ამბობენ, ვაჟა მჯიღის დაკვრით გოჯიან ფიცარს ამტვრევდაო - კვირის პალიტრა

ამბობენ, ვაჟა მჯიღის დაკვრით გოჯიან ფიცარს ამტვრევდაო

"კაზაკთა ატამან აშინოვისთვის ჩაუვლია კისერში ხელი, გამოუყვანია კიბესთან და ისეთი პანღური დაუზელია, რომ თავკერძას გორვით ჩაუთავებია კიბე"

ფოტოზე, რომლის ავტორის ვინაობა უცნობია, ბუმბერაზი ვაჟა-ფშაველა და მისი მეგობრები - დიმიტრი და ლეო ცისკარიშვილები არიან აღბეჭდილი.

სწორედ დიმიტრის მოუნათლავს ლუკა რაზიკაშვილი ვაჟა-ფშაველად.

22 წლის ყოფილა ლუკა რაზიკაშვილი, სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში რომ გაემგზავრა, მაგრამ ხელმოკლეობის გამო ერთ წელიწადში კვლავ საქართველოში დაბრუნდა. მიუხედავად ამისა, ვაჟასთვის ნაყოფიერი გამოდგა პეტერბურგში გატარებული ერთი წელიწადი, იქ ფსევდონიმიც შეიძინა - ვაჟა-ფშაველა, რომელიც თუშმა მეგობარმა, დიმიტრი ცისკარიშვილმა შეარქვა. მთიელმა მეგობარმა კარგად იცოდა, რომ ფშავ-ხევსურეთში "ვაჟა" "კარგ ბიჭს", "ვაჟკაცს" ნიშნავდა. ლუკა რაზიკაშვილს კი ყრმობიდან უკვე ვაჟკაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი.

პეტერბურგში ყოფნისას ვაჟასა და მის უფროს ძმას, გიორგის ფული გამოლევიათ. შეხვედრიათ ნაცნობი, გერმანელი სტუდენტი, რომელსაც უთქვამს, წამოდით, ბილიარდი ვითამაშოთ და ვინც წააგოს, სადილის ფულიც იმან გადაიხადოსო. წასულან სათამაშოდ. გერმანელ  სტუდენტს რომ შეუმჩნევია ვაგებო, ამდგარა  და საბილიარდოდან გაპარულა, ფულის გადაუხდელობის გამო კი მუშტი-კრივი გამართულა. ამ ჩხუბში ვაჟას თავი გამოუდვია და ისე დაუტრიალებია მუშტი, რომ იქ მყოფნი სულ მიუწყვ-მოუწყვია. ძველი ქართული საბრძოლო ისტორიის მკვლევრების განმარტებით, ვაჟა საბრძოლო ხელოვნების შესანიშნავი მცოდნე ყოფილა. მკვლევარ კობა ჭუმბურიძეს ამის დასადასტურებლად თავის წიგნში - "ზნენი სამამაცონი", ვაჟა-ფშაველას საბრძოლო ოსტატობის ამსახველი რამდენიმე ფაქტი მოჰყავს. მათ შორის, ერთი ამბავი აკაკი წერეთლის მონათხრობია:

"იმ ხანად თბილისში სტუმრობდა "ახალ ერმაკად" მონათლული კაზაკთა ატამანი აშინოვი, რომელსაც იმდროინდელი რუსული პრესა ხოტბას ასხამდა და გმირად სახავდა, "ივერიას" კი თავის პუბლიკაციაში საცინლად აუგდია.

ხანჯალმოღერებული აშინოვი სწორედ იმ დროს შეჭრია კაბინეტში სერგი მესხს, როცა მასთან აკაკი და ვაჟა იმყოფებოდნენ სტუმრად და მოუთხოვია ბოდიში და უარყოფა კრიტიკისა, რაზეც სერგი მესხს უარით უპასუხნია. ამაზე ოფიცერი დამუქრებია, ნახავ, რაც მოგივაო. ვაჟა დინჯად წამომდგარა და უთქვამს: სანამ შენი გვინახია, ერთი ჩვენიცა ნახეო. ჩაუვლია კისერში ხელი, გამოუყვანია კიბესთან და ისეთი პანღური დაუზელია, რომ თავკერძას გორვით ჩაუთავებია კიბე და ქვაფენილზე გაშხლართულა. შერცხვენილ ატამანს იმავ დღეს აუკრებია გუდა-ნაბადი საქართველოდან".

კობა ჭუმბურიძე: "ვაჟა ბრგე კაცი და ჩინებული მოკრივე ყოფილა. ამბობენ, მჯიღის დაკვრით გოჯიან ფიცარს ამტვრევდაო. თავისი კუთხის ხალხის ქომაგი და იმედი იყო, რის გამოც მუდმივად დავა ჰქონია მეტყევეებთან, რომლებიც გლეხებს გადასახადს სთხოვდნენ, ვაჟა კი ამბობდა, ტყე ფშავლებისაა და მეფეს არაფერი ერგებაო.

ერთხელაც ამ ნიადაგზე მეტყევესა და მის რაზმს მუხანათურად შეუპყრიათ ვაჟა.

პეპო მარტოლეკის მოგონებიდან: "მოვიკითხეთ ვაჟა: რა იქნა აქამდის-თქო. მაგრამ რას ვხედავთ? მეტყევე ცხენიდან გადმოეგდო, იდგა შიგ იორში მათრახის ტყაპატყუპი. შხეფავს ტყისმცველებსაც, აი, ჩამოყარა ცხენებიდან წყალში, ზოგი ცხენს ჩამოჰკიდებია, ზოგს ცხენი გაუშვია და თავის გადარჩენას ცდილობს. იორიც მოდიდებული იყო.

აი, ვაჟა გამოვიდა იორიდან და რახტის ძგრიალით მოაგდო ცხენი დუქნის წინ. ამ სანახაობაზე ჩვენ, ყველას, გვეცინებოდა.

- ხომ დავთაქლე კარგადაო! -წაილაპარაკა ვაჟამ".”

ფსევდონიმის - ვაჟა-ფშაველას გარეშე ლუკა რაზიკაშვილის გენია მაინც გაბრწყინდებოდა, მაგრამ ამ ფსევდონიმით კიდევ უფრო მეტად იკვეთება გენიალური შემოქმედის ერთადერთობა.