ვეზირიშვილების ისტორია და ჩაშლილი დუელი ილია ჭავჭავაძესთან - რა აკავშირებს ნიკოლოზ ბარათაშვილს ფოლად ბიულ-ბიულ-ოღლისთან? - კვირის პალიტრა

ვეზირიშვილების ისტორია და ჩაშლილი დუელი ილია ჭავჭავაძესთან - რა აკავშირებს ნიკოლოზ ბარათაშვილს ფოლად ბიულ-ბიულ-ოღლისთან?

"ყველასთვის ცნობილია ილიას, აკაკის და იაკობის მიერ გადაღებული ფოტო, სადაც ისინი ცილინდრებით არიან გამოსახულნი. სინამდვილეში ეს ფოტო გვიანდელი მონტაჟია. თავიდან სურათზე გამოსახულნი იყვნენ ილია, მიხეილ ვეზირიშვილი და აკაკი - სამი მეგობარი და პატრიოტი"

თავად ვეზირიშვილებზე, მათ კავშირზე ნიკოლოზ ბარათაშვილთან და აზერბაიჯანელ ნავთის მწარმოებლებთან გვესაუბრება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაჟა შუბითიძე:

- უპირველესად გეტყვით, რომ თავადი ვეზირიშვილები პირველად იხსენებიან იოანე ბატონიშვილის შრომაში "შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა", სადაც მითითებულია, რომ თითქოს ისინი წარმოშობით სპარსელები ყოფილან. ცნობილია ისიც, რომ გიორგი ვეზირიშვილი იყო ერეკლე მეორის ერთგული მოხელე და კრწანისის ომის გმირი.

სწორედ მის შვილიშვილს დიმიტრი ვეზირიშვილს (გენერალ - მაიორი, ყირიმისა და რუსეთ - თურქეთის (1877-78წ.წ.) ომის მონაწილე) ჰყავდა ცოლად ნიკოლოზ ბარათაშვილის და - ბარბარე. ისინი ცხოვრობდნენ ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურში, რომელიც ვეზირიშვილებს ეკუთვნოდათ.

ნიკოლოზ ბარათაშვილის დისშვილები გიორგი და მიხეილი

ნიკოლოზ ბარათაშვილის მამამ მელიტონმა შვილის და ცოლის გარდაცვალების შემდეგ, თურმე სიძე - ქალიშვილს შეაფარა თავი და 4 წლის შემდეგ იქვე გარდაიცვალა (1860წ.) ის ოსიაურის ეკლესიასთან არსებულ სასაფლაოზე დაკრძალეს და დღემდე იქ განისვენებს, დიმიტრი ვეზირიშვილთან ერთად.

ნიკოლოზ ბარათაშვილის და ბარბარე

დიმიტრის და ბარბარეს შვილმა გიორგიმ დიდი წვლილი შეიტანა გენიოსი ბიძის ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების პოპულარიზაციასა და პოეტის თხზულებათა პირველი გამოცემის (1915 წ.) საქმეში.

გიორგის ქალიშვილი ქეთევანი კი ცოლად გაჰყვა ბაქოში მცხოვრებ ნავთის მრეწველს მირზა კასიმოვს. მათ შეეძინათ ორი ქალიშვილი - ადელია და ჯეირანი. ადელიას შვილი (მეუღლე ცნობილი კომპოზიტორი მურთუზ მამედოვი "ბულბული") გახლავთ ცნობილი მომღერალი ფოლად ბიულ- ბიულ ოღლი (თბილისის საპატიო მოქალაქე 2015წ.), რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი გახლდათ, ამჟამად კი ამ ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია რუსეთში. ბიულ- ბიულ ოღლი ვალერი ასათიანის და ჩემი მოწვევით 2015 და 2016 წლებში ორჯერ იყო ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურში და ვეზირიშვილების გავერანებული სახლის აღდგენაში დახმარებას შეგვპირდა...

ვეზირიშვილების ამ შტოს თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ: კონსტანტინე და მიხეილ ვეზირიშვილებიც. ეს უკანსაკნელი იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების პირველი მკვლევარი. ილიასთან, დიმიტრი ყიფიანთან და ნიკო ნიკოლაძესთან ერთად სათავადაზნაურო ბანკის ერთ-ერთი დამაარსებელი. ბანკს უკავშირდება მისი გახმაურებული დუელი ილია ჭავჭავაძესთან, რომელიც ჩაიშალა.

მიხეილსვე უკავშირდება ერთი გახმაურებული ფოტოს ისტორიაც. ყველასთვის ცნობილია ილიას, აკაკის და იაკობის მიერ გადაღებული ფოტო, სადაც ისინი ცილინდრებით არიან გამოსახულნი.

სინამდვილეში ეს ფოტო გვიანდელი მონტაჟია. თავიდან სურათზე გამოსახულნი იყვნენ ილია, მიხეილ ვეზირიშვილი და იაკობი - სამი მეგობარი და პატრიოტი.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)