"მეგობრის გასვენებაზე უთქვამს, შემდეგი მე ვიქნებიო..." - კვირის პალიტრა

"მეგობრის გასვენებაზე უთქვამს, შემდეგი მე ვიქნებიო..."

ქალაქში მეხივით გავარდა ასტამურ აჩბას მკვლელობის ამბავი

მოსკოვში რესტორანი "არაგვი" ძალიან პოპულარული იყო სამზარეულოთი და მუსიკოსთა ჯგუფით, რომელიც შესანიშნავად ასრულებდა ქართულ მელოდიებს. ვის არ ნახავდით იქ - ხელოვნების ცნობილ მოღვაწეებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს, უცხოეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც. სუფრას მოგვიანებით შევუერთდი. ცოტა ხანში ნაცნობმა გამიხმო - ეს წითელპერანგიანი მამაკაცი ვინ არის? ყველა უცხოელ სტუმარს პატივი სცა, თან ეუბნებოდა, - თქვენ საბჭოთა კავშირში ხართ, მოსკოვში, ეს "არაგვია", "არაგვი"კი საქართველოა. ასე რომ, ახლა თქვენ ჩვენი სტუმრები ხართო...

"ასტამურს ფული რად უნდა... ასტამური თვითონ ფულია"... ყველას გაუგონია ცნობილი ხალხური სიმღერის ეს ვერსია, თუმცა ბევრმა არ იცის, ვინ ასტამურზეა ლაპარაკი... ეს სიმღერა გასული საუკუნის 60-იან წლებში ქსოვრელებმა წაუმღერეს ერთ გამორჩეულ თბილისელს - ასტამურ აჩბას - და მალე ყველამ აიტაცა.

ასტამურ აჩბა, ერთ დროს ცნობილი კალათბურთელი, მშობლიური ქალაქის კოლორიტად იქცა, რომელსაც პეწი შეჰქონდა თბილისის ყოველდღიურობაში.

აი, როგორ შემორჩა ასტამურ აჩბა და მისი თანამედროვე თბილისი მათ, ვინც ამ ადამიანს იცნობდა:

"ეს ის დრო იყო, როცა არ ვარჩევდით, ვინ იყო აფხაზი, ვინ ოსი... ასტამურ აჩბასნაირი ქართველი იშვიათად მინახავს. იმიტომ კი არა, რომ კარგი ქართული იცოდა, არა - ნაღდი ქართველი იყო, მაგრამ შინაგანად აფხაზი გახლდათ. ეს ფაქტია - იცოდა თავისი წინაპრების ფასი. როცა წავიდა, სულ ვფიქრობდი, ასტამური თბილისს დააკლდა. ასეთი ადამიანები სძენდნენ თბილისს განსხვავებულ, სიყვარულით, სითბოთი სავსე ფერებს", - ჯანსუღ ჩარკვიანი.

ბავშვობა

ასტამური ვერაზე ცხოვრობდა. დედამისი, ცუცა თოფურია, ადვოკატი გახლდათ, მამა - საიდ აჩბა რეპრესიების დროს დახვრიტეს. ომი რომ დამთავრდა, მაშინ არც ბურთი იყო, არც ველოსიპედი, გართობის საუკეთესო საშუალება თეატრები და კონცერტები იყო. იმხანად გოგონები და ბიჭები ცალ-ცალკე სწავლობდნენ. ბიჭები საგულდაგულოდ ემზადებოდნენ გოგონებთან ერთად საახალწლო და სხვა ტრადიციული ზეიმების აღსანიშნავად.

ასტამურ აჩბას მეგობრები იხსენებენ:

დემურ ცქიტიშვილი: "ბირჟა ვერაზე, "კომუნისტის" რედაქციასთან გვქონდა, სადაც მეგობრები ვიყრიდით თავს. ასტამურს ერთ ადგილზე ვერ გააჩერებდი. სულ დარბოდა, სიახლის ძიებაში იყო, ოხუნჯობდა, რაღაცას მოიგონებდა და დაგაჯერებდა ხოლმე, ამის დიდი უნარი ჰქონდა".

ნუგზარ ჭიჭინაძე: "სოხუმის აფხაზური დასი მარჯანიშვილის თეატრში მართავდა წარმოდგენას. ასტამურის ხათრით მთელი სამეგობრო წავედით სპექტაკლზე. ენა ასტამურმაც არ იცოდა, მაგრამ გულისყურით უსმენდა. ახალგაზრდები ვიყავით და ერთმა ჩვენგანმა რაღაც სიტყვაზე გაიცინა, მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, არ იცოდა, ჟღერადობამ გაახალისა. ასტამურის თვალები არ დამავიწყდება - რომ შემოგვხედა, მივხვდით, არ ვიქცეოდით სწორად".

სპორტი

კალათბურთის თამაში ასტამურმა სკოლის პერიოდში დაიწყო. ჯერ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვდა, ცნობილი მწვრთნელის, მიხეილ კეკელიძის ხელმძღვანელობით. ბევრი ამ ნაკრებიდან პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩაირიცხა, რომლის ბაზაზეც შეიქმნა გუნდი "ბურევესტნიკი" ("ქარიშხალა"), ასტამურმაც იქ გააგრძელა თამაში.

