არისტოკრატულნაკვთებიანმა ახალგაზრდამ მაშინვე მიიქცია ელენას ყურადღება. ქალების ყურადღებით განებივრებული ქართველი თავადი არჩილ გურიელ-ჭყონია და ელენა მალევე დამეგობრდნენ. ქართველმა თავადმა ბავშვობა პარიზში გაატარა, ამიტომ პარიზული ელიტა არჩილს კარგად იცნობდა. 23-წლიანი სხვა­ობა არ გამხდარა არჩილისთვის წინაღობა,­ რომ საყვარელ ქალზე ექორწინა. 40 წლის არჩილი და 63 წლის ელენა დაქორწინდნენ. იმ პერიოდში ჟურნალი ჭეეკლყ წერდა: "თავადისა და მისი მდიდარი რჩეულის ნახვა მელბურნში შევძელით. ელენა არა ახალდაქორწინებულების ნომერში, არამედ მის სამუშაო კაბინეტში იყო, ასეთია ბიზნესლედის ხვედრი". ცოლ-ქმარმა ოცი წელი გაატარა ერთად, არჩილის გარდაცვალებამდე.

კოსმეტიკის იმპერია


1929 წელს ელენა ყველაზე მდიდარი ქალი გახდა ამერიკაში. მან პირველმა გამოიგონა წყალგაუმტარი წამწამების ტუში, დანერგა სახის მასაჟი და პილინგი.

გარდაიცვალა 95 წლის ასაკში. კომპანია­ მისი შვილის მფლობელობაში გადავიდა, თუმცა ვერ შეძლო გასძღოლოდა მას და 1988 წელს L'Oreal-მა შეიძინა მისი აქციები. 2009 წლიდან კომპანია "ელენა რუბინშტაინმა" თანამშრომლობა დაიწყო შვეიცარიულ კოსმეტიკურ კლინიკა Laclinic-თან... ყველაფერი კი 110 წლის წინ, სახლში გაკეთებული სახის კრემით დაიწყო.

ნინო წიფურია
ნინო
11 აპრილი 2017 17:38
მადლობა, რომ კითხულობთ და გაინტერესებთ :)
არჩილა
07 აპრილი 2017 17:41
აბა 40 წლის კაცი 63 წლის ქალს რის გულისთვის გაყვება?
Keta Abashidze
06 აპრილი 2017 12:56
Gmadlobt

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები