წინაპართა აჩრდილნი - კვირის პალიტრა

წინაპართა აჩრდილნი

ნიკო ლომოური

ისტორიული მოთხრობა

(დასასრული. დასაწყისი "კვირის პალიტრა" #15-17)

მსტოვარმა ერეკლე მეფეს სანუგეშო ამბავი ვერ მოუტანა - ლეკთა რაზმები ალყაში უპირებდნენ მოქცევას ქართველ მებრძოლებს. მშველელიც არ ჩანდა და მეფემ გარიდება ამჯობინა. ქართველებმა ხშირ ტყეს მისცეს თავი, წინ კი დიდებულ ბედაურზე ამხედრებული მხედართმთავარი მიჰქროდა ნიავ-ქარივით. ანაზდად მტრის ტყვიამ იმსხვერპლა ზღაპრული მერანი. უცხენოდ დარჩენილ ხელმწიფეს უმალ მიაგება ბედაური კახელმა ჭაბუკმა: - ჩემისთანებს ქართველი დედა წელიწადში ათასსა შობავს, თქვენ გადირჩინეთ თავი, ბატონო. ერეკლე ბატონიშვილს ძნელათღა გაზრდის ქართველი ძუძუო, - თავდადრეკით მოახსენა ქართველთა სათქმელი ერეკლე II-ს...

მოისმა ლეკების ხმაურობა. დახანება აღარ შეიძლებოდა. მეფემ შემოჰკრა ცხენს მათრახი, მაგრამ იმავე წამს შეაჩერა და შემოსძახა ცხენის პატრონსა.

- მითხარი: ვინა ხარ? სადაური ხარ?..

- ქვემო მაჩხაანელი გლეხი, გაბრიელა ბოსტაშვილი გახლავარ, შენი ჭირიმე!..

KvirisPalitra.Ge...

დიდი კაცის ვახშმობა მოტანებული იქნებოდა, როდესაც ქვემო მაჩხაანში ერთი ცხენოსანი შევიდა. ამ დროს, რაღა თქმა უნდა, მთელ სოფელს უნდა სძინებოდა, მაგრამ იმ ღამეს, როგორც მოხსენებული სოფლის, ისე მთელი ქიზიყის სამოურაოს მცხოვრებელთა შორის ძილი ფიქრადაც არავის მოსდიოდა. თეიმურაზის გამოქცეულმა ჯარმა მთელს კახეთს და, მომეტებულად, ქიზიყს შემაძრწუნებელი ამბავი მოჰფინა. კაცი თუ ქალი, მოქალაქენი თუ სოფლელები ამ ამბავმა ერთიან ფეხზე დააყენა.

ბევრი იხიზნებოდა, მაგრამ ამაზედ უფრო მომეტებული თოფიარაღში ჯდებოდა. გამარჯვებულ მტერს ყოველ წამს მოელოდა და მას მამა-პაპურ დახვედრას უპირებდა. წინამძღვრების არჩევა და ამის გამო ბევრი ყაყანი და ლაპარაკი ამისთანა დროს სრულიად საჭირო არ იყო. საქმის მოთავედ იგი ხდებოდა, რომელსაც გამოც-დილება წინ მიუძღოდა, ვაჟკაცური სული და მამულის სიყვარული ნათელსა ჰფენდა და სხვებისაგან არჩევდა. მაგრამ ხშირად ესეთი რჩეულნიც კი მოქმედების დროს გვერდზე დგებოდნენ და სხვების განკარგულებას ემორჩილებოდნენ. ბევრჯერ გარემოება საზოგადო ასპარეზზედ ისეთებს წამოაყენებდა, რომელნიც მანამდისინ არაფრით განირჩეოდნენ მეზობლისაგან. ბედნიერია ის ერი, რომელსაც სამოქმედო სარბიელი წინ უდევს, ყოველის მხრივ კარგაღებული! ამისთანა ერს თავში ჩაკვრას ვერავინ გაუბედავს: გმირები მას არ გამოელევიან არას დროს!

- გაბრიელა ბოსტაშვილი სად ცხოვრობს? - იკითხა უცნობმა ცხე-ნოსანმა სოფელში შემოსვლისთანავე. საჩქაროდ უჩვენეს ერთი გლეხის ქვიტკირის სახლი, ცხენოსანი მივიდა ამ სახლთან და კარებში მდგომ თეთრწვერა ბერიკაცს სალამი მისცა:

- გამარჯვება, ბერიკაცო, გამარჯვება შენ.

ბერიკაცმა შეხედა მოსულს: გაარჩია, რომ ის უბრალო კაცთაგანი არ იყო, თავი დაუკრა და უპასუხა:

- გამარჯვება ნუ მოგიშალოს ღმერთმა!

- გაბრიელა ბოსტაშვილი აქა ცხოვრობს?

- დიახ, შენი ჭირიმე, აქა ცხოვრობს. ის გაბრიელა ჩემი ბიჭია.

- მაშ, ამაღამ შენი სტუმარი უნდა ვიყვე. - და მხედარი გადმოხტა ცხენიდან.

- მობრძანდი, მობრძანდი, შენი ჭირიმე!.. - ხელი სტაცა აღვირს, იქვე სახლის უკან მიაბა ცხენი და თითონ გაუძღვა სტუმარს სახლში. კერის წინ სკამი დაუდგა და ზედ დაბრძანება სთხოვა. როდესაც სანათის შუქზე მოხუცმა ხელახლა შეხედა სტუმარს, რამდენსამე წამს თვალი ვეღარ მოაშორა. რაღაც ფიქრები აეშალა თავში: თითქო სადღაც და ოდესღაც ენახა ეს კაცი, მაგრამ სიბერისაგან დასუსტებული მეხსიერება ღალატობდა და ამის გამო ვეღარ მოეგონა-რა. სტუმარმა შენიშნა მოხუცის მდგომარეობა, გაუღიმა და ჰკითხა: - ერთი ეს მითხარი, ბერიკაცო, გაბრიელა, შენი ბიჭი, ამჟამად სად არის?

- ეხლა, ამ წამში სად არის ჩემი ბიჭი, სწორე მოგახსენო, არ ვიცი, იქნება ზეცაშიც არის ეხლა ისა! ამ ორი დღის წინათ კი სალაშქროდ გაჰყვა ჩვენს მოურავს, ზაქარიასა. ანბობენ: მეფეები დამარცხდნენ და იმ რჯულძაღლმა ლეკებმა დიდძალი ქართველობა ამოხოცესო, ანბობენ,… კიდევ ვინ იცის, რეებს არ ანბობენ!

- მაინც რას ამბობენ?

- ღმერთმა დასწყევლოს წუწკი და ბოროტი კაცის დაუყენებელი ენა! ანბობენ, ვითომც ბატონი ერეკლე...…

- რაო? ლეკებმა მოჰკლესო?..

- ეჰ, შე დალოცვილო, როგორ იქნება? ეგ რა ბრძანებაა! - გაჯავრებით დაიძახა მოხუცმა.

- შე თვითონ დალოცვილო, რას ჯავრობ? ვეღარ გეშველა-რა და, ახლა მაინცა სთქვი, რას ამბობენ?

- აი, იმას ანბობენ, რაც ეხლა შენა თქვი, მაგრამ ტყუილია, მიჰქარავენ.

- სწორეთ, სწორეთ მიუქარავს, ვისაც ეგ უთქვამს, მეფე ერეკლე დღეს ბინდისას ბაკურციხეს ბრძანდებოდა. იქიდან კაცები გაგზავნა, რომ ყველა ამ ახლო-მახლო სოფლებიდან ამაღამვე ჯარი მოგროვილიყო სიღნაღში.

ბერიკაცი სწორედ გადარეულს დაემსგავსა. ერთი კი შეჰყვირა: ოი, შენ ენას ვენაცვალეო, და შემდეგ იწყო სიცილი, ტირილი, დარბაზში სირბილი, პატარა ბიჭივით ხტუნაობა. მერმე მიირბინა სახლის ბნელ კუნჭულში, ვიღაცას დასტაცა ხელი და იწყო ხმამაღლა ყვირილი:

- თინათინ, თინათინ, დედაკაცო, ბატონი ერეკლე ცოცხალიაო, ცოცხალი!

- ვინა თქვა ეგ ამბავი, გიორგი, ვინა? - მოისმა მისუსტებული ხმა.

- ადე, ადე შე საცოდავო! აი, აქა ბრძანდება ის კაცი, ვინც მითხრა.

ამ სიტყვებზე დარბაზის ბნელი კუნჭულიდან ბერიკაცმა გამოიყვანა ჯანგატეხილი, გამხდარ-გაყვითლებული დედაკაცი. ამან თავის ღრმად ჩაცვივნული თვალები მიაშტერა სტუმარს, პატარა ხანს უცქირა და მერმე მხიარულად უთხრა ქმარსა:

- გიორგი, ამ კაცს სახეზე ეტყობა, რომ ტყუილს არ იტყვის. მაშ, მართალი იქნება, რაც უთქვამს… მადლობა უფალს. აბა, ერთი ჰკითხე: ჩვენი გაბრიელასი ხომ არა იცის-რა?

სტუმარი საჩქაროზე წამოდგა ფეხზე. მივიდა მოხუც ცოლ-ქმართან და ალერსიანი, დედაშვილური კილოთი უთხრა თინათინს:

- როგორ არა, მოხუცო, როგორ არა!.. დღეს საღამო ჟამზე ვნახე შენი გაბრიელა, ცოტა ხანს ვილაპარაკეთ კიდეცა, კარგათ იყო, კარგათ და ძიელ კარგი ბიჭიცა გყოლიათ თქვენ ისა!.. ღმერთმა მოგცეთ იმისი თავი!..

- ოი, შენ მუხლებს ვენაცვალე, ბატონო! უფალმა პატიოსანმა ადიდოს შენი სიყრმე, გაგიძლიეროს ცოლ-შვილი! ეგ გაბრიელა მეოთხეა, შენი ჭირიმე, მეოთხე, სამი ვაჟკაცი შვილი მომიკლეს იმ შეჩვენებულმა ლეკებმა… მე ისა მკლავს და ის მიდაგამს გულ-ღვიძლსა, რომ ორს თავები დამიჭრეს იმ სასიკვდილეებმა, მესამეს – მარჯვენა, იმ მარჯვენა გასახმობებმა.

- საიქიოს, თინათინ, ვიღას რათ უნდა ან თავი, ან ხელები, რაც იყო, იყო და გათავდა!.. დაანებე მაგაებს თავი, თორემ ღმერთია შენი თავდები, შენ ეგ „ხელი და თავები“ სწორეთ სამარეს გაგითხრიან, შე საცოდავო! – უთხრა მეუღლეს გიორგიმ.

- როგორ თუ საიქიოს ვის რათ უნდა თავი და ხელები? - ყვედრებით შემოუტია ქმარს დედაბერმა, - რათ იცი, კაცო, ემაგისთანა ღვთის საწყენი ლაპარაკი? თუ კაცმა თავი არ დაუკრა, განა შეიძლება ღვთის დიდება? მარჯვენა ხელით თუ პირჯვარი არ გადაიწერა, განა მოხერხდება უფლის ლოცვა-ვედრება?

ბერიკაცმა ამაზე პასუხის მიცემა დააპირა, მაგრამ სტუმარი ჩაერია და ეს საღვთისმეტყველო ბაასი შეაწყვეტინა.

- მე დარწმუნებული ვარ, მოხუცო თინათინ, რომ შენს გაბრიელს ეგ საქმე არ დაემართება. ღმერთი დაიფარავს და ამ ცოტა ხანში უვნებლად დაგიბრუნდება სახლში.

- მიბოძე, ბატონო ხელი, მიბოძე, შენს მზეს ვენაცვალე, - ამ სიტყვებზე დედაბერი მისწვდა სტუმარს და უწყო კოცნა მარჯვენა ხელზე. თანაც ტიროდა და მდუღარე ცრემლით ასველებდა ამ მარჯვენას.…სტუმარმა არ გაინთავისუფლა ხელი… მწუხარე დედას თვალი მოარიდა, გვერდზე მიიღო თავი და ცრემლმორეულმა ნაღვლიანად წარმოსთქვა:

- იდიდოს, ღმერთო, შენი მიუწვდომელი მარჯვენა! როდემდის უნდა იღვროდეს ასე ქართველი დედის მდუღარე ცრემლები?

...

დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. სნეული დედაბერ ისევ დაუბრუნდა თავის ლოგინს, მისი ქმარი ვახშმის მზადებას შეუდგა. სტუმარიც სკამზე ჩამოჯდა წეღანდებურათ, ზურგი სახლის ბოძს მიჰყუდა და ჩაფიქრდა. სათნოიანი, ალერსიანი გამოხატულება სახისა შეეცვალა: ამ სახეს ღრმა მწუხარება და ძლიერი ტანჯვა სულისა გადაეფინა. მაგრამ მალე ესეთი მდგომარეობაც სხვა გვარად შეეცვალა: ტანჯვა-ვაების ადგილი ახლა მრისხანებამ დაიჭირა. წარბები შეენასკვა, დიდი თვალები თითქო უფრო გაუდიდდა და შიგ ჯოჯოხეთურმა ალმა აუწყო პრიალი. შავი სქელი წვერ-ულვაში, ცოტა მოზრდილი, მოხრილი ცხვირი, შავგვრემანი სახე, მზისას და ქარისაგან შერუჯული, თვალების მეტყველებას თითქო ბანს აძლევდა, ჯოჯოხეთურ ალში თითქო ნავთს ასხამდა.

როდესაც მოხუცმა მასპინძელმა თავი მაღლა აიღო და სტუმარს შეხედა, ძალაუნებურად შიში იგრძნო, უკან დაიწია და აღტაცებით წაიდუდუნა: მთის არწივი შემოფრენილა ჩემს ქოხში და აქედან მთელს დუნიას მუქარას უთვლისო. მერმე თავი ისევ ჩაღუნა და ჩუმად უწყო ლანძღვა-გინება თავის ჩერჩეტ მეხსიერებას, რომელიც ამ ბოლო დროს ასე უხეიროდ ეურჩებოდა პატრონსა.

შუაღამე იქნებოდა მოტანებული, როდესაც უცებ სახლის კარი გაიღო და შემოვიდა შეიარაღებული ვაჟკაცი. ბერიკაცმა საჩქაროზე იცნო იგი; ჭაბუკივით წამოხტა და მშვიდობით დაბრუნებული თავისი ბიჭი მამაშვილურად გადაჰკოცნა. შემდეგ სტუმრისაკენ ხელი გაუშვირა და დაბალის ხმით ჰკითხა:

- გაბო, შვილო, ეს კაცი ვინ არის? თითქო მინახამს სადღაც და, დალახვროს ღმერთმა ეშმაკი, ვეღარ მომიგონია, სადა.

გაბრიელა ბოსტაშვილმა გახედა სტუმარს, რამდენსამე ხანს თვალებდაჭყეტილი, პირდაღებული, სარივით გაშეშებული დარჩა ერთ ადგილას. მერმე თვალებზე მიისვ-მოისვა ხელი, წარსდგა ერთი ნაბიჯი, თავი წინ წახარა და გაოცებით დააშტერდა სტუმარსა. აღელვება მისი ისეთი ძლიერი იყო, რომ სულს ვეღარ იბრუნებდა, გაცივებულსავით მთელი ტანით ცახცახებდა. პირჯვარი გადაიწერა და სასოებით წარმოსთქვა: - შენი ჭირიმე, დედავ, ამას რას ვხედამ? ეს რა ამბავია ჩვენს საწყალ სახლში!

შვილის ამგვარმა მდგომარეობამ ბერიკაცი უფრო მეტად გააოცა, ჩოხის კალთაში ხელი სტაცა, ძირს დასწია და ხმამაღლა უთხრა: - ბიჭო, კაცო, რა მოგივიდა? რა არი?.. რატო არას ამბობ, შე მამაცხონებულო?..

ამ ხმაზე სტუმარი ფიქრიდან გამოერკვა, კარებისკენ გაიხედა, და იმავე წამს მართლა არწივივით წამოფრინდა თავის ადგილიდან, ახალგაზრდა ბოსტაშვილს ხელი მოხვია, მხურვალედ ჩაიკრა გულში და მამაშვილურის გრძნობით წარმოსთქვა: - მადლობა უფალს! შენ რომ იქ ლეკებს მოეკალი, სამარეშიაც ვეღარ მოისვენებდა ჩემი სვინდისი!

- ბიჭო, შე წყეულო, შე შეჩვენებულო, მითხარი, ვინა ბრძანდება ეს კაცი?

- ბატონი ერეკლე, მამა! მეფე ერეკლე!..

- როგორ თუ ერეკლე?.. ის არი, ისა!.. სწორედ ის არი!.. - შეჰყვირა მოხუცებულმა და თითქმის უგრძნობლად დაეშვა სათაყვანო მეფის წინაშე.

...

მეორე დღეს, სისხამ დილა ადრიან, სიღნაღიდან ხუთასი შეიარაღებული ცხენოსანი გავიდა. მათ წინ მიუძღოდა მეფე ერეკლე, რომელსაც გვერდში უდგა ცხენზედ ვაჟკაცურად გამოჭიმული აზნაური გაბრიელ ბოსტაშვილი. მთელი ახალგაზრდობა ქვემო და ზემო მაჩხაანისა, ბოდბისა, ნუკრიანისა და სხვა ახლომახლო სოფლებისა, ყველანი სალაშქროდ გამოსულიყვნენ და თავმომწონებით მისდევდნენ უკან თავიანთ მასახელებელ მეზობელს გაბრიელა ბოსტაშვილსა. მეფემ ქუსლი შემოჰკრა ცხენსა და იმავე წამს მთელი რაზმი მრისხანე გრიგალივით გაჰქანდა გაღმა მხრისაკენ.

სამი საათის შემდეგ ქართველები თავს დაესხნენ ჰაჯი ჩალაბის გათამამებულ ავაზაკებს, რომელნიც შემოსეოდნენ იქაურ სოფლებს და ბარბაროსულის ბოროტებით იკლებდნენ და აოხრებდნენ. გაჩნდა საშინელი ხელჩართული ბრძოლა. სამი ათასი ლეკი თავგამოდებით მოესია ერეკლეს ხუთას გმირსა, მაგრამ ბედის ვარსკვლავმა უმტყუნა ჰაჯი ჩალაბს! ბრძოლის ველზე გაჩნდნენ ჯერ ზაქარია და მერე მეფე თეიმურაზი ქართლის ჯარითა. სამის მხრიდან შემოუტიეს მტერსა, სწრაფლ შემუსრეს ყოველი ღონე მისი და არევდარეული, თავზარდაცემული გაირეკეს წინ. ორიათასექვსასი დაჭრილ-დახოცილი ლეკი დარჩა იმ დღეს ბრძოლის ველზედა, ხოლო თვით ჰაჯი ჩალაბი გადაურჩა ქართველების მრისხანებას. ეგრძნო სიმუხთლე წუთისოფლისა და ბრძოლის გათავებამდე გაქცეულიყო რამდენისამე მხლებელით.

ამ დამარცხების შემდეგ მთელი ხუთი წელიწადი ვეღარა ბედავდნენ ლეკები დაღესტნის მთებიდგან თავის გამოყოფასა, და ამ დროის განმავლობაში მთელი ქართლ-კახეთი სტკბებოდა მშვიდობითა და მოსვენებითა.

იმავე დღეს, მზის ჩასვლისას, საქართველოს ძლევამოსილი ლაშქარი დიდის ამბით დაბრუნდა სიღნაღში. წინ მოუძღოდნენ ორნი მეფენი; ჯარი მღეროდა და ეს სიმღერა ედემის წალკოტად გადაშლილს მთელს ალაზნის ველს ეფინებოდა, გომბორისა და კავკასიის მთის ხეობანი ბანს აძლევდნენ და ჯარი კი მღეროდა:

მთიდან მოსული ვაჟკაცი

გეზელ ქორივით ჰკიოდა,

თავი ხმლით ჰქონდა ნაჩეხი,

გულიდან სისხლი სდიოდა,

სამოცი ლეკი მოეკლა,

უვაჟკაცობას ჩიოდა.

არჩევანი მაინც ერთმორწმუნე რუსეთზე შეაჩერა...

თეიმურაზ II-ისა  და ერეკლე II-ის მთავარ საზრუნავს ლეკიანობის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა. ამ პრობლემის დასაძლევად ქართველებს აუცილებლად მიაჩნდათ ჭარ-ბელაქანისა და კაკ-ენისელის ისევ კახეთის საზღვრებში დაბრუნება.

ამ უბატონო თემების ბელადებმა თავის მთიელ მოძმეებთან ერთად საქართველოს  წინააღმდეგ ლაშქრობა გადაწყვიტეს. ლეკთა დიდი ჯარი 1750 წელს ჭარში ჩამოვიდა. მათ აქ ჭარელებიც შეუერთდნენ და საქართველოსკენ გაემართნენ. ჯარის ერთი ნაწილი კახეთს დაეცა, მეორე - ყაზახს. ერეკლემ ესენიც დაამარცხა. ამ გამარჯვებათა შედეგად საქართველოს სამხედრო ჰეგემონია აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში უცილობელი შეიქმნა, მაგრამ ლეკიანობა მაინც დაუძლეველ პრობლემად რჩებოდა. 1754-1755 წლებში ხუნძახის ბატონმა ნურსალი-ბეგმა  კახეთის ციხეებზე მიიტანა იერიში. ორივე ლაშქრობა ქართველების გამარჯვებით დამთავრდა. 1759 წელს ლეკები კოხტა ბელადის მეთაურობით კვლავ შემოიჭრნენ კახეთში. ერეკლემ ეს შემოსევაც მოიგერია. ლეკთა თარეში შესუსტდა, თუმცა არ აღმოფხვრილა.

რუსეთთან კავშირის მცდელობამ ერეკლეს ურთიერთობა გაუმწვავა მეზობლებთან. ოსმალეთი ერეკლეს შემოუწყრა და ლეკთა ბელადები კვლავ წააქეზა ქართლ-კახეთის სარბევად. ამასობაში, როგორც ჩანს, ერეკლესაც გაუტყდა გული რუსეთზე და მთელი გულისყური სამხრეთ-აღმოსავლეთს მიაპყრო, რადგან იქ ძალთა ახალი გადანაწილება დაიწყო, ამასთან ჩრდილოეთიAაზერბაიჯანი გაერთიანდა, რასაც თან მოჰყვა რეგიონში ერეკლეს გავლენის შესუსტება, ეს კი თავისთავად საქართველოსათვის დიდ საფრთხეს შეიცავდა. ათასგვარ ომგადახდილმა მხცოვანმა მეფემ არჩევანი მაინც ერთმორწმუნე რუსეთზე შეაჩერა...