კალათბურთელი მარენ კეკელია იხსენებს: "ბედნიერი ვარ, რომ ასტამურთან ერთად ვთამაშობდი "ბურევესტნიკში", რომელიც გამორჩეული გუნდი იყო. 1957 წელს ხარკოვში შეჯიბრებაზე ჩვენი გუნდი გადავიდა უმაღლეს - "ა" კლასში. ბევრი თამაში მოვიგეთ ასტამურის აქტიურობით. ამიტომ სპორტის ოსტატის საპატიო წოდება მიენიჭა და "დინამოშიც" გადაიყვანეს.

შეყვარებული ასტამური

ბაკურიანში ყოფნისას ასტამურის ყურადღება თბილისელმა გოგონამ, დოდო დევდარიანმა მიიპყრო. ასტამური მას ანუკ ემეს ამგვანებდა. პაემანზე რომ მიდიოდა, ბიჭებს ეუბნებოდა, ჩემს ანუკ ემეს უნდა შევხვდეო... მათი ურთიერთობა ქორწინებით დასრულდა. ქორწილი შინ გადაიხადეს. ლხინი რომ ქეიფში გადაიზარდა, ერთმა სტუმარმა, ნოდარ ყანჩაველმა, ასტამურის ბედნიერება, ყველასთვის მოულოდნელად, ჭერში სროლით გამოხატა. ძალიან გაბრაზებულა ასტამური - იარაღი არ უყვარდა და არც ჰქონია, არც მოჩხუბარი ხალხი უყვარდა. ასტამურს და დოდოს ქალ-ვაჟი შეეძინათ - ირინე და ასტამური. ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ.

პროფესია

ასტამურმა მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი დაამთავრა და მალევე დაიწყო მუშაობა ფაბრიკაში. ნელ-ნელა წელში გაიმართა, ოჯახს ხომ არაფერს აკლებდა, ახლობლებსაც მუდამ გვერდში ედგა.

დემურ ცქიტიშვილი: -"განსაკუთრებით ხიბლავდა უცხოელებთან ურთიერთობა. მაშინდელ საქართველოში ასეთი მისწრაფება კარგის მომასწავებელი არ იყო. სუკ-ის თანამშრომელი მყავდა ნაცნობი. მაფრთხილებდა, - უთხარი ასტამურს, დაიჭერენო. დაჭერას გადაურჩა, მაგრამ სულ უთვალთვალებდნენ. მახსოვს, თბილისის ზღვაზე, რესტორანში, ეთიოპიის მეფეს მასპინძლობდნენ, ასტამურმა 5 ბოთლი შამპანური გაუგზავნა."

გიზი გაბესკირია: -"იუგოსლავიიდან დაბრუნებულს ცოლ-შვილი მოსკოვში დახვდა. თბილისში გამომგზავრების წინა დღეს რესტორან "არაგვში" მიიწვია მეგობრები. წითელი პერანგი ეცვა და ოჯახის წევრებით გარშემორტყმული ხალისიანად თამადობდა.""არაგვი" ძალიან პოპულარული იყო მაშინ სამზარეულოთი და მუსიკოსთა ჯგუფით, რომელიც შესანიშნავად ასრულებდა ქართულ მელოდიებს. ვის არ ნახავდით იქ - ხელოვნების ცნობილ მოღვაწეებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს, უცხოეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც. სუფრას მოგვიანებით შევუერთდი. ცოტა ხანში ნაცნობმა გამიხმო - ეს წითელპერანგიანი მამაკაცი ვინ არის? ყველა უცხოელ სტუმარს პატივი სცა, თან ეუბნებოდა, - თქვენ საბჭოთა კავშირში ხართ, მოსკოვში, ეს "არაგვია", არაგვი"კი საქართველოა. ასე რომ, ახლა თქვენ ჩვენი სტუმრები ხართო.

სტუმრები გაოცებულები იყვნენ ასეთი ყურადღებით, მე არ გამკვირვებია...

ასტამურს ფული რად უნდა

ეს ძველი ხალხური სიმღერაა ტრულაილაზე, მაგრამ ასტამურს მოარგეს, მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე. ქსოვრელების დასტა და არა მხოლოდ ისინი, დაინახავდნენ თუ არა რესტორანში შესულ ასტამურს, ამ სიმღერით ეგებებოდნენ.

უკანასკნელი დღე

1969 წლის ივნისი იყო. აჩბას სახლში ტელეფონის ზარი გაისმა. ასტამურმა ყურმილი აიღო და რამდენიმე წამში ელდანაცემმა იყვირა, - რა! ჩემი ტოგრიკა!!! (თამაზ ტოგონიძე, ცისკარას როლის შემსრულებელი ფილმში "ცისკარა") უთხრეს, - თამაზმა დაიძინა და ვეღარ გაიღვიძაო... გასვენებაზე უთქვამს ბიჭებთან, - შემდეგი მე ვიქნებიო. ეს სიტყვები ნოემბერში გაიხსენეს, მაშინ, როდესაც ქალაქში მეხივით გავარდა ასტამურის მკვლელობის ამბავი. მიზეზი? - თავის სიკეთესა და ხელგაშლილობას შეეწირა.

გამოთხოვების უკანასკნელ წუთებში, სამარისებურ სიჩუმეში მოულოდნელად დუდუკების ჰანგი გაისმა - ქსოვრელები ემშვიდობებოდნენ, გაცილების სევდიანი საარით.

თამაზ ტოგონიძეც და ასტამურ აჩბაც 34 წლისანი გარდაიცვალნენ.

ახალგაზრდები იყვნენ, ძალიან პოპულარულები, რომ დასცლოდათ, ბევრი კეთილი საქმის გაკეთებასაც შეძლებდნენ...

ეკა სალაღაია