"მამა! დაურეკე ლენინს, ტროცკის, თუნდაც კარლ მარქსს, ოღონდ კი ციხიდან დაიხსენი სალომე" - კვირის პალიტრა

"მამა! დაურეკე ლენინს, ტროცკის, თუნდაც კარლ მარქსს, ოღონდ კი ციხიდან დაიხსენი სალომე"

სალომე ხშირად ამბობდა, რომ მისი ყველაზე დიდი შეცდომა საქართველოს დატოვება იყო

ქართველი ქალბატონები ხშირად გამხდარან მწერლების, პოეტებისა თუ მხატვრების მუზა, თუმცა სალომე ანდრონიკაშვილი ის ერთადერთი ქალბატონია, რომლის მეგობრებს შორის იყვნენ: უინსტონ ჩერჩილის მეუღლე კლემენტინა, დიზაინერი კოკო შანელი, მაქსიმ გორკის ყოფილი მეუღლე და სხვები. ყველაფერი კი 1888 წელს თბილისში ზაქარია ანდრონიკაშვილისა და ლიდია პლიშევას ოჯახში დაიწყო, სადაც სალომე ანდრონიკაშვილი დაიბადა.

სალომეს ჰყავდა და - მარიამი და ძმა - იასე, რომლებიც განსაკუთრებული სილამაზითა და გონიერებით გამოირჩეოდნენ, თუმცა როგორც ამბობენ, სალომეს სილამაზე, ჭკუა და ცვალებადი ბუნება ირგვლივ მყოფთ აჯადოვებდა.

მიუხედავად უდარდელი ბავშვობისა, სალომეს პირველი ქორწინება რუს მემამულე პავლე ანდრეევთან უიღბლო გამოდგა. ანდრეევი მექალთანე გამოდგა, რაც ამაყმა ქართველმა ლამაზმანმა არ აპატია.

სალომე ანდრონიკაშვილი, ფოტო გადაღებულია ბათუმში, პარიზში გამგზავრებამდე

განქორწინების შემდეგ თავისუფალი და მატერიალურად უზრუნველყოფილი სალომე პეტერბურგის ელიტური საზოგადოებისა და რუსი პოეტების მუზად იქცა.

მწერალი ნადეჟდა ტეფი წერდა: "წვეულებების მშვენება, როგორც ყოველთვის, სალომეა ანდრონიკოვა გახლდათ. ის არც მწერალია, არც პოეტი, არც მსახიობი, არც ბალერინა, არც მომღერალი, მაგრამ ჩვენი წრის ყველაზე საინტერესო ქალადაა აღიარებული".

არისტოკრატული ცხოვრების მოყვარული ლამაზმანი ქალბატონი, რუსეთში დაწყებულმა არეულობამ იძულებული გახადა საყვარელი სანკტ-პეტერბურგი დაეტოვებინა.

1917 წელს ის შვილთან - ირინესთან ერთად, ბაქოს გავლით, თბილისში გამოემგზავრა.

როგორც ცნობილია, ხარკოვში სალომე ბოლშევიკების ხელში ჩავარდა და სიკვდილისგან მომავალმა მეუღლემ, საფრანგეთის არმიის მზვერავმა, მაქსიმ გორკის შვილობილმა ზინოვი პეშკოვმა იხსნა.

"მამა! დაურეკე ლენინს, ტროცკის, თუნდაც კარლ მარქსს, ოღონდ კი ხარკოვის ციხიდან დაიხსენი სალომე", - წერდა ზინოვი გორკის.

შეყვარებული ზინოვის მცდელობა წარმატებით დასრულდა, სალომე გაათავისუფლეს, ის მშობლიურ თბილისს დაუბრუნდა, სადაც ქალბატონი ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა.

როგორც ცნობილია, გრიგოლ რობაქიძემ სალომეს ლექსი "ოფორტი" მიუძღვნა.

სალომეზე შეყვარებული ზინოვი პეშკოვი საქართველოს მენშევიკურ მთავრობაში ფრანგული წარმომადგენლობის წევრი გახლდათ და მისი დახმარებით სალომე ანდრონიკაშვილი ბათუმიდან საფრანგეთის სამხედრო გემს გაჰყვა. ყოველგვარი საბუთებისა და განსაკუთრებული მომზადების გარეშე, ზინოვმა ის მოსალოდნელ საფრთხეს ააშორა, როგორც ამბობენ, სალომეს სამხედრო გემზე არ უშვებდნენ, მაგრამ ზინოვის ვაჟკაცობამ წინააღმდეგობებს გაუძლო, ქართველი ლამაზმანი საფრანგეთში წავიდა.

სალომე ქალიშვილთან, ირინესთან ერთად

სალომე პარიზში დასახლდა. 1926 წელს თავის ძველ თაყვანისმცემელს, დროებითი მთავრობის მინისტრთა კაბინეტის მდივანსა და ბოლშევიკთა ტყვეობას გადარჩენილ ალექსანდრე გალპერნს ცოლად გაჰყვა, თუმცა ზინოვისთან მიმოწერა არ შეუწყვეტია.

გალპერნი დიპლომატიური მისიებით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობდა, ის ხან მაროკოში იყო,  ხან -  იაპონიაში და ა.შ.  მის ქართველ მეუღლეს მოწყენილობისთვის არ ეცალა. სალომე კოკო შანელსა და პოეტ მარინა ცვეტაევას დაუმეგობრდა და პარიზის მოდის ჟურნალში დაიწყო მუშაობა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე სალომე და გალპერნი ევროპას გაერიდნენ, ისინი დროებით ამერიკაში გადასახლდნენ. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო სალომემ ბერძენი მილიარდერი არისტოტელე ონასისი, რომელთანაც მას შემდგომში მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გალპერნი ლონდონში მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს. სალომე, მეუღლესთან ერთად, ულამაზეს სახლში დასახლდა. ლონდონში სალომე დაუმეგობრდა ბრიტანეთის პრემიერის უინსტონ ჩერჩილის მეუღლეს კლემენტინას, მსახიობ პიტერ უსტინოვს, თუმცა ყველაზე ახლო მეგობრად ქართველი ლამაზმანი მაინც ბარონესა ბუდბერგს, მაქსიმ გორკის ყოფილ მეუღლეს მიიჩნევდა.

როგორც ცნობილია, სალომეს იშიათად ჰქონდა კავშირი ნათესავებთან, ერთხელ მოახერხა და თავისი და, მარიამი, ძმისშვილის კონსტანტინეს დახმარებით ნახა, ის პარიზში საცხოვრებლად ჯერ კიდევ 1916 წელს გადასულა. მოგვიანებით გაიგო სალომემ ძმის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავიც. ამბობენ, რომ ოცდაათიან წლებში სალომემ მოსკოვში მიმავალ ნაცნობს ძმისთვის გადასაცემად წერილი გაატანა, რაც იასეს დაპატიმრების, მერე შპიონაჟში დადანაშაულებისა და საბოლოოდ დახვრეტის მიზეზი გამხდარა.

საფრანგეთში გადასულმა მისმა ვაჟმა კონსტანტინემ კი, რომელსაც კონსტანტინ ანდრონიკოვად იცნობდნენ, სორბონის უნივერსიტეტი დაამთავრა. მან საფრანგეთის სამ პრეზიდენტთან იმუშავა მრჩეველ-თარჯიმნად, სრულუფლებიანი მინისტრის რანგში.

სალომე რუსი მხატვრების მუზა იყო

ილია ლომიძე იხსენებს: "როცა ხრუშჩოვის მმართველობისას კონსტანტინე საბჭოთა კავშირში ჩამოვიდა და განაცხადა, რომ თბილისში, ნათესავებთან წასვლა სურდა, ყველა შოკში ჩავარდა - არავინ იცოდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველს საბჭოეთში ნათესავები ჰყავდა. აქ ის უმაღლეს დონეზე მიიღეს, რაღა თქმა უნდა, დაინტერესებული ორგანოების ჩათვლით. სწორედ კონსტანტინეს მეშვეობით შეძლო მარიამ ანდრონიკაშვილმა პარიზში წასვლა და დასთან - სალომესთან შეხვედრა".

მიუხედავად მდიდრული ცხოვრებისა, სალომეს დროთა განმავლობაში საქართველოს მონატრება უძლიერდებოდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ის კულინარიით დაინტერესდა და რეცეპტების წიგნიც კი გამოსცა:

"მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ ხელოვანთა მუზა ვიყავი, სიბერეში კი მივხვდი, რომ მზარეული ვყოფილვარ",  - ხუმრობდა ის საკუთარ თავზე. ლონდონელებმა ინტერესით მიიღეს ქართველი თავადის წიგნი და მის წრეში ქართული კერძების, განსაკუთრებით კი საცივის რეცეპტი დიდი პოპულარობით სარგებლობდა თურმე.

სალომე ხშირად ამბობდა, რომ მისი ყველაზე დიდი შეცდომა საქართველოს დატოვება იყო.

"ასე ვცხოვრობ უსაშველოდ მომხიბლავ სახლში, დიდი ბაღით, რომელიც უზარმაზარი ხეებითაა შემოფარგლული... სიკვდილი ახლოსაა, რადგან უკვე 90 წლისა ვარ! მუდმივი სიცოცხლე მინდა, მაგრამ ეს ბუნებითაა დადგენილი... არავის სჯერა ჩემი ასაკი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვმალავ. ამბობენ, რომ ლამაზი ვარ! ყველა გარდაიცვალა, მე კი ისევ ცოცხალი ვარ. და არ მინდა სიკვდილი..."

სალომე ანდრონიკაშვილმა უკანასკნელი 90 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნა, ის 1982 წლის 8 მაისს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, მისი ფერფლი ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე გაფანტეს.

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